ახალი „ნიურნბერგის პროცესი” ახლოვდება!

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე 2026 წლის 26 სექტემბერს

    რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე უპრეცედენტო იყო მისი პირდაპირობით, შემტევი პათოსითა და დიპლომატიური შეფუთვისგან თავისუფალი სულისკვეთებით. ამ გამოსვლამ მსოფლიო დაარწმუნა, რომ დასავლეთის მცდელობა რუსეთის დამარცხებისა  ბრძოლის ველზე, საბოლოოდ ჩაფლავდა. ლავროვის სიტყვა გაეროს ტრიბუნიდან დიპლომატიურად კი არ გაისმა, უფრო პროკურორის გამოსვლას ჰგავდა სპეციალურად შექმნილ საერთაშორისო ტრიბუნალზე, სადაც სამხედრო დამნაშავეებს ასამართლებენ. ამ გამოსვლას ნიურნბერგის პროცესზე საბჭოთა კავშირის წარმომადგენლის, პროკურორ რუდენკოს გამოსვლას შევადარებდი. ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. ეს პასუხია იმ უსინდისობაზე, რომელსაც დასავლეთი ყოველ ნაბიჯზე ავლენს…  

    ლავროვმა გამოსვლა ასე დაიწყო: „გასული დღეების განმავლობაში ამ ტრიბუნიდან და გენასამბლეის კულუარებში არაერთხელ გამოითქვა აზრი, რომ მსოფლიო პოლიტიკაში ტექტონიკური ძვრები ხდება და ჩვენ თვალწინ იბადება უფრო სამართლიანი მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი. გლობალური სამხრეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნები თავს იმკვიდრებენ განვითარების სუვერენულ ცენტრებად, იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ისინი აჩვენებენ საერთაშორისო სამართლისადმი ერთგულებას, გარე ზეწოლის მიუღებლობას, დაინტერესებას ყველა სახელმწიფოს და არა მხოლოდ „რჩეულთა“ კეთილდღეობით. ასეთი შემოქმედებითი ფილოსოფია უდევს საფუძვლად რუსეთის საგარეო პოლიტიკასაც, მას იზიარებენ ჩვენი მრავალრიცხოვანი თანამოაზრეები, მასზეა დამყარებული თანამშრომლობა დსთ-ში, თშო-ში (თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაცია), ბრიჩსსა (BRICS) და სხვა გაერთიანებებში”.

     ვითარების ზოგადი შეფასების შემდეგ მინისტრი დასავლეთისთვის ნიღბის ჩამოხსნას შეუდგა.  „ეს ყველას არ მოსწონს”, – განაცხადა მან. შემდეგ კი დააზუსტა,  ვის გულისხმობდა კონკრეტულად: „დასავლური უმცირესობა, რომელიც ხუთი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა სხვისი რესურსების ხარჯზე, არ წყვეტს მცდელობებს, შეინარჩუნოს პრივილეგიები, თავს მოახვიოს ყველას თავისი „წესები“. დასავლეთი სულ უფრო ხშირად მიმართავს უხეშ ძალას, მოქმედებს არაპროგნოზირებულად და ავანტიურისტულად, საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენი  პლანეტის მილიონობით, შესაძლებელია, მილიარდობით მკვიდრის სიცოცხლესა და კეთილდღეობას. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ  პუტინის განმარტებით, ერთი ჰეგემონის დიქტატურა საზღვარს გასცდა და საშიში გახდა გარშემო მყოფთათვის“.

     ამის შემდეგ ორატორი კონკრეტული ბრალდებების წარდგენას შეუდგა: „ამ წლის დასაწყისში ყოველგვარი ნორმების, მათ შორის მორალის ნორმების, დარღვევით, აშშ–ის შეჭრა ვენესუელაში დასრულდა პრეზიდენტ მადუროსა და მისი მეუღლის დაკავებით, მათი უსამართლო პატიმრობით ამერიკულ ციხეში. ეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო სამართალი პირდაპირ მოითხოვს სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირების იმუნიტეტისა და ხელშეუხებლობის დაცვას. მოვითხოვთ ვენესუელელი ლიდერისა და მისი მეუღლის უსწრაფეს გათავისუფლებას და მომავალში მსგავსი ექსცესების თავიდან აცილებას”.

