Home ახალი ამბები საქართველო სასწრაფოდ უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა, რადგან ეს არის აფხაზთა და ქართველთა შერიგების,...

სასწრაფოდ უნდა გაიხსნას აფხაზეთის რკინიგზა, რადგან ეს არის აფხაზთა და ქართველთა შერიგების, პერსპექტივაში, რუსეთის შუამავლობით ლტოლვილების ეტაპობრივი დაბრუნების საწინდარი, სხვა დანარჩენი ურაპატრიოტული ლაილაია

437

„თუ დავინახავთ, რომ გერმანია იმარჯვებს, აშშ  სსრკ-ს უნდა დაეხმაროს და პირიქით, თუ სსრკ მძლავრობს, მაშინ _  გერმანიას“. ამ სიტყვებს იმხანად მისურის შტატის სენატორ ჰარი ტრუმენს მიაწერენ, რომელიც 1945 წლის იანვარში აშშ-ის ვიცეპრეზიდენტად აირჩიეს, იმავე წლის 12 აპრილს კი,  ფრანკლინ დელანო რუზველტის გარდაცვალების შემდეგ, აშშ-ის 33-ე პრეზიდენტი გახდა.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც  ანგლოსაქსებმა  ევროპულ პოლიტიკაში დომინანტობისთვის დაიწყეს ბრძოლა,  აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებად ვირეშმაკობა იქცა.

ამ პოლიტიკის  მთავარ მიზანს – ევროპის კოლონიზაციას –  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიაღწიეს კიდეც:  ბებერი კონტინენტი, ქრისტიანული კულტურის ევროპა, ანგლოსაქსების კოლონიაა და არაფერი სხვა… სხვათა შორის, ამ ყველაფერში ვირეშმაკა ჰარი ტრუმენის წვლილი განუზომელია _ 1945 წელს  სწორედ ჰარი ტრუმენის ბრძანებით, ატომური  ბომბებით მიწასთან გაასწორეს ჰიროსიმა და ნაგასაკი. ამ ვანდალური აქტით აშშ-მა  მსოფლიოს დაანახვა, რომ სამყაროს მბრძანებლები ანგლოსაქსები არიან და, რომ არა  სტალინი და ბერია, რომლებმაც აშშ-ის ატომური კუნთების თამაშს მალე უპასუხეს საბჭოთა ატომური ბომბის შექმნით,  ამჟამად იქნებ ანგლოსაქსების ჩექმის ქვეშ ყოფილიყო მთელი მსოფლიო…

დღეს  „ძია სემის“ ნებართვის გარეშე საქართველოს ნაბიჯი ვერ გადაუდგამს და სწორედ ეს არის წერილის მთავარი თემა, რომელსაც ქვემოთ გავშლი.

მას შემდეგ, რაც საბჭოთა იმპერია დაიშალა და რუსეთი მოღალატე, ლოთბაზარა ელცინის მეცადინეობით, პრაქტიკულად,  მოსკოვში აშშ-ის საელჩოდან იმართებოდა, ვებერთელა ქვეყნის დანაწევრება უკვე დროის ფაქტორი იყო. ოკეანის გაღმა-გამოღმა ანგლოსაქსები, რომ იტყვიან, სიამოვნებით ხელებს იფშვნეტდნენ, რადგან  ჩათვალეს, რომ, როგორც იქნა, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფო დაშალეს და მის პრაქტიკულად ამოუწურავ ბუნებრივ რესურსებს დაეპატრონენ. მაგრამ, როგორც არაერთხელ ყოფილა რუსეთის ისტორიაში, ამჯერადაც 10 წლის განმავლობაში გაძარცვული, შეურაცხყოფილი, პოლიტიკურად დაჩოქებული, მართლმადიდებელი რუსეთი  ფენიქსივით  ფარფლიდან აღდგა და, სამხედრო თვალსაზრისით, უძლიერეს იმპერიად იქცა.

