ისრაელის შს მინისტრ არიე დერის განცხადებით, ისრაელში არალეგალურად 79 000 ადამიანი იმყოფება, ძირითადად, საქართველოდან და უკრაინიდან, რომლებიც ტურისტებად შევიდნენ უვიზო რეჟიმის ფარგლებში და ქვეყნის ტერიტორია არ დაუტოვებიათ.
არიე დერის თქმით, საქართველოდან და უკრაინიდან ჩამოსული ტურისტები ბენ-გურიონის აეროპორტიდან ავტობუსებით მიჰყავთ თელ-ავივში თავშესაფრის შესახებ განცხადებების მიღების ოფისში. “ამ განცხადების შეტანის შემდეგ შეუძლებელია მათი დეპორტაცია, ვიდრე კომისია განაცხადს არ განიხილავს და ოფიციალურ პასუხს არ გასცემს”, _ განაცხადა მინისტრმა. მისივე თქმით, ეს პროცესი დაახლოებით ერთი წლის წინათ დაიწყო და შუამავლები 5000 აშშ დოლარს იღებენ არალეგალების მიღებასა და მოწყობაზე.