     ლავროვი ვენესუელისა და მისი ლიდერის ამ ყბადაღებული ინციდენტის დასახელების შემდეგ ირანის პრობლემას მიუბრუნდა: „ძალისმიერი დიქტატის მიუღებელ გამოვლინებად მიგვაჩნია ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეისა, და მისი ოჯახის წევრების, ისლამური რესპუბლიკის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელების მკვლელობა. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ გასული წლის ივნისში დაწყებული ამერიკულ–ისრაელური აგრესიის სამიზნეში მოხვდა  არა მხოლოდ ირანის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, არამედ მშვიდობიანი ბირთვული ობიექტებიც, რომლებიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გარანტიების დაცვის ქვეშ იმყოფებოდა. ამან გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა სააგენტოს ავტორიტეტს და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის მთელ სისტემას”.

     ალბათ, გაეროს დარბაზშიც იყვნენ ლიდერები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ირანს აღარ დაიცავდა და, აშკარა ნეიტრალური პოზიციით თუ არა, გაურკვეველი დამოკიდებულების დემონსტრირებით აგრძნობინებდა დასავლეთს, რომ ირანის მოკავშირეობაზე უარს აცხადებდა, მაგრამ ლავროვის ამ გამოსვლამ ყველა დაარწმუნა საწინააღმდეგოში: „სპარსეთის ყურისა და ორმუზის სრუტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირების რეციდივები გრძელდება, მიუხედავად მსოფლიო ნავიგაციისა და ვაჭრობისთვის აშკარა ზიანისა. კრიზისის მოგვარების აუცილებელ პირობად მიგვაჩნია ყურის სანაპირო სახელმწიფოებს – არაბულ ქვეყნებსა და ირანს შორის ურთიერთობებში ნდობის დამყარება. მდგრადი რეგიონული არქიტექტურის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული სპარსეთის ყურის ზონაში კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩვენი კონცეფცია. რუსეთი, სხვა პასუხისმგებლიან ქვეყნებთან ერთად, მზად არის, კონსტრუქციული წვლილი შეიტანოს ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონის სტაბილიზაციაში”.

     ლავროვს მხედველობიდან არც პალესტინის პრობლემა გამორჩენია, სადაც ამერიკისა და ისრაელის ერთობლივმა პოლიტიკამ, არათუ კრახი განიცადა, არამედ მისი ბარბაროსული და კაცთმოძულე ხასიათის სრული, ფართომასშტაბიანი დემონსტრირება მოახდინა: „დარწმუნებულნი ვართ, რომ დადგა დრო ახლო აღმოსავლეთის მთავარი პრობლემის გადაჭრისა, პალესტინელი ხალხის სახელმწიფოებრიობის უზრუნველსაყოფად გაეროს მრავალრიცხოვანი გადაწყვეტილებების საფუძველზე. თითქმის ერთი წლის წინათ უშიშროების საბჭომ აშშ-ის ინიციატივით დაამტკიცა ღაზის სექტორის „სამშვიდობო გეგმა“, მაგრამ მშვიდობა იქ არ დამყარებულა. კვლავ იღუპებიან მოხუცები, ქალები და ბავშვები, ჰუმანიტარული სიტუაცია ისევ კრიტიკულია. მდგომარეობა უარესდება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზეც, სადაც ისრაელი აფართოებს დასახლებების შექმნის აქტივობას. ასე თუ გაგრძელდება, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა შეუძლებელი იქნება – მისთვის, უბრალოდ, ადგილი აღარ დარჩება, მაგრამ მაშინ ისრაელსაც  მუდამ  საფრთხე დაემუქრება. ექსპერტებს ეს კარგად ესმით. გაეროსგან, ჩვენგან, ყველა წევრი სახელმწიფოსგან, საჭიროა სასწრაფო არასტანდარტული ნაბიჯები, რათა შემოტრიალდეს არახელსაყრელი ტენდენციები ახლო აღმოსავლეთსა და მიმდებარე ტერიტორიებზე. საუბარია არა მხოლოდ პალესტინაზე, არამედ ლიბანზე, სირიაზე, იემენზე, ერაყზე, სუდანზე, სომალიზე, სამხრეთ სუდანზე, აფრიკის სხვა ქვეყნებზე, სადაც კონფლიქტები მძვინვარებს”.

