„კადრები წყვეტენ ყველაფერს!” ეს ფრაზა სტალინს ეკუთვნის. ამ ეპოქალურ ნათქვამს ასეთი სახე მივეცი: კადრები წყვეტენ ყველაფერს და არა მათი ტრიალი!
მთავრობაში საკადრო ცვლილებებია. პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “გვინდა, საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში მნიშვნელოვანი საკადრო გადაადგილების შესახებ. პირველ რიგში, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა. აღნიშნულ თანამდებობას დაიკავებს ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელსაც ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა”.
დემოკრატიულ სახელმწიფოში რაკი ვცხოვრობთ, საზოგადოებას აქვს უფლება, მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილებების მიზეზების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მოითხოვოს. არ ვიცი, საზოგადოება ამის სურვილს როდის გაამჟღავნებს, მაგრამ ასეთი სურვილი რომ არსებობს, ფაქტია: ალბათ, საზოგადოების ამ ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად პრემიერმინისტრმა ასეთი დაზუსტება შემოგვთავაზა: „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშვნის შემდეგ ბატონ მამუკა მდინარაძეს მოუწია, ჩამოშორებოდა პოლიტიკურ საქმიანობას, ახალი პოზიციიდან ის დაუბრუნდება პოლიტიკას, რაც გააძლიერებს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს”.
ეს როგორ გავიგოთ? ალბათ, ასე: მამუკა მდინარაძეს პოლიტიკური საქმიანობა კარგად გამოსდიოდა, ამიტომ რამდენიმე თვის წინათ იგი სუს-ის უფროსად გაამწესეს. ახლა კი იმავე მიზეზით უკან აბრუნებენ. ლოგიკას ხედავთ? მე უფრო სტრესულ ვითარებას ვხედავ და, აქედან გამომდინარე, უთავბოლობას! უფრო უხეში ფორმითაც დავსვამ შეკითხვას, რომელიც პასუხსაც შეიცავს: ვინ ჭამს ამას?
ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარედგინება გეკა გელაძის კანდიდატურა, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს კი სულხან თამაზაშვილი დაიკავებს: “გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს, აღნიშნულ პოზიციას აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაიკავებს”.
საკადრო ცვლილებები არავის უკვირს. არც თანამდებობიდან თანამდებობაზე ამა თუ იმ მოხელის გადაყვანაა იშვიათი მოვლენა სახელმწიფოს ცხოვრებაში, მაგრამ სულ რამდენიმე თვის ინტერვალით ამგვარი კარუსელის ტრიალი, საკადრო პოლიტიკის არსებობაზე კი არა, მის არარსებობაზე მეტყველებს. ცნობილია, რომ საკადრო პოლიტიკა მმართველი პარტიის „აქილევსის ქუსლია”, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, შესაძლებელია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს პოლიტიკურ ქაოსს და სამთავრობო კრიზისს, მაგრამ, ფსიქოლოგების ენით თუ ვიტყვით, ხელისუფლებაში შფოთვის დონე დასაშვებზე მაღალი რომ არის, უტყუარია.
პრობლემა ის კი არ არის, X Y-ისა და Z-ის ადგილზე (ლათინურ ალფაბეტს იმიტომ ვიყენებ, რომ მდინარაძე-გელაძე-თამაზაშვილის კონკრეტიკიდან ჩინოსანთა განზოგადებაზე გადავდივარ) ვინ გადაიყვანეს. ეს იმიტომ არ არის პრობლემა, რომ სტანდარტულ სიტუაციაში X-იც Y-იც და Z-იც საქართველოს ფარგლებს გარეთ არსებული რომელიღაც სპეციალური სამსახურის ჭანჭიკებს წარმოადგენენ და, პოლიტიკის თვალსაზრისით რეალურად ძალიან ცოტა რამეს თუ წყვეტენ. სტანდარტულ სიტუაციაში-მეთქი, ვამბობ. არასტანდარტული კი ის სიტუაციაა, როდესაც ესა თუ ის X, Y, Z და ა.შ. იმ ქვეყნის კი არა (რომ ეგონათ), სხვა ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელი აღმოჩნდება, ასეთ შემთხვევაში მათ უზარმაზარი უარყოფითი როლის შესრულება შეუძლიათ, რის გამოც დიდ საფრთხეს წარმოადგენენ, ამიტომ შეკითხვა, რომელიც ამ გადაადგილებებთან დაკავშირებით საზოგადოებას უჩნდება, უაღრესად მნიშვნელოვანია:
რით არის ეს საკადრო კარუსელი გამოწვეული?
პასუხი არ არის რთული: საშინაო და საგარეო საფრთხეებით, რომელთა მოახლოებას ხალხიც გრძნობს და ხელისუფლებაც. აქ კი ახალი შეკითხვა წამოტივტივდება: რა საფრთხეებია ეს?
