რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ პლენარულ სხდომაზე მიიღო განცხადება, რომლითაც რეკომენდაცია მისცა მთავრობას, განიხილოს საქართველოს წინააღმდეგ სპეციალური ეკონომიკური ზომების მიღების მიზანშეწონილობა და შესაბამისი წინადადებები წარუდგინოს რუსეთის პრეზიდენტს.
დოკუმენტი, რომელიც მომზადებულია სათათბიროს დსთ-ის საკითხთა კომიტეტის მიერ, ითვალისწინებს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლების იმპორტის აკრძალვას, ასევე, რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების შეჩერებას. გათვალისწინებულია ფინანსური ოპერაციების აკრძალვა ან შეზღუდვაც, ტურისტულ საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესება, ცვლილებები იმპორტისა და ექსპორტის საბაჟო ტარიფებში.