თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძეს. პროკურატურამ იგი სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლით 22 ოქტომბერს დააკავა და ბრალის დადასტურების შემთხვევაში ორიდან ოთხ წლამდე ციხე ემუქრება.
პროკურატურა ჩუბინიძეს ედავება, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის „აზერბაიჯანისთვის გადაცემის“ შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებამ საზღვრის დამდგენ კომისიას მუშაობაში ხელი შეუშალა.
დიტო ჩუბინიძე ბრალს არ აღიარებს. სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ მისი გათავისუფლება მოითხოვა, რომელიც მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, ერთ-ერთი მოტივი იყო ის, რომ ბრალდებულს შეეძლო მტკიცებულებები გაენადგურებინა.
„მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური ტყვე. მე სამშობლოსთვის არ მიღალატია. არავითარი საბოტაჟი არ ჩამიდენია… ჩიჩხიტურის კოშკთან დგას უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარი და მე აზერბაიჯანის ჯარს ვერანაირი მტკიცებულებით ვერ გავანადგურებ. არა ვარ მე საშიში კაცი, არც გამქცევი და დამმალავი კაცი. ამ სასამართლოდან მე გამოვალ გამართლებული… ეს არის სახელმწიფოს ძალადობრივი აქტი ჩემი, როგორც პროფესორისა და ჟურნალისტის, წინააღმდეგ“, – განაცხადა დიტო ჩუბინიძემ სასამართლოზე.
წლის დასაწყისში დიტო ჩუბინიძემ ჩაწერა ინტერვიუ ლაზარე ჯორბენაძესთან. ამ ინტერვიუდან ორიოდე თვეში ჯორბენაძე გარდაიცვალა. რესპონდენტი ამტკიცებდა, რომ დავითგარეჯა “გაყიდულია“ და ამის დამადასტურებელი დოკუმენტი საკუთარი თვალით აქვს ნანახი. ინტერვიუში ის მოქმედ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის საქმიანობას აკრიტიკებდა, კობახიძის წინამორბედს, პატიმარ ირაკლი ღარიბაშვილს კი დადებითად წარმოაჩენდა.
პროკურორი ბექა კვიციანი:
„ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული სახელმწიფო ტერიტორიის მეზობელი სახელმწიფოსთვის გადაცემის გამოგონილი ამბავი საზოგადოებაში რეალური აღქმის შესაქმნელად, დომენტი ჩუბინიძემ მისი რესპონდენტის (ლაზარე ჯორბენაძის) გარდაცვალება არაერთგზის დაუკავშირა მკვლელობას შურისძიების ნიადაგზე, რაც თითქოსდა გამოწვეული იყო ლაზარე ჯორბენაძის მიერ პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მამხილებელი ინფორმაციის გასაჯაროებით”.
როგორც ჩუბინიძის ადვოკატმა ნონა ფილაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჩუბინიძე ირაკლი ღარიბაშვილს არც კი იცნობს, მასთან არანაირი შეხება არ ჰქონია. ადვოკატი ზაზა ხატიაშვილის განცხადებით,ჟურნალისტის დაკავება სტატიაში გამოთქმული მოსაზრებების ან რესპონდენტის ციტირების გამო არღვევს ადამიანის უფლებათა კონვენციას; მისი თქმით, ევროპული კონვენციის მეათე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას, გააკეთოს არა მხოლოდ ისეთი განცხადებები, რომლებიც საზოგადოებისთვის არის მისაღები, არამედ ისეთიც, რომელსაც საზოგადოება აღიქვამს, როგორც შოკისმომგვრელს, გამაოგნებელს ან შეურაცხმყოფელს.
ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ჩუბინიძის დაპატიმრება პოლიტიკურად არის მოტივირებული, მათ შორის სხვა ჟურნალისტების დასაშინებლად. „დომენტი ჩუბინიძე თუ წავა ციხეში, სხვა ჟურნალისტებისთვის ეს იქნება მსუსხავი ეფექტი“, – განაცხადა მან.
სასამართლოს სხდომაზე საქმის პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა, რომ ჩუბინიძისთვის წაყენებული ბრალდება მის ჟურნალისტურ საქმიანობას არ უკავშირდება:
„მისი ქმედებები ცალსახად არის გამიჯნული მისი ჟურნალისტური საქმიანობისგან. ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები, რაც საქმეში ასევე მტკიცებულების სახით არის წარმოდგენილი, და ამან, რა თქმა უნდა, არსებითად დააზიანა სახელმწიფოს ინტერესები“.
ასეთია საქმის გარემოება, რომელიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ტრიალებს.
