Home ახალი ამბები საქართველო გულბაათ რცხილაძე: ჯანელიძის განცხადება არის ილუზია და საქართველო უკვე წლებია ამ ილუზიებში...

გულბაათ რცხილაძე: ჯანელიძის განცხადება არის ილუზია და საქართველო უკვე წლებია ამ ილუზიებში ცხოვრობს

1850
გულბაათ რცხილაძე

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ნატოს დღეების 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული ნაწილია.


მისი თქმით, დღესდღეობით საქართველო არის ალიანსის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა, რომელიც ყველა ნაბიჯს დგამს იმისთვის, რომ ახლო მომავალში სამხედრო ბლოკის სრულფასოვანი წევრი გახდეს: ჩვენ დღეს გვაქვს ძალიან ამბიციური დღის წესრიგი ნატოსთან მიმართებაში. დღეს საქართველო არის ყველაზე ფართო და ყოვლისმომცველი პარტნიორობის მქონე ასპირანტი ქვეყანა და ჩვენ გვაქვს ყველა ის ფორმატი, რომელიც გვაახლოებს ნატო წევრობასთან. ჩვენ ვდგამთ ყველა ნაბიჯს, რათა საქართველო იყოს ევროატლანტიკური სივრცის ღირსეული მონაწილე“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

რამდენად ადეკვატურია საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფერბას და ზოგადად ხელისუფლების გაცხადებულ ცალსახა პროდასავლურ პოლიტიკას, „საქართველო და მსოფლიო“ კომენტარისთვის „ევრაზიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს გულბაათ რცხილაძეს დაუკავშირდა.

გულბაათ რცხილაძე: არანაირი ღირსეული წევრები ჩვენ არ ვართ, საქართველო არის ევროატლანტიკური სივრცის რაღაც დანამატი, რომელსაც უყურებენ, როგორც კოლონიას. რეალურად ჩვენ მათთვის გვაქვს ის დანიშნულება, რომ მუდმივ დაძაბულობაში ვიყოთ რუსეთთან და ასე მოახდინონ კრემლის პოლიტიკის საერთაშორისო დისკრედიტება. სხვა ინტერესი მათ საქართველოსთან მიმართებაში არ გააჩნიათ და ყველა სარად მოაზროვნე ადამიანი ამას ძალიან ნათლად ხედავს.

რაც შეეხება ბატონი ჯანელიძის განცხადებას, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ალიანსის წევრი, ამასწინათ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში უილიამ ლაჰიუმ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს შეუძლია გახდეს ალიანსის წევრი, ისიც თეორიულად, ოღონდ კონფლიქტური რეგიონების გარეშე. ეს რას ნიშნავს, ეს იმას ნიშნავს, რომ ნატო ვერ იცავს საქართველოს და საჭიროების შემთხვევაში, მისი წესდების მეხუთე პუნქტი, რომელიც ალიანსის წევრი ნებისმიერი სახელმწიფოს კოლექტიურ დაცვას გულისხმობს, ჩვენთვის ვერ ამოქმედდება. ახლა ვის უფრო დაეჯერება, ნატოზე როცაა საუბარი, ნატოს მაღალჩინოსანს თუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს? ჯანელიძის განცხადება არის ილუზია და საქართველო უკვე წლებია ამ ილუზიებში ცხოვრობს. ჩვენ ეს კარგს არაფერს მოგვიტანს…

_ დონალდ ტრამპის დამოკიდებულება ნატოსთან მიმართებაში წინა ადმინისტრაციის პოლიტიკისგან კარდინალურად განსხვავდება. გარკვეულ პოლიტიკურ წრეებში იმასაც ვარაუდობენ, რომ მისი პრეზიდენტობის პირობებში ალიანსის დაშლის პროცესი დაიწყება. ამის მიუხედავად, ჩვენი ხელმძღვანელობის რიტორიკა არ იცვლება, ხელისუფლების მთავარი ორიენტირი ისევ ევროატლანტიკური სტრუქტურებია. როგორ ფიქრობთ, რამდენად ადეკვატურია ეს პოლიტიკა?

 _ ტრამპის კრიტიკული დამოკიდებულება ალიანსისადმი ჯერჯერობით მხოლოდ დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლება. ანუ, ის მიიჩნევს, რომ ალიანსის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაზარდონ დაფინანსება. ეს რა თქმა უნდა თავისთავად ძალიან მნშვნელოვანი განცხადებაა, მაგრამ ცალსახად ალიანსის დაშლის წინაპირობად ამას ვერ მივიჩნევთ.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, დღევანდელი ჩვენი პოლიტელიტა, ისევე, როგორც წინამორბედი, ისეა გადანასკვული დასავლეთის გავლენიან პოლიტიკურ წრეებთან, რომ მათ გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენიათ. ამათ არ გააჩნიათ სახელმწიფოებრივი აზროვნება და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი. ამიტომაა, რომ მათი მხრიდან ესა თუ ის ნაბიჯი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კი იდგმება, არამედ დასავლელი ემისრების დირექტივების შესაბამისად. ამიტომ არ იცვლება ამათი რიტორიკა და არც შეიცვლება, სანამ ნატოს დაშლა ოფიციალურად არ გაფორმდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here