13 ივლისის თავდასხმის შემდეგ დონალდ ტრამპი პრეზიდენტობის კანდიდატიდან ეროვნულ გმირამდე ამაღლდა. იგი ამერიკის შეერთებულ შტატებს კრიზისიდან გამოყვანას და გაერთიანებას, მსოფლიოს კი სამშვიდობო ინიციატივებს ჰპირდება. ეს ისეთი სწორი გზავნილებია, რომ ტრამპის შემჩერებელი, რომელიმე ალტერნატიული პიროვნება კი არა, ტყვიაც ვერ აღმოჩნდა. არჩევნებში ტრამპის უძლეველობა მთელ მსოფლიოსთან ერთად ბაიდენმაც (მის უკან მდგომმა უბნელესმა და უბოროტესმა ძალამაც) დაიჯერა და სენსაციური განცხადება გააკეთა, რომლითაც ამერიკელ ხალხს მიმართა: „უდიდეს ბედნიერებას მგვრიდა, ვყოფილიყავი თქვენი პრეზიდენტი. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობდი, ხელახლა აგერჩიეთ, ჩემი პარტიისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად, მიმაჩნია, უნდა გადავდგე და დარჩენილი ვადის განმავლობაში მთელი ყურადღება ჩემი საპრეზიდენტო მოვალეობების შესრულებაზე გავამახვილო“. ერთი სიტყვით, კანდიდატობიდან გადავდგები, პრეზიდენტად კი ვადის ამოწურვამდე დავრჩებიო.
ცოტა ხნის შემდეგ პრეზიდენტმა ბაიდენმა მეორე განცხადებაც გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „დღეს მინდა გამოვხატო ჩემი სრული მხარდაჭერა და თანხმობა, რომ კამალა (ჰარისი – ვ.კ.) იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი. დემოკრატებო, დროა, გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი”.
რა თქმა უნდა, დონალდ ტრამპის კომენტარმაც არ დააყოვნა: „ბაიდენი ყოველთვის შეუფერებელი იყო თანამდებობისთვის, რაც შეეხება კამალა ჰარისს, მისი დამარცხება კიდევ უფრო ადვილია”. ასეთია სურათი იმ მოვლენებისა, რომლებიც 21 ივლისს აშშ-ში დატრიალდა და ელვის სისწრაფით მოეფინა მსოფლიოს.
რას ნიშნავს ეს? თუკი ჯერ კიდევ ორი კვირის წინათ ბაიდენი აშკარა უარზე იყო, რომ ეს საკითხი თუნდაც განეხილა, ახლა რატომ მიიღო (მან მიიღო?) ეს გადაწყვეტილება? საერთოდ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
საჯარო დებატების შემდეგ, რომელშიც კანდიდატმა ტრამპმა მოქმედ პრეზიდენტ ბაიდენს ბდღვირი ადინა და მიწაზე ათრია, ცხადი შეიქნა, რომ ტრამპის გამარჯვება გარდაუვალი იყო, ანუ ბაიდენს დამარცხება არ ასცდებოდა. გლობალურმა ომის პარტიამ, რომელსაც ტრამპი უპირისპირდება, აშკარად დაინახა, რომ საფრთხე რეალურია. მათაც არ დააყოვნეს და ასეთი შემთხვევებისთვის ყველაზე ნაცად მეთოდს, ფიზიკურ ტერორს, მიმართეს. სნაიპერის შაშხანიდან ნასროლმა ტყვიამ ობიექტს მარჯვენა ყურის ნიჟარა გაუხვრიტა. ობიექტი ფიზიკურ ლიკვიდაციას გადაურჩა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამერიკაში ტრამპის სახით იმავე წამს იშვა ეროვნული გმირი და ლიდერი, რომელიც დიდი ხანი არ ჩანდა…
ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპი შეკრთა. სიტყვა არ ჭრის, ტყვია მიზანს სცდება. მართალია, პირიდან ცეცხლს ჯერ კიდევ ვაფრქვევ, მაგრამ მისი აღარავის ეშინია. ეს რა უბედურებაა? – გაიფიქრა მან და ბრაზისგან ისეთი ცეცხლი ამოაფრქვია, რომელიც ევროპასა და აზიას მისწვდა, მაგრამ უბედურება ის იყო, რომ ამ უაზრო და თვითმიზნური ცეცხლისფრქვევის გამო ყურიც კი არავის შეუბერტყავს. ერთადერთი, ვინც ამ ცეცხლისფრქვევისა და მისი შედეგების გამო შეშფოთდა, თვითონ დასავლური გველეშაპი იყო. იცოდა, რომ მის მიმართ ნდობა, პატივისცემა, მოწიწება და სხვა მისთანები დიდი ხნის წინათ იყო გამქრალი, მაგრამ შიში არსებობდა. ახლა ამის დაკარგვის აშკარა საფრთხეც იგრძნო. ,,ეჰ, ასე თუ გაგრძელდბა, ჩემი გველეშაპობაც კი ეჭვქვეშ დადგება!’’ – გაუელვა თავში შემაშფოთებელმა აზრმა. დადარდიანებულს იმით, რომ შემზარავი რეალობა გარედან კი არ მოდიოდა, აქვე, შიგნით, მის სამფლობელოში იბადებოდა, კიდევ ერთხელ მოუნდა პირიდან იმ მასშტაბის ცეცხლის ამოფრქვევა, ყველა კონტინენტსა და ყველა ოკეანეს ერთიანად რომ გადაუვლიდა და პლანეტას ძველებურად მოაქცევდა შიშის კლანჭებში. შინაგანი ძალა მოიკრიბა, სხეული უშნოდ დაძაგრა, მუცელი უზომოდ გაზარდა, ფილტვები დასკდომამდე დაბერა, თვალები საშინლად გადმოკარკლა, პირი, არასდროს რომ არ დაუფჩენია, იმხელაზე დააფჩინა და საპლანეტო ცეცხლის ამოფრქვვა სცადა. მისდა გასაკვირად, ცუნამებისა და მიწისძვრების გამომწვევი ცეცხლის ამოფრქვევის ნაცვლად, სუსტი და ცარიელი ხავილი ამოუშვა, რომლის ექო სამიოდე შტატს თუ მისწვდა, როგორც უძლიერესი მიწისძვრის შემდეგ წარმოშობილი სუსტი ბიძგების სერია სწვდება ეპიცენტრის ახლო პერიმეტრს. მოეშვა, მოდუნდა, მოითენთა, მთელ სხეულში ავისმომასწავებელი დაღლილობა იგრძნო, თავი დაუმძიმდა და დაუძლეველი თვლემა და რული ჩამოაწვა…
ამ დროს ევროპა ბორგავდა.
