Home ახალი ამბები საქართველო როქი თუ შეწირვა?!

როქი თუ შეწირვა?!

538

როქი უცნაური, განსხვავებული და ორიგინალური საჭადრაკო სვლაა. მეფე და ეტლი ერთდროულად (ერთი სვლის ფარგლებში) იწყებენ მოძრაობას, ერთმანეთს გადაახტებიან და ერთმანეთის გვერდით დგებიან. არსებობს მოკლე და გრძელი როქი. მოკლე როქის შემთხვევაში მეფეც და ეტლიც ორორი უჯრით გადაადგილდებიან, გრძელი როქის შემთხვევაში კი მეფე (ისევე, როგორც მოკლე როქის დროს) ორი უჯრით, ეტლი  სამი უჯრით გადაადგილდება, ანუ მოკლე როქის დროს ეტლი მოკლე ნახტომს თუ აკეთებს, გრძელი როქის შემთხვევაში –  გრძელ ნახტომს. ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ბიძინა ივანიშვილმა როქი განახორციელა,  ანუ მეფეს (პრემიერმინისტრს) და ეტლს (მმართველი პარტიის თავმჯდომარეს) ადგილები შეუცვალა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გრძელი როქი იყო, ვინაიდან ეტლი შორ მანძილზე (სამი უჯრით) გადახტა. შორ მანძილზე გადახტომაში იმას ვგულისხმობ, რომ ირაკლი კობახიძე, აღმასრულებელ ხელისუფლებაში რომელიმე თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების გარეშე, პირდაპირ პრემიერმინისტრის სავარძელში აღმოჩნდა, თუმცა აქ საგანგაშო არაფერია, ვინაიდან იგი პოლიტიკურ ცხოვრებაში ფრიად განსწავლული და  საკმაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა კაცია. ეს ისე, შესავლის სახით.

რა ანალიზის გაკეთების საშუალებას გვაძლევს ეს თავისთავად საინტერესო, მაგრამ საჭადრაკო როქივით უცნაური სვლა? ჩვენს პრესა-ტელევიზიაში ყველაფერს გაიგებ, გარდა სერიოზული მსჯელობისა და ანალიზისა. ყოველგვარ აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ტელეეთერიდან და პრესის ფურცლებიდან მხოლოდ ჭორაობის დონეზე საუბარი, სხვა თუ არაფერი, უხერხულია. გაუთავებელი ლაპარაკი კორუფციაზე, თანაც დაუდასტურებელზე, სწორედ ჭორაობაა. ამ თემაზე   “ქართული ოცნების”  განმარტება ასეთია: ეს გადაადგილება ახალი ხედვაა, ახალი მიდგომა და ახალი ენერგიაა.

დასავლეთის “მეხუთე კოლონა” კი უნისონში გაჰკივის: “ქართული ოცნება”ინგრევა, პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი კი კორუფციას გადაჰყვა.