1. სოციალური ფონი. რამდენიც უნდა ილაპარაკონ ეკონომიკის გაძლიერება-გაუმჯობესებაზე, ფაქტია, რომ ხალხის (მასის) ცხოვრების დონე არ უმჯობესდება. სახელმწიფოში შემოსავლები იზრდება, მასთან ერთად იზრდება ბიუჯეტიც, მაგრამ არ იზრდება ხალხის ცხოვრების დონე. რატომ ხდება ასე და სად მიდის გაზრდილი შემოსავლები? ასე იმიტომ ხდება, რომ კაპიტალისტურ საზოგადოებაში განაწილების სისტემა არის აბსოლუტურად უსამართლო. გაზრდილი შემოსავლები ნიშნავს მდიდართა კლასის უფრო გამდიდრებას, რაც, არათუ დადებითად მოქმედებს ღარიბთა კლასზე, პირიქით. იმდენად, რამდენადაც ეკონომიკის გაუმჯობესება, თავის მხრივ, იწვევს ფასების განუხრელ ზრდას, ღარიბთა კლასი უფრო ზარალდება და უფრო ღატაკდება (მას არ ეზრდება შემოსავალი, მაგრამ ეზრდება ფასები). ამ ვითარებაში ყოვლად არამეცნიერულმა და მხოლოდ უხეშ ადმინისტრირებაზე დაფუძნებულმა კამპანიამ ვითომ ფასების შესამცირებლად სრულიად საპირისპირო შედეგამდე მიგვიყვანა;
2. საგარეო ვითარება, რომელიც კატასტროფულად უარესდება. დღეს მსოფლიო არ იმართება წესებითა და კანონებით. მსოფლიოს ერთპიროვნული მმართველია ძალმომრეობა. დაწყებულია მსოფლიოს ახალი გადანაწილება. ახალი გადანაწილება იმას ნიშნავს, რომ რეალობას, რომელშიც საქართველო ძველი გადანაწილების (საბჭოთა კავშირის დაშლის) შედეგად აღმოჩნდა, უკვე ყავლი გაუვიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დაინგრა და ხელიდან გამოგვეცალა ძველი ორიენტირები – ნატო და ევროკავშირი. ახალი რეალობის წინაშე აღმოვჩნდით, მაგრამ არ ვეშვებით ძველ მიმართულებას, რომელიც ვითარებას აღარ შეესაბამება. მოკლედ, ახალ მსოფლიო წესრიგში, რომელიც დიდი ტანჯვით უნდა იშვას, საქართველო რუსულ ორბიტაში დარჩება. ნატოს მზე მხოლოდ იმის გამო კი არ ჩაესვენა, რომ ამიერიდან ვეღარ გაფართოვდება, არც იმის გამო, რომ მას ძველ (საბჭოთა პერიოდის) საზღვრებში დაბრუნება მოუწევს, არამედ იმის გამო, რომ ნატო იშლება. იშლება ევროკავშირიც და იშლება აშშ-ევროპის კავშირიც. ასეთ შემთხვევაში სად გეგულებათ საქართველოს ადგილი? დამოუკიდებელი საქართველო? ეს ხუმრობაც აღარ არის! საგარეო გავლენის გარეშე ევროპა ვერ არსებობს. გავლენის გარეშე თვით რუსეთი და ჩინეთი ვერ არსებობენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ის სახელმწიფოც კი, რომელიც მსოფლიოს უპირებდა გადაყლაპვას (აშშ) საგარეო გავლენის გარეშე ვერ არსებობს. საქართველო, ფორმალურად როგორი დამოუკიდებელიც უნდა იყოს, საგარეო გავლენის გარეშე ვერ დარჩება. ამაზე ფიქრი დიდი ხნის წინათ უნდა დაგვეწყო, მაგრამ ჩანს, ჩვენი ხელისუფლება დღესაც არ არის მზად ამისთვის.
ასეთ ვითარებაში, ერთი მხრივ, ჩნდება ღალატის, მეორე მხრივ კი – უნდობლობის სინდრომი. აი, რა იწვევს საკადრო რყევებს და შფოთვის ასე მაღალ დონეს ხელისუფლებაში. სახელმწიფო დენთის კასრზე დგას. ამ კასრის აფეთქება მრავალი მხრიდანაა შესაძლებელი. შიგნიდან (სოციალური) აფეთქება, გარედან (რუსული, დასავლური) აფეთქება – მათგან რომელიმე აუცილებლად იმუშავებს. ეს რომ არ მოხდეს, ორი რამ არის საჭირო:
1. მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება (პენსიებისა და ხელფასების მნიშვნელოვანი მატება და ფასების შესამცირებლად არა ადმინისტრაციულ-მოჩვენებითი, არამედ მეცნიერულ-რეალური მუშაობა);
2. საგარეო ორიენტაციის ღია (დეკლარირებული) ცვლა. მორჩა, საქართველო აღარ არის დასავლეთზე ორიენტირებული, ჩვენ რუსეთთან სამხედრო-სტრატეგიულ პარტნიორობას ვიწყებთ! აი, ეს უნდა გაცხადდეს! აი, ეს უნდა ითქვას!
შესაბამისად უნდა დალაგდეს, გადალაგდეს და გადმოლაგდეს X, Y, Z და ა.შ. კადრები; ჯერ ისტორიულ პროცესებთან შესაბამისი რეალური პოლიტიკის განსაზღვრა, შემდეგ – საკადრო პოლიტიკა. საკადრო ცვლილებები ხელის ფათურით კი არა, გააზრებული და შორეულ პერსპექტივაზე გათვლილი პოლიტიკის შესაბამისად უნდა წყდებოდეს. ხელის ფათურით მოყვანილი კადრები ფულს იშოვნიან და წავლენ (ან დაიჭერენ), ამგვარი კადრების გაუთავებელი კარუსელით, თანაც გაუგებარი პოლიტიკის ვითარებაში, ქვეყანა კატასტროფის მიმართულებით წავა. გააზრებულად და შორეულ პერსპექტივაზე გათვლით შერჩეული კადრები კი ქვეყნის სასარგებლოდ იღვაწებენ, ანუ მხოლოდ რეალური პოლიტიკის შემთხვევაში შეიძლება ვიოცნებოთ იმაზე, რის შესახებაც ის ღმერთკაცი ამბობდა: „კადრები წყვეტენ ყველაფერს!” ახლა კი… ეჰ!
ვალერი კვარაცხელია







