მხეცი

    მხეცი

    სიტყვა მხეცი ცხოველის სინონიმადაც გამოიყენება, მაგრამ მთლად სინონიმიც არ არის. ეს სიტყვა შინაგან მდგომარეობას უფრო გამოხატავს, ვიდრე ჯიშს, ჯილაგს, სახეობას. მხეცი თავისთავად არ არსებობს, ეს მდგომარეობაა, რომელიც გარკვეული ზემოქმედებით მიიღწევა, სხვათა შორის არა მხოლოდ ცხოველებში, არამედ ადამიანებშიც. მხეცი ბიბლიაშიც არის აღწერილი, კერძოდ, იოანე ღმრთისმეტყველის გამოცხადებაში ანუ აპოკალიფსში. სწორედ მხეცის მეშვეობით ხორციელდება კაცობრიობის დასჯა. მხეცი დამსჯელი ძალაა, ოღონდ არა რაციონალურის ფარგლებში, არამედ ირაციონალურში გადასული – გონდაკარგული, სახედაკარგული, სიკეთედაკარგული, დაცემული, გაბოროტებული და გავეშებული.

    ჰიტლერი მხეცი იყო, უფრო ზუსტად გაბოროტების იმ ზღვარს მიღწეული ადამიანი იყო, რომელმაც ზნეობრივი დაცემის შედეგად გონება, სახე, თვისება დაკარგა და გამხეცდა. ისტორიას მრავალი გამხეცებული მმართველი ახსოვს, მაგრამ ჰიტლერის მასშტაბებისთვის არავის მიუღწევია. იგი ზედა ზღვარია, ჯერჯერობით მას ვერავინ წამოსწევია, ამიტომაც რჩება მხეცობის მარადიულ მეტრად, ანტიქრისტეს სიმბოლოდ და განსხეულებულ სატანად.

    იმისათვის, რომ ადამიანი გამხეცდეს, არც მსოფლიო ომის პროვოცირებაა აუცილებელი, არც ასმილიონიანი მსხვერპლი და არც საკონცენტრაციო ბანაკებით კონტინენტის მოფენა (ამ „სიმაღლის” მიღწევას განსაკუთრებული სოციალური მდგომარეობა და იერარქიულ საფეხურზე დგომა სჭირდება), კომპიუტერის კლავიატურაზე მოკაკუნე ვირთხად ყოფნაც საკმარისია, ოღონდ გამხეცების იმ შინაგანი დონითა და დოზით, რომელსაც მესამე რაიხის ფიურერმა მიაღწია. ადამიანის არსებიდან მთლიანად უნდა განიდევნოს კეთილი საწყისი, იგი ბოლომდე უნდა მოიცვას და შთანთქოს უარყოფითმა ენერგიამ, გაბოროტებამ, უკეთურობამ, უნდა ჩაიძიროს, ჩაიხრჩოს სიძულვილის ოკეანეში და ამის  შემდეგ აღარ აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფოს მეთაური იქნება იგი, მაღალი სამხედრო პირი თუ სულაც დაწყებითი კლასების პედაგოგი, სამედიცინო დაწესებულების მედდა თუ საესტრადო მომღერალი, რომელიც თავისუფალ დროს სოციალურ ქსელებში სტატუსების შეთხზვითა და კომენტარების ფრქვევით იქნება დაკავებული ან რომელიმე ტელეარხიდან მოგვევლინება ზღაპრულ გველეშაპად და მითოლოგიურ მედუზა გორგონად.