ამ  სასწაულმა შოკში ჩააგდო ოკეანის გაღმა-გამოღმა ანგლოსაქსები, რომლებსაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთი პოლიტიკურად სამარადისოდ „მონელებული“ ეგონათ, მაგრამ „ძია სემი ოცნებობდა,  სასწაულის ავტორი ძია ვოვა კი იცინოდა.“

Дядя Вова-მ ჯერ უსაფრთხოების მიუნხენის ისტორიულ სამიტზე ამცნო მსოფლიოს დიდ გეოპოლიტიკაში რუსეთის დაბრუნების შესახებ, ხოლო შემდეგ იმის დასტურად, რომ მიუნხენში არ ხუმრობდა, 2015 წლის გაეროს საიუბილეო სამიტზე ანგლოსაქსებს  ასე მიმართა: „Вы хоть понимаете теперь, чего вы натворили?“  და ხატოვნად თუ ვიტყვით, გაეროს კარი გაიჯახუნა.  2015 წლის 30 სექტემბერს კი რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციების დაბობვა დაიწყეს…

ეს ის პერიოდია, როდესაც უკრაინაში ე.წ. მაიდნის, ანუ სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალების შედეგად ქვეყნის კანონიერი პრეზიდენტი იანუკოვიჩი უკვე ჩამოგდებული (რა თქმა უნდა, ანგლოსაქსებისა და კოლექტიური დასავლეთის გადამწყვეტი მონაწილეობით)  და გაქცეულია. ოდნავ მოგვიანებით ანგლოსაქსებმა ცეცხლზე ნავთი დაასხეს და დღეს უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-რუსეთს შორის გლობალური მასშტაბის სამხედრო, იდეოლოგიური ომია, რომელშიც საზარბაზნე ხორცად უკრაინელები არიან გამოყენებულნი და რომელშიც  ძმები (რუსები, უკრაინელები და ბელარუსები, პრაქტიკულად, ერთი ხალხია)  ერთმანეთს ხოცავენ. ამ სამხედრო კონფლიქტის შეწყვეტა, უწინარესად,  ამერიკელებსა და უკრაინელ ფაშისტებს არ სურთ, რადგან ამ ომში დიდძალი ფული კეთდება იმ უთვალმილიარდიანი დახმარებიდან,  რომელსაც კოლექტიური დასავლეთი უგზავნის ბანდერელ ფაშისტებს.

აშშ არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სრულიად მსოფლიოში განაგრძობს ვირეშმაკულ საგარეო პოლიტიკას, რომლის მიზანია ყველგან შექმნას  ე.წ. მართული ქაოსის კერა. ეს რომ ასეა და არაა ჩემი ფანტაზიის ნაყოფი, ამას  ნენსი პელოსის (აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი) ამასწინანდელი  ვოიაჟებიც მოწმობს. ის ჯერ კუნძულ ტაივანს (ამ კუნძულს  ჩინეთი თავის  ტერიტორიად მიიჩნევს) ეწვია, რის გამოც ჩინეთმა აშშ-ის მიმართ  უმკაცრესი განცხადება გაავრცელა. შემდეგ ქალბატონი   ერევანში ჩავიდა და სომხეთსა და აზერბაიჯანს  შორის ტერიტორიულ დავაში ერევნის მხარდამჭერი განცხადებით ცეცხლზე  ნავთი დაასხა. ამან  მეორე დღესვე  საომარი მოქმედებების განახლება გამოიწვია. და რომ არა რუსეთ-თურქეთის ოპერატიული ჩარევა (რომლებიც ყარაბაღში მშვიდობის გარანტორები არიან), შეიძლება ეს კონფლიქტი ფართომასშტაბიან ომში გადაზრდილიყო.

ერთი რამ ცხადია – ვინაიდან საქართველო რუსეთთან ომში  ჯერჯერობით ვერ ჩაითრიეს, ანგლოსაქსებმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარების გამწვავებით  სცადეს ამიერკავკასიაში ვითარების არევა და  რუსეთის დასუსტება უკრაინის ფრონტზე.

მსოფლიოში უკიდურესად დაძაბული  ვითარების  ფონზე  გაიმართა თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის  სამიტი. ორგანიზაციამ  ამ სამიტზე მეცხრე წევრიც დაიმატა – ირანი.

