ბევრმა, ალბათ, იცის, მაგრამ მაინც შევახსენებთ: საქართველოში ბოლო პერიოდში გულსისხლძარღვთა და სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ მოიმატა და გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაც სწორედ ამ ორ დაავადებას უკავშირდება. არ ვიცი, უფრო რბილად როგორ ვთქვა, მაგრამ ამ დაავადებების გავრცელება-გახშირების მთავარი მიზეზი ის საკვებია, რომელსაც ყოველდღიურად ვიღებთ და, სამწუხაროდ, მდგომარეობის გამოსწორებაზე არც მთავრობა ფიქრობს და არც ხალხი. რა წილი აქვს ამ ყველაფერში ცალკე ხელისუფლებას და ცალკე ჩვენ – რიგით ადამიანებს, ახლავე მოგახსენებთ.
დავიწყოთ იმით, რომ საქართველოში ნედლი რძის დიდი დეფიციტია და ადგილობრივი ბაზარი მოთხოვნას მხოლოდ 30%-ით აკმაყოფილებს. არადა, იყო დრო, როცა რძის მიმღები პუნქტები („ავადსახსენებელ“ საბჭოთა კავშირში) მიღებას ვერ აუდიოდნენ, რძის გადამზიდავი ავტომანქანები რამდენიმესაათიან რიგში იდგნენ. მიღებული რძისგან მაშინვე ყველი კეთდებოდა, ჭურჭელი რომ გათავისუფლებულიყო და რძე კიდევ მიეღოთ. ახლა კი…
მაღაზიაში 1 ლიტრი რძე 6 ლარამდე ღირს. ეს არის არა ნატურალური, არამედ რძის ფხვნილით გაზავებული, მინარევებით გამდიდრებულ-გაჯერებული რძე. გაზაფხულის დადგომის შემდეგაც კი კომპანიები ნატურალურ რძეში 1,80 ლარზე მეტს არ იხდიან და ფერმერებს აიძულებენ, რძე, პრაქტიკულად, გააჩუქონ. ეგ კი არა, თუ თბილისთან ახლოს არ არის ფერმა, კომპანიები წუწუნებენ, ტრანსპორტირება ძვირიაო, და ლიტრ ნატურალურ რძეში მხოლოდ 1,40-1,50 ლარს იხდიან, რაც ფერმერისთვის კატასტროფული ფასია. წარმოიდგინეთ ფერმა, რომელშიც 100 სული მეწველი საქონელია, თითოერული დღეში 35-40 კილოგრამ საკვებს ჭამს (თივა, მარცვლეული) და ეს ყოველდღიური ხარჯია, პროდუქტი კი ღირს იმაზე ოთხჯერ იაფი, ვიდრე დახლზეა. ჰო, ფერმიდან დახლამდე რძე 400%-ით ძვირდება და ამ მოგებიდან უდიდესი წილი სწორედ იმ კომპანიების ჯიბეში მიდის, რომლებიც იაფად ყიდულობენ. აქ არის ერთი დეტალი – უარი რომ თქვა გაყიდვაზე, რძე გაგიფუჭდება, რადგან მსხვილი მწარმოებლები მოლაპარაკებულნი არიან და შეთანხმებულ ფასზე მეტს არ იხდიან, რძე კი ისეთი პროდუქტია, დიდხანს ვერ შეინახავ.