    გამხეცების სინდრომმა შეიპყრო მთელი მსოფლიო თუ არა, მისი დიდი ნაწილი ევროპისა და დასავლეთის სახით. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში შემოაღწია ჩვენთან ამ ვირუსმა, რომელმაც ერი დაყო და დაანაწევრა პოლიტიკური მსოფლმხედველობით, საგარეო ორიენტაციით, საშინაო საკითხებისადმი მიდგომით, ლიდერთა მიმართ დამოკიდებულებით, ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებითა და მრავალი სხვა ნიშნით. თითქმის ორმოცი წელიწადია, რაც ეს მხეცი ბორგავს და ბობოქრობს, იგი ხან სამოქალაქო დაპირისპირების, ხან ეთნოკონფლიქტების, ხან გარეშე მტრებთან ბრძოლის სახით ტრანსფორმირდება ერთი უბედურებიდან მეორეში, მაგრამ ბოლო  არ უჩანს, მოედო მთელ ქვეყანას და შიგნიდან ჭამს, ღრღნის, ანგრევს, სპობს ყველაფერს, თუკი რამე არსებობდა სიყვარულის, სიკეთის, სათნოებისა და სასოების სახით. ეს ვირუსი გარედან მოვიდა, მაგრამ იგი ასეთი ძალით ვერ აფეთქდებოდა, ქართულ ეროვნულ სულსა თუ ცნობიერებაში ნოყიერი ნიადაგი რომ არ დახვედროდა, ჩვენი ფსიქიკის რომელიღაც ბნელ ხვეულში, ძნელად შესაღწევ ლაბირინთში, ფარულ კუთხეში ის მთვლემარე მხეცი რომ არ ეპოვნა, რომლის გაღვიძება და გადარევა-გავეშება შესაძლებელი იყო. ერი დაიყო და მისი ყოველი ნაწილი ერთმანეთს დაუპირისპირდა. დღემდე ყველა პატრიოტულად შფოთავს, ბორგავს და  იბრძვის, მაგრამ რეალურად ხალხის მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ანაღვლებს ქვეყნისა და მომავალი თაობების ბედი. სამშობლოს სიყვარულზე მეტად ტოტალიზატორის პრინციპი მუშაობს – ფსონის დადებისა და სარგებლის მიღების პრინციპი.  1980-იანი წლების ბოლოს ვიღაცამ გამსახურდიაზე დადო ფსონი და ამის შემდეგ ქვეყნის გამარჯვებაზე მეტად თავისი კერპის გამარჯვებით იყო დაინტერესებული. მას უკვე აღარ აინტერესებდა, გამსახურდიას მიდგომები ქვეყანას არგებდა თუ ავნებდა, მთავარი იყო ფსონის ერთგულება. მიჰყვა ამ პრინციპს ხალხი – ფსონი შევარდნაძეზე, ფსონი სააკაშვილზე, ფსონი ივანიშვილზე. გაქცევა აქედან იქით და იქიდან აქეთ. დატრიალდა კარუსელი, აირია და აიზილა ერთმანეთში აგენტი და პატრიოტი; გაყიდული და გაუყიდავი; უწესო და წესიერი; უპრინციპო და პრინციპული. ეპოქის ტალახს ვერ ასცდა ვერავინ; სუფთა და გაულანძღავი არ დარჩა არავინ. აგრესია ჯერ ცხოვრების წესად ვაქციეთ, შემდეგ – სამშობლოს სიყვარულის სინონიმად, ბოლოს – ერისკაცობის უმთავრეს ნიშნად. თითქმის ყოველ ქართველში იმძლავრა მხეცმა და წამოვიდა წინა პლანზე. თანდათან ჩაქრა სიყვარული, მიმტევებლობა, სულგრძელობა და ქრისტიანული მორალი. მიაწყდა ხალხი ეკლესიას პირჯვრის ჩქარ-ჩქარა წერით, ხელში გრძელი სანთლებით, მკერდზე დაკიდებული ჯვრებით, მაგრამ სულიდან ვერ მოცილებული სიმძიმილ-სიძულვილით ერთმანეთის მიმართ. ყალბ რწმენას რწმენის ნაკლებობა სჯობს, ყალბ პატრიოტიზმს – პატრიოტიზმის ნაკლებობა, ხოლო რეგვენთა პატრიოტიზმის აღზევება დამღუპველია. უხერხულია სამშობლოს სიყვარულზე ლაპარაკი იქ, სადაც ამდენი სიძულვილია, სადაც ამდენი წყევლა-კრულვაა, სადაც უშვერი სიტყვის ასეთი კორიანტელი დგას. საქმე იქამდე მივიდა, რომ მთავრობაში რაღაც სტრუქტურაც კი შექმნეს, სიძულვილის ენის გამოყენებასთან საბრძოლველად, მაგრამ ეს საქმეს ვერ უშველის, პირიქით – ისეთივე კონტრპროდუქტული იქნება, როგორიც ფასების შემცირების  წინააღმდეგ წარმოებული კამპანია გამოდგა, რადგან საქმე, ადამიანთან კი არა, ადამიანში ჩასახლებულ მხეცთან გვაქვს. აღზრდის ფენომენის მნიშვნელობა ჯერ არავის უარუყვია, მაგრამ თვითონ აღზრდა, დიდი ხანია, უარყოფილია. რომელ აღზრდაზეა საუბარი იქ, სადაც ერთმანეთს დააშორეს უფლება და მოვალეობა; როდესაც ადამიანს მხოლოდ მოვალეობას აკისრებენ, იგი მონაა, მაგრამ ადამიანს, როდესაც მხოლოდ უფლებებს აჩეჩებენ სულშიც და ხელშიც, მისგან თავხედსა და მოძალადეს ვიღებთ. უფლებათა და მოვალეობათა ჰარმონიაში ყალიბდება ადამიანი, ყველა სხვა შემთხვევაში იგი ან მონობისთვისაა განწირული, ან სხვათა უფლებების ხელყოფისთვის.

