Home ახალი ამბები საქართველო ოპოზიცია მზად არის, დასავლეთის ყველა მითითება მონურად შეასრულოს, აკი ასრულებდა კიდეც და...

ოპოზიცია მზად არის, დასავლეთის ყველა მითითება მონურად შეასრულოს, აკი ასრულებდა კიდეც და მომავალშიც აუცილებლად შეასრულებს

„უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი“ მხოლოდ ორ საპარლამენტო კომიტეტში განიხილეს და მან გასაკეთებელი უკვე გააკეთა – ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა ამ კანონს მიიღებენ?

343

ქართულ პოლიტიკაში აქამდე არ გვახსენდება, რომ კანონს მის მიღებამდე და ძალაში შესვლამდე ემუშაოს. ახლა კი სწორედ ასეა – „უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონი“  მხოლოდ ორ საპარლამენტო  კომიტეტში განიხილეს და მან გასაკეთებელი უკვე გააკეთა – ნათლად გამოჩნდა, ვინ ვინ არის და, ხომ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, როცა ამ კანონს მიიღებენ? ჰო, არც კი გვინდა დავუშვათ, რომ რაიმე ან ვინმე ხელს შეუშლის კანონის მიღებას, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და კრაზანების ბუდე , ჯერ თუ მთლიანად არ დაანგრია, გვარიანად შეაჯანჯღარა და სწორედ გამწარებული კრაზანების კბენას ჰგავდა ის, რასაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენისას  აკეთებდნენ. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, წამით წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა,  „ნაციონალური მოძრაობის“  მმართველობის პერიოდში  რომელიმე ოპოზიციონერს კომიტეტის სხდომის მიმდინარეობისას მაგიდები რომ აეყირავებინა და  მანდატურებს ხელით  შეხებოდა… ასეთ დეპუტატს აუცილელაად სამაგალითად დასჯიდნენ და დასჯიდნენ ისე, როგორც თავის დროზე დასაჯეს ვალერი გელაშვილი, კობა დავითაშვილი და სხვები…

ოპოზიციონერ დეპუტატთა  უმრავლესობა პოლიტიკაში არასამთავრობო სექტორიდან მივიდა. მათ  ზუსტად იციან, საიდან და რა გზებით იღებს არასამთავრობო სექტორი ფულს და, რაც მთავარია, იციან, რისთვის რიცხავენ პარტნიორები ამ თანხებს; მათი პარტნიორები, თორემ ფულის შემომწირველები საქართველოს პარტნიორები რომ არ არიან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით. ამერიკელი და ევროპელი დიპლომატები, კატეგორიული ტონით მოითხოვენ კანონის მიღების პროცედურის შეჩერებას და მათ არც ის აკმაყოფილებთ, რომ პირველი მოსმენის შემდეგ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება. საქმე ის არის, რომ ვენეციის კომისია, სამართლებრივად, უბრალოდ, ვერ დაასაბუთებს, რატომ არ უნდა მივიღოთ კანონი, რომელიც ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზეა გათვლილი და ამიტომ მათი დასკვნა დადებითი იქნება. შემდეგ უკვე სალაპარაკო აღარ ექნებათ არც ოპოზიციას და არც დასავლელ პარტნიორებს. სწორედ ამიტომ ცდილობენ,  კანონპროექტი ვენეციის კომისიამდე არ მივიდეს, ანუ არ მივიდეს იმ უწყებამდე, რომლის  დასკვნების საფუძველზე ხდება, პრაქტიკულად, ყველა სახელმწიფოს კანონმდებლობის მოწესრიგება.