ღარიბაშვილი პრემიერმინისტრის პოსტიდან 2015 წელსაც გაუშვეს, სხვათა შორის, მაშინაც მოულოდნელად. იმხანადაც კორუფცია იყო მიზეზი? კორუფცია რომ ყოფილიყო მიზეზი, მას მეორედ აღარ დანიშნავდნენ უმაღლეს თანამდებობაზე. მიზეზი სხვა რამეშია საძებნი და ეს სხვა რამე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული, მაგრამ ჩვენი ქვეყნით უაღრესად დაინტერესებული ძალებია. დასავლეთისთვის საქართველო ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაა რუსეთთან ურთიერთობაში. იმ დროს, როდესაც უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთსა და რუსეთს შორის ომია გაჩაღებული, დასავლეთი არც კი ინტერესდება,  ვინ ტოვებს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტს და ვინ მოდის ამ თანამდებობაზე. დასავლეთი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყველა პირველი პირი თვითონ მოიყვანა ხელისუფლებაში; დასავლეთი, რომელმაც საქართველოში ორჯერ მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება (1992 და 2003 ..), დღეს არც კი კითხულობს, ვის უშვებენ და ვინ მოჰყავთ უმაღლეს თანამდებობაზე? არა, ასეთი მიდგომა უნდა გამოვრიცხოთ. დასავლეთის ლიდერებს საქართველოს პრემიერმინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის შენარჩუნება თუ ენდომებოდათ, მას კორუფციის გამო (ეს თუნდაც ფაქტებით იყოს დადასტურებული) თანამდებობიდან არ გაუშვებდნენ. კორუფციის ის მასშტაბი, დღეს უკრაინის პრეზიდენტი და მთავრობა რომ არის ჩაძირული, მსოფლიოს არ ახსოვს, მაგრამ ეს ფაქტი დასავლეთისთვის არათუ პრობლემა არ არის, ამის გამო უხერხულობის განცდაც კი არ უჩნდებათ. ღარიბაშვილი დასავლეთისთვის მისაღები ფიგურა რომ ყოფილიყო, ვერანაირი კორუფცია ვერ აიძულებდა მათ, რომ მსგავსი რეკომენდაცია გაეცათ. კორუფცია რასაც ჰქვია, სწორედ ის იყო, სააკაშვილი, მერაბიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა და ფაშისტური ხელისუფლების სხვა ბანდიტები რომ ატრიალებდნენ, მაგრამ დასავლეთი მათთან თანამშრომლობას დღემდე არ თაკილობს. არა, აქ აშკარად სხვა მიზეზია საძებნი.

მოდი, ვითარებას სრულიად განსხვავებული კუთხიდან შევხედოთ: იქნებ სწორედ დასავლეთმა აიძულა ივანიშვილი, ეს ნაბიჯი გადაედგა? იქნებ სწორედ დასავლეთმა მოიძულა და შეიძულა ღარიბაშვილი მისი ხაზგასმულად ეროვნული და პატრიოტული პოზიციის გამო? გაიხსენეთ ირაკლი ღარიბაშვილის ხისტი, მაგრამ საოცრად ქართული და ღირსეული პოზიციები ევროპის სხვადასხვა ფორუმზე, მაგალითად, ბერლინსა და ბუდაპეშტში, სადაც კლდესავით შეუვალი იყო ქართული ეროვნული ღირსებისა და სუვერენიტეტის დაცვაში. აი ერთი ამონარიდი ღარიბაშვილის გამოსვლიდან ბუდაპეშტში: “ის ძალები, რომლებიც თავისუფლებასა და სიმართლეს უპირისპირდებიან, რა გზებით ცდილობენ საკუთარი მიზნების მიღწევას? სწორედ ტრადიციული ოჯახური ფასეულობების ნგრევით და ყალბი თავისუფლების თავსმოხვევით; ლგბტ პროპაგანდით ბავშვებისთვის; მშობლების გვერდის ავლით; მცირეწლოვნებისთვის სქესის შეცვლის დაკანონების მცდელობით; ისეთი პირობების შექმნით, რომელიც ადამიანს საკუთარ ფესვებს, ოჯახს, ტრადიციას, კულტურას, ისტორიას მოსწყვეტს… ასეთი ადამიანის მართვა ადვილია”.

როგორ ფიქრობთ, საქართველოს პრემიერმინისტრს დასავლეთი ამას აპატიებდა?!

