“დღეს არის ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავი. მინდა მივულოცო, პირველ რიგში, ჩვენს გმირ ვეტერანებს ეს დიდებული დღე, _ განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა “ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში”, სადაც მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.
პრემიერმინისტრი პარკში შეკრებილ ვეტერანებს გაესაუბრა, გამარჯვების დღე მიულოცა, მხნეობა და ჯანმრთელობა უსურვა.
ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს ქალაქ გორშიც, სადაც გამარჯვების 76 წლისთავის აღსანიშნავად სტალინის სახლ-მუზეუმთან მდებარე სკვერში სტალინური ორგანიზაციებისა და კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
მოძრაობა “სტალინელების” წევრებმა, რომლებიც მიტინგზე საბჭოთა სიმბოლიკებით მივიდნენ, პრორუსული და ანტიამერიკული განცხადებები გააკეთეს. გორში გამართულ მიტინგში “უკვდავი ჯარის” წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
P.S. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავის გამო მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.