ეს სამიტი იმითაც იყო საინტერესო, რომ აღნიშნული ორგანიზაციის ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი რუსეთს უკრაინასთან ომში, ხოლო ჩინეთისა და რუსეთის პირველი პირები – სი ძინ პინი და ვლადიმერ პუტინი  ძმებივით გადაეხვიენ ერთმანეთს, რამაც ვაშინგტონელი ვირეშმაკა ანგლოსაქსები განსაკუთრებით გააღიზიანა.

საიდუმლო არ არის, რომ თანამშრომლობის  შანხაის ორგანიზაცია  (რომლის 4 წევრი ბირთვული სახელმწიფოა) აშშ-ევროკავშირის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სამხედრო საპირწონედ განიხილება. თანამშრომლობის  შანხაის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ანგლოსაქსებისა არაფერი სჭირდებათ. ევროკავშირთან  ყველაფრის ექსპორტზე (პირველ რიგში, ხორბალზე, ბუნებრივ აირსა და ნავთობპროდუქტებზე) უარის შესახებ კი ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურად  განაცხადა და  ევროპელ ნეოლიბერალებს ზამთარში გაყინვა უწინასწარმეტყველა. ასე რომ, სითბოსა და კრუასანებს მიჩვეულებს გაყინულ ბინებში მოუწევთ კრუსუნი.

ამაზე ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა  უკვე ატეხეს ვაი-ვიში,_- რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება არაჰუმანურიაო. გაგიჟდები კაცი! მთელი დასავლეთი ერთ ქვეყანას ეომება და იმ ქვეყანისგანვე პურსა და სითბოს მოითხოვს…

საინტერესოა, ზემოთქმულის გათვალისწინებით, რას აპირებს ჩვენი ხელისუფლება, მაგრამ, რა უნდა  დააპიროს, როცა არ არსებობს?  საქართველოს ხელისუფლება რომ ჰყავდეს, აშშ-ის საელჩოს მამხილებელი ღია წერილებით კი არ მოგვაბეზრებდა თავს, არამედ, ზემოთქმულიდან გამომდინარე, რუსეთთან მისასვლელ გზებს დაუწყებდა ძებნას. ამისთვის, პირველ რიგში, აფხაზეთის სარკინიგზო გზის  გახსნაა საჭირო და არა  მკერდზე მუშტების ურაპატრიოტული  ბრაგუნი.

აფხაზეთის რკინიგზის გახსნა არა მხოლოდ რუსეთთან დიალოგის გამართვაში დაგვეხმარება, არამედ ხელს შეუწყობს აფხაზებისა და ქართველების შერიგებას. დაუკვირდით ნათქვამს _ აფხაზებისა და ქართველების და არა აფხაზეთისა  და საქართველოს, რადგან ძნელი სავარაუდოა, რომ  სოხუმი თბილისის სრულ იურისდიქციაში დაბრუნებას დათანხმდეს. ეს არის რეალური პოლიტიკის მწარე სიმართლე და უნდა ვაცნობიერებდეთ. დროთა განმავლობაში რუსეთის შუამავლობით ლტოლვილების ეტაპობრივი დაბრუნება კი რეალურია, რომელსაც მე, დიდი ალბათობით, ვერ მოვესწრები, ამიტომ იქნებ იმ დროს მაინც მოვესწრო, როგორც ჩემს ჯეელობაში იყო  _ სადგურში ბილეთი ვიყიდო და მიწიერ სამოთხე გაგრაში ან ბიჭვინთაში დასასვენებლად უშიშრად გავემგზავრო…

დავით მხეიძე

P.S.  ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ ჟურნალისტის შეკითხვაზე _ რატომ გაჭიანურდა ამდენ ხანს ომი, უპასუხა: იმიტომ, რომ ომი ჯერ არ დაგვიწყია, სპეცოპერაცია მიმდინარეობსო. ვისაც გგონიათ, რომ კიევი მოსკოვს ბრძოლის ველზე დაამარცხებს, ცხონებული ავლიპ ზურაბიშვილის პაციენტია პალატა 6-დან. აი, სადაც ადრე ნაპოლეონი იწვა…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here