Home ახალი ამბები საქართველო მამუკა კარტოზია: საქართველო სხვაზე დამოკიდებული ქვეყანაა, ჩვენი სუვერენობა ფორმალობაა. ჩვენი ნებისმიერი ე.წ....

მამუკა კარტოზია: საქართველო სხვაზე დამოკიდებული ქვეყანაა, ჩვენი სუვერენობა ფორმალობაა. ჩვენი ნებისმიერი ე.წ. აჯანყება დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც მონის აჯანყება

“ბორელი საქართველოში ჩამოვიდა არა როგორც პარტნიორ ქვეყანასთან, არამედ როგორც მონასთან და მისი თვალსაზრისი ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ. სამწუხაროა, რომ საქართველო ვერ ჩამოყალიბდა პრინციპულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ ქვეყნად. ამის დადასტურებაა ბორელის ამჟამინდელი ვიზიტიც “

757

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში ამა წლის 9 სექტემბერს ჩამოვიდა. ამ ვიზიტის შემდეგ .. ოპოზიციის ზოგიერთმა წარმომადგენელმა პრემიერის იმპიჩმენტის საკითხიც კი დააყენა. .. ოპოზიციის გაღიზიანების მიზეზი იყო ის, რომ ღარიბაშვილმა ბორელთან  შეპასუხება გაბედა. საქართველოს პრემიერმინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს კორექტულად გააგებინა, რომ ქართველებს ყველაზე მეტად უსამართლობა არ გვიყვარს და სამართლიან მოპყრობას მოვითხოვთ.…

რისთვის ჩამოვიდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი საქართველოში და რატომ სცადა მენტორული ტონით ლაპარაკი საქართველოს პრემიერთან? რაზე მიგვანიშნებს პრემიერ ღარიბაშვილის მოკრძალებული, მაგრამ სამართლიანი შეპასუხება ბორელისადმი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ანალიტიკოსი მამუკა კარტოზია გვესაუბრება:

_ საქართველო დამოკიდებული ქვეყანაა, ჩვენი სუვერენობა ფორმალობაა. ჩვენი ნებისმიერი ე.წ. აჯანყება დასავლეთის მიერ აღიქმება, როგორც მონის აჯანყება. ჩვენ მონებად აღგვიქვამენ. არჩევანის შესაძლებლობა არ გვაქვს.

ბორელი საქართველოში ჩამოვიდა არა როგორც პარტნიორ ქვეყანასთან, არამედ როგორც მონასთან და მისი თვალსაზრისი და დამოკიდებულება ჭეშმარიტებად უნდა მივიღოთ. სამწუხაროა, მაგრამ საქართველო ვერ ჩამოყალიბდა პრინციპულ, ეროვნული ინტერესების გამტარებელ ქვეყნად. ამას ადასტურებს ბორელის ამჟამინდელი ვიზიტიც _ ის ისე მოგვიდგა, როგორც მენტორი, სწორედ მენტორული ტონით მოგვკითხა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად 12 პუნქტის შესრულების ამბავი. ამასთანავე, ჩვენ ნათლად დავინახეთ ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის პოზიციაც, რომელმაც განაცხადა, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი არ აპირებს გაფართოებას. ეს კი უარია!

_ მაშ, რისთვის იყო საჭირო ბორელის ჩამოსვლა საქართველოში და, ასე ვთქვათ, საქართველოს ინსპექტირება?

_ ევროკავშირისთვის მიუღებელია საქართველოში მიმდინარე პროცესები. საგანგაშო სიგნალებს იღებენ, ვგულისხმობ, პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის დაპირისპირებას. მათ აინტერესებთ, რას აპირებს მმართველი პარტია.ევროპელებს აშინებთ ის, რომ საქართველომ შეიძლება რუსეთის ორბიტაზე გადაინაცვლოს, ბორელის ვიზიტიც ამიტომ დაიგეგმა. ევროპას სურს, საქართველომ უარი არ თქვას ევროპაზე. ჩვენ მოვისმინეთ ბორელის აშკარა უკმაყოფილება რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენაზე…

_ ბორელისა და ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ ბევრ ქართველს გაუჩნდა შეკითხვა: რა დაგვრჩენია ამ ევროპაში, რა დავკარგეთ იქ?

_ ხელისუფლებასა და ე.წ. ოპოზიციას შორის არის პოლარიზაცია, მაგრამ ძალიან საინტერესოა, რატომ, რადგან ორივეს საკრალური იდეაა ევროკავშირში გაერთიანება, მათ იდეური თანხვედრა აქვთ. საინტერესოა, ეს ორი ძალა _ სამთავრობოც და ოპოზიციურიც, რატომ არ გვეუბნება, რას მოგვცემს ევროკავშირში გაერთიანება, რა პლუსები გვექნება სოციალური კუთხით, ეკონომიკურად და ა.შ. კარგია იმ ოჯახში ყოფნა, რომელშიც მეგობრები გყავს და შენს კულტურასა და იდენტობას პატივს სცემენ, მაგრამ იმ ოჯახში, სადაც ატროფირებას გიპირებენ და იდენტობაზე უარს გათქმევინებენ, რატომ უნდა შეხვიდე?! ჩვენ ვართ ევროპა? საფრანგეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჩვენ არ ვართ ევროპა და ის მართალი იყო…

ჩვენ ავადმყოფებივით ვიქცევით, არადა, ყველას უნდა გვახსოვდეს: 1918 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა რომ გამოაცხადა, ევროპამ მხარი არ დაგვიჭირა, რადგან რუსეთმა არ გვაღიარა. რუსეთის გარეშე აქ ვერავინ ვერაფერში ჩაერეოდა. 1920 წელს, როდესაც რუსეთმაც გვაღიარა, სწორედ მაშინ წამოვიდა აღიარების კასკადი ევროპიდან. რუსეთის ფაქტორი საქართველოში ყველა ასპექტში გასათვალისწინებელია. ევროპა ამერიკის თამაშს თამაშობს. მათ სურთ, ჰქონდეთ რუსეთთან დასაპირისპირებელი ადგილი, რეგიონი, ასეთად ხედავენ საქართველოს.