ფერმერებს იმედი ჰქონდათ, ორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარების გამო რძის ფასი მოიმატებდა, რადგან რძის ფხვნილის იმპორტი შემცირდა (ძირითადად ირანიდან შემოდიოდა), მაგრამ ქართველებმა გამოსავალი იპოვეს – ჯერ აზერბაიჯანს გაუნულეს რძის ფხვნილის მარაგი, ახლა კი თურქული „კანალის“ გაჭრაც დასრულების ეტაპზეა და ფხვნილი იქიდან შემოვა. მას დაემატება პალმის ზეთი და მივიღებთ პროდუქტს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რძესთან, მაგრამ მოსახლეობას სხვა ალტერნატივა არ აქვს და იძულებულია, ის იყიდოს, რასაც აწვდიან. ვერც კონკრეტული ადამიანები ივლიან ყოველდღე ფერმებში რძის შესაძენად და ვერც ფერმა დაიწყებს კარდაკარ სიარულს თითო ლიტრობით რძის გასაყიდად. სამწუხაროდ, დღევანდელი გადმოსახედიდან დღეში 1-1,5 ტონა რძეს თუ არ აწარმოებ, წაგებაზე მუშაობ და, ამდენს თუ აწარმოებ, თავის გატანა შეგიძლია, თორემ დიდ მოგებასა და სოლიდური თანხის გამომუშავებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
„ველით პოზიტიურ ცვლილებებს მესაქონლეობის მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტი მერძევეობაა და ყველამ იცის, რომ საქართველოში რძის მწარმოებელი პირუტყვის სულადობა ყოველწლიურად მცირდება. ეს იცის სამინისტრომაც და იცის ისიც, რომ მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება. საქართველოში პირუტყვის შემოყვანა 100%-ით გაძვირდა, რაც პირდაპირ აისახება როგორც ხორცის, ისე რძის ფასზე. თუ პირუტყვის შემოყვანის პროცესში გრანტის კომპონენტი არ ჩაერთო, არაფერი გამოვა. მსგავსი პრაქტიკა უკვე არის თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში… ანუ ჩვენ ირგვლივ ყველა მიხვდა, რომ სახელმწიფოს ჩარევის გარეშე ამ დარგის გადარჩენა შეუძლებელი იქნება. როცა ერთი ძროხის შემოყვანა 12 ათასი ლარი ჯდება, რაზეა საუბარი? მხოლოდ სესხით ამ თანხის ამოღება წარმოუდგენელია“, – განაცხადა მერძევეთა ასოციაციის შეფმა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
„ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ძლიერი სოფელი კი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი“,- ეს კი პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებაა და, რაღა თქმა უნდა, ფერმერებს იმედი გაუჩნდათ, რომ ცვლილებები იქნებოდა, მაგრამ… ახლა გამოაცხადეს, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აქცენტს მოცვზე, დაფნის ფოთოლსა და თაფლზე გააკეთებს. არ გვაქვს პრეტენზია არც ერთ დარგთან, მოცვიც კარგია, დაფნის ფოთოლიც და თაფლიც, მაგრამ დაფნის ერთი ტოტი დიასახლისებს ხანდახან წლიდან წლამდე ჰყოფნით, რძის პროდუქტები კი ოჯახს ყოველდღიურად სჭირდება.
ერთმა ფერმერმა ძალიან საინტერესო რამ გვითხრა:
„იაფი კრედიტის პირობებში ავიღე 14 %-იანი სესხი 1 მილიონის ოდენობით, რომელიც უნდა დავფარო 4 წელიწადში. მე ვიხდი სესხის 2,5%-ს, ხოლო სახელმწიფო აფინანსებს 11,5%-ს. რა თქმა უნდა, ეს ერთი შეხედვით, ჩემთვის ძალიან კარგია, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – სახელმწიფო ჩემს 1-მილიონიან სესხში, ბანკს 4 წლის განმავლობაში უხდის 600 ათას ლარს, ანუ ამ ფულს სახელმწიფო მთლიანად ახმარს ბანკს, საფინანსო ორგანიზაციას და არა ფერმერს. ხომ შეიძლება, ამ 600 ათასი ლარის თუნდაც ნახევარი გრანტის სახით მოგვცენ ფერმერებს და მერე ნახავთ, როგორ წავიწევთ წინ. მეც ამოვისუნთქებ და სახელმწიფოსაც ნაკლები ხარჯი ექნება. რა თქმა უნდა, არის რისკი არაკეთილსინდისიერი ფერმერების მხრიდან, მაგრამ, ჯერ ერთი, მათი რაოდენობა ძალიან მცირე იქნება და მეორეც – ბანკი ფულს არ იძლევა უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის გარეშე და დატვირთოს სახელმწიფო ინსტიტუტმაც ეს ქონება. ფერმერს ეცოდინება, რომ სახელმწიფოსგან მისთვის ნაჩუქარი ფული სწორად თუ არ დახარჯა, ყველაფერს დაკარგავს და ამიტომ სწორად უნდა მოიქცეს…“
რა თქმა უნდა, ეს თვალსაზრისი დასახვეწია, მაგრამ ძალიან საინტერესოა. სხვადასხვა ბანკში პროცენტების სახით, შეღავათიანი კრედიტის პირობებში, სახელმწიფო ყოველწიურად ათეულობით მილიონ ლარს რიცხავს. ხომ შეიძლება ეს თანხა ფერმერებს მოხმარდეთ და შედეგიც უკეთესი იქნეს? მითუმეტეს, რომ ასეთი პრაქტიკა უკვე არსებობს რეგიონის ქვეყნებში და ამ მიდგომამ გაამართლა.
