
28 ოქტომბერს მოსკოვში, ,,პრეზიდენტ-ოტელში“, სამი მაგიური სიტყვა გაისმა: „რუსთა და ქართველთა ერთობა”. ამ სიტყვებმა მაგიური მნიშვნელობა საუკუნეების წინათ შეიძინა, როდესაც გეორგიევსკის ტრაქტატი გაფორმდა, რომელიც საქართველოს ფიზიკური გადარჩენის წინაპირობად და გარანტად იქცა.
„რუსეთმა ტრაქტატით გათვალისწინებული პირობა დაარღვია!” – მესამე საუკუნეა, მოგვჩხავის შავი ყორანი („უკან მომჩხავის ავბედითი შავი ყორანი” – ნიკოლოზ ბარათაშვილი). ძალას, რომლის სიმბოლოსაც „შავი ყორანი” წარმოადგენს, დღემდე რომ არ უკარგავდეს მოსვენებას გადარჩენილი საქართველოს ფაქტორი, ძალიანაც გაიხარებდა, რადგან ამას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად გაცილებით ეფექტიანად გამოიყენებდა, მაგრამ თვითონ ფაქტი საქართველოს გადარჩენისა, ყორნის ჩხავილს ძალასაც აცლის და აზრსაც უკარგავს. შავი ყორნის წინააღმდეგ ერთხელ და სამუდამოდ ამხედრებულმა ნიკოლოზ ბარათაშვილმა ისეთი ბეჭედი დასვა მეფე ერეკლეს საგარეო ორიენტაციის ისტორიულ მნიშვნელობაზე, რომ მის ფონზე ყველა ჩხავილი და ყრანტალი უფერულდება:
„აჰა აღსრულდა ხელმწიფური აწ აზრი შენი,
და ვსჭამთ ნაყოფსა მისგან ტკბილსა აწ შენნი ძენი”.
რა უნდა უქნან ამას? როგორ გააქრონ ისტორიიდან ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტის შედეგზე გენიალური პოეტის მიერ დასმული ეს უმტკიცესი ბეჭედი? როგორ ამოშანთონ ბარათაშვილის მიერ გაცხადებული ეს ჭეშმარიტება ქართული ეროვნული სულიდან, ცნობიერებიდან და მეხსიერებიდან? ძვრაც ვერ უქნეს. დასავლეთის მიერ გულუხვად დაფინანსებული და სიგიჟემდე მისული მცდელობის მიუხედავად, ვერც ერეკლეს სახელი შებღალეს და ვერც მისი საგარეო ორიენტაციის სისწორეს მოსცხეს ჩირქი.
ესოდენ მაღალი შეფასება ერეკლეს საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციისთვის მხოლოდ ნიკოლოზ ბარათაშვილს არ მიუცია. ილია ჭავჭავაძე თავის ცნობილ პუბლიცისტურ წერილში „ასის წლის წინათ ანუ პირველად შემოსვლა რუსის ჯარისა ტფილისში” წერდა:
„ესე შემოვიდა რუსის ჯარი ტფილისში…
ამ ღირსსახსოვარ დღიდან საქართველომ მშვიდობიანობა მოიპოვა. შიში მტრისა ერთმორწმუნე ერის მფარველობამ გაუფანტა. დამშვიდდა დიდი ხნის დაუმშვიდებელი, დაღალული ქვეყანა, დაწყნარდა აკლებისა და აოხრებისაგან, დაცხრა ომისა და ბრძოლისაგან. დადუმდა ჟღერა ხმლისა და მახვილისა, მტრისა ხელით მოღერებულისა ჩვენზე და ჩვენს ცოლ-შვილებზე, გაჰქრა ცეცხლი, რომელიც სწვავდა და ჰბუგავდა ჩვენს მამა-პაპათა ბინას, ჩვენს საცხოვრებელს, გათავდა რბევა და აკლება, მიეცა წარსულს და მარტო საშინელ და შემაძრწუნებელ სახსოვრად-ღა დაგვრჩა.
დაუდგა ახალი ხანა, ხანა მოსვენებულის, უშიშარის ცხოვრებისა, სისხლდანთხეულ და ქრისტეს ჯვრისათვის ჯვარცმულ საქართველოს, რომელიც ღმერთმა სააქაო სამოთხედ გაუჩინა ადამიანს და კინაღამ ერთ დიდ სასაფლაოდ არ გადაექცია მისს თავდადებულ შვილებს, რომელნიც უმწეოდ, უნუგეშოდ, ყველასაგან შორს მარტოდ-მარტო იხოცებოდნენ ქრისტეს სარწმუნეობის სადიდებელად და თავისის ვინაობის გადასარჩენად.
