დავით ზირაქიშვილი: ქილიკობენ, მდინარაძე რამდენიმე თვეში პოლკოვნიკი გახდაო, მაგრამ რას ვერჩით, მან დიდი ღლავები დაიჭირა

    ,,უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე ,,ქართული ოცნებისთვის“ ბომბია“

    სამთავრობო ცვლილებები, რომლებსაც, დიდი ხანია, აანონსებდნენ მეინსტრიმული მედიასაშუალებები და არასამთავრობოები, განხორციელდა. სუს-ის ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე, რომელიც ამ თანამდებობაზე დანიშვნიდან ძალიან მალე პოლკოვნიკი გახდა, 8 თვეში გენერალ-მაიორამდე აღზევდა. დღეს ის სამართალდამცავ უწყებებს კოორდინაციას გაუწევს, რაც ,,ძლიერი გადაადგილებაა, ყოველ შემთხვევაში, ასე განმარტა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

    სუს-ის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის ნაცვლად გელა გელაძე დაინიშნა, ხოლო შსს მინისტრად _ სულხან თამაზაშვილი.

    ,,პრემიერის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ძლიერი გადანაცვლებაა. ეს ემსახურება სახელმწიფო ინსტიტუციების კიდევ უფრო გაძლიერებას და იმ სისტემის სრულყოფას, რომელმაც ქართველი ხალხი არაერთხელ დაიცვა და არეულობას გადაარჩინა, _ ამბობენ ხელისუფლების წარმომადგენლები.

    რაც შეეხება სუს-ის ყოფილ უფროს მამუკა მდინარაძეს, ის, გარდა იმისა რომ დაიკავებს სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, იქნება ვიცეპრემიერიც.

    სამთავრობო ცვლილებებზე გვესაუბრება ,,საქართველოს კონსტუტუციის მე-5 მუხლის დაცვის ლიგის თავმჯდომარე დავით ზირაქაშვილი:

    _ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბევრი რამ გაკეთდა მას შემდეგ, რაც მის ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე დაინიშნა. არც კი მახსოვს, ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები როდის გატარდა ნარკოტრეფიკის წინააღმდეგ და, როგორც ამბობენ, სწორედ ამ წარმატებული მუშაობის გამო მდინარაძე ყველა ძალოვანი სტრუქტურის ზედამხედველად დანიშნეს. ძალოვან სტრუქტურებს ერთმანეთთან ქიშპი და უპირატესობის მოპოვების სურვილი ყოველთვის აქვთ, ამიტომ მათი ერთ სისტემაში გაერთიანება, ვფიქრობ,    კარგი იქნება.

    _ აქებდნენ სუს-ის ყოფილ უფროს გრიგოლ ლილუაშვილსაც, რომელიც კორუფციაში ჩართული აღმოჩნდა. შემდეგ აქებდნენ ანრი ოხანაშვილსაც და ისიც ,,წარმატებულისაქმიანობისთვის ,,მრჩევლად გადაიყვანეს, ახლა კი საერთოდ არ ჩანს…

    _ ანრი ოხანაშვილს არასდროს უმუშავია სამართალდამცავ ორგანოებში, გამოცდილება არ ჰქონდა. მის დანიშვნას აღნიშნულ თანამდებობაზე, ე.წ. კარის მოხელეები მიესალმნენ.

    გელა გელაძემ კი ნარკოტრაფიკის უამრავი შემთხვევა გამოავლინა, ასეთი რამ დამოუკიდებელ საქართველოში არ მახსოვს. ამჟამინდელმა ძალოვანებმა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს. სხვა სამინისტროებისა რა გითხრათ, მაგრამ შსს-მ ბოლო პერიოდში კარგად იმუშავა.

    ახლა ქილიკობენ, მდინარაძე რამდენიმე თვეში პოლკოვნიკი გახდაო, მაგრამ რას ვერჩით, მან დიდი ღლავები დაიჭირა. მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახური კორუფციის გამოვლენა რად ღირდა. მშიერ ქვეყანაში ყოფილ პრემიერს 7 მილიონი ბინაში ,,ქეშად“ რომ უდევს და გამოააშკარავებ, პატარა ამბავი არ არის. ვიმედოვნებ, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა გაგრძელდება და ეს დანაშაული საბოლოოდ აღმოიფხვრება. 