ღარიბაშვილის განცხადებები ბერლინში კიდევ უფრო შეუვალი და უკომპრომისო იყო: აქვე მინდა გამოვეხმაურო ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინათ მიღებულ სამარცხვინო რეზოლუციას, ომლითაც გვითხრეს, რომ სააკაშვილი არის მათი აგენტი, მათი მსახური და მათ არ აინტერესებთ ქართველი ხალხის აზრი; მათ არ აინტერესებთ, რომ სააკაშვილი ჩაგრავდა და აწამებდა ხალხს, ატერორებდა  ბიზნესს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ბოროტმა რეჟიმმა ჩაიდინა მრავალი დანაშაული, როგორიც იყო გირგვლიანის მკვლელობა, ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემის ფაქტი, “ტელეიმედისდარბევა და მისი ძალადობრივი მისაკუთრება, მათ ეს არ აინტერესებთ. მათ არც ის აინტერესებთ, რომ სააკაშვილი საქართველოში უკანონო გზით შემოვიდა და ცდილობდა სისხლიანი რევოლუციის მოწყობას, დარბევებსა და ადამიანების დახოცვას. აი, ეს ყველაფერი არ აინტერესებთ. მათ პირდაპირ გვითხრეს: თქვენი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი არ გვაინტერესებს, რადგან ეს კაცი არის ჩვენი აგენტი, ჩვენი მსახური და იგი ციხიდან უნდა გამოუშვათო. მე მინდა ყველას ვუთხრა, რომ დასრულდა ქვეყანაში ის დრო, როდესაც პოლიტიკოსები და ხელისუფლება უცხო ქვეყნები ინტერესებს ემსახურებოდნენ“.

ამაზე მძიმე ბრალდება კოლექტიური დასავლეთისთვის არავის წაუყენებია. ეს ხომ მათი უსამართლო და უსინდისო მიდგომებისთვის ომის გამოცხადება იყო. ჩემი აზრით, აი სად უნდა ვეძებოთ პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების ნამდვილი მიზეზი. ირაკლი ღარიბაშვილმა გაბედა და ხმამაღლა ამხილა დასავლეთის ბინძური ზრახვები საქართველოში. მართალია, იგი ამას ევროკავშირისა და ნატოს მიმართულებით სწრაფვის რიტორიკითა და რუსულ ოკუპაციაზე ხშირი აპელირებით ნიღბავდა, მაგრამ დასავლეთის მხრიდან წამოსული უსამართლობისა და გარყვნილების მიმართ მის უარყოფით დამოკიდებულებას აშკარად ვეღარ მალავდა.

