2026 წლის 21 ოქტომბერს საკონსტიტუციო სასამართლომ ,,ნაციონალური მოძრაობისა” და კიდევ რამდენიმე პარტიის აკრძალვის საქმის განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოში ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებად არ სხედან ის ადამიანები, რომლებიც რამდენიმე თვის განმავლობაში კომისიაში მუშაობდნენ და ნაცების შავბნელ საქმეებს იკვლევდნენ, მაგალითად, თეა წულუკიანი და სოზარ სუბარი.
რატომ მოხდა ასე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ ძალიან გამიკვირდა, რომ თეა წულუკიანი არ არის სასამართლოზე. ბევრს აინტერესებს, რატომ არ იცავს თეა წულუკიანი პარლამენტში წარდგენილ თავის ანგარიშს, მაგრამ ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და რა გაეწყობა, თუმცა უფრო უპრიანი იქნებოდა, კომისიის ანგარიში ვინც გამოაქვეყნა, მასვე დაეცვა, ასე უფრო გასაგები და ეფექტიანი იქნებოდა.
_ უნდა ვაღიაროთ, რომ მოსამართლეები და დაცვის მხარის ზოგიერთი წარმომადგენელი სააკაშვილის რეჟიმისდროინდელები არიან…
_ ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებ პორტირებულ ნაცებს სასამართლოშიც და პარტიაშიც, რადგან იმ ბარბაროსული რეჟიმის შესახებ ყველამ იცოდა. იცოდნენ, რა დღეში იყო ხალხი, არ ვამბობ, რომ ყველა გმირი ყოფილიყო, გამიჯვნოდა რეჟიმს და უმუშევარი დარჩენილიყო, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათ გადაწყვიტეს, მომსახურებოდნენ იმ რეჟიმს, რომელსაც ქართველმა ხალხმა სისხლიანი და ფაშისტური უწოდა.
_ საზოგადოება სკეპტიკურად არის განწყობილი, ფიქრობს, რომ ,,ნაცმოძრაობას” არ აკრძალავენ, რადგან დიდი აჟიოტაჟით დაწყებული ეს პროცესი მინელდა…
_ ქართველი საზოგადოების სკეპტიციზმს იწვევს ის, რომ ხალხი 2012 წლიდან ელოდა ამ პროცესს, მაგრამ ძალიან გაჭიანურდა, ეს დაპირების დაგვიანებით შესრულებაა… დაველოდოთ შედეგებს, არ მგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საეჭვო იქნება, რადგან ,,ნაცმოძრაობის” აკრძალვაზე უარის თქმა ძალიან ცუდად იმოქმედებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯზე.
ახლა საუბარია იმაზე, რომ პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არარელევანტურია, რაც სისულელეა, რადგან მსგავსი რამ ბევრგან მოხდა. ეს ქართველი ხალხის ნებაა და ამ ნებას ვერავენ შეეწინააღმდეგება. თუ დასავლეთი არადემოკრატიულად შეაფასებს, თვითონვე დაზარალდება. დასავლეთს ხმა არ ამოუღია, როდესაც მსგავსი პრეცედენტი მოლდოვასა და უკრაინაში მოხდა, თანაც იმ ქვეყნებში ნაკლებად მავნებლური პარტიები აკრძალეს, ჩვენთან კი ხალხმა ,,ნაციონალური მოძრაობა” შეაფასა, როგორც სისხლიანი რეჟიმი. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლო ვალდებულია, მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ხალხის ნებას აღასრულებს.
_ ქართველს ხალხს გაუხარდება ,,ნაცოძრაობისა” და მასთან ასოცირებული პოლიტიკოსების მოღვაწეობის აკრძალვა, მაგრამ არ მოსწონს პოლიტიკოს გულბაათ რცხილაძისა და ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის დაპატიმრება…
_ დიტო ჩუბინიძის დაპატიმრებას რამდენიმე მხარე აქვს. სიმართლე გითხრათ, დიტო ჩუბინიძის დაპატიმრებასა და გულბაათის საქმეს შორის ტოლობის ნიშანს ვერ დავსვამ…
ჩუბინიძემ ინტერვიუ ჩაწერა არაჯანსაღ ადამიანთან, რომლის ინფორმაციამაც დააზიანა პრემიერი. ჩუბინიძის მიერ მოპოვებული ინფორმაცია არანაირ დოკუმენტს არ ეფუძნებოდა. დიტოს დაპატიმრებამდე ვთქვი, რომ საკმარისი მტკიცებულებები არ იყო დავითგარეჯის საქმეზე… ამის მუხედავად, ჟურნალისტის დაპატიმრება, მსუბუქად რომ ვთქვათ, ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ არის…
ყველა ამბობს, რომ ლაზარე ჯორბენაძე არ იყო ჯანსაღი ადამიანი და ჟურნალისტს ამისთვის ყურადღება უნდა მიექცია. როდესაც რესპოდენტი გეუბნება, რომ ფაქტი არ აქვს, ეს საქმედ არ უნდა აქციო… ჩანდა ისე, თითქოს ჟურნალისტი დაინტერესებული მხარე იყო.
ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ ინტერვიუ ჩაწერა _ ეს მისი საქმიანობაა და ამისთვის დაპატიმრება არ შეიძლება, მაგრამ არის მეორე მხარეც: მან ამ საქმის განვრცობა დაიწყო ისე, რომ არ ჰქონდა მტკიცებულება. ის ბრალს სდებდა საქართველოს პრემიერმინისტრს სამშობლოს ღალატში, მიწის გაყიდვაში, სიწმინდის ხელყოფაში ისე, რომ ფაქტი არ ჰქონია, გარდა ერთი არაჯანსაღი ადამიანის ნათქვამისა.
_ დიტო ჩუბინიძე ვინმესგან ხომ არ იყო წაქეზებული? ამაზე ახლა ბევრი ალაპარაკდა…
_ ვფიქრობ, დიტო ჩუბინიძემ სერიოზული შეცდომა დაუშვა. მან დააზიანა პრემიერმინისტრის რეპუტაცია… რა გითხრათ, არ ვიცი, წააქეზეს?
როდესაც შენი ქვეყანა გარედან ძალიან დიდ შემოტევას განიცდის და ამ დროს აზიანებ პრემიერმინისტრის რეპუტაციას, ცუდია… ვერ ვხვდები, დიტოს როგორ დაემართა ეს _ ცილისწამებასა და საბოტაჟზე როგორ წავიდა?!
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