    მამუკა მდინარაძეს თავისი გუნდი არ მიუყვანია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მან ეს სტრუქტურა იქ არსებული გუნდით აამუშავა. მდინარაძემ ქვეყნისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა. საქმე გააკეთა გელა გელაძემაც.

    სულხან თამაზაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნაზე კი გეტყვით, რომ არ ვიცი, ვინ არის ეს ადამიანი, მაგრამ, რადგან გელა გელაძემ გაუწია მას რეკომენდაცია, გამოდის, საქმე იცის, გამოცდილია. სულხან თამაზაშვილი  აჭარიდან გადმოიყვანეს, ბათუმში კი, რომელიც სიბინძურის კერა იყო, გინდ ნარკოტიკების, გინდ პროსტიტუციის მხრივ, სერიოზული წმენდა მიმდინარეობს…

    _ ქვეყანაში მძიმე სოციალური მდგომარეობაა, პროდუქტების სიძვირის გამო ფასების მარეგულირებელი საპარლამენტო კომისია შეიქმნა. მისი შექმნისთანავე სუს-ისა და შსს-ს თანამშრომლები ქსელურ მარკეტებში შევიდნენ, მაგრამ თვეები გავიდა და პროდუქტებზე ფასები არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა. ახლა ამბობენ, ფასების რეგულირება რომ ვერ მოხდა, სწორედ მან განაპირობა სამთავრობო ცვლილებებიო…

    _ ცუდი დრო დაემთხვა ფასების რეგულირების მცდელობას, ამის ხელოვნურად გაკეთება კი თითქმის შეუძლებელია. ჩვენ თავის დროზე სოციალისტური, გეგმიური ეკონომიკა უარვყავით და საბაზრო ეკონომიკაზე გადავედით. ეს არის ჩვენი სოციალური კრიზისის მიზეზი.

    როდესაც უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ერევიან ასეთ საკითხებში, უნდა ჩავთვალოთ, რომ ქვეყანაში კარტელური გარიგებებია და ხელისუფლება მის აღმოფხვრას ცდილობს, ძალოვანი სტრუქტურების ჩარევის გარეშე კი ამის გამოვლენის შანსი არ არის.

    _ რა სასიკეთო შედეგებს ელოდებით ძალოვან სტრუქტურებში ბოლო პერიოდში განხორციელებული ცვლილებებით?

    _  2014 წელს ბევრს ვსაუბრობდი კორუფციაში ღარიბაშვილის ჩართულობაზე, კორუფციაში ჩაფლული იყო სტრუქტურებიც. ირაკლი კობახიძე არ არის კორუფციაში გასვრილი. რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის ბევრ სიბინძურეში იყო გარეული…

    უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე არის ნინო ქადაგიძე _ სააკაშვილისდროინდელი უსამართლო მოსამართლე. ჩვენ ვიცით, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ან პარლამენტი ამტკიცებს, ან პრეზიდენტი, პრემიერს ამასთან შეხება არ აქვს, მაგრამ ეს ქალი თანამდებობაზე ღარიბაშვილმა დანიშნა, ამიტომ ნინო ქადაგიძე დავალებულია ღარიბაშვილისგან.   როგორ კარგადაც უნდა იმუშაონ გელაძემ, მდინარაძემ და თამაზაშვილმა, ვერაფერს ვერ გააწყობენ, რადგან უზენაეს სასამართლოში მივა საქმე და იქვე დასრულდება… ნინო ქადაგიძე ბომბია ,,ქართული ოცნებისთვის“ … ის უნამუსო მოსამართლეა…

    _ ეს მოსამართლე განუსაზღვრელი ვადით არის არჩეული? მისთვის ხელის ხლება არ შეიძლება?..

    _ თუკი მოინდომებენ, ყველაფერი შესაძლებელია, როგორც კი უზენაესში  შევა ის საქმეები, რომლებიც მდინარაძემ ან გელაძემ გახსნეს, და მათ მსვლელობა არ მიეცემა, იმედია, მოხსნიან…

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here