    ნიურნბერგის პროცესი, რომელიც გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში მიმდინარეობდა 1945 წლის 20 ნოემბრიდან 1946 წლის 1 ოქტომბრამდე და რომელზეც უმაღლესი თანამდებობის ნაცისტი დამნაშავეები გაასამართლეს

    ლავროვმა ახლო აღმოსავლეთიდან ამერიკის კონტინენტზე გადაინაცვლა. ეს ბუნებრივი იყო, ვინაიდან დედამიწაზე ძნელია გეოგრაფიული წერტილის პოვნა, სადაც აშშ საქმეს არ აფუჭებს, ბოროტებას არ სჩადის და ძალმომრეობას არ მიმართავს: „გადაუდებელი ზომებია საჭირო კუბაში არსებული სავალალო ჰუმანიტარული მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომელიც დღეს ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის. ვუდასტურებთ სოლიდარობას კუბელ ხალხსა და მთავრობას, დაჟინებით მოვითხოვთ თავისუფლების კუნძულის საზღვაო ბლოკადის მოხსნას, კუბასთან ვაჭრობაზე ყველა შეზღუდვის გაუქმებას, ქვეყნის ამოღებას ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების იმ სიიდან, რომელიც, დიდი ხანია, ოდიოზური გახდა.

    ეს მხოლოდ ყველაზე თვალსაჩინო მაგალითებია, რომლებიც საერთაშორისო თანამეგობრობისგან პირველხარისხოვან ყურადღებას მოითხოვს, თუმცა მხოლოდ ამ საკითხებით შემოფარგვლა არ შეიძლება. დასავლეთის ძალისმიერი პოლიტიკა და ორმაგი სტანდარტები ყველგან ახდენს სიტუაციის დესტაბილიზაციას”.

     ამერიკის კონტინენტიდან ლავროვმა ევროპაში გადმოინაცვლა, რადგან ამერიკელებმა აქაც ისე აურ-დაურიეს, რომ კონტინენტი ყველას თვალწინ მოუგვარებელ პრობლემებში იძირება: „ბალკანეთში ევროკავშირი უხეშად უგულებელყოფს გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-ე  რეზოლუციას და აიძულებს სერბეთს, შეეგუოს კოსოვოს მხარის დაკარგვას, უარი თქვას თავის ისტორიაზე და წინაპრების ხსოვნაზე. ბელგრადს ფაქტობრივად აიძულებენ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, სანაცვლოდ კი ჰპირდებიან ევროინტეგრაციის ბუნდოვან პერსპექტივას. ამას უკვე ყველა ხვდება. ბოსნია და ჰერცეგოვინის უნიტარიზაციის მცდელობისას სერბებს უბიძგებენ, უარი თქვან კონსტიტუციურ უფლებამოსილებებზე, რომლებიც გარანტირებულია დეიტონის სამშვიდობო შეთანხმებითა და გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ”.

     ლავროვი, როგორც იქნა, უკრაინის თემაზე გადავიდა, რომელსაც მთელი დარბაზი ელოდა, რადგან მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ეს თემაა: „საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფის ანალოგიური სულისკვეთებით საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას სერიოზულ საფრთხეს უქმნის კიევის რეჟიმის საგარეო სპონსორების უგუნური ქმედებები. რუსეთის შეკავების უტოპიური მიზნისთვის დასავლეთმა საკუთარი ხელით დაანგრია ევროპული უსაფრთხოების სისტემა და გაზარდა რუსოფობიური რეჟიმი კიევში. თავიანთი მცდელობების ამაოების გაცნობიერებით ევროპაში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ხელი შეუშალონ პრობლემის მშვიდობიან მოგვარებას და ჩაშალონ მოლაპარაკებების პერსპექტივები, რითაც ბევრია დაინტერესებული, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაციაც. დასავლეთი უკრაინულ რეჟიმს იარაღით ამარაგებს, ეხმარება კიევს დრონებისა და რაკეტების მიმართვაში მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისკენ. დასავლეთში ოცნებობენ რუსეთის სტრატეგიულ დამარცხებაზე, მაგრამ ეს ოცნებები, როგორც  წარსულში ბევრჯერ მომხდარა, სტრატეგიულ ჩიხში მიიყვანს თავად ომის გამჩაღებლებს”.

     ამგვარ სიმკვეთრესა და სიმკაცრეს, ალბათ, არ მოელოდნენ, რადგან რუსეთმა დასავლეთი მიაჩვია კონსენსუსისთვის მუდმივ მზადყოფნას, დათმობისა და დათბობის პოლიტიკით აპელირებასა და რბილ მოპყრობას. ახლა კი ლავროვის ხმაში ისეთი ფოლადისებრი ინტონაცია გაისმა, რომ ზოგიერთ ლიდერს აშკარად უსიამოვნო განცდა გაუჩნდებოდა.

