Home ახალი ამბები საქართველო ურემი

ურემი

იმ პროცესის გარეშე, რომელიც დაიწყო, ვერ გადავრჩებით

781

საქართველოში ურთულესი პროცესები დაიწყო. მე ამ ვითარებას ურმის გადმობრუნების პროცესს დავარქმევდი იმ ანდაზის ანალოგიით, ურემი რომ გადაბრუნდება, გზა მერე გამოჩნდებაო. ეს აუცილებლად გადმოსაბრუნებელი ურემი როდესაც გადმობრუნდება, გზა უცილბლად გამოჩნდება. რა ურემია ეს და რომელია ის გზა, აუცილებლად რომ უნდა გამოჩნდეს?

დღეს საქართველოს ყოველი მოქალაქე გეტყვით, რომ 1992 და 2003 წლებში სახელმწიფო გადატრიალებები განხორციელდა, მაგრამ არავინ იტყვის იმას, რომ 1990 წელს ზვიად გამსახურდიას “მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველოს” არჩევაც სახელმწიფო გადატრიალება იყო. ვიღაც შეიცხადებს, – როგორ, ქართველმა ხალხმა საბჭოთა კავშირს უარი რომ უთხრა და ეროვნული მოძრაობის მიერ შემოთავაზებულ თავისუფლებას მხარი დაუჭირა, ამას რა უფლებით უწოდებ სახელმწიფო გადატრიალებას?  საქმე ის არის, რომ სახელმწიფო გადატრიალება ზარბაზნებითაც შეიძლება და პროპაგანდის მანქანებითაც. ამერიკელებმა გასული საუკუნის 80-იან წლებში სიცრუისა და დეზინფორმაციის უძლიერესი ნიაღვარი მიუშვეს საბჭოთა მოქალაქეებზე. კრემლში ამერიკელების მიერ მოყვანილ აგენტურას ზემოდან და ე.წ. საბჭოთა დისიდენტებს ქვემოდან ერთიანი ფრონტით მიჰქონდათ იერიში საზოგადოებაზე, აჩენდნენ ანტისაბჭოურ და ანტისოციალისტურ ტენდენციებს და აღვივებდნენ ნაციონალისტურ განწყობილებებს, რომლითაც ხალხის სერიოზულ ნაწილში მიაღწიეს საბაზრო ეკონომიკისა და, საზოგადოდ, დასავლური ცხოვრების წესის გაფეტიშებას, ანუ საზოგადოებრივი ცნობიერებისა და საზოგადოებრივი ყოფიერების ერთიანად ამოყირავებას. მოკავშირე რესპუბლიკებმა   ამოყირავებული ცნობიერებით იბრძოლეს მოსკოვის ვასალის მდგომარეობიდან თავის დასაღწევად, მაგრამ მიიღეს ვაშინგტონის ვასალობა კატასტროფულად გაუარესებული პირობებით. ეს მეტ-ნაკლებად მოხდა ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში, სადაც ხალხი დღემდე ამ ამოყირავებული ცნობიერებითა და ყოფიერებით ცხოვრობს, რომლის კონკრეტული გამოვლენაა:

* გამძვინვარებული რუსოფობია;

* უკრაინული ფაშიზმისთვის მხარდაჭერის სამარცხვინო ტენდენცია;

* ნატოსა და ევროკავშირისკენ  ლტოლვა, რომელიც ყოფნაარყოფნის ზღვარზე გადის.

ყოველივე ამის თქმა იმის შესავლად დამჭირდა, რა პროცესებიც დღეს დაიწყო საქართველოში და, რომელსაც აყირავებული ურმის გადმობრუნების პროცესი დავარქვი. ეს არის მოტყუებული ხალხისთვის შელახული თავმოყვარეობის აღდგენის პროცესი, რომლის კონკრეტულ გამოვლენად ამერიკულ დირექტივებზე ხელისუფლების კატეგორიული პროტესტი და ის ზოგიერთი ახალი ტენდენცია მიმაჩნია, რომლებსაც ხალხი აქამდე ვერ ავლენდა:

* დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან მიერთებაზე მტკიცე  უარის თქმა (ხელისუფლება);

* რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნაზე ასევე მტკიცე უარის თქმა (ხელისუფლება);

* 2008 წლის ომის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის შექმნის ინიციატივა (საპარლამენტო ჯგუფიევროპული სოციალისტები“);

* უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების ინიციატივა (საპარლამენტო ჯგუფიხალხის ხმა“).

ეს უბრალო ამბავი არ არის, ეს მთელი რევოლუციაა:

ეს არის გადაყირავებული ურმის უკან გადმობრუნებისკენ მიმართული სახალხო მოძრაობა;

ეს არის საერთო სულისკვეთება, რომელიც მიმართულია იმ ოცდაათწლიანი ეროვნული ტრაგედიის ფარული მიზეზების გაცნობიერებისა და გახსნისკენ, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული რღვევა, მძიმე ეკონომიკური კრიზისი, დემოგრაფიული კოლაფსი და სულიერი დეკადანსი გამოიწვია.

ეს რომ ნამდვილად ასეა, ამას ადასტურებს ის გააფთრებული წინააღმდეგობები, რომლებიც ამ პოზიციებსა და ინიციატივებს მოჰყვა:

* აშშ, რომელიც საქართველოს დეკლარირებული სტრატეგიული პარტნიორია, გვაიძულებსრუსეთის წინააღმდეგ მიღებულ დასავლურ სანქციებს შევუერთდეთ და ამ უზარმაზარ სახელმწიფოსთან უკრაინის პარალელურად მეორე ფრონტი გავხსნათ. ეს იმ დროს, როდესაც რუსეთთან დაპირისპირების დამანგრეველი შედეგები საკუთარ თავზეც გვაქვს ნაწვნევი და ახლა ამას უკრაინის მაგალითიდანაც ვხედავთ;

* აშშის ოფიციალური წარმომადგენლები უარს გვეუბნებიან თხუთმეტი წლისწინანდელი იმ ომის მიზეზების გამოძიებაზე, რომელმაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ტერიტორიების ოც პროცენტზე მეტი დაგვაკარგინა. რატომ? მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინიათ სააკაშვილის დანაშაულებრივ ნამოქმედარში მათი მონაწილეობა არ გამჟღავნდეს;

* აშშის ოფიციალური წარმომადგენლები უარს გვეუბნებიან მათ ქვეყანაში მოქმედი კანონის ანალოგიაზე. გვიმტკიცებენ, რომ კანონი, რომელიც, თითქმის საუკუნეა, მათ ქვეყანაში მოქმედებს, ხოლო რუსეთში სულ რამდენიმე წლის წინათ მიიღეს, თურმე რუსული კანონია.

ამერიკელები იმასაც გვიმტკიცებენ, რომ ეს კანონი მათ ქვეყანაში დემოკრატიულია და ადამიანთა უფლების დაცვას ემსახურება, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას დაანგრევს და ადამიანთა უფლებებს შელახავს. აი, როგორი მსჯელობის უფლებას აძლევს საკუთარ თავს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც პრაქტიკულად დაასრულა საქართველოში მოღვაწეობა და მალე აქაურობასაც დატოვებს: “რაც შეეხება ამერიკულ კანონმდებლობას, ამერიკაში მოქმედი კანონი ლობისტებს და იურიდიულ ფირმებს ეხება, რომლებიც სხვა ქვეყნების ინტერესებს წარმოადგენენ აშშ-ში. შესაბამისად, ეს არ არის ამერიკული კანონი. რუსული კანონია, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და, ამავრდოულად, ხელი შეუშალოს ქართველებს, რომ საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ”.

ასეთია სამართლიანობის ამერიკული გაგება;

ასეთია ამერიკული ორმაგი სტანდარტი;

ასეთია ამერიკული პოლიტიკური სინდისი.

ამერიკულ პოლიტიკურ სინდისს რაკი შევეხეთ, ბარემ ქართული პოლიტიკური სინდისიც ვნახოთ, თანაც უმაღლეს დონეზე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი: „კატეგორიული წინააღმდეგი ვარ იმ კანონის, რომელიც ახლა იხილება.  არ შევალ ამ კანონის განხილვაში,  ვეტოს ყოველ  შემთხვევაში დავადებ. მე არ მაქვს სამართლებრივი პოზიციები, რომ ის მუხლი ან ეს მუხლი არ ვარგა. ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ დაგვაშოროს ევროპას და ამდენად, ჩემთვის არის მიუღებელი“.