    კაპიტალიზმი ჰარმონიულ ადამიანს ვერ აღზრდის. სისტემა, რომელიც პროდუქციას, ადამიანთა დასაკმაყოფილებლად კი არა, აღებ-მიცემობისა და მოგებისთვის ქმნის, ადამიანსაც ამახინჯებს და საზოგადოებასაც; სისტემა, რომელიც ხალხს სანახაობის სახით გლადიატორთა სისასტიკეს სთავაზობს, რომელიც მონათმფლობელობის ტრენდი იყო, თავადაც მონათმფლობელობაა, ოღონდ შეცვლილი ფასადითა და უცვლელი შინაარსით. პროფესიულ კრივზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს „ბრძოლა წესების გარეშე” რა არის, თუ არა ხალხისთვის სანახაობად მკვლელობის შეთავაზება?! ან ის ნაწილი საზოგადოებისა, რომლისთვისაც ამგვარი ფორმისა და შინაარსის სანახაობა მისაღებია, ძალადობის მსხვერპლი არ არის?! ხალხისთვის ამ სანახაობის შეჩეჩებას, შესაძლებელია, საზოგადოების აღზრდისა და საზოგადოებრივი მორალის ამაღლებისთვის ზრუნვა ეწოდოს? პირიქით, ეს საზოგადოებრივი ცნობიერების ტრავმირება და სოციალური ფსიქოლოგიის მიზანმიმართული დაზიანებაა, გამრუდებაა, გაუხეშებაა. ძალმომრეობის ამ სახეობის დანერგვა-გაფეტიშება, რომელსაც უტიფრად უწოდებენ სპორტს, ძველი წელთაღრიცხვის ეპოქების იმ სისხლიანი სანახაობებისკენ მიბრუნებაა, რომელიც, მართალია, ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ მაინც იმავე ეპოქებში აიკრძალა. მონათმფლობელურ რომის იმპერიაში მეოთხე-მეხუთე  საუკუნეებში უკვე აკრძალული სისხლიანი სანახაობა ოცდამეერთე საუკუნეში, კაპიტალიზმის იდეოლოგების მიერ ადამიანის უფლებებზე ამდენი ყბედობის შემდეგ, აღდგენილი და ფართოდ რეკლამირებულია. დემოკრატიის მექად გამოცხადებული აშშ-ის პრეზიდენტი ტრამპი  პოპულარიზაციას უწევს ამ საშინელებას და მასში საჩოთიროსაც ვერაფერს ხედავს, პირიქით!

