ისტორიის მიერ ნასროლი ტყვია

    „თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელიც ვაშინგტონის სასტუმრო „ჰილტონში“ იმართებოდა და რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი ესწრებოდნენ, სროლა მოხდა. ღონისძიებაზე ასევე გახლდნენ აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი. სროლის შემდეგ აშშ-ის კაბინეტის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. ოფიციალური პირების თქმით, მამაკაცი, როგორც ჩანს, მარტო მოქმედებდა. პოლიციის თქმით, ის შეიარაღებული იყო თოფით, პისტოლეტითა და რამდენიმე დანით. ინციდენტისთანავე დარბაზში აშშ-ის საიდუმლო სამსახურის შეიარაღებული წარმომადგენლები შემოცვივდნენ ყვირილით: ისვრიან!”

    სროლა იმავე სასტუმროში მოხდა, რომელშიც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი რონალდ რეიგანიდაჭრეს. ეს ამბავი 1981 წლის 30 მარტს მოხდა. დამნაშავემ, ჯონჰინკლიუმცროსმა, რეიგანს ესროლა, როცა ის სასტუმროში სიტყვით გამოსვლის შემდეგ ლიმუზინში ჯდებოდა. რეიგანი გადარჩა, მაგრამ  მძიმედ დაიჭრა ტყვიით, რომელიც პრეზიდენტის ლიმუზინის გვერდმა აისხლიტა და რეიგანს ტანში მოხვდა, ნეკნი მოსტეხა და  ფილტვი დაუზიანა. აშშ-ის  მე- 40 პრეზიდენტი  სასწრაფოდ გადაიყვანეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის საავადმყოფოში, საიდანაც საბოლოოდ 11 აპრილს გაწერეს. იმავე ინციდენტისას  დაიჭრა თეთრი სახლის იმჟამინდელი  პრესმდივანი  ჯეიმს ბრედი, აგრეთვე, საიდუმლო სამსახურის აგენტი და პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი თანამშრომელი. ინციდენტის დროს ბრედის ტვინი  დაუზიანდა  და სიცოცხლის ბოლომდე ინვალიდი დარჩა. მომდევნო წელს ჰინკლი უდანაშაულოდ ცნეს ფსიქიკური მდგომარეობის გამო, თუმცა 2016 წელს, სანამ  გაწერდნენ, ვაშინგტონის წმინდა ელისაბედის საავადმყოფოში, მკაცრი დაცვის განყოფილებაში იმყოფებოდა.

    აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ტოდ ბლანშმა განაცხადა, რომ თავდამსხმელის ერთ-ერთი მიზანი შეიძლება სწორედ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყო.

    ტრამპმა თავდასხმის მცდელობის შემდეგ  განაცხადა: „ეს ხელს არ შემიშლის ირანის ომში გამარჯვებაში!”

    ვაშინგტონის ინციდენტს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ასე გამოეხმაურა: „კატეგორიულად მიუღებელია და ვგმობ ვაშინგტონში განხორციელებული თავდასხმის მცდელობას. ამ ტიპის თავდასხმები არა მხოლოდ კონკრეტულ პიროვნებებს, არამედ სახელმწიფო ინსტიტუტებს, დემოკრატიულ წესრიგსა და საზოგადოებრივ სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირი უსაფრთხოდ არიან“.

    ევროკომისიის მეთაურმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა „ტვიტერში“ დაწერა: „ეს წუთია ტელეფონით ველაპარაკე დონალდ ტრამპს, რათა მის და მელანია ტრამპის მიმართ გამომეხატა სოლიდარობა თავდასხმის მცდელობის შემდეგ. ხაზი გავუსვით, რომ ჩვენს დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის”.

    საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: “შეერთებული შტატების პრეზიდენტზე გუშინ ღამით განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა მიუღებელია. დემოკრატიაში ძალადობის ადგილი არ არის. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს”.

    იტალიის პრემიერმინისტრი ჯორჯია მელონი: “ჩვენს დემოკრატიებში პოლიტიკური სიძულვილის ადგილი არ არის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის სივრცეები”.

    დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი: “შოკირებული ვარ ვაშინგტონში, თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე მომხდარი ინციდენტით. ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე უმკაცრესად უნდა იქნას დაგმობილი. დიდი შვებაა, რომ პრეზიდენტი, პირველი ლედი და ყველა დამსწრე პირი უსაფრთხოდაა”.

    ანალოგიური პოზიციაა გამოხატული გერმანიის, კანადის, ავსტრალიის, ინდოეთისა და სხვა სახელმწიფოთა ლიდერების ტექსტებში.

    როგორ უნდა აიხსნას ვაშინგტონში მომხდარი? აშშ ყოველთვის უჭერდა მხარს ტერორისტულ და გასამხედროებულ  ჯგუფებს, რომლებსაც ეყრდნობოდნენ ამა თუ იმ სახელმწიფოში საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად, ხელისუფლების ჩამოსაგდებად, რეჟიმების შესაცვლელად, საკუთარი მმართველობის დასამყარებლად, ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასათრგუნად. ეს განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ლათინურ ამერიკასა და ახლო აღმოსავლეთში.

    კუბა

    ორლანდო ბოში იყო ცნობილი კუბელი ემიგრანტი, რომელიც ფიდელ კასტროს საწინააღმდეგო მოძრაობის ლიდერად ითვლებოდა. აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 1961 დან 1968 წლამდე ბოში მონაწილეობდა ოცდაათზე მეტ სხვადასხვა სახის ძალადობისა და ტერორისტულ აქტში. ყველაზე გახმაურებული იყო ავიარეისი Cubana Flight 455-ის აფეთქება, რომელსაც სამოცდაცამეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ბოში ტერაქტის ბრალდებით ვენესუელაში დააპატიმრეს. მან საპყრობილეში თერთმეტი წელიწადი  დაჰყო, მაგრამ 1987 წელს ამერიკელთა დახმარებით გამამართლებელ განაჩენს მიაღწია. იგი აშშ-ში წავიდა. 1990 წელს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა (უფროსმა) ბოშის დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. იგი საცხოვრებლად მაიამიში დარჩა, სადაც გმირის პატივით ეპყრობოდნენ.

    ანალოგიური  ვითარება იყო კიდევ ერთი კუბელი ტერორისტის, ლუის პასადა კარილესის,  მიმართაც. იგი მონაწილეობდა ავიარეისი Cubana Flight 455-ის აფეთქებაში. მანვე მოაწყო აფეთქებათა მთელი სერია ნიკარაგუაში. ორლანდო ბოშთან ერთად იყო დანაშაულებრივი ორგანიზაციის (რევოლუციურ დაჯგუფებათა საკოორდინაციო ცენტრის – CORU) მეთაური და სულისჩამდგმელი. აშშ-მა კარილესის დეპორტაციაზეც უარი განაცხადა და, საბოლოო ჯამში, ყოველგვარი ბრალდება მოუხსნა.

    ნიკარაგუა

    1979-1990 წლებში  აშშ საფინანსო, ლოგისტიკურ და სამხედრო დახმარებას უწევდა ნიკარაგუაში ტერორისტულ ორგანიზაცია კონტრასს, რომელიც მთავრობას ებრძოდა. დახმარებაში შედიოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ოპერატიული მონაცემების მიწოდება, სწავლება და კონკრეტული აქტების დაგეგმვა. ტერორისტებისთვის ხელის შეწყობის მიზნით ამოქმედებული იყო ნარკოტრაფიკი. ეს იყო ერთ-ერთი მსხვილი საიდუმლო ოპერაცია. რეიგანის ადმინისტრაცია ტერორისტებს მხარს უჭერდა ქვეყნის წინააღმდეგ სრული სავაჭრო ემბარგოს დაწესებით. 1984 წელს ნიკარაგუამ აშშ-ის წინააღმდეგ საქმე აღძრა საერთაშორისო სასამართლოში და  გაიმარჯვა კიდეც. სასამართლომ აშშ დაავალდებულა, საომარი მოქმედებები შეეჩერებინა რეპარაცია გადაეხადა. აშშ-მა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების გამოყენებით მოახერხა ამ გადაწყვეტილების დაბლოკვა.