     ლავროვი კი განაგრძობდა:

     „პატივცემულო კოლეგებო,

    ერთი წლის წინათ ჩვენ აღვნიშნეთ გერმანულ ნაციზმსა და იაპონურ მილიტარიზმზე გამარჯვების მეოთხმოცე წლისთავი. მომავალ კვირას, 1 ოქტომბერს, სრულდება 80 წელი ნიურნბერგის საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალის მუშაობის დასრულებიდან. ხალხთა სასამართლოს ისტორიულმა განაჩენმა, რა სახელითაც არის ცნობილი ნიურნბერგის ტრიბუნალი, მკაცრად და ცალსახად დაგმო ნაცისტი დამნაშავეები, კანონგარეშედ და მორალის მიღმა გამოაცხადა ნაციზმის კაცობრიობის მოძულე იდეოლოგია.

    ამასობაში, ოთხმოცი წლის შემდეგ ნიურნბერგის გაკვეთილები ყველას როდი აქვს გააზრებული. ევროკავშირის მრავალი ქვეყნის მმართველი წრეები, მათი წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად დაავადებულნი არიან რასობრივი აღმატებულების ვირუსით, განიხილავენ ექსტრემისტულ, რუსოფობიურ იდეებს; ხელს აფარებენ უკრაინული რეჟიმის ლიდერებს, როდესაც ისინი კიევში პატივს მიაგებენ გამომჟღავნებულ სამხედრო დამნაშავეებსა და ჰიტლერელ კოლაბორაციონისტებს, რომელთა ხელებიც იდაყვამდეა გასვრილი რუსების, ებრაელების, ბელარუსების, უკრაინელებისა და სხვა ეროვნების წარმომადგენელთა სისხლში. თითქმის მთელი დასავლეთი ყოველწლიურად აძლევს ხმას აქ, ამ დარბაზში, რუსული რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც გმობს ნაციზმის გმირულად წარმოჩენას. მის წინააღმდეგ ხმას აძლევენ გერმანია, იაპონია, ასევე ნატოს ყველა ქვეყანა, რომელთა შორისაც ბევრია დამნაშავე მეორე მსოფლიო ომის წლებში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში”.

     ეს იყო  დარტყმა  მთელ დასავლეთზე, მის უპასუხისმგებლო და კაცთმოძულურ პოლიტიკაზე: „როდესაც დღეს სირცხვილით ხუჭავენ თვალს უკრაინული ნაციზმის აშკარა გამოვლინებებზე, დარტყმის ქვეშ დგება თავად გაეროზე კონცენტრირებული მსოფლიო წესრიგის საფუძვლები. საბჭოთა ხალხის გენოციდზე ნაცისტური გერმანიის პასუხისმგებლობის მივიწყებითა და გერმანიის, როგორც კიევის ნაცისტური რეჟიმის მთავარი სპონსორის, როლის გამო უხერხულობის გარეშე, კანცლერი მერცი აცხადებს ევროპაში  მთავარ სამხედრო ძალად კვლავ გერმანიის გადაქცევის აუცილებლობაზე. ესმით თუ არა ბერლინში, რას ნიშნავს ეს „კვლავ“ და სადამდე შეიძლება ამან მიიყვანოს საქმე? ნუთუ მათ მეორე მსოფლიო ომის შედეგებმა არაფერი ასწავლა? უკრაინული რეჟიმი ღიად არღვევს გაეროს წესდების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპს, როგორიცაა ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემა ყველასთვის რასის, სქესის, ენისა და რელიგიის განურჩევლად. მსოფლიოში არ არის სხვა ქვეყანა, უკრაინის გარდა, სადაც საკანონმდებლო დონეზე აკრძალულია რომელიმე ენა. უკრაინაში რუსული ენა აკრძალულია. მისი გამოყენებისთვის გათვალისწინებულია სასჯელი ციხის ჩათვლით.  ევროკავშირში კი, სადაც თავს იწონებენ „ევროპული ღირებულებებით“,  თითქოს პირში წყალი ჩაიგუბესო,  არც ერთი დამგმობი სიტყვა არ თქმულა; მხოლოდ იმას ამბობენ, რომ უკრაინა სწორედ ამ „ევროპული ღირებულებების“ დაცვაში ეხმარება მათ. უნებლიეთ მიდიხარ  დასკვნამდე, რომ ნაციზმიც და უკრაინის რეჟიმის მიერ სიტყვის, ინფორმაციისა და აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევებიც სწორედ ამ „ევროპული ღირებულებების“ არსს შეადგენს”.

    გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე      ლავროვის გამოსვლა  იყო დასტური იმისა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთთან ომში დასავლეთმა კატასტროფული მარცხი იწვნია. დასავლეთს  სიტუაციის შემობრუნების რესურსი არ აქვს, დანარჩენი კი დროის საკითხია. ახალი „ნიურნბერგის პროცესი” ახლოვდება!

    ვალერი კვარაცხელია 

                                                                                                           

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here