გაიხსენეთ, როგორ წნეხს გაუძლო მან, როცა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდა და რუსეთს საქართველოდან მეორე ფრონტი არ გაუხსნა, რათა ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა; გაიხსენეთ მისი შეუვალი პოზიცია, როდესაც იგი საქართველოს კონსტიტუციაში ოჯახის ტრადიციული დეფინიციის შესატანად და ჩასაწერად იბრძოდა. ამ ეროვნული პოზიციების გატარებაში მას, მართალია, ზურგს ბიძინა ივანიშვილი უმაგრებდა, მაგრამ მისი პასუხისმგებლობა მაინც უზარმაზარი იყო. დასავლეთი სწორედ ამგვარი პოზიციის მქონე მოღვაწეების მიმართ არის დაუნდობელი, როგორც შიგნით, ასევე გარეთ. ამგვარი პოზიციის გამო არ უყვართ მათ სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ვუჩიჩი, უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი და სხვა პოლიტიკური მოღვაწეები, რომლებიც დასავლურ კონიუნქტურაში არ ეწერებიან. აქ კორუფცია რა მოსატანია? დასავლეთში კორუფციით ვის გააკვირვებ? კორუფციაში ჩამხრჩვალი ოჯახის წარმომადგენელი (ურსულა ფონ დერ ლაიენი) ევროპას ვერ ხელმძღვანელობს თუ კორუფციის “ლომები”(მამა-შვილი ბაიდენები) აშშ-ს ვერ უდგანან სათავეში?! რა კორუფცია, რის კორუფცია! სხვაგან არის მიზეზი საძებნი. ეს “სხვაგან” კი არსად არის, თუ არა დასავლეთის ბინძურ ზრახვებში საქართველოს მიმართ, ამიტომ სრულიად ლოგიკურია მსჯელობა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთმა მოიცილა თავიდან. ასეთ შემთხვევაში  რთული დილემის წინაშე ვდგებით: ივანიშვილის მიერ დასავლეთის მოთხოვნით თანამდებობიდან ღარიბაშვილის გადაყენება უდიდესი ძალისხმევის შედეგად აქამდე შენარჩუნებული მშვიდობის საფრთხის ქვეშ დაყენებას ხომ არ ნიშნავს? ამ შეკითხვას უფრო განზოგადებულ სახეს თუ მივცემთ, მისი ფორმულირება ასეც შეიძლება: რა შეწირა ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთს – ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკური პერსონა თუ საქართველოს ინტერესები?  საკითხის ასე დასმა უსაფუძვლო არ არის. დასავლელი „კეთილისმსურველები” პრემიერმინისტრის თანამდებობიდან ღარიბაშვილის მოშორებას თუ მოითხოვდნენ, ამას თვითმიზნურად ხომ არ აკეთებდნენ? როგორც ვივარაუდეთ, ეს მოთხოვნა ირაკლი ღარიბაშვილის გამოკვეთილად ეროვნულ პოზიციას უკავშირდება, მაგრამ ახლა, ივანიშვილის მიერ დასავლეთის ამ მოთხოვნის შესრულებისა და ღარიბაშვილის გადაყენების შემდეგ,  რა ვიფიქროთ:  ივანიშვილმა დასავლეთის წინაშე კაპიტულაცია გამოაცხადა და, ხატოვნად რომ ვთქვათ, ღარიბაშვილის თავი ფეშქაშად მიართვა? ეს აზრი ტრიალებს საქართველოში, მაგრამ მე პირადად არ შემიძლია მისი გაზიარება. გულზე ხელი დავიდოთ და ისე ვთქვათ: 2011 წლიდან დღემდე საქართველოს ინტერესებს ვინმე თუ იცავს, პირველ რიგში, ეს ბიძინა ივანიშვილია. ხომ ყველა ვხვდებით, რომ მეორე ფრონტის გახსნაზე კატეგორიული უარის თქმა და მშვიდობის შენარჩუნება, რაც ირაკლი ღარიბაშვილის ხელით ხორციელდებოდა, ივანიშვილის პოზიცია, მისი დამსახურება, მისი პასუხისმგებლობა, მისი რისკი და თავგანწირვა იყო. ახლა კი  ერთბაშად დავივიწყოთ ეს ყველაფერი და დავიჯეროთ, რომ ივანიშვილმა არა მხოლოდ ღარიბაშვილის პოლიტიკური კარიერა, ქართველი ხალხის ყველა ის რწმენა და იმედი, რომელიც პირადად მის პიროვნებას უკავშირდება, დასავლეთის ინტერესებს ასე მარტივად შეწირა? თუ ასეა, ეს ნამდვილი ეროვნული ტრაგედია იქნება, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში საქართველოში მოვლენები სულ მალე უკრაინის სცენარით განვითარდება, მაგრამ, ეს თუ ასე არ არის, მაშინ რა ჩანაფიქრი იმალება იმ პოლიტიკური თუ საკადრო “როქის” უკან, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა? ვფიქრობ,  ამ პოლიტიკური რებუსის ამოსახსნელად ერთი ფორმულა გამოგვადგება: ახლა ის ვითარებაა, როდესაც საქართველოს ხისტი მოძრაობები არ სჭირდება, მას უფრო დროის მოგების პოლიტიკა აქვს გასატარებელი. ბიძინაც ამ გზას დაადგა. დასავლეთისთვის ასე მიუღებელი ირაკლი ღარიბაშვილი მან პრემიერმინისტრის პოსტიდან გადააყენა, მაგრამ მის ნაცვლად მეორე ირაკლი (კობახიძე) მოიყვანა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დასავლეთისთვის უფრო მისაღებად გამოიყურება, სულაც არ არის ღარიბაშვილზე ნაკლები პატრიოტი. ანუ ივანიშვილმა პრემიერმინისტრი ფორმალურად შეცვალა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი შეუცვლია. წავიდა ქართულად მოაზროვნე, ეროვნული ცნობიერების მატარებელი და საქართველოზე მოფიქრალი ერთი ირაკლი და მოვიდა ქართულად მოაზროვნე, ეროვნული ცნობიერების მატარებელი და საქართველოზე მოფიქრალი მეორე ირაკლი. სახელიც კი არ შეცვლილა, მხოლოდ გვარი შეიცვალა. უდავოდ ძლიერი კაცია ბიძინა ივანიშვილი. მან აშკარად დასცინა, ჟარგონით რომ ვთქვათ, გააშაყირა დასავლეთის ეს უბნელესი ძალები, რომლებიც ღმერთისა და ადამიანის წინააღმდეგ ამხედრებულან. ლოგიკა, ალღო, შინაგანი განწყობა და პოლიტიკური ინტუიცია მკარნახობს, რომ არ ჩაიდენს ივანიშვილი არაქართულ საქმეს, არ მიუგდებს საქართველოს საჯიჯგნად არც დასავლეთს და არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს. როგორც მან განაცხადა, იგი იბრძოლებს ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მოსაპოვებლად. საჭადრაკო ხელოვნებაში როქის გარდა არსებობს შეწირვის ტერმინიც. შეწირვა ეფექტურ შედეგზეა გათვლილი, ანუ ეს არის დროებითი დანაკარგი, რომელიც მოგებას განაპირობებს. ივანიშვილმა ამ ნაბიჯით საკადრო დანაკარგი განიცადა, მაგრამ დრო მოიგო, რომელიც საბოლოო მიზნის მისაღწევად გადამწყვეტია; დრო, რომელიც, ალბათ, მალე გამოაჩენს,  რა მოხდება დიდ პოლიტიკაში და როგორ გადალაგდება ვითარება. გამოჩნდება ისიც, რა სახის მსოფლიო წესრიგი ჩამოყალიბდება ძველი, აწ უკვე დანგრეული საერთაშორისო სისტემების ნაცვლად. ჩვენი ამოცანა კი ის არის, რომ იქამდე მშვიდობიანად მივიდეთ. პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, კონკრეტულად ვისი ხელით გაკეთდება ეს – ღარიბაშვილის თუ კობახიძის. ორივე ერთი გუნდის წევრია და ორივე ბიძინა ივანიშვილის გვერდით დგას. ვინც უნდა იყოს პრემიერმინისტრი, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს გადარჩენაზე უპირველესი პასუხისმგებელი მაინც ბიძინა ივანიშვილია. მან ეს მისია ნებაყოფლობით, სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულით იკისრა. შეუძლებელია, რომ მას ამ ისტორიული მისიის სიმძიმე გაცნობიერებული არ ჰქონდეს, ამიტომ ნუ ვიჩქარებთ დასკვნების გაკეთებას. საკადრო საკითხები მხოლოდ შემადგენელი ნაწილია იმ დიდი პოლიტიკისა, რომელმაც ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებამდე საქართველო ნგრევისა და ომის გარეშე, მშვიდობიანად უნდა მიიყვანოს, რათა იგი გადარჩეს. საბოლოო მიზანი ხომ საქართველოს გადარჩენაა?!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                            

1 COMMENT

  1. სწორი ანალიზია. საქართველოს ვალერი კვარაცხელიაზე დიდი პოლიტოლოგი არა ჰყავს. ბიძინა ივანიშვილი შეუძლებელს ახერხებს, რომ სამშობლო გადაარჩინოს, წლები დასტყობია. სიბრიყვე და უსინდისობაა მისი ლანძღვა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here