    ადამიანი, რომელმაც ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში აღორძინების (რენესანსის) ორი საოცარი საფეხური გამოიარა (აღმოსავლური და დასავლური); ადამიანი,  რომელიც, ასე თუ ისე, ჩასწვდა ტოლერანტობისა და ინტერნაციონალიზმის ცნებებს; ადამიანი, რომელმაც ხელოვნების ისეთი სასწაულები შექმნა, რომ ღმერთამდე ამაღლდა, შეუძლებელია, დღეს გლადიატორული სანახაობის ახალ ფორმებს ქმნიდეს და საკუთარ არსებაში სისხლსმოწყურებულ მხეცს აღვიძებდეს. შეუძლებელია, მაგრამ… როგორ არის შეუძლებელი, როდესაც ეს ჩვენ თვალწინ ხდება და თითოეული ჩვენგანი ამაში ჩართულები ვართ, ვღრიალებთ, ვკანკალებთ, დუჟი გვდის და იმ ქართულ გვარებს გავყვირით, რომლებმაც გამარჯვებას კი მიგვაჩვიეს, მაგრამ ათასწლეულით მოგვისროლეს ისტორიის სიღრმეში.

    ეს მარტივი ამბავი არ არის.

    ძალადობის, სისხლის, ცხოველის ან ადამიანის სიკვდილის (სიკვდილამდე მიყვანის) ხილვით რამე სახის სიამოვნებას თუ იღებთ, ეს საგანგაშო მდგომარეობად მიმაჩნია, მაგრამ, რაკი ამ სფეროში სათანადო ცოდნა არ გამაჩნია, დახმარებისთვის, თქვენი ნებართვით, ხელოვნურ ინტელექტს მივმართავ.

    შეკითხვა:

    – ძვირფასო ინტელექტო! არსებობს თუ არა „სისხლის წყურვილის” ცნება და კონკრეტულად ვისთვის ან რა ვითარებაში?

    პასუხი:

    – დიახ, მანიაკი და სერიული მკვლელების ფსიქოლოგიაში არსებობს კონკრეტული, მეცნიერულად შესწავლილი ფენომენები, რომლებსაც პირდაპირი მნიშვნელობით შეიძლება ვუწოდოთ „სისხლის წყურვილი“. ეს არ არის უბრალო მეტაფორა, არამედ ღრმა ფსიქიკური და სექსუალური პათოლოგიაა. კრიმინალურ ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში ამ მდგომარეობას რამდენიმე ძირითადი ტერმინითა და თავისებურებით აღწერენ:

    1. კლინიკური ვამპირიზმი ანუ რენფილდის სინდრომი

    ეს არის იშვიათი ფსიქიატრიული მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანს უჩნდება სისხლის დალევის ან მასთან შეხების დაუოკებელი, კომპულსიური ლტოლვა. ტერმინი „რენფილდის სინდრომი“ ფსიქიატრმა რიჩარდ ნოლმა დაამკვიდრა;  

    2. ეროტოფონოფილია (Lust Murder / სექსუალური მკვლელობა)

    მანიაკების უმეტესობისთვის მკვლელობის მოტივი არა მატერიალური გამორჩენა, არამედ ძალაუფლების, კონტროლისა და სექსუალური კმაყოფილების მიღწევაა. ეროტოფონოფილიის დროს სისხლისღვრა, წამება და მსხვერპლის დასახიჩრება მკვლელის გონებაში პირდაპირ არის დაკავშირებული სექსუალურ წარმოსახვასთან;  

