„კეისარს კეისრისა“, ანუ გრიგორიადისის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ დაკავებულთა უმრავლესობის ციხიდან გამოშვება არ შეიძლება

    ევროპარლამენტარებისგან არაერთხელ გვსმენია, რომ თურმე საქართველოში  ბევრი პოლიტპატიმარია და ეს მდგომარეობა როგორმე უნდა გამოსწორდეს. მეტიც, ყველას უპირობოდ გათავისუფლებას მოითხოვენ და, თუ ამ მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლება დააკმაყოფილებს, ტაშს დაუკრავენ,  დემოკრატიისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩაუთვლიან. ისიც გემახსოვრებათ, რა ამბავი  ატყდა ლაზარე გრიგორიადისის დაკავების შემდეგ, იმ ახალგაზრდის, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა პოლიციელები,  მათ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცეცხლი წაუკიდა.

    ლაზარე გრიგორიადისის  დაკავების შემდეგ ლამის მთელი ოპოზიციური სპექტრი ერთ ხმაში ამბობდა, რომ საქართველოს დემოკრატიის გზა გრიგორიადისის თავისუფლებაზე გადის. შიმშილობა დაიწყო მისმა  მამამ, კაცმა, რომელიც შვილმა მომხდარიდან არც ისე დიდი ხნით ადრე უკანალში დაჭრა. ჰო, ლაზარემ თავისი მშობელი  დაჭრა დანით, მაგრამ მამიკო ამტკიცებდა: დანა, უკანალში კი არა, დუნდულში დამარტყა  და ღირსი ვიყავიო(?!). საბედნიეროდ, საქართველოს მართლმსაჯულება ევროპარლამენტარებისა თუ ოპოზიციის მოთხოვნებზე მაღლა დადგა და გრიგორიადისს შესაბამისი სასჯელი მიუსაჯა, მაგრამ ისე როგორ იქნებოდა, „დემოკრატიის მდედრ შუქურას“ („დემოკრატიის მამრი შუქურა“ სააკაშვილია), სალომე ზურაბიშვილს, არ გაენათებინა და… მადამ სალომემ  თავისი უფერული პრეზიდენტობის პერიოდში ერთ-ერთი სამარცხვინო გადაწყვეტილება მიიღო – ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა. ყველაზე საინტერესოც ამის შემდეგ დაიწყო – ციხიდან გმირად და ბრძოლის სიმბოლოდ გამოსული ლაზარე ხან ერთმა პარტიამ მიიწვია ოფისში, ხან – მეორემ, მესამის წევრებს პარტიის სახედ უნდოდათ ექციათ, მაგრამ მიხვდნენ, რომ გრიგორიადისისგან არაფერი გამოვიდოდა, რომ ეს ბიჭი არ იყო ის, ვისაც ელოდნენ. შემდეგ ლაზარეს მეგობრებმა თქვეს, ძალადობისკენ მიდრეკილია, აგრესიულია, ადვილად აღიგზნებაო და… გმირი, უბრალოდ, გაქრა. გრიგორიადისი  დაივიწყეს ტელევიზიებმაც, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმაც, არასამთავრობოებმაც, ევროპარლამენტარებმაც, მოკლედ, დაივიწყა ყველამ, ვინც მისი თავისუფლებისთვის იბრძოდა. ყველა მიხვდა, რომ ეს იყო შეცდომა, ხოლო სამართალდამცველებმა აღნიშნეს, არცთუ შორეულ მომავალში ლაზარე თავს ისევ გამოავლენს და მერე ვნახოთ, რა განწყობაზე დადგებითო.

    პოლიციამ გრიგორიადისი ახლახან  კვლავ დააკავა.  საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით  აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების, ან ქონების განადგურების მუქარას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან ერთ წლამდე პატიმრობით. როგორც გაირკვა, გრიგორიადისი ერთ-ერთი ბარის თანამშრომლებს მოკვლით დაემუქრა და მისი ქცევა ისეთი აგრესიული იყო, რომ ბარის თანამშრომლებმა პოლიციაში დარეკეს.