ასე განსაჯეთ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმაც კი მოიცალა ჩვენთვის და   განაცხადა: ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ამ კანონს, საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის რისკის ქვეშ დაყენებისთვის იქნება პასუხისმგებელიო. რომელი ევროატლანტიკური მომავლის, ეგებ დაეკონკრეტებინა? ნატოში მიგიღებთო,  რომ გვპირდებიან და მერე დახურულ კარს მიღმა ამბობენ, საქართველოს ნატოში გაწევრების შანსი, უბრალოდ, არ აქვსო, იმ ალიანსზეა ლაპარაკი თუ იმ ევროპაზე, კანდიდატის სტატუსის მიღება-არმიღება მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებაზე რომ ჩამოკიდეს? ჰო, ცივილიზებული ევროპა გვეუბნება: სისხლის სამართლის დამნაშავე რომ გიზით ხუთვარსკვლავიან ნომერში და სასჯელს ფუფუნებაში იხდის, საკმარისი არაა, გაათავისუფლეთ, რადგან ეგ სხვანაირ ცხოვრებას არის მიჩვეული, ლაღად უნდა იყოს, ფრთებს  შლიდესო. ჰოდა, როცა მიხეილ ყაველაშვილმა თქვა, – ასეთი ევროპა არ მჭირდებაო, ოპოზიციამაც და დასავლელმა დიპლომატებმაც ერთ ხმაში დაიწყეს მტკიცება: ყაველაშვილს მთავარი მიზანი წამოსცდაო. არადა, მან დააკონკრეტა, – თუ ევროპისკენ სავალი გზა, სისხლის სამართლის დამნაშავის გათავისუფლების მოთხოვნაზე გადის, არ მინდაო; არც ჩვენ გვინდა და არც ბევრ სხვას. სხვათა შორის, ოპოზიციას, შესაძლოა, არც ახსოვს, მაგრამ კარიერის უდიდესი ნაწილი ყაველაშვილმა  შვეიცარიაში გაატარა და ბევრ ოპოზიციონერზე კარგად იცის, რა არის ევროპა. სააკაშვილის თემას შეეხო ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი და ხმამაღლა განაცხადა: სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის მისი პირადი პასუხისმგებლობა, რადგან ის ციხეშიაო. ამით პატიმარ ექსპრეზიდენტს მეტი მოტივაცია მისცა, თვითდაზიანების რეჟიმში იყოს. მერე რა, რომ ციხეშია, ის თვითონ აცხადებს უარს საკვების მიღებაზე, თვითონ  ცდილობს, ისე დაიავადოს ორგანიზმი, რომ საპატიმროდან გათავისუფლდეს, და,  როცა ადამიანი თავს თვითონვე ერჩის, სხვების პასუხისმგებლობა რატომ დგება? კანონპროექტის განხილვამ არა მხოლოდ  ოპოზიციის სახე გამოაჩინა, არამედ მთელი დიდებულებით წარმოდგა პრეზიდენტიც. სალომე ზურაბიშვილმა არაპირდაპირ, მაგრამ  მაინც მიანიშნა, რომ „ქართული ოცნება“, როგორც პარტია, უნდა აიკრძალოს.„საგანგაშოა პარლამენტის წევრის მიერ კონსტიტუციის საწინააღმდეგო განცხადებების გაკეთება. ქვეყნის უზენაესი კანონი კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს ყველა ზომის მიღებას ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში სრული ინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით გაცხადებული მიზანია. არაკონსტიტუციურად უნდა გამოცხადდეს და აიკრძალოს ყველა იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომლებიც ეწინააღმდეგებიან კონსტიცუტიის პრინციპებს, ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის მიერ არჩეულ გზას“, – განაცხადა ზურაბიშვილმა და, რა თქმა უნდა, ყაველაშვილის განცხადება იგულისხმა. ჩანს, ქალბატონმა სალომემ მართლა დაიჯერა, რომ ქართველი ხალხის არჩევანი სწორედ ის იყო და მართლა იმიტომ აირჩიეს პრეზიდენტად, რომ სალომე ზურაბიშვილია. რეალურად, დღესაც რომ მოისურვოს, ზურაბიშვილი ერთი ქორწილის სუფრის შესავსებად საკმარის მხარდამჭერებს ვერ მოაგროვებს,  ახლა კი გამოდის და ჭკუას გვარიგებს. როგორც ჩანს, მისი განცხადება ამერიკელებს ეამათ და სწორედ ამიტომ სასწრაფოდ  შტატებში მიიწვიეს. არავინ იცის, რას დაარიგებენ იქ ქალბატონ სალომეს, მაგრამ ერთი რამ ცხადია – აუცილებლად ეტყვიან, რომ გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და სააკაშვილი ციხიდან გაათავისუფლოს, ანუ ერთხელ გადაფურთხებული ალოკოს. შესაბამისად, პრეზიდენტის მიერ ნათქვამი „არა და არასოდეს“ უკვე ისე მკაფიოდ აღარ ისმის, როგორც თავის დროზე. როგორ არ გავიხსენოთ კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძის ნათქვამი: დასავლეთი თუ გვეტყვის, ცალ ფეხზე დადექით ერთ კვირას, უნდა დავდგეთო. ანუ, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი მზად არის, დასავლეთის ყველა მითითება მონურად შეასრულოს, აკი ასრულებდა კიდეც და მომავალშიც აუცილებლად შეასრულებს, ამიტომ ნუ გიკვირთ, როცა სახალხო დამცველი უმცირესობის ინტერესებს ატარებს და არა უმრავლესობისას. სწორედ ეს არის დასავლეთის მოთხოვნა და ბურჯანაძემ ოფიციალურად თქვა, – მათ ნებისმიერ მოთხოვნას ვასრულებთო.ახლა მთავარია, ხელისუფლებამ უკან არ დაიხიოს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ყველამ უნდა იცოდეს, ვინ საიდან იღებს ფულს, ვინ ვის დაკრულზე ცეკვავს და ამის შემდეგ ნათლად გამოჩნდება, ვის რა ინტერესები აქვს საქართველოში. ამომრჩეველს ეცოდინება, რომ ის არასამთავრობოები, რომლებიც მუდმივად უფსკრულში გადაჩეხვას გვიანონსებენ, სოროსის ფონდიდან, ლგბტ ორგანიზაციებიდან, ლიბერალური ფრთიდან იღებენ მილიონებს. ჰო, მილიონებს იმის სანაცვლოდ, რომ მოსახლეობის აზრზე გავლენა იქონიონ, შავი თეთრად წარმოაჩინონ. ფულს ხომ სუნი არ აქვს?! მათ ზუსტად იციან, რომ ამ კანონის დამტკიცების შემდეგ, ხალხის მასა კი არა, მეზობლები და მეგობრებიც კი არ მოუსმენენ და სწორედ ამიტომ  ცოცხალი თავით არ თმობენ საიდუმლოს. არადა, სწორედ ეს არასამთავრობოები ჩაჰკირკიტებენ თანამდებობის პირთა დეკლარაციებს, გამოაქვეყნებენ ხოლმე: ამან ამდენი იშოვა, იმან – იმდენიო და თუ თანამდებობის პირთა შემოსავალია საჯარო და ხელმისაწვდომი, მათიც იყოს, თუ დასამალი არაა… მაგრამ სწორედ ეს „თუ“ არის მთავარი. ყველაფერი დასამალი აქვთ და მერე როგორი?! პოლიტიკური პარტია წინასაარჩევნოდ დაფინანსებას სოროსის ფონდიდან რომ მიიღებს, მერე ხომ ვერ დაიწყებს  მტკიცებას, ეროვნული მოტივები მამოძრავებსო?

