Home ახალი ამბები საქართველო ან შეწყალება, ან იმპიჩმენტი!   

ან შეწყალება, ან იმპიჩმენტი!   

საქართველო განსაცდელის წინაშე დგას და ამის მთავარი მიზეზი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია

ევროპაში არ ადარდებთ, ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს თუ დიეტას. მთავარია, ის მიდის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ; მთავარია, ის ასრულებს მათ მითითებებს და, სავარაუდოდ, სწორედ ამ ვოიაჟისას მას მოამზადებენ  მთავარი მითითების შესასრულებლად – სააკაშვილის შესაწყალებლად

2018 წელი. საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და დათქმა, რომ ეს პრეზიდენტი იქნებოდა ბოლო, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა აირჩევდა. საზოგადოდ, პრეზიდენტი ისტორიაში ყველა ვარიანტში შედის, როგორიც  უნდა იყოს ის; ხალხის მიერ არჩეული ბოლო პრეზიდენტი ხომ განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს. არჩევნების მეორე ტური გახდა საჭირო, რადგან „დამოუკიდებელმა“ კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 50%-ს პლუს ერთი ხმა ვერ მოაგროვა და გაჩნდა დიდი შანსი იმისა, რომ არჩევნები „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მოეგო. საქმეში მმართველი ძალა მთელი რესურსით ჩაერთ, სატელევიზიო მოწოდება გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა, პარტიამ უზარმაზარი ადამიანური თუ ფინანსური რესურსი დახარჯა და ქალბატონ სალომეს პრეზიდენტობა ხონჩით მიართვეს. რომ არა „ქართული ოცნების“ დახმარება, ზურაბიშვილი არჩევნებზე იმაზე ნაკლებ ხმას მიიღებდა, ვიდრე მოგვიანებით თვითმმართველობის არჩევნებზე მიიღო თბილისის მერობის კანდიდატმა რიჩარდ ოგბუნუჯუმ.

ეს ყველაფერი კი იმისთვის მოვყევი, რომ შეგახსენოთ, როგორ გახდა განულებული ავტორიტეტის მქონე პოლიტიკოსი საქართველოს პრეზიდენტი. ისე, მანამდე, იმავე ზურაბიშვილს „ოცნებამ“ დახმარება მთაწმინდის საარჩევნო ოლქშიც გაუწია და პარლამენტის მანდატი მოაპოვებინა. ნამდვილად ვერ გეტყვით, რა დამსახურებისთვის სწყალობდა მას კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ცხადია, რომ მის გარეშე ზურაბიშვილს ასეთი მხარდაჭერა არ ექნებოდა. იმხანად  ვერავინ იფიქრებდა, რომ ვადის ამოწურვამდე ცოტა ხნით ადრე ზურაბიშვილი სახელმწიფოსთვის მავნებლურ საქმიანობას დაიწყებდა და კონსტიტუციის დარღვევაზეც არ იტყოდა უარს. დიახ, ის, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ქვეყნის ინტერესებისთვის საზიანოა და რამდენიც უნდა იძახოს, რომ ევროპაში ქვეყნის დასავლური მომავლისთვის დადის, რეალურად ჭირვეული დედაკაცის შთაბეჭდილებას ტოვებს და ქვეყანას თავს ჭრის…

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ასაკის გამო შეცდომას ხშირად უშვებს – ხან პროტოკოლს ვერ მიჰყვება, ხან ავიწყდება, სად არის და დაბნეული იხედება აქეთ-იქით, მაგრამ ბაიდენზე ამერიკის სპეცსამსახურები მუშაობენ, უზარმაზარი რესურსი იხარჯება, პიარსპეციალისტები თავს იკლავენ, რომ პრეზიდენტი იმაზე ათჯერ და ოცჯერ კარგად გამოიყურებოდეს, ვიდრე რეალურად არის…  ზურაბიშვილს კი ასეთი დამხმარეები არ ჰყავს. ერთი აშშ-ის ელჩი  კელი დეგნანი იყო, ჩაისა და მჭადზე რომ საუბრობდნენ ხოლმე, მაგრამ, დეგნანი პიარში ძლიერი რომ არ არის, მისი ქცევებიდანაც ჩანდა. ჰოდა, ზურაბიშვილი იქცევა ისე, როგორც ჭირვეული ბავშვი. ხომ გახსოვთ ქართული სიბრძნე – სიბერეში ბაბუები და ბებიები შვილიშვილების ჭკუისანი არიანო.  ვერ გეტყვით, ვის ჭკუაზეა გადასული ქალბატონი სალომე, მაგრამ…

მთავრობამ ოფიციალურად არ დართო ნება ქვეყნის პრეზიდენტს, საქართველოს სახელით ევროპული ვოიაჟი წამოეწყო. ამის მიუხედავად, ზურაბიშვილი ევროპაში მაინც წავიდა და ჯერ გერმანელ კოლეგას შეხვდა, მერე – შარლ მიშელს, მერე  უკრაინაში გაფრინდა და… საინტერესო, იცით, რა არის? იგივე გერმანია ხომ გვეუბნება, – თქვენი მეგობარი ვარ, თქვენ გვერდით გვიგულეთო… მაშინ რატომ ხვდება ამ ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნიდან უნებართვოდ წასულ ვიღაც ქალს? ჰო, როცა შესაბამისი მანდატი და სტატუსი არ აქვს, ზურაბიშვილი ვიღაც ქალია და არა ოფიციალური პირი. მას არ აქვს თავნებობის უფლება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტად აირჩიეს; არ აქვს უფლება, მოიქცეს ისე, როგორც მოესურვება. თავადაც ხშირად ამბობს ხოლმე, რომ ხალხის დაქირავებული მსახურია. მაშ, სად არის ხალხის ნება? ვინ უთხრა, მთავრობა შეარცხვინე და საკუთარ ნებაზე იარე ზევით-ქვევითო? საქართველოს პრეზიდენტს არაოფიციალური ვიზიტისას სადმე რამე რომ დაემართოს, ვინ არის პასუხისმგებელი? ყველაზე საინტერესოა, ვინ არის ამ ევროპული ვოიაჟის დამფინანსებელი.გამორიცხულია, ზურაბიშვილს საკუთარი ჯიბიდან გაეღო ხარჯები, რადგან მარტო არ წასულა, თანაც ის დელეგაცია, რომელიც ახლავს, დაბინავებულია პრესტიჟულ სასტუმროში (პრეზიდენტის ამალის შესაბამისად), საკვები უნდა, გადასაადგილებელი ხარჯი… და ამ ყველაფერს საქართველოს ხელისუფლება არ იხდის. მაშ ვინ იხდის? იქნებ ეგ გაგვაგებინოთ. ეჭვი გვაქვს,  ფულს რომელიმე ევროპული ორგანიზაცია გაიღებს. სავარაუდოდ,  ეს ორგანიზაცია საქართველოში კიდევ რამდენიმე არასამთავრობოს აფინანსებს, ანუ  არასამთავრობოები და პრეზიდენტი ერთი ხელიდან „ჭამენ“… როგორ არ გავიხსენოთ მარტის აქციები და „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონის“ გაწვევა პარლამენტიდან. სწორედ ის კანონი ამხელდა ყველას და ყველაფერს; ის კანონი ახდიდა ფარდას იმ მწარე რეალობას, რომელშიც ვცხოვრობთ, და ამიტომაც იყო, დასავლეთმა მთელი თავისი რესურსი რომ ჩართო და ქუჩაში მოტყუებით გამოყვანილ ახალგაზრდებს ლამის პოლიციელების სისხლი დააღვრევინა. ლამის რა, დააღვრევინა კიდეც და იღბალს უნდა ვუმადლოდეთ, ყველაფერი უმსხვერპლოდ რომ დასრულდა. ჰოდა, ამ ლოგიკით, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავს და ამიტომაცაა, ევროპაში რომ არ ადარდებთ, ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევს თუ დიეტას, მთავარია, ის მიდის დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ; მთავარია, ის ასრულებს მათ მითითებებს და, სავარაუდოდ, სწორედ ამ ვოიაჟის დროს მას მოამზადებენ მთავარი მითითების შესასრულებლად  – მიხეილ სააკაშვილის   შესაწყალებლად. თუ  გახსოვთ,  როცა ეს კითხვა დაუსვეს ზურაბიშვილს, მან მარტივი პასუხი გასცა: „არა და არასოდეს!“ რა შეიცვალა ამ პასუხის შემდეგ? რა და, ორბელიანების სასახლეში სიარულს მოუხშირა კელი დეგნანმა. როგორ წარმოგიდგენიათ საქართველოს პრეზიდენტისა და ამერიკის ელჩის არაოფიციალური შეხვედრები ფინჯან ჩაიზე, ჭორაობა, ცომის ერთად ზელა და მჭადების ცხობა? რეალურად, დეგნანი ხომ მხოლოდ იმისთვის დადიოდა, ზურაბიშვილის სურვილები გაეგო, შემდეგ დაპირებები მიეცა და სანაცვლოდ მონობა ეთხოვა. ჰო, მონობა, რადგან ამხელა პრეზიდენტი,  ერთხელ გადაფურთხებულს რომ ალოკავ, მონა ხარ, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი მონა. თანაც იმავე ზურაბიშვილმა ძალიან, ძალიან კარგად იცის, რომ მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, კონკრეტულად მისი ამომრჩევლების, 100 თუ არა, 99% მაინც კატეგორიული წინააღმდეგია იმისა, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს. არადა, ახლა მისი გათავისუფლება  ძალიან რეალური ხდება. ზურაბიშვილმა, ნიკა გვარამიას მაგალითზე, ისიც ძალიან კარგად იცის, რომ არანაირი დეპოლარიზაცია არ მოხდება სააკაშვილის გამოშვებით. გათავისუფლებული გვარამია ევროპაში დადის და საქართველოს ლანძღავს, აკრიტიკებს და ამისთვის  „ევროპელი მეგობრები“ ჩინ-მედლებს ჰკიდებენ. აგერ, უკრაინელებმაც მისცეს რაღაც ორდენი. ეს ის უკრაინაა, რომლის მოქალაქეებსაც საქართველოს მთავრობამ 46 მლნ ლარზე მეტი დაურიგა. ეს თანხა 500-500 ლარებად რომ დაეყო და საქართველოში გაჭირვებული ოჯახებისთვის დაერიგებინა, 92 ათას ოჯახს მოიცავდა, მაგრამ არა, უკრაინას უჭირსო, ლტოლვილები არიანო, ჩვენი მეგობრები არიანო და… მეგობრობა აქამდე ორმხრივი ვიცოდით, უკრაინელები ცალმხრივს „აწვებიან“.

