გახსოვთ, ალბათ, როგორი ისტერიკა იყო ატეხილი, რუსეთი უიარაღოდ გვიპყრობს, ამ ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში ჩამოდიან, ბინებს ყიდულობენ და ბიზნესს აწყობენ, ისინი აქედან წამსვლელები არ არიანო; ისიც გემახსოვრებათ, ოპოზიციის აქტივისტები რუსულნომრიან მანქანებს რომ დასდევდნენ და აგინებდნენ; ისიც, რუსთაველზე ტურისტების საცემად რომ გაიწიეს და შემდეგ გაირკვა, კინაღამ ამერიკელები შემოელახათ. მერე და მერე ყველა დამშვიდდა, მაგრამ პერიოდულად ე.წ. ოპოზიციას, როცა თემა შემოელევა, გაახსენდება, რომ საქართველოში რუსები ისევ შემოდიან, და ამ თემით სპეკულირებას იწყებს.
მოდი, ოფიციალურ სტატისტიკას გადავხედოთ და ვნახოთ ათეული იმ ქვეყნებისა, რომლებიდანაც შარშან ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა და შემოსულთაგან უკან რამდენი გავიდა.
მაშ ასე: რუსეთი – 2 046 450 შემოსვლა, 2 046 141 გასვლა; თურქეთი – 1 392 698 შემოსვლა, 1 382 114 გასვლა; სომხეთი – 1 227 507 შემოსვლა, 1 221 248 გასვლა; ისრაელი – 466 620 შემოსვლა, 465 900 გასვლა; აზერბაიჯანი – 345 007 შემოსვლა, 340 113 გასვლა; ყაზახეთი – 199 620 შემოსვლა, 199 071 გასვლა; ინდოეთი – 194 736 შემოსვლა, 192 937 გასვლა; უკრაინა – 193 809 შემოსვლა, 189 150 გასვლა; ბელარუსი – 189 894 შემოსვლა, 190 336 გასვლა; ჩინეთი – 137 123 შემოსვლა, 139 158 გასვლა.
რუსეთის მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ ეს, უბრალოდ, ტურისტული ან საქმიანი ვიზიტებია, და სომხეთის, აზერბაიჯანისა თუ უკრაინის უფრო მეტი მოქალაქე დარჩა საქართველოში, ვიდრე რუსეთის. ისიც საგულისხმოა, რომ ათეულში არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყნები,ზოგადად, არც ერთი ევროპული ქვეყანა არ არის. ამერიკა სათვალავშიც არ არის ჩასაგდები (ამ მხრივ არც არასდროს ყოფილა). გამოდის, ტურიზმის მხრივ საქართველოში ისევ რუსეთის იმედად ვართ და, სამწუხაროდ, ამას ისევ არ ვაღიარებთ. ეს არაღიარება მხოლოდ ტურიზმს არ ეხება. აგერ, ატყდა ერთი ამბავი, რომ თურმე გერმანული ბაზრის დაპყრობა დავიწყეთ და გერმანელები ჩვენი ღვინით გადავრიეთ. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველომ ღვინო 51 ქვეყანაში გაყიდა, ხოლო ღვინის ექსპორტის ყველაზე დიდი მატება გერმანიაში აღინიშნა. პირველ სამ თვეში გერმანელებმა თურმე 375 ათასი ლიტრი ქართული ღვინო იყიდეს. ამ ამბავს ისეთი დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს, რომ პრესკონფერენცია პრესკონფერენციაზე გამართეს, გერმანელებს მადლობა გადაუხადეს, თქვენი ჭირიმე, განაგრძეთ ქართული ღვინის სმაო. არავის გახსენებია, რომ იმავე პერიოდში საქართველოდან რუსეთში 7,2 მილიონი ლიტრი(!) ღვინო გავიდა. ეს მთლიანი ექსპორტის ნახევარია (გასულ წელს რუსეთის წილმა ექსპორტის 67% შეადგინა), მაგრამ ხმამაღლა ამის თქმა არ შეიძლება, რადგან ისედაც გაბრაზებული და ოფიციალურად საქართველოს მტრადქცეული ევროპა არ გავანაწყენოთ. მერე რა, რომ ევროკავშირის ბევრმა ქვეყანამ აღადგინა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობა?! მხოლოდ იმ ქვეყნებს ამუნათებენ, რომელთათვისაც რუსეთში რაღაცის ექსპორტი მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! სწორედ მათ რიცხვში შედის საქართველო და, წესითა და რიგით, ევროპას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, მაგრამ არა – ვითვალისწინებთ და ვცდილობთ, არ გავაღიზიანოთ. ეს მაშინ, როცა, მაგალითად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი დღემდე არ აღიარებს მიხეილ ყაველაშვილს და პრეზიდენტად ისევ სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებს. ისე, რუსეთში, სხვა რაღაცებთან ერთად, ღვინოს გერმანელებიც ეზიდებიან, მაგრამ ამის გამო მათ არავინ აკრიტიკებს. ჰო, ალემანებს ღვინოში უჭირთ, თორემ ლუდს იმდენს ეზიდებიან, თქვენი მოწონებული. ეს ისე „ყვირის“, რომ გერმანიის კანცლერს თავის მართლება მოუწია, უკრაინის ომამდე უფრო მეტს ვეზიდებოდით, ახლა იმპორტი შემცირებულიაო. ანუ, კი არ გააუქმა, შეამცირა, ჩვენ კი საერთოდ გვიკრძალავენ რუსეთთან ნებისმიერ ურთიერთობას…
ისე, რუსული ბაზარი საქართველოსთვის უკონკურენტოა, მაგრამ მწარმოებლები უკვე აანონსებენ, რომ წლეულს რუსულ ბაზარზე სერიოზული პრობლემები შეექმნებათ, რადგან გადაზიდვები ძირითადად სახმელეთოა. ეს იმას ნიშნავს, რომ საწვავის გაძვირებასთან ერთად აუცილებლად გაძვირდება მიწოდება, ხოლო, გაძვირებული პროდუქტი უფრო რთულად რომ იყიდება, საქართველოში ხორცის მაგალითზეც გამოჩნდა – გაძვირდა ხორცი და მისმა გაყიდვამაც იკლო. ერთ-ერთი გამყიდველი ამბობს, რომ შარშან, სააღდგომოდ, 15 ბატკანი გავყიდე, ჩაქაფულისთვის მიჰქონდა ყველას, წელს კი მხოლოდ ორი გაიყიდაო. ეს გასაგებია – შარშან აღდგომას ბატკნის ხორცი 23-25 ლარი ღირდა, წელს – 35-37 ლარი ღირს და ეს კატასტროფული ფასია. იმდენ ჩაქაფულს, სააღდგომო სუფრისთვის რომ მოამზადო, 3 კილოგრამი ხორცი მაინც სჭირდება. ამას დაუმატეთ არანორმალურ ფასად შეძენილი ტყემალი (ალუჩაზე არც იფიქროთ, ისეთი ფასი ადევს), ტარხუნა, სხვა მწვანილი და გამოვა, რომ ერთი საშუალო ზომის ჩაქაფულის დამზადება 150 ლარზე მეტი ჯდება. ეს თანხა კი ერთი კერძისთვის ბევრია, ყოველ შემთხვევაში, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, თორემ…

დღეს რაც ხდება მსოფლიოში, ყველა ხედავს და აცნობიერებს, რომ მშვიდობის ფასი არაფერია. დიდი სახელმწიფოები პატარებს, უბრალოდ, ყლაპავდნენ, მაგრამ ახლა 48-მილიონიანი უკრაინა გაიმეტა დასავლეთმა, ხოლო ამერიკამ 90-მილიონიან ირანს დასცხო და განადგურებით ემუქრება. ასეთ დროს საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას ისე გააქრობენ, ბევრმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს ან შეამჩნიოს და თვალი დახუჭოს, ამიტომ, სიფრთხილის გარდა, გვმართებს, რომ მტერს მტერი დავარქვათ და მოყვარეს – მოყვარე, საკუთარი ნებით არ გავხდეთ არავის მონა და ლანგრით არ მივართვათ ის, რასაც საუკუნეების განმავლობაში ვუფრთხილდებოდით, მაგრამ… თითქოს ყველაფერი ისეა დალაგებული, რომ ღალატად ითვლება თუნდაც იმის საჯაროდ თქმა, რომ წარმოებული პროდუქტების უდიდესი ნაწილი რუსეთში გაგვაქვს და, რუსული ბაზარი რომ არა, ცალკე ყურძენი დაგვილპებოდა და ცალკე – ხილი, ანუ საქართველოში ისე გაწვრთნეს ადამიანების ნაწილი, ძირითადად, ახალგაზრდები, რომ ქვეყნისთვის კარგსა და სასარგებლოს ღალატად თვლიან, ცუდს კი – პატრიოტიზმად. ევროპაზე რომ თქვა, არასწორად გვექცევა, გვატყუებს, გვებრძვისო, სამშობლოს მოღალატედ გამოგაცხადებენ და გეტყვიან, ისტორიულად ევროპული კურსის მქონე საქართველოს სხვა მიმართულებით წაყვანას ცდილობო. არადა, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ სურს ამ ქვეყნის სადმე წაყვანა, პირიქით – უნდა, რომ იქ იყოს, სადაც არის, მაგრამ იყოს ღირსეულად, ამაყად და, რაც მთავარია, თავის ბედს თვითონ განაგებდეს, ამიტომ სირაქლემასავით სილაში თავის ჩარგვა არის გამოსავალი. უნდა ვთქვათ, რა არის რეალობა და მერე ნელ-ნელა, მძიმედ, მაგრამ მაინც სამშვიდობოს გავალთ.
ახლა დაიწყეს საუბარი, რომ შემოდგომაზე დასავლეთი ხელისუფლებას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას აიძულებსო. კანონმდებლობის მიხედვით, ამის საფუძველი სამია: 1. პარლამენტის დათხოვნა მთავრობის მიმართ ნდობის უქონლობის გამო; 2. მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადება; 3. პარლამენტის უფლებამოსილების კრიზისი (პრაქტიკულად, მთავრობასთან დაკავშირებული ჩიხი).
საინტერესო და მნიშვნელოვანი დეტალი – საქართველოში პრეზიდენტს დამოუკიდებლად არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა. ახლა თქვით, ამ გადმოსახედიდან, რა შეიძლება იყოს რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის წინაპირობა? არსებობს კიდევ ერთი გზა, არაკანონიერი – რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა. გამოდის, დასავლეთი ამისთვის ემზადება და ოპოზიციის ლიდერებიც ამიტომ ახსენებენ ხშირად რიგგარეშე არჩევნებს…
კიდევ გავიმეორებთ: სანამ ყველაფერს თავის სახელს არ დავარქმევთ და სახეზე არ ავაფარებთ თუნდაც საქართველოს ეკონომიკის მონაცემებს ევროპასა და ამერიკას, არაფერი გამოვა. არ არის საქართველო ახლა იმ მდგომარეობაში, ჩუმად იყოს და პრობლემის თავისით გადაწყვეტას დაელოდოს. თავისით არაფერი რომ არ გვარდება, ირგვლივ მიმდინარე პროცესებიდანაც მკაფიოდ ჩანს.
ლევან გაბაშვილი