მართალი გითხრათ, დიტო ჩუბინიძეზე სულაც არ ვარ მაღალი აზრის. ამას ხაზი იმიტომ გავუსვი, რომ ის, რასაც შემდეგ ვიტყვი, მკითხველმა ჩუბინიძის მიმართ ჩემი კოლეგიალური გრძნობებით ან მის მიმართ ჩემი კეთილგანწყობით არ ახსნას. არაფერი მსგავსი არ ხდება, ჩემი რეაქცია გაოცებით არის გამოწვეული, გაოცებითა და უსამართლობით. რა საბოტაჟი, რა სამშობლოს ღალატი?! დემოკრატიულ ქვეყანაში რის გამო დააპატიმრეთ ჟურნალისტი – შეკითხვის დასმის გამო? საკითხის დაყენების გამო? რესპონდენტის ნათქვამის გამო? საბოტაჟი რას ჰქვია? უცხო სიტყვათა ლექსიკონში ტერმინი ასეა განმარტებული: „რაიმე საქმის წინასწარ განზრახვით ჩაფუშვა მასში მონაწილეობისაგან თავის არიდებით ან მისი არაკეთილსინდისიერი შესრულებით”. ერთადერთი, რაც ჩუბინიძეს შეეძლო ჩაეფუშა, ალბათ, სარედაქციო საქმის ის მიმართულება იქნებოდა, რომელიც პირადად მასზე იყო დამოკიდებული. საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეს ჩუბინიძე, ძალიანაც რომ მოენდომებინა, როგორ ჩაშლიდა, როგორ დააზიანებდა, როგორ შეაფერხებდა და როგორ ჩაფუშავდა? ამ პრინციპით ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელიც ამა თუ იმ სფეროს საქმიანობაზე კრიტიკულ მასალას გამოაქვეყნებს, შეგიძლიათ ბრალი საბოტაჟის მოწყობასა და სამშობლოს ღალატში დასდოთ, მაგრამ სად წაგვიყვანს ეს პროცესი?!
ზოგჯერ ამ ფაქტს გასული საუკუნის ოცდაჩვიდმეტი წლის მოვლენებს ადარებენ, რაც საფუძველშივე მცდარია. ის მოვლენები დემოკრატიულ სახელმწიფოში არ ვითარდებოდა. სრულიად ახალი (სოციალისტური) სისტემის დამკვიდრების ვითარებაში დემოკრატია თანამედროვე გაგებით (სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება) არავის გამოუცხადებია. იმ დროს საზოგადოების თითოეულმა წევრმა იცოდა, რა წესები მოქმედებდა, დღეს კი დემოკრატიაა გამოცხადებული, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება კონსტიტუციაში გვიწერია, მაგრამ, როგორც ირკვევა, ჟურნალისტებს შეკითხვის ან საკითხის დასმის გამო ციხეში უშვებენ. ამ თვალსაზრისით, პროცესი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, უარესია, ვიდრე ის, რაც ათას ცხრაას ოცდაჩვიდმეტ წელს ხდებოდა. თავისთავად ვითარება კი არ არის უარესი, უარესია ის , რომ იმხანად ისე თუ მოქმედებდნენ, როგორც გაცხადებული ჰქონდათ, დღეს იმის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, რაც გაცხადებული აქვთ.
არ ვარგა ეს მიდგომა!
არ ვარგა თუნდაც იმიტომ, რომ იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება საჯაროდ აცხადებს დასავლეთის აგენტურის არსებობის შესახებ, იერიში სხვა რამეზე მიაქვს. დასავლეთის ღია აგენტურა თავისუფლად დაპარპაშებს. მას, საქმეში საპარლამენტო სპეციალური კომისია ან საკონსტიტუციო სასამართლო თუ არ ჩაერია, ხმას უბატონოდ ვერ სცემენ. აქეთ კი ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს ისე აპატიმრებენ, რომ წარბსაც არ შეიხრიან, ვინაიდან ამ ადამანებს ქვეყნის გარეთ პატრონი არ ჰყავთ. სააკაშვილისა და მისი ფაშისტური ხროვის უკან მთელი დასავლეთი დგას, მაგრამ დიტო ჩუბინიძის უკან – არავინ, რადგან იგი არავისთვის არ მუშაობს. მას სამშობლოს ტკივილი ამოძრავებს და ამ ტკივილმა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განაწყო.
დიტო ჩუბინიძის „საბოტაჟი” ღიმილის მომგვრელი იქნებოდა, იმ მტკივნეულ რეალობაზე რომ არ მიუთითებდეს, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ქვეყნის უსაფრთხოების დაცვასთან და მხოლოდ იმ ადამიანთა უსამართლო დევნის კამპანიაა, რომლებსაც გულშიც კი არასოდეს გაუვლიათ სამშობლოს ღალატი. როდესაც ქვეყანაში მსგავსი პროცესები იწყება, იქ მმართველ ძალას გაცილებით მეტად უჭირს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ამას კრიზისი ჰქვია – პოლიტიკური და სახელისუფლებო კრიზისი.
დავით გარეჯის პრობლემა თუ არ დგას, ამის დასამტკიცებლად ჩუბინიძის დაჭერა კი არ იყო საჭირო, საკმარისი იყო, მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენელს ჟურნალისტები (მათ შორის დიტო ჩუბინიძეც) ჩაეყვანა ადგილზე და ეჩვენებინა, რომ ქართულ დელეგაციას, ტურისტულ ჯგუფსა თუ ცალკეულ პიროვნებებს ამ ადგილებისა და სიწმინდეების მონახულებაში ხელს არავინ უშლის – არც ადგილობრივი და, მით უფრო, არც აზერბაიჯანელი ფორმიანები. ეს უფრო ადვილი არაა, ვიდრე ადამიანის (თანაც ჟურნალისტის) დაპატიმრება?!
ხელისუფლებამ, გონიერება თუ ეყოფა, ორი ადამიანი უნდა გაუშვას – დიტო ჩუბინიძე ციხიდან, დიტოს დამჭერი კი (ვის თავშიც ეს სისულელე „მოიხარშა”) – თანამდებობიდან. სამწუხაროდ, ამდენ გონიერებას ვერ ვატყობ ხელისუფლებას. ამ დაპატიმრებებში გონიერებაზე მეტად აგონიის ნიშნები იკვეთება.
ვალერი კვარაცხელია







