რამდენიმეჯერ დავწერეთ, რომ საქართველოში კვერცხის წარმოებას ზოგჯერ პრობლემები ექმნებოდა. საქმე ის არის, რომ ადამიანთა კონკრეტული ჯგუფი პერიოდულად ახერხებს ადგილობრივი მეწარმეების ტერორიზებას (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), ახერხებს, აიძულოს ისინი, კვერცხის ადგილობრივი წარმოება მინიმუმამდე შეამცირონ, რათა იმპორტირებული კვერცხი გაიყიდოს. ასე მოხდა რამდენიმეჯერ, მაგრამ შემდეგ ადგილობრივმა მწარმოებლებმა როგორღაც მოახერხეს ხმის მიწვდენა საჭირო პირებისათვის და… ამოისუნთქეს, თუმცა რა გასაკვირია, რომ ერთი-ორი წლის გასვლის შემდეგ ის ადამიანები კვლავ იმავეს იმეორებდნენ და ისევ ტრიალებდა კარუსელი. სხვათა შორის, როცა ამაზე ვწერდით, გვეუბნებოდნენ, ფაქტები დადეთ, ფაქტებით ვიმსჯელოთო, თორემ საუბარი ადვილიაო. ჰოდა, ახლა ჯერ ფაქტებზე მოგითხრობთ, შემდეგ – იმაზე, როგორ ცდილობს ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ადგილობრივი წარმოების შეფერხებას; იმასაც დავამტკიცებთ, რომ საქართველოში მოქმედ ფერმებს შეუძლიათ მოსახლეობის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილონ.
2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ 18 მლნ (უფრო ზუსტად – 18 881 000) კვერცხი იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი ქვეყანაში მხოლოდ 31 ათასი კვერცხი შემოიტანეს. რა მოხდა ერთ წელიწადში? რა შეიცვალა, რომ ასეთი სხვაობა გვაქვს? ფერმერები ამბობენ, რომ მათთვის არაფერი შეცვლილა და ისევ იმდენს აწარმოებენ, რამდენსაც შარშან, მაგრამ შემოტანილი კვერცხის გამო რეალიზაციის სერიოზული პრობლემა შეექმნათ და იძულებულნი არიან, ფასი შეამცირონ. კვერცხის გაძვირება უახლოეს მომავალში მოსალოდნელი ისედაც არ ყოფილა, რადგან რუსეთს ხორბლის გატანის პრობლემა დაუდგა ზღვაზე საფრთხის გამო და საქართველო, რომელსაც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი აქვს, ხორბალს იაფად ყიდულობს, ხორბალი კი ქათმის კვების რაციონში მთავარი კომპონენტია. ანუ, წესითა და რიგით, იაფი ხორბლის პირობებში, კვერცხი თუ არ გაიაფდებოდა, ადგილობრივ ფერმერებს უფრო მეტი მოგება მაინც უნდა ენახათ, მაგრამ არა, ბატონებო, ვიღაცებმა მოახერხეს და ქვეყანაში თითქმის 19 მილიონი კვერცხი შემოიტანეს. ახლა იმის მტკიცება, რომ შარშანდელთან შედარებით კვერცხის ჭამას ძალიან მოვუმატეთ და ამ პროდუქტის იმპორტირება გვჭირდება, აბსურდია. ცალკე განხილვის თემაა იმპორტიორი ქვეყანა – შემოტანილი კვერცხის 99,99% თურქულია. თურქეთს ცალკე თავისი გაჭირვება აქვს – გასულ წელს აშშ-ში ქათმის გრიპის გამო მილიონობით ქათამი დაიხოცა და თურქეთმა მოახერხა, ამერიკის ბაზარზე უამრავი კვერცხი შეეზიდა, მაგრამ ამერიკელებმა ვითარება ერთ წელიწადში გამოასწორეს – იმავე თურქეთიდან, კვერცხის გარდა, ქათმების ახალი პარტია იყიდეს და საკუთარი წარმოება განავითარეს. ჰოდა, შერჩა თურქეთს კვერცხისმდებელი ქათების უზარმაზარი რეზერვი და რეგიონში აგრესიული პოლიტიკის გატარება დაიწყო. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, საქართველოს „დაარტყა“. აქ თანამოაზრეების მოძებნა არ გაუჭირდა (ისტორიულად არასდროს უჭირდა) და, თუ შარშან ადგილობრივები ბაზარს ლამის სრულად ითვისებდნენ, ახლა… იცით, ამ ამბავში ყველაზე ცუდი რა არის? მიმდინარე პროცესების (მართლაც არარეალური ციფრებია) გამართლებას ამ სფეროს ექსპერტების მეშვეობით ცდილობენ, რომლებიც ამბობენ, რომ საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ, რადგან სხვადასხვა წლოვანების ქათამი სხვადასხვა რაოდენობის კვერცხს დებს და შარშანდელთან შედარებით ადგილობრივი ქათამი დაბერდა და კვერცხის დებას მოუკლო, რაც აბსურდია. ის, რომ სხვადასხვა ქათამი სხვადასხვა რაოდენობით დებს კვერცხს, სიმართლეა, მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ, როგორც კი ქათმის პროდუქტიულობა მცირდება, ფერმერები მას ახლით ანაცვლებენ და ეს უწყვეტი პროცესია. ფერმერები არ ელოდებიან არც ერთ დღეს, რომ ძველი ახლით ჩაანაცვლონ და მეტიც – ქათამს, რომელმაც კვერცხის დებას მოუკლო, 50 თეთრად ყიდიან ხოლმე. ასეთი 50-თეთრიანი ქათამი, 100 დღეში 60-70 კვერცხს დებს, რაც რიგითი მოსახლისთვის კარგია, ფერმერისთვის კი – წამგებიანი. გვერწმუნეთ, ფერმებთან ახლოს მდებარე დასახლებებში ეს 50-თეთრიანი ქათმები ყველა ოჯახშია. შესაბამისად, ტყუილია ის, რომ თურმე ფერმებს ქათმები დაუბერდათ, კვერცხის დეფიციტი შეიქმნა და ამიტომ იძლებული ვიყავით, შემოგვეტანა. გნებავთ, ერთად დავიაროთ ყველა ფერმა და ვნახოთ ერთი დაბერებული ქათამი მაინც. ასეთს ვერ ნახავთ, მაგრამ თუ აღმოჩნდება, პრობლემის გამოსწორებას, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, 2 კვირაში ახერხებენ. თანაც კვერცხის დეფიციტი რომ შეიქმნას, ეს პრობლემა ყველა ფერმას ერთდროულად უნდა დაუდგეს, ანუ ყველა ფერმის ტექნოლოგი და ვეტექიმი ერთად უნდა დაიბნეს, ყველას გაეპაროს შეცდომა და კრიზისი შეიქმნას, რაც ასევე გამორიცხულია.
კულუარებში კვერცხს თეთრ ოქროს ეძახიან, რადგან ამ პროდუქტით დიდძალი ფული კეთდება და ბოლო წლებში მისი რამდენიმეჯერ გაძვირების მიუხედავად მაინც რჩება მოსახლეობის ერთ-ერთ მთავარ საკვებ პროდუქტად. იქამდე ძლივს მივედით, რომ სოფლის მეურნეობაში ერთ კონკრეტულ ისეთ პროდუქტს ვაწარმოებთ, რომლითაც თვითკმარი ქვეყანა ვართ და ეს არის წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი, მაგრამ რამდენიმე ადამიანის ინტერესის გამო ამ სფეროს განვითარების პერსპექტივას ვუკლავთ. არადა, აკრეფილი ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში გაისად კვერცხის ექსპორტზე გატანას შევძლებდით. ეს არა მხოლო დამატებითი შემოსავალი იქნებოდა ადგილობრივი ფერმერებისთვის, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობაც.