    „დიახ, მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას“,- ეს განცხადება ლაზარე  გრიგორიადისის დაკავების  შემდეგ მისმა დედამ გაავრცელა სოციალურ ქსელში. მას მხარი აუბეს: „აბა, აბა“-ო, თუმცა მხარდამჭერებს შორის პოლიტიკოსები აღარ ჭარბობენ, არც არასამთავრობო ორგანიზაციები აქტიურობენ და ჯერჯერობიც არც გრიგორიადისის „უკვდავ“ მამას დაუწყია შიმშილობა. უკვდავს იმიტომ, რომ თვითონ თქვა, პირი ამოკერილი მქონდა, 6 თვის განმავლობაში საკვები არ მიმიღიაო და… გადაჩვეული თუ იყო ჭამას, რატომ დაიწყო, ვერ გეტყვით. ჭამაზე გამახსენდა და, სავარაუდოდ, ოპოზიცია, არასამთავრობოები და ევროპარლამენტარები მეორედ აღარ შეჭამენ ერთხელ უკვე დიდი დოზით ნაჭამს და ლაზარეს მარტო დატოვებენ.

    თუმცა მთავარი ეს არ არის. სალომე ზურაბიშვილი ყოველ კვირას სოციალურ ქსელში რომ წერს ხოლმე, შეეკითხეთ პრეზიდენტს და გიპასუხებთო, ახლა არ უნდა გამოვიდეს და  თქვას:  გრიგორიადისის მიერ ჩადენილ დანაშაულში გარკვეული პასუხისმგებლობა ჩემზეცააო?! ჰო, გარკვეული, თორემ სრულ პასუხისმგებლობას ვერ ავკიდებთ, შეწყალებით გათავისუფლებული პირი დანაშაულს რომ აღარ ჩაიდენს, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. არც ისინი იღებენ ხმას, ვინც შესაწყალებლად სათანადო ფონი შექმნეს, ვისთვისაც ლაზარე გმირი იყო და სახეს  მის მსგავსად იხატავდნენ, შემდეგ კი გაჰკიოდნენ, დღეს მეც ლაზარე ვარო.

    სამაგიეროდ, ოპოზიციას, ევროპარლამენტარებსა თუ არასამთავრობოებს ახალი გმირები ჰყავთ და ახლა მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას, როგორც ეს გრიგორიადისის შემთხვევაში მოხდა, არავინ იღებს და არც კი ამბობენ, რომ მორიგი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის რაღაც პროცენტი მათზეც იქნება. სამაგიეროდ, ისინი მოითხოვენ იმ ადამიანების გამოშვებას, რომელთა უმრავლესობა ციხიდანაც კი აგინებდა ქართულ ტრადიციებს და რომლებმაც სიხარულის ყიჟინა დასცეს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ, თან იმედი გამოთქვეს, რომ პატრიარქის მომხრეები მას მალე მიეწევიან.  ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის, ევროპარლამენტარებისა და არასამთავრობოების წარმომადგენლებისთვის, ამორალური საქციელი კი არა, სიტყვის თავისუფლებაა. მერე რა, რომ ვიღაც გარდაცვლილ პატრიარქს აგინებს!? მერე რა, რომ ტრადიციულ ქართულ ოჯახებს დასცინიან?! დემოკრატიაა და ასეც უნდა იყოსო.

    ზოგადად, ქართულ პოლიტიკაში პასუხისმგებლობის პრობლემა ყოველთვის იყო. აქ არ არის ლაპარაკი  მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებზე, როცა ისეთ რაღაცებს გვპირდებიან, დაჯერება მაშინვე გიჭირს, მაგრამ სადღაც იმედის ნაპერწკალი მაინც კიაფობს და სწორედ მას  ებღაუჭები; შედეგად  მეორედ, მესამედ თუ მეათედ ტყუვდები. პასუხისმგებლობის განცდა  მერეც განულებულია, როცა  ეს ადამიანები უკვე პარლამენტარის ან მინისტრის სავარძელში სხედან და იქიდან ცდილობენ, აგვიხსნან, რატომ ვერ შეასრულეს ესა თუ ის დაპირება. კიდევ უფრო მწარე რეალობა ის არის, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყოველთვის გვიწევდა ცუდსა და უარესს შორის არჩევანის გაკეთება;   არჩევანი კარგსა და უფრო კარგს შორის კი არასდროს გაგვიკეთებია. ამ ყველაფერს  ისე მივეჩვიეთ, რომ პრეტენზიაც აღარ გვაქვს და ერთადერთი, რაც არჩევნებიდან არჩევნებამდე მატულობს, პარტიული დანახარჯები და რიგითი ამომრჩევლის ხმის ფასია…