ოპოზიციონერთა ნამოქმედარი პარლამენტში

დასავლეთი ვაჭრობაზეა გადასული – სააკაშვილის თავისუფლებასთან ერთად, კანდიდატის სტატუსისა და ნატოში გაწევრების დაუსრულებელი პერსპექტივის სანაცვლოდ ამ კანონის გაუქმებასაც ითხოვს; კანონის, რომელიც ჯერ არ მიუღია პარლამენტს და უკვე ლუსტრირება მოხდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც ეს შეეხება, რომლებიც აგენტის იარლიყს ოფიციალურად, კანონის ძალით „აირტყამენ“ და მთელი ცხოვრება ვერ მოიცილებენ. თაობებს ეცოდინებათ, რომ მათი მამები, დედები, ბებია-ბაბუები აგენტები იყვნენ და საქართველოს საწინააღმდეგოდ იღვწოდნენ. ვაღიაროთ: 2012 წელს ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ხელისუფლების სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ მმართველობის მე-11 წელს, წინამორბედივით კუდიანების დევნას კი არ დაიწყებდა, კანონის ძალით აიძულებდა ყველას, ხმამაღლა და გამოთქმით ეთქვა:  „მე აგენტი ვარ!“ 

ლევან გაბაშვილი                                                                                                                                  

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here