უნდა ვიცოდეთ, რას შევიძენთ ევროპასთან სიახლოვით და რას დავკარგავთ, განვითარდება თუ არა საქართველო ევროპასთან ერთად? რა დაგვრჩენია ევროპაში?! ევროკავშირი თვითონ ომის ზღვარზეა, ის ჩვენი თავდაცვის ქოლგაც ვერ იქნება…

_ ამბობთ, რომ ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რას ველოდებით ევროკავშირისგან და მართალსაც ბრძანებთ. ეს ყველაფერი მთავრობისგან უნდა მოვისმინოთ, მაგრამ, როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი კორექტულად შეეპასუხა ჯოზეფ ბორელს, ყველას მოეწონა დესტრუქციული ძალების გარდა. ხალხი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა სუვერენიტეტის იდეა დააბრუნა

_ ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქართველებს ყველაზე მეტად უსამართლობა არ გვიყვარს, არ ვეგუებით მას და მოვითხოვთ სამართლიან მოპყრობას, გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებთ, უნდა იყოს სამართლიანიო. მაგრამ მისი სიტყვები დაგვიანებულად მეჩვენება, რადგან ეს მაშინ უნდა ეთქვა, როდესაც უკრაინასა და მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი. მაშინ უნდა ეთქვა, როდესაც 12 პუნქტის შესრულება დაგვავალეს…

თუ მართლა ევროკავშირში შესვლა გვინდა, ევროკავშირმა პუნქტები არ უნდა ჩამოგვიწეროს; ბორელი არ უნდა გვეუბნებოდეს, რამდენი პუნქტი გვაქვს შესრულებული, ჩვენ ამას თვითონ უნდა ვაკეთებდეთ, მაგრამ მთავარი ის არის, რომ არავინ მოგვცემს სტატუსს, ამიტომ ღარიბაშვილმა ერთი ნაბიჯი გადადგა, ნაბიჯი თავისი პრესტიჟისთვის, მომავალი არჩევნებისთვის. მართალია, ხალხსაც ბევრი რამ დაანახვა, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს პრემიერმინისტრის პოლიტიკური ტრიუკი იყო.

საქართველოზე, როგორც ქვეყანაზე, საუბარიც აღარ არის; ქვეყანა საქართველო აღარ არსებობს. ბორელი ჩამოვიდა და თითი დაგვიქნია რუსეთთან ავიამიმოსვლის გამო, მაშინ, როდესაც რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები მთელ მსოფლიოში დაფრინავენ შეუზღუდავად. მართალი უთხრა ბორელს ღარიბაშვილმა: ჩვენ არც ნატოს წევრი ვართ და არც ევროკავშირის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვიმოქმედეთო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ღარიბაშვილმა მაინც მომავალ არჩევნებზე გააკეთა გათვლა. ბორელს სხვა პასუხი ეკუთვნოდა…

მოლდოვაში დაფრინავენ რუსეთის თვითმფრინავები,  მოლდოვა დსთ-ის წევრია, თან ევროკავშირის სტატუსი მიანიჭეს, მაგრამ დასავლეთს ამაზე გართულება არ აქვს. უცნაურია ეს ყველაფერი და აშკარად გასაგებიც, რომ ჩვენ ევროკავშირში არაფერი დაგვრჩენია…

_ 2030 წლამდე ევროკავშირი არ გაფართოვდება _ ეს უკვე გვითხრეს. ასევე გვითხრეს, რომ სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ, თუ ცუდად მოვიქცევით, წაგვართმევენიყო თუ არა დიდი შეცდომა საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერა იმისა, რომ ევროკავშირისკენ ვისწრაფვით?

_ რუსეთსა და უკრაინაში საომარმა მოქმედებებმა სულ სხვა ჭრილში გადაიყვანა მსოფლიოს გეოპოლიტიკა, რევოლუციური გარდატეხაა, სხვა ეპოქა დადგა. ევროკავშირი იარსებებს?!

უდიდესი შეცდომა და კონსტიტუციური კაზუსია, კონტიტუციაში რომ ჩავწერეთ ევროკავშირისკენ სწრაფვა. ამ შეცდომას ეს მთავრობა არ გამოასწორებს. იმედია, 2024 წელს ქვეყნის სათავეში მოვა ის მთავრობა, რომელიც ამ ჩანაწერს კონსტიტუციიდან ამოიღებს.

ჩვენს რეგიონში სერიოზული ცვლილებებია. ჩვენ ჩვენი პოზიცია უნდა დავიკავოთ, ბრიჩს-ის პარტნიორები უნდა გავხდეთ. საქართველო მიმავალ მატარებელს დაედევნა… სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა რუსეთთან, კავკასია ფეთქებადსაშიში რეგიონია. ქიმერის დევნა, რომელსაც ევროპა ჰქვია, ხელს არ გვაძლევს. ტყუილი დასრულდა, ყველამ ყველაფერი დაინახა.

მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს და, რაც ხალხს  უნდა, ის გააკეთოს; ქვეყანას რაც სჭირდება, ის გააკეთოს და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედოს! ეს აუცილებლად გადაგვარჩენს!

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here