სად არის გამოსავალი? ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აფრიალებენ „საქსტატის“ მონაცემებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ოპოზიციის გაჩუმება სურთ და ამბობენ, ციფრები არასდროს ტყუიანო. ეს არის სიმართლე. ჰოდა, არ იქნებოდა ცუდი, ახლაც აეფრიალებინათ ეს მონაცემები და მარტივი კითხვა დაესვათ – რა ხდება, როგორ შეიძლება, არასრულ ერთ წელიწადში იმპორტი ასე გაიზარდოს? ჩვენ იმ სტატისტიკასაც გავეცანით, რამდენს აწარმოებდნენ ადგილობრივები შარშან საწყის ექვს თვეში და რამდენს აწარმოებენ წელს. გაირკვა, რომ შარშან 181 მლნ კვერცხი აწარმოეს ადგილობრივმა ფერმერებმა, წელს კი – 178 მლნ, ანუ 3 მილიონით ნაკლები, რაც 1,8%-ია. ანუ დეფიციტი 3 მილიონი უნდა ყოფილიყო და არა ლამის 19 მილიონი. ვეჭვობთ, რომ მომდევნო ექვს თვეში ადგილობრივები კვერცხის წარმოებას უფრო შეამცირებენ (ან აიძულებენ, რომ შეამცირონ), რადგან შემოტანილი კვერცხი ხომ უნდა გაიყიდოს და, ვინც ეს „კანალი“ გაჭრა, ხომ უნდა იხეიროს? ესენი არ არიან რიგითი ადამიანები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივი მწარმოებლები გამოვიდოდნენ და იყვირებდნენ: გვავიწროვებენ, ადგილობრივ ბიზნესს კლავენო. არადა, სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს ახლა, მაგრამ ხმას არავინ იღებს.
მეგობარი, რომელიც გაყინულ პელმენსა და ხინკალს აწარმოებს, ცოტა ხნის წინათ დააჯარიმეს, აქაოდა, შეფუთვაზე არ გიწერია, რომ ფარშს ქათმის ხორციც ურევია, ფარშს ლაბორატორიულ სინჯში ქათმის დნმ ამოვიდაო. გაგიჟდა ეს კაცი, მხოლოდ საქონლის ხორცს ვიყენებო, ახალი ლაბორატორიული ანალიზი მოითხოვა და… გაირკვა, რომ ქათმის დნმ არა ფარშში, არამედ ცომში იყო, რომელსაც სიმკვრივისთვის კვერცხს ურევდნენ. იმხანად სურსათის ეროვნულ სააგენტოში უთხრეს ჩემს მეგობარს, ქათმის ხორცის წარმოებას მკაცრად ვაკონტროლებთ, გვსურს, გამოყენების არეალი გაფართოვდეს და ამიტომ ვამოწმებთ დეტალურადო. ჰოდა, თქვე კაი ხალხო, თუ ამას ფიქრობთ, თუ თითოეულ მეწარმეს დასდევთ, კეთილი ინებეთ და მათაც მისდიეთ, ვინც ამ ადგილობრივ წარმოებას ხელს უშლის და აფერხებს. თუ ხელისუფლების ქვედა რგოლი ვერ წყვეტს ამას, ზედა რგოლი შეაწუხეთ, უფრო ზედა ან სულ ზედა და არ გვგონია, სახელმწიფო ინტერესი ორი თუ სამი ადამიანის ინტერესზე მაღლა დააყენონ. აქცენტის მხოლოდ იმაზე გაკეთება, რომ რუსული ხორბალი იაფია და კვერცხი არ გაგვიძვირდება, არასერიოზულია. აბა, მოსახლეობას ჰკითხეთ, ადგილობრივი წარმოების კვერცხი ურჩევნიათ თუ თურქული, და გაიგებთ ხალხის განწყობას.
ლევან გაბაშვილი







