საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის #5 დადგენილებით, 2018 წლის 1 იანვრიდან გადახდის კანონიერი საშუალების სტატუსი აღარ ექნება 1995 წლის ემისიის ოქროსფერ 50-თეთრიან მონეტას, რომლის ავერსზე დატანილია გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის ქვეშ ციფრი 50 და წარწერა – თეთრი, რევერსზე _ ბორჯღალი, ციფრები და წარწერები: საქართველოს რესპუბლიკა, REPUBLIC OF GEORGIA.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლიდან სავაჭრო და ნაღდი ფულით მომსახურების ობიექტებს აღარ ექნებათ ანგარიშსწორების მიზნით მათი მიღების ვალდებულება. 2018 წლის განმავლობაში ძველი 50-თეთრიანის გამოცვლა შესაძლებელი იქნება ნებისმიერ კომერციულ ბანკსა და საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, ხოლო 2019 წლის 1 იანვრიდან _ მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში (მისამართი: თბილისი, 0198, კახეთის გზატკეცილი 72).