სამწუხაროდ, მხოლოდ საქონლის პრობლემა არ გვაქვს. აგერ, ღორის ხორცი, რომელსაც დიდი რაოდენობით მოვიხმართ, არ არის ისეთი ხარისხის, როგორიც უნდა იყოს. ადრე ერთ-ერთმა ქართულმა კომპანიამ შემოტანილი ღორის ხორცი ექსპერტიზაზე დანიაში გაგზავნა (დანიაში მეღორეობა ლამის ხელოვნების დონეზეა აყვანილი, ღორებისთვის პირადი ნომრების მინიჭებით და ე.წ. პასპორტის მიცემით). ჰოდა, იქიდან მოსულ პასუხში ეწერა, რომ ამ ხორცის ძაღლებისა და კატებისთვის რეგულარულად მიცემა რეკომენდებული არ არის, რადგან მავნე კომპონენტებს შეიცავსო. ისინი ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ამ ხორცს ადამიანები მიირთმევენ. ჩვენც გვეეჭვება, მას შემდეგ რამე ძირეულად შეცვლილიყო. ფაქტია, რომ მაღაზიაში ნაყიდი ღორის ხორცის მწვადს არც სუნი აქვს და არც ის გემო, ბავშვობიდან რომ გვახსოვს. ამ მიმართულებითაც „ქირურგიული“ ჩარევაა საჭირო და, პირველ რიგში, აბსოლუტურად ყველა პროდუქტს, დიდი ასოებით და გასაგებ ენაზე უნდა ეწეროს შემადგენლობა.
„სასმელი წყალი, სიმინდის სახამებელი, სანელებლის ექსტრაქტი, ემულგატორი და გელ-წარმომქმნელი ნატრიუმის ალგინატი, კარბოქსინ-მეთილ ცელულოზა, გუარის გუმფისი, ქსანიტის გუმფისი, სტაბილიზატორი ნატრიუმის დიფოსფატი, გემოს გამაძლიერებელი, ნატრიუმის გლუტამატი, დექსოტოზა, არომატიზატორი მალტოქსენიტი, კონსერვანტი ნატრიუმის აცეტატი, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორფატი, ანტიაქსეზანტი, მჟავიანობის რეგულატორი, ნატრიუმის იზოასკორბანტი, საღებავი კარმინი, ფერმენტი ტრანსგლუტამინაზა, შეფერილობის ფიქსატორი, ნატრიუმის ნიტრიტი, შეიძლება შეიცავდეს საქონლის ხორცსა და ღორის ხორცს კვალის სახით“, – ეს არის ერთ-ერთი პოპულარული ბრენდის მიერ ნაწარმოები სოსისის შემადგენლობა, მაგრამ ეს ყველაფერი ისე წვრილად წერია, არათუ სათვალის, კარგი ლუპის გარეშე ვერ წაიკითხავ. ჰოდა, ამას ვამბობთ, ეს ყველაფერი ისე უნდა ეწეროს, კარგად ჩანდეს და ყველაზე დიდი ასოებით უნდა ეწეროს, რომ „შეიძლება შეიცავდეს საქონლის ხორცსა და ღორის ხორცს კვალის სახით“. თუ ეს ყველაფერი კარგია და დასამალი არ არის, რატომ წერია ისე, რომ უმრავლესობამ არ წაიკითხოს?!
წერილი კი ასე დავიწყეთ: საქართველოში ბოლო პერიოდში გულსისხლძარღვთა და სიმსივნით დაავადებულთა რაოდენობამ მოიმატა,გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევაც სწორედ ამ ორ დაავადებას უკავშირდება.
ბესო ბარბაქაძე