     ისევ ე.წ. პოლიტპატიმრებს დავუბრუნდეთ. შევადაროთ მათი პროტესტის ფორმა იმ პროტესტისას, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში იყო. იმხანად  პატიმრები ჩიოდნენ, რომ სცემდნენ, მუდმივად შეურაცხყოფდნენ, მიცვალებულებზე „სკოჩით“ აბამდნენ, აშარდავდნენ, აფურთხებდნენ, აშანტაჟებდნენ… ახლა კი ვიღაცას თურმე  მენიუ არ მოსწონს, ვიღაცას სცივა, ან სცხელა, ან ტელევიზორი არ აჩვენებს  ბევრ არხს…  ამ დროს არავის  უთქვამს, რომ სააკაშვილის რეჟიმის პირობებში გლდანის ციხის  არც ერთ საკანში არ იყო არც ტელევიზორი და არც მაცივარი. ეს ამბავი ყველაზე კარგად დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რადგან ისინი იშვიათად, მაგრამ მაინც ატარებდნენ ხოლმე ციხეების მონიტორინგს და იცოდნენ იმ ძალადობის შესახებ, რომელიც ციხის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდებოდა, მაგრამ იმხანად  არ საუბრობდნენ ადამიანის უფლებების დაცვაზე, არ ამბობდნენ, რომ საინფორმაციო საშუალებების არსებობა ციხეში აუცილებელი იყო, რომ კარანტინში, 12 კვადრატულ მეტრში, ორი კვირით 40-ზე მეტ ადამიანს ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებშიც არ აჩერებდნენ. ეს მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო, რადგან ქვეყნის სათავეში იდგა მიხეილ სააკაშვილი, კაცი, რომელიც დასავლეთის ნებისმიერ ხუშტურს ასრულებდა, იქიდან ხელის ერთ აქნევაზე მზად იყო, თუნდაც რუსეთთან დაეწყო ომი და საქართველოს გენოფონდი სასიკვდილოდ გაეწირა. ყველაფრის უფლება და დაუსჯელობის სინდრომი მისი გარემოცვის მთავარი მამოძრავებელი ძალა იყო და ისინიც ხოცავდნენ, აწამებდნენ, ატერორებდნენ, ართმევდნენ…  ახლა კი  თურმე ვიღაცას პური თუ წვნიანი არ ეყო…

    გრიგორიადისის მაგალითზე შეიძლება ითქვას, რომ დაკავებულთა უმრავლესობის ციხიდან გამოშვება არ შეიძლება. ისინი თუნდაც იმისთვის, რომ კვლავ მოექცნენ ყურადღების ცენტრში, მორიგ დანაშაულს ჩაიდენენ და  პოლიტპატიმრის მანტიის კვლავ მორგებას შეეცდებიან. საქმე ის არის, რომ დაკავებულთა უმრავლესობა არაფერს წარმოადგენდა და გაუჩნდათ შანსი, ქუჩაში გამოსვლითა და ყვირილით  ყურადღება მიექციათ. ახლა ისინი უყურადღებობას ვერ აიტანენ და წავლენ  ყველაფერზე, რაზე წასვლაც შეიძლება თუ არ შეიძლება,  ამიტომ ვამბობთ, რომ  გრიგორიადისის მაგალითი ჭკუის სასწავლებელი უნდა იყოს ხელისუფლებისთვის და არ უნდა აჰყვეს დასავლელი „მეგობრების“ ტერორს, არ მოექცეს მათი გავლენის ქვეშ და იმოქმედოს პრინციპით „კეისარს კეისრისა…“

    ლევან გაბაშვილი

                                                                                                                                        

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here