    იტალია

    მეოცე საუკუნის სამოცდაათიანი წლები იტალიაში ცნობილია, როგორც „ტყვიის სამოცდაათიანები”. იტალიას ტერორისტულმა ტალღამ გადაუარა, როგორც მემარცხენეების, ასევე მემარჯვენეების მხრიდან. იტალიის მემარჯვენე რადიკალებს მხარს უჭერდნენ ამერიკელი სპეცსამსახურები  ე.წ. „დაძაბულობის სტრატეგიის” ფარგლებში. იტალიის კონტრდაზვერვის შეფმა გენერალმა ჯანედელიო მალეტიმ საჯაროდ  განაცხადა, რომ ვენეციაში  გამოავლინეს მემარჯვენე ტერორისტთა დიდი დაჯგუფება, რომელსაც გერმანიიდან მიღებული შეიარაღება ჰქონდა. მოსამართლე გვიდო სალვინი განაჩენში უთითებდა, რომ პროცესები აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოდან იმართებოდა.

    სირია

    The New York Times-ის ინფორმაციით, პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ სირიაში განვითარებული მოვლენები, რომლებიც ითვალისწინებდა ტერორისტული დაჯგუფებების შეიარაღებასა და სწავლებას, ორგანიზებული იყო აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ და ხორციელდებოდა ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელით. ამ პროექტზე მილიარდობით დოლარი იხარჯებოდა.

    აშშ ბევრჯერ იყო მხილებული ტერორისტების გამოყენებაში სხვადასხვა სახელმწიფოს (მათ შორის თურქეთისა და რუსეთის) მიერ. მეტიც, პრეზიდენტი ბარაკ ობამა და სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პრეზიდენტმა ტრამპმა საჯაროდ ამხილა ახლო აღმოსავლეთში ტერორისტული სახელმწიფოს („ისლამური სახელმწიფო“) ჩამოყალიბებაში.

    აშშ-ის მიერ ტერორის, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტის, გამოყენების იმდენი ფაქტის მოტანა შეიძლება, რომ ჩამოთვლას მონოგრაფია ვერ დაიტევს.