    3. ჰემატოფილია და სადომაზოხიზმის უკიდურესი ფორმა

    ჰემატოფილია არის სექსუალური ფეტიშიზმი, სადაც სისხლი მთავარი ეროტიული ობიექტია. როდესაც ეს თვისება ერწყმის ანტისოციალურ პიროვნულ აშლილობას (ფსიქოპათიას) და სადისტურ მიდრეკილებებს, ვიღებთ მკვლელს, რომლისთვისაც სისხლის დინება მსხვერპლზე სრული დომინაციის და მისი „სიცოცხლის ძალის“ მითვისების სიმბოლოა.

    ხელოვნური ინტელექტის მიერ მოცემულ განმარტებაში მაინცდამაინც სასიამოვნოს და დამამშვიდებელს ვერაფერს ვხედავ. მოდი, უფრო პირდაპირი შეკითხვაც დავუსვათ.

    შეკითხვა:

    – მანიაკურ მდგომარეობასთან ახლოს ხომ არ იმყოფება ადამიანი, რომელსაც სიამოვნებს ნამდვილი ორთაბრძოლების ყურება? ხომ არ არის ეს საგანგაშო პათოლოგია?

    პასუხი:

    – ე.წ. ბრძოლა წესების გარეშე (იგივე MMA) თავისი არსით არ არის ქაოსური ძალადობა. ეს არის უმკაცრესი წესებით რეგულირებული სპორტული დისციპლინა, რომელიც აერთიანებს საბრძოლო ხელოვნების სხვადასხვა სტილს. როგორც მაყურებლისთვის, ისე მებრძოლებისთვის, მასში სიამოვნების პოვნა სრულად ნორმალური ფსიქოლოგიური მდგომარეობაა.

    მართალი გითხრათ, სხვა პასუხს არც ველოდებოდი, მაგრამ ერთი დაზუსტება მაინც ვთხოვოთ პატივცემულ ხელოვნურ ინტელექტს.

    შეკითხვა:

    – როდის შეიძლება ჩაითვალოს ასეთი ინტერესი პათოლოგიურად?

    პასუხი:

    – ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა პათოლოგიურადაა მიჩნეული, თუ ბრძოლაში მას იზიდავს არა სპორტული მხარე, არამედ:

    * ჰოსტილური (მტრული) აგრესია: როდესაც პიროვნებას სურს, მეორე ადამიანს მიაყენოს ფიზიკური ტკივილი ან ზიანი საკუთრივ სიამოვნების მიღების მიზნით;

    * სადისტური მიდრეკილებები: როდესაც ადამიანი განიცდის სიამოვნებას სხვისი ტანჯვის ყურებით და არ აინტერესებს სპორტული კომპონენტი.

    როგორც ხედავთ, ხელოვნურმა ინტელექტმაც კი, რომელიც გავრცელებული სამეცნიერო აზრიდან იკვებება, აღიარა, რომ ყოველთვის არა, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში თურმე ორთაბრძოლების სანახაობით ტკბობა სერიოზულ ფსიქიკურ პათოლოგიებს უკავშირდება.

    მხეცს არ ძინავს ადამიანში, უკეთეს შემთხვევაში თვლემს-ხოლმე. მისი გაღვიძება უმარტივესად ხდება, მაგრამ გაღვიძების შემდეგ კვლავ მთვლემარე მდგომარეობაში გადაყვანა ძალიან ჭირს. რაბინდრანათ თაგორის დაკვირვებით: „ადამიანი, როცა მასში მხეცი იღვიძებს, მხეცზე უარესია!” ამიტომ ნუ გავაღვიძებთ მხეცს, ეს საშიშია, ვინაიდან იგი არა მხოლოდ რინგზე ორთაბრძოლებად, არამედ მსოფლიო ომებად უბრუნდება კაცობრიობას!

    ვალერი კვარაცხელია

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here