2003 -2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით მუშაობა 2025 წლის თებერვალში დაიწყო და პარლამენტს ანგარიში ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრების დანაშაულებისა და ამ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შესახებ იმავე წლის 2 სექტემბერს წარუდგინა. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა აიკრძალოს თუ არა ,,ნაციონალური მოძრაობა” და მასთან ასოცირებული პარტიები.
დამნაშავე პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობის აღკვეთის მოლოდინში საზოგადოება ხედავს, რომ ნაცების გარდა აპატიმრებენ პატიოსან, ნაცების მოძულე და სამშობლოსთვის თავდადებულ ადამიანებს _ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს…
აკრძალავენ თუ არა ,,ნაციონალურ მოძრაობას”? დაჭერების სერიის გაგრძელების შემთხვევაში მივიღებთ თუ არა ისეთივე დიქტატურას, როგორიც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში იყო? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საზოგადოებრივი აქტივისტი, ანალიტიკოსი ირაკლი დოჭვირი გვესაუბრება:
_ ,,ნაციონალური მოძრაობის” გასამართლება დაგვიანებულია, თუმცა საქართველოს მთავრობა საერთოდ ყველაფერში იგვიანებს. მაგალითად, რუსეთთან ურთიერთობის საკითხშიც დააგვიანა და მხოლოდ ახლა, როგორც იქნა, დანიშნა პრემიერმინისტრმა თავისი წარმომადგენელი. ეს დანიშვნა დაგვიანებულია, თანაც კადრი არ არის ჯეროვანი.
ჩვენ გვყვანან ისეთი სუფთა ადამიანები, რომლებსაც რუსულმა მხარემ შეიძლება ნდობა თვალდახუჭულმა გამოუცხადოს. ასეთად რამდენიმე პიროვნება მიმაჩნია, მათ შორისაა გულბაათ რცხილაძე, რომელიც ახლა გაუგონარი მიზეზებით ზის საპყრობილეში. გულბაათს კიდევ ბევრჯერ ვახსენებ, რადგან ამ უნამუსო ქვეყანაში ის იყო, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი ნამუსიანი ადამიანი, მართალი, პატრიოტი, სპეტაკი და პირდაპირი კაცი. მას ჰქონდა მკაცრად ჩამოყალიბებული ლოგიკური და მონოლითური აზროვნება, დღევანდელ საქართველოში კი სწორედ ეს წარმოადგენს დამცირების, აბუჩად აგდებისა და დევნის მიზეზს.
დავუბრუნდეთ აბსურდულ კომისიას, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებასა და შესაძლო დანაშაულებს კი არ იკვლევდა, არამედ მისი დანიშნულება იყო ომის ჩაფარცხვა. სააკაშვილის მაღალჩინოსნებს წულუკიანი ერთადერთ კითხვას უსვამდა: რატომ ვერ უზრუნველყვეს კონფლიქტის ზონიდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია? ეს იყო ამ კომისიის სამარცხვინო მთავარი კითხვა.
მახსენდება დაკითხვაზე დაბარებული ცინდელიანის დედა, რომელმაც ერთხელ კიდევ გაიხსენა ის დღე… მან შვილის მკვლელობაში ბრალი დასდო დათა ახალაიასა და აფხაზეთის კუდის უფროს რომან შამათავას. შავოსანი დედა შინ არც იქნებოდა მისული, რომან შამათავა რომ გაათავისუფლეს ციხიდან. რეალურად ეს იყო წულუკიანის კომისიის მუშაობის შედეგი. რა თქმა უნდა, ,,ნაცმოძრაობამ” იმდენი ღალატი ჩაიდინა სამშობლოს წინაშე, რომ უნდა აიკრძალოს, მაგრამ ამ თემამ უკვე დაკარგა საზოგადოების ინტერესი იმის გამო, რომ ამ დამნაშავე პარტიის ნამოღვაწარი პირები ახლა ,,ოცნებაში” არიან გადაბარგებულნი, ანუ ნაციონალები ისევ ხელისუფლებაში არიან. მთავრობიდან, პარლამენტიდან, მერიებიდან კი ,,ოცნების” ძველი სახეები გამოყარეს, რომლებმაც 2012 წელს ჯოჯოხეთი გამოიარეს.
_ ნაცების აკრძალვას ველოდით და ჯერ გულბაათ რცხილაძე დააპატიმრეს, შემდეგ _ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე… არის თუ არა საქართველოში დიქტატურის დამყარების საშიშროება ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის პერიოდში იყო?
_ სანამ ,,ნაცმოძრაობის” აკრძალვას დააპირებდა მთავრობა, თავისივე პრემიერმინისტრი, აგრეთვე, უშიშროებისა და თავდაცვის მინისტრები დაიჭირა, ამას გულბაათ რცხილაძის დაპატიმრება დაერთო და ახლახან დიტო ჩუბინიძეც დაემატა. მანამდე კი _ პაატა ბურჭულაძე, მიშა სააკაშვილი, გიორგი ბარამიძე და სხვები, მაგრამ არაფერს ვიტყვი ამ დაჭერებზე, როგორც დათა თუთაშხია ეუბნება თიყვას: ,,კახპა დედაკაცების საქმეში ჩარევა რა ვაჟკაცის წესია?!”
გულბაათ რცხილაძეს სხვებს ვერ შევადარებ. ის არის სხვა განზომილება. მას არ სჩვევია მტრების შეურაცხყოფაც კი, არც უცენზურო სიტყვებით საუბარი. ის გამოირჩევა თავისი მოკრძალებული, მაგრამ მართალი და პირდაპირი აზრით. მხოლოდ გულბაათ რცხილაძე რომ დაეპატიმრებინა, ამ მთავრობას ისიც ეყოფოდა დიქტატურის აშკარა მტკიცებულებად; დიქტატურისა, რომელიც შესაძლოა, მალე ტერორშიც გადაიზარდოს.
_ ხელისუფლება დემოკრატიასა და სუვერენიტეტზე ლაპარაკობს, არის კი ეს ქვეყანა სუვერენული და დემოკრატიული?
_ საქართველო არც სუვერენული ქვეყანაა და არც ვინმეს ვასალი. ის სადღაც შუაშია… მთავრობა ცდილობს, თავისი წესებით ითამაშოს, მაგრამ ვიღაცის ინტერესებს მუდამ ითვალისწინებს. პირველ რიგში, ეს იქიდან ჩანს, რომ რუსეთისკენ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ, როგორც კი ამერიკამ რუსეთთან დიზელის მიწოდების ხელშეკრულება გააფორმა, ჩვენმა მთავრობამაც დრო იხელთა და მეორე დღესვე დანიშნა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი. თუ ამერიკას გაურთულდება რუსეთთან ურთიერთობა, ჩვენი მთავრობაც შესაბამის ზომებს მიიღებს. ევროპის დომინანტური უღლისგან კი საქართველო საბოლოოდ გათავისუფლებულია მას შემდეგ, რაც უკრაინასთან ომში ჩართვაზე უარი განაცხადა.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







