Home ახალი ამბები საქართველო რევაზ კილასონია: სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ამ დღეებში ირანში გაიმართა, მხარეებს მისცემს საშუალებას,...

რევაზ კილასონია: სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ამ დღეებში ირანში გაიმართა, მხარეებს მისცემს საშუალებას, დააბალანსონ თავიანთი სტრატეგიული მიზნები და საბოლოოდ განდევნონ რეგიონიდან დასავლეთი

“3+3 ფორმატი, ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გაცნობიერებაა”

285

19 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ირანს ეწვია. ეს მისი მეორე საზღვარგარეთული ვიზიტია უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.

ვლადიმერ პუტინი თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს _ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და იბრაჰიმ რაისის _ ჯერ ერთად შეხვდა, შემდეგ _ თითოეულს ცალცალკე ორმხრივი მოლაპარაკების ფორმატში; შემდეგ ეწვია ირანის სულიერ ლიდერ აიათოლა ალი ჰამენეის, რომელმაც განაცხადა, რომ ირანი მხარს უჭერს რუსეთის სპეცოპერაციას უკრაინაში. მან გაიმეორა სიტყვები, რომლებიც ადრე განაცხადა: “ინიციატივა თქვენ რომ არ აგეღოთ, მეორე მხარე ომს მაინც დაიწყებდა”.

ირანი, რუსეთის შემდეგ, მსოფლიოში მეორე ადგილზეა ბუნებრივი აირის საბადოებით, მაგრამ ამერიკის მიერ გამოცხადებული სანქციები საშუალებას არ აძლევს, ისარგებლოს ახალი ტექნოლოგიებით. შესაბამისად, თეირანს ხელი ეშლება აირის ექსპორტის გაზრდაში. აიათოლა ალი ჰამენეიმ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას რუსეთთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა.

რუსეთის პრეზიდენტის ირანში ვიზიტისას საუბარი იყო დაბლოკილი უკრაინული პორტებიდან ხორბლის ექსპორტის განახლებასა და სირიაში მიმდინარე მოვლენებზე. კვირის ბოლოს რუსეთს, თურქეთსა და გაეროს შორის იგეგმება ხელშეკრულების გაფორმება უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან სურსათის ექსპორტისთვის გზის გახსნის თაობაზე.

სამხრეთ კავკასიაში, უფრო ფართოდ კი, ევრაზიაში მიმდინარე პროცესები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში საქართველოს ადგილის გადაფასებას მოითხოვს……წინა პლანზე უნდა წამოიწიოს კავკასიაში საქართველოს ცენტრალურობა. მეზობლებთან ურთიერთობები იმგვარად უნდა აიგოს, რომ საქართველოს მხარდაჭერა საკვანძო გახდეს, ხოლო მისი თანადგომის გარეშე რეგიონში მიმდინარე პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროექტების განხორციელება, სულ ცოტა, არაეფექტიანი იყოს.

ამასთანავე, საქართველო დიდ მეზობლებს შორის ერთგვარ დამბალანსებლად უნდა გამოდიოდეს. სამხრეთ კავკასია ევროპის კონტინენტი არაა…” _ წერს ერთერთ ვებგვერდზე ემილ ავდალიანი _ ისტორიკოსი, საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი.

რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ამ პროცესებში საქართველოს როლზე პოლიტოლოგი რევაზ კილასონია გვესაუბრება.

_ რუსეთის პრეზიდენტი ჯერ თურქეთისა და ირანის პრეზიდენტებს შეხვდა ერთობლივად, შემდეგ კი _ ცალცალკე. რას ნიშნავს ეს? უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ამერიკის ლიდერისგან განსხვავებით, რომელსაც საუდის არაბეთში წარუმატებელი ვიზიტი ჰქონდა, ირანში ზარზეიმით დახვდნენ. ამ ქვეყნის სულიერმა ლიდერმა პუტინს ღიად დაუჭირა მხარი უკრაინაში მიმდინარე პროცესებში

_ განვითარებული მოვლენების ფონზე, უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ თვალწინ ინგრევა ცრუ იდეოლოგიაზე დაფუძნებული დასავლური სისტემა. მსოფლიო ხდება მრავალპოლუსიანი, სადაც აღმოცენების ზღვარზეა რამდენიმე გლობალური და რეგიონული მასშტაბის გეოპოლიტიკური მიზიდულობის ცენტრები. უნდა ითქვას, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში პოლიტიკის წარმოების იდეოლოგიური პარადიგმები ადგილს უთმობს ე.წ. რეალპოლიტიკას, რომლის ერთ-ერთ ფუძემდებლად გერმანიის პირველი კანცლერი _ ოტო ფონ ბისმარკი ითვლება, ანუ მსოფლიო უბრუნდება გეოპოლიტიკურ რეალიზმს, რომელშიც პოლიტიკის საწარმოებლად გადამწყვეტი ფაქტორებია ინტერესები და უსაფრთხოება, დაფუძნებული რეალურ გეოპოლიტიკურ მოცემულობებზე. ამიტომ ყველა მხარე ცდილობს, ეს ახალი რეალობა მიიღოს და გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისა და უსაფრთხოების შესაბამისად. სწორედ ამის გამოვლინებაა პროცესი, რომელიც ამ დღეებში ვითარდება ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში. დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ თურქეთი და ირანი მიისწრაფვიან რეგიონული ლიდერობისკენ. მიუხედავად ისტორიული დაპირისპირებისა, რომელიც ამ სამ ქვეყანას _ რუსეთს, თურქეთსა და ირანს _ ერთმანეთთან აქვს, ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მათ სიტუაციურ მოკავშირეობას აიძულებს. მით უმეტეს, რომ ირანისა და რუსეთისთვის დასავლეთი ეგზისტენციალური საფრთხეა

რაც შეეხება თურქეთს, აქ ძალიან საინტერსო მოვლენასთან გვაქვს საქმე. ერთი მხრივ, თურქეთი ნატოს წევრია; მეორე მხრივ, ის სტრატეგიული დანიშნულების შეიარაღებას (С-400) ყიდულობს რუსეთისგან და, ამასთანავე, ცდილობს რუსეთის გავლენების ჩანაცვლებას (შემცირებას) როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში. მაგალითად, თურქეთის ძალიან აქტიური მოქმედება ვიხილეთ 2020 წლის, ე.წ. ყარაბაღის მეორე ომის დროს და ასევე, ამა წლის აპრილსა და მაისშიც, როდესაც თურქეთმა ხელი მოაწერა ყაზახეთთან, ტაჯიკეთსა და უზბეკეთთან სამხედრო თანამშრობლობის შესახებ ხელშეკრულებას… ამ ნაბიჯებით თურქეთი ცდილობს, ბოლომდე გამოიყენოს შექმნილი ვითარება და გაზარდოს თავისი გავლენა რეგიონში.

თქვენ მიერ ნახსენები სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ამ დღეებში ირანში გაიმართა, მხარეებს მისცემს საშუალებას, დააბალანსონ თავიანთი სტრატეგიული მიზნები და საბოლოოდ განდევნონ რეგიონიდან დასავლეთი.

მთავარი სტრატეგიული მიზანი ამ შეხვედრისა, სავარაუდოდ, სწორედ ეს არის _ დასავლეთის საბოლოო განდევნა რეგიონიდან. რაც შეეხება, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტს საუდის არაბეთში, პრესტიჟული უცხოური გამოცემები აღნიშნავენ, რომ ეს იყო წარუმატებელი ვიზიტი…

ამერიკის მოთხოვნა, რომ საუდის არაბეთმა გაზარდოს ნავთობის მოპოვება, არაბებმა, ფაქტობრივად, უარყვეს. ამას აქვს რამდენიმე მიზეზი: პირველი _ წმინდა ფინანსური ინტერესი, რადგან, თუ საუდის არაბეთი ნავთობის მოპოვებას გაზრდის, ეს იმოქმედებს ფასზე, ანუ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი დაიწყებს შემცირებას, რაც ამ ეტაპზე საუდის არაბეთს ხელს არ აძლევს; შემდეგი მიზეზი არაბების უარისა ეხება უსაფრთხოების თემას…

ახლო აღმოსავლეთში მიხვდნენ, რომ მათი უსაფრთხოება ვერ იქნება მხოლოდ ამერიკის კეთილ ნებაზე დაფუძნებული. მათ ამისთვის საკმაოდ კარგი მაგალითები აქვთ _ შეჭრა ავღანეთში, ერაყში, ლიბიაში, სირიაში, .. არაბული გაზაფხულები და .., ანუ არაბებმა გააცნობიერეს, რომ ამერიკა ამ რეგიონში უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ვერ იქნება, ამიტომ, ბოლო წლებია, ცდილობენ ამერიკის გავლენის შემცირებას.

ქვეყნებს შორის ურთიერთობაში უსაფრთხოების საკითხი უმთავრესია. თუ ამ სფეროში ჩნდება ეჭვი, იკლებს ერთმანეთისადმი ნდობის ხარისხი. სწორედ ამ პროცესს ვადევნებთ ახლა თვალყურს აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობაში.

_ რა როლი აქვს მსოფლიოში ირანს და არის თუ არა რუსეთისთვის ირანთან ურთიერთობა, ასე ვთქვათ, იზოლაციით გამოწვეული, როგორც ამას თეთრ სახლში აცხადებენ?