დასავლეთს ახალი სისხლი სჭირდება და სჭირდება იმიტომ, რომ უკრაინაში მოვლენები ისე ვერ ვითარდება, როგორც ჩაფიქრებული იყო. თანაც მსოფლიო მიეჩვია, რომ ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში ომია, რომ იქ ხალხი იხოცება და ახლა მხოლოდ იარაღს აწოდებენ, შეწყვეტილია ჰუმანიტარული დახმარება, გამქცევი ვინც იყო, გაიქცა, დამრჩენი – დარჩა და აღარ არის ისეთი მღელვარება, ომის პირველ დღეებში რომ გუგუნებდა მთელი დასავლეთი. ჰოდა, ახლა საქართველო იდეალური ზვარაკია და უნდა შეიწიროს, მაგრამ, ევროპელებისა და ამერიკელების საუბედუროდ, მოქმედი ხელისუფლება არ აპირებს მეორე ფრონტის გახსნას. მეტიც, ამის შესახებ გადაწყვეტილება ისე მტკიცედ არის მიღებული, რომ განხილვასაც არ ექვემდებარება. გამოსავალი სწორედ სააკაშვილის გათავისუფლება და მისი მეშვეობით ვითარების არევაა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ზურაბიშვილს თავზე ხელი გადაუსვან, იმპიჩმენტის შემთხვევაშიც კი თბილ ადგილს დაჰპირდნენ, მაგრამ…

იმპიჩმენტისთვის ხელისუფლებას ხმები არ ჰყოფნის და როგორ გგონიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პრეზიდენტის შანტაჟს არ დაიწყებენ – ან მიშა შეიწყალე, ან იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო? რეალურად, ზურაბიშვილის ეს თვითნებური ვოიაჟი სააკაშვილის შეწყალების „გასაპრავებლად“ გვგონია, უკან დაბრუნებული პრეზიდენტი მშვიდად იტყვის: ევროპა კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ მიშას თავისუფლებას ითხოვს და მზად ვარ, ეს ნაბიჯი გადავდგაო. მერე რა, რომ აქ სააკაშვილის გათავისუფლებას შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს, ქალბატონ სალომეს პარიზში აქვს სახლი, წავა და იქიდან დაიწყებს ხელების ქნევასა და ჭკუის დარიგებას. ჰო, მთავარსარდლობასაც, ალბათ, იქიდან მოახერხებს და კიდევ ბევრ რამეს.

ასეა თუ ისე, ქვეყანა განსაცდელის წინაშე დგას და ვაი, რომ ამ განსაცდელის მთავარი მიზეზი საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია!

ლევან გაბაშვილი                                                                                                                                

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here