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი: „ჩემმა მეგობარმა ჯო ბაიდენმა ბევრს მიაღწია მისი ქვეყნისთვის, ევროპისთვის, მსოფლიოსთვის. მისი წყალობით ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა მჭიდრო, ნატო ძლიერი, აშშ კი ჩვენთვის კარგი პარტნიორი გახდა. მისი გადაწყვეტილება, რომ აღარ იყაროს კენჭი ახალი ვადით, პატივისცემას იმსახურებს.”
პოლონეთის პრემიერმინისტრი დონალდ ტუსკი: „პატივცემულო პრეზიდენტო, თქვენ ბევრი რთული გადაწყვეტილება მიიღეთ, რომლის შედეგადაც პოლონეთი, აშშ და მთელი მსოფლიო უსაფრთხოა, დემოკრატია კი ძლიერია. მე ვიცი, რომ თქვენ იგივე მოტივაცია გამოძრავებდათ, როდესაც თქვენს ამ ბოლო გადაწყვეტილებას იღებდით.”
ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი: „მე ვიცი, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, როგორც მთელი მისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში, მიიღო ამერიკელი ხალხისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება.”
ესპანეთის პრემიერმინისტრი პედრო სანჩესი: „ეს იყო ვაჟკაცური და ღირსეული გადაწყვეტილება.”
ჩეხეთის პრემიერმინისტრი პეტრე ფიალა: „ეს საპასუხისმგებლო და მძიმე ნაბიჯი იყო, მაგრამ ამითვე უფრო ღირებული და დასაფასებელი.”
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი: „პოლიტიკა არასოდეს ყოფილა ასე საინტერესო.”
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი: „ჩვენთვის მნიშვნელოვანია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მიზნის მიღწევა და არა ის, ვინ იქნება ამერიკის პრეზიდენტი.”
ამერიკაში კი დაღლილ-დაქანცულ გველეშაპს ეძინა და საშინელ სიზმრებს ხედავდა:
რუსეთმა უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული ტანკები, თვითმფრინავები და საზენიტო დანადგარები პირწმინდად გაანადგურა;
უკრაინელმა ხალხმა გამოღვიძება დაიწყო და ძაღლთაპირ ზელენსკის, როგორც უკრაინელთა დაუნდობელ მტერს, აუჯანყდა. ზელენსკი სადღაც გადაიკარგა თუ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა”.
რუსეთმა, ჩინეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, არგენტინამ, ირანმა, არაბულმა სამყარომ, საბჭოთა რესპუბლიკებმა და ბრიჩსის სხვა სახელმწიფოებმა ახალი მსოფლიო წესრიგი ჩამოაყალიბეს;
ნატოს რღვევა დაიწყო;
ევროკავშირი დაიშალა;
საქართველოში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალება გაშიფრეს და დამნაშავეები, რომელთა შორის უმრავლესობას უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ მებრძოლი არამზადები წარმოადგენდნენ, ციხეში ჩაყარეს;
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში სნაიპერის შაშხანით ყურგახვრეტილმა დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.
გველეშაპს ოფლი ასხამდა, თავი უსკდებოდა, გულ-მუცელი ეწვოდა და სხეული უცახცახებდა.
– აგონიაშია! – დაასკვნა თეთრხალათიანმა ექიმმა, რომელიც გველეშაპის სანახავად მოვიდა.
– აგონიაშია… აგონიაშია… აგონიაშია! – გაიმეორეს დასავლეთის ენაჭარტალა ჟურნალისტებმა.
– აგონიაშია! – თანდათანობით სრულიად მსოფლიოს მისწვდა ეს სენსაციური ამბავი.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ერთადერთი, რაც შეიძლება ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და, შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც”.
ვალერი კვარაცხელია