 _ საუკუნეებია, ირანს  საკუთარი როლი აქვს მსოფლიოში და რეგიონში მისი გავლენის გაუთვალისწინებლობა დიდი შეცდომა იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ირანი, 40 წელზე მეტია, ძალიან მძიმე სანქციების ქვეშ იმყოფება, რეგიონში მისი გავლენის მასშტაბი არ შემცირებულა.

მძლავრია ირანის გავლენა ერაყში, სირიაში… მის კონტროლს ექვემდებარება ლიბანში მოქმედი გასამხედროებული დაჯგუფება “ჰესბოლა”. მძლავრია ირანის გავლენა პალესტინაში, განსაკუთრებით, “ჰამასის” სამხედრო დაჯგუფებაზე. ეს რაც შეეხება ირანის სამხედრო-პოლიტიკურ გავლენებს რეგიონში. თუმცა, ირანი რუსეთისთვის საინტერესოა არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ ბუნებრივი რესურსების მხრივაც.

როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, დასავლეთი სანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებას ცდილობს. ამისთვის რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა ირანთანაც. როგორც ცნობილია, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, დასავლეთი ცდილობს დასანქცირებული რუსული ნავთობპროდუქტების ჩანაცვლებას. ამისთვის, რამდენიმე მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა ირანთანაც. საუბრის თემა უფრო მეტად შეეხებოდა ირანისადმი, გარკვეული პირობების ფონზე, სანქციების მოხსნას, რის შემდეგაც, დასავლეთს, ირანულ ნავთობზე ხელმისაწვდომობის შანსი გაუჩნდებოდა, რაც რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება რუსეთის ინტერესებს. შესაბამისად, პუტინის ვიზიტი თეირანში, ამ საკითხების დარეგულირებასაც მოიცავს. ამ პროცესში, ალბათ რუსეთს, ირანისთვის მოუწევს გარკვეული პოზიციების დათმობა, რათა არ დაუშვას ირანის და დასავლეთის დაახლოება. საუბარი იქნება ასევე სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობის გაზრდაზეც. შესაბამისად, პუტინის ვიზიტი თეირანში ამ საკითხების დარეგულირებასაც მოიცავდა. ამ პროცესში რუსეთს, ალბათ, მოუწევს ირანისთვის გარკვეული პოზიციების დათმობა, რათა არ დაუშვას თეირანისა და დასავლეთის დაახლოება. საუბარი იქნება სავაჭრო- ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზეც…

 _ ვლადიმერ პუტინის ინიციატივები, როგორიც არის  „3+3“ ფორმატი, რომელიც სამხრეთ კავკასიისთვის ამ გარდამავალ პერიოდში წამოაყენეს, ახალი პოსტლიბერალური წესრიგის დამყარების მცდელობაა?

_ “3+3” ფორმატი ახალი გეოპოლიტიკური რეალობის გაცნობიერებაა. როგორც ჩანს, ჩვენგან განსხვავებით, ამ რეალობას კარგად აცნობიერებს ამ ფორმატში მონაწილე 5 ქვეყანა _ რუსეთი, ირანი, თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. ეს ფორმატი და შექმნილი რეალობა შანსს არ უტოვებს რეგიონში დასავლეთს. შესაბამისად, ვინმეს მოსწონს თუ არა ეს ფორმატი, მისი მიზნები, დიდი  ალბათობით, მიღწეული იქნება და ძალიან სამწუხაროა, თუ ეს მოხდება ჩვენი სტრატეგიული მიზნების გათვალისწინების გარეშე.

 _ რა როლი უნდა ითამაშოს ამ შემთხვევაში საქართველომ, რა აქვს ჩვენს სახელმწიფოს უსწრაფესად გადასაწყვეტირეგიონში რომ არ დავკარგოთ ლიდერის ფუნქცია?

_ უპირველესი, რაც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის საგარეო პოლიტიკის  გადაყვანა მოქნილ და სიტუაციურ რელსებზე; ასევე, იმ შექმნილი რეალობის სწორი აღქმა, რომელიც ჩვენ გარშემოა. მხოლოდ ასე შეუძლია საქართველოს, თავი დააღწიოს გლობალური მასშტაბის ტექტონიკურ ცვლილებებს. თუმცა, მე არ მაქვს დიდი მოლოდინი, რომ საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას შეუძლია ასეთი გადაწყვეტილების მიღება. როგორც ვხედავთ, ხელისუფლების წარმომადგენლები უფრო შიდაპოლიტიკური კინკლაობით არიან დაკავებულნი და მსგავსი თემების განხილვა არ მიმდინარეობს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე!..

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here