    რატომ დაგვჭირდა ვაშინგტონის ინციდენტის მიმოხილვაში ყოველივე ამის გახსენება? საქმე ის არის, რომ ეს სახელმწიფო ღრმა სისტემურ კრიზისშია. კრიზისი არც ერთი სახელმწიფოსთვის არ არის უცხო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სხვა თვალსაზრისით. გონივრული მართვის ვითარებაში ამ სახის კრიზისთა დაძლევა შეიძლება ხოლმე, მაგრამ სისტემური კრიზისი სხვაა. ვერცერთმა საზოგადოებრივ-ეკონომიკურმა ფორმაციამ, რომლებმაც განვითარების ყველა რესურსი, ანუ საკუთარი თავი ისტორიულად ამოწურა, ამ კრიზისს ვერ გაუძლო.  მონათმფლობელობა ფეოდალიზმმა, ფეოდალიზმი კი კაპიტალიზმმა ჩაანაცვლა. სისტემური კრიზისი სისტემის შეცვლის მომასწავებელია. კაპიტალიზმი სოციალიზმმა უნდა ჩაანაცვლოს –  ეს გარდაუვალია. პირველმა სოციალისტურმა რევოლუციამ რუსეთში გაიმარჯვა, რომელსაც უზარმაზარი საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბება მოჰყვა, მაგრამ ეს არ იყო კაპიტალიზმის სისტემური კრიზისის შედეგი. ვინც ეს ისტორია იცის, მან ისიც იცის, რომ იმხანად  პროცესები ხელოვნურად დაჩქარდა. აქ ამ საკითხის უფრო ღრმა განხილვის შესაძლებლობა არ გვაქვს, მაგრამ ფაქტის კონსტანტაციის დონეზე ზოგიერთი რამის გახსენება შესაძლებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ეს იყო. კაპიტალისტური სამყარო, რომელიც იმხანად არ იყო ისტორიულ კრიზისში შესული და სოციალისტურ სამყაროს ებრძოდა, ძალიან ძლიერი იყო, რომელმაც მისი უპირველესი კონკურენტი სოციალისტური სახელმწიფო ცივ ომში ჩაითრია და დაამარცხა კიდეც. ეს დროებითი მოვლენაა, რადგან ბუნებისა და ისტორიის კანონებს ვერავინ დაამარცხებს. მას შემდეგ თითქმის ნახევარი საუკუნე გავიდა. ახლა მსოფლიო კაპიტლიზმის მექა (აშშ) სისტემურ კრიზისშია შესული და არსებობის ბოლო პერიოდს გადის, ამიტომ მის ცხოვრებაში თავს იჩენს უამრავი კრიზისი (კრიზისების მთელი თაიგული). ტერორი, რომელიც აშშ-ის მოგონილი არ არის, მაგრამ სწორედ ამ ქვეყნის მიერ არის ყველაზე მეტად დანერგილი და გამოყენებული, მისი მოქალაქეების ცნობიერებაში დანაშაულზე მეტად პოლიტიკურ მეთოდად არის აღქმული და დალექილი. პრეზიდენტებზე შეიარაღებული თავდასხმა, მათი მკვლელობა აპრობირებული პრაქტიკაა. სკოლის მოსწავლეებიც  კი  თანატოლებზე გარკვეული უპირატესობის მოპოვებას ან უბრალო ანგარიშსწორებას შეიარაღებული თავდასხმით ცდილობენ. რამდენი ასეთი შემთხვევაა აღრიცხული. ტერორი საზოგადოებრივ ცნობიერებაში ისეა ფეხმოკიდებული და დამკვიდრებული, რომ პოლიტიკური ცხოვრების თანამდევ მოვლენად იქცა. ეს საზოგადოების ზნეობრივი კრიზისის, მისი ზნეობრივი დეგრადაციის უტყუარი  ნიშანია, რომელიც ისე დიდია, რომ პრეზიდენტ ტრამპის ყურთან უკვე მეორედ გაიზუზუნა ტყვიამ.

    მსოფლიოს ლიდერები, რომლებიც მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამენ, იმაზე არ ამახვილებენ ყურადღებას, რაზეც მე ვწერ. ისინი შეგნებულად უვლიან გვერდს  საკითხის ასე დაყენებას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პრობლემა პრობლემად რჩება.

    დღევანდელ ვითარებაში არც განხორციელებული და, მით უფრო, არც განუხორციელებელი ტერაქტი სახელმწიფოს რღვევის ნიშანი ვერ იქნება, მაგრამ აშშ-ის მდგომარეობა დამაფიქრებელია. დღეს იგი აბსოლუტურად მოძველებული და რეალობისგან მთლიანად მოწყვეტილი იდეებით ხელმძღვანელობს და სრულიად გაუთვლელ ნაბიჯებს დგამს, რომლის სავალალო შედეგი ახლო მომავალში აუცილებლად დადგება. ეს იქნება არა მხოლოდ მიზეზ-შედეგობრივი კავშირის ერთი კონკრეტული გამოვლენა, არამედ, პირველ რიგში, იმ ისტორიულ კანონზომიერებათა ლოგიკური გვირგვინი, რომელიც კარლ მარქსმა მეცნიერულად დაამუშავა. კაპიტალისტებს მარქსის სახელისა და გვარის ხსენებაც არ სურთ, მაგრამ ტყვია, რომელიც ხან ყურთან ჩაუფრენთ, ხან კი პირდაპირ შუბლში ხვდებათ, რომელიღაც დაქირავებული ქილერის მიერ კი არა, თვით ისტორიის მიერ არის მათთვის ნასროლი. ეს ის ტყვიაა, რომელიც რომელიმე შუბლს შეიძლება ასცდეს, მაგრამ მის საბოლოო მიზანს – მატერიისა და ისტორიის კანონზომიერების მიერ უკვე განაჩენგამოტანილ სისტემას – ვერ ასცდება.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                     

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here