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ კანონის განხილვაში არ შევა. იგი პირდაპირ გვეუბნება, რომ მას არ აქვს სამართლებრივი პოზიციები; იგი ასევე დაუფარავად  აცხადებს, რომ არ აინტერესებს კანონპროექტის ეს მუხლი არ ვარგა თუ ის მუხლი, მაგრამ,  პარლამენტი მას თუ დაამტკიცებს, ვეტოს ყოველ  შემთხვევაში დაადებს.

სადმე ოდესმე მსგავსი აბსურდი და უპასუხისმგებლობა გაგიგონიათ? კანონს არც განვიხილავ, მისი სამართლებრივი მხარე არ მაინტერესებს და “ვეტოს ყოველ შემთხვევაში დავადებ” რა ნათქვამია?! კანონი თავიდან ბოლომდე სამართლებრივი მოვლენაა და, მას სამართლებრივად თუ არ განიხილავ, ვეტოს რას ადებ ან რატომ ადებ?  ეს კანონი პირდაპირ არის მიღებული იმისთვის, რომ ევროპისგან დაგვაშოროს”- ეს  რას ნიშნავს? თუ არა სამართლებრივი ნიუანსების გამოწვლილვითი ანალიზით, სხვა რა კრიტერიუმებით დგინდება, რომ ეს ასეა? საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, რომ ევროპისა და საქართველოს ურთიერთობა უკონტროლო, ანუ კრიმინალური ფულის შემოსვლაზე ყოფილა დამოკიდებული. არც კი ვიცი, როგორ უნდა შეფასდეს, ეს მკრეხელობის ტოლფასია, სიწინდეთა შებღალვის დარი განცხადებაა.

პრეზიდენტი გვეუბნება, რომ ნებისმიერ ამერიკელ და ევროპელ ვიგინდარას უნდა ჰქონდეს ნებისმიერი ვიგინდარა ქართველის უკონტროლო დაფინანსების საშუალება. სახელმწიფო მეთაურისთვის კანონიერება, გამჭვირვალობა, სამართლებრივი მიდგომები ისეთივე წმინდათაწმინდა უნდა იყოს, როგორიცაა მორწმუნისთვის სახარება, უფლის მცნებები, ლოცვა, მარხვა და ზიარებაჩვენ კი რას ვხედავთ პრეზიდენტი უკანონობას, უკონტროლობას, კრიმინალს და დანაშაულს ფრხილებითა და კბილებით იცავს და ამ მოვლენებთან საბრძოლველად შემოღებულ კანონს გააფთრებით ებრძვის.

აყირავებულია ურემი-მეთქი, გეუბნებით.  სხვა რა ჰქვია ან რა ვუწოდო ამას, ყველა და ყველაფერი თავდაყირა რომ დგას?!  მაგრამ აქ ერთი შეკითხვაც ჩნდება: ურემი რომ გადაბრუნდება,  გზა მერე გამოჩნდებაო, ნათქვამია. ჩვენი ურემი (ჩვენი გონება და ჩვენი ცხოვრება) თუ უკვე გადაბრუნდა, გზა რატომ არ გამოჩნდა? – მკითხავთ თქვენ. ალბათ, იმიტომ, რომ იმ გადაბრუნებულ ურემთან ერთად გზაც გადაბრუნებულია, ჩვენც გადაბრუნებული ვართ და ყველაფერი ის, რაც აყირავებული და გადაბრუნებულია, ნორმალურ მდგომარეობაში გვეჩვენება. ადრეც მითქვამს ამის შესახებ, თავდაყირა კიდია ჩვენი წარმოდგენები წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე, ჩვენი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მსოფლმხედველობა, მთელი ჩვენი ცნობიერება. თუკი შევძელით და ერთიანად გადმოვაბრუნეთ ეს ყველაფერი,  ანუ სწორად დავაყენეთ ეს ჩვენი ურემი, გზა აუცილებლად გამოჩნდება. ისეთი პირი  უჩანს, რომ ეს პროცესი დაიწყო. ამას მხოლოდ ადამიანური ფაქტორი არ განსაზღვრავს,  ეს ისტორიული კანონზომიერებაა, აუცილებელი და გარდაუვალი კანონზომიერება. ეს პროცესი მარტივად არ ჩაივლის, იგი სირთულეებითა და  კატაკლიზმებით იქნება აღსავსე, მაგრამ ამ პროცესის გარეშე ვერ გადავრჩებით.

ვალერი კვარაცხელია                                                                                                                                                                                                       

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here