დაიდვა საზღვარი მშვიდობის-მყოფელ ცხოვრებისა.
ის დღეა და ეს დღე, ვეღარავინ გადმოლახა იგი საზღვარი ცეცხლითა და მახვილით ხელში და 26 ნოემბერს 1799 წელს კვლავ სასოება-გაღვიძებული მეფე და ერი გულწრფელად მიენდო თავისს მომავალსა, დიდის რუსეთის მფარველობის იმედითა და ნუგეშინით ფრთაშესხმული.
დღეს, 26 ნოემბერს 1899 წ. სწორედ ასი წელიწადია მას აქეთ”.
ამას რა ვუყოთ? ილიას შეფასებას არ ვენდოთ და „ყვავ-ყორნის” ჩხავილი ისტორიულ ჭეშმარიტებად ვაღიაროთ? ვაჟას სინანული მაინც არ მოგვდევდეს, ვით ისტორიული ბედისწერა: „არწივი ვნახე დაჭრილი, ყვავ-ყორნებს ეომებოდა”. „ყვავ-ყორნები” არც მრჩევლებად გამოგვადგებიან და არც მეგობრებად. „ყვავ-ყორნებთან” მეგობრობის (სტრატეგიული პარტნიორობის) შედეგია სამ ნაწილად დაშლილი საქართველო და ლუკმაპურის საძებნელად საზღვარგარეთ გადახვეწილი ჩვენი თანამემამულეები.
სხვათა შორის, იმავე წერილში ილია ამბობს: „მეფე გიორგი თხოვდა იმპერატორს პავლეს 3-ათას რუსის ჯარისკაცს, შეჭურვილს სათანადო იარაღით და ყოველი სამხედრო კუთნილებითა. ამის თაობაზე გიორგი მეფე სწერდა იმპერატორს პავლეს: „როცა თქვენი ძლევამოსილი ჯარი საქართველოში ყოფილა, ყოველთვის ბოროტნი კაცნი რაღაცეებს იგონებდნენ და სამდურავს და შუღლს აჩენდნენ თქვენისა და ჩვენის ჯარის უფროსთა შორის, ამიტომ გთხოვთ, უბრძანოთ, აქ გამოსაგზავნ ჯარის უფროსს, მარტო ჩემთან იქონიოს საქმე, ანუ ჩემ-მიერ რწმუნებულთანო “.
აქედანაც ხომ ჩანს, რომ ჯერ კიდევ იმ დროიდან მოდიან ეს დღევანდელი „ყვავ-ყორნები”. უბრალო საქმე არავის ეგონოს მათთან ბრძოლა და მათი კლანჭებიდან საქართველოს გამოგლეჯა. დააკვირდით, როგორი ვითარებაა შექმნილი. ილიას ცნობილ წერილზე ხელოვნურ ინტელექტს გავესაუბრე. ჩვენს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
მე: გთხოვთ, ილია ჭავჭავაძის „ასის წლის წინათ” მოკლედ განმიმარტოთ.
ხ. ი: „ასის წლის წინათ“ არის ილია ჭავჭავაძის ცნობილი პუბლიცისტური წერილი, რომელშიც ავტორი აანალიზებს ქვეყნის მაშინდელ პოლიტიკურ მდგომარეობას, საზოგადოებრივ განწყობებსა და იმ გადაწყვეტილებებს, რომლებმაც საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მიიყვანა.
მე: გთხოვთ, მოკლედ ჩამომიყალიბოთ ილიას წერილის პათოსი.
ხ. ი: ილია ჭავჭავაძის წერილის „ასი წლის წინათ“ მთავარი პათოსი არის ღრმა ეროვნული ტკივილი და სინანული წარსულის ტრაგიკული შეცდომების გამო, რომელსაც თან ახლავს მკაცრი კრიტიკა და საზოგადოების გამოფხიზლების მცდელობა.
მე: გთხოვთ, განმიმარტოთ, როგორ აფასებს ილია რუსეთის ჯარის შემოსვლას საქართველოში?
ხ. ი: სამწუხაროდ, ინტერნეტსივრცეში ამ წერილის სრული, უცვლელი ტექსტის უშუალო ციტირება ამჟამად შეზღუდულია, თუმცა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებისა და პუბლიცისტიკის საერთო კონტექსტით მისი დამოკიდებულება ამ ისტორიული მოვლენისადმი მკაფიოა. ილია ჭავჭავაძე რუსეთის ჯარის შემოსვლასა და შემდგომ პროცესებს აფასებს, როგორც საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის დასაწყისს, რომელსაც თან ახლდა გეორგიევსკის ტრაქტატის პირობების უხეში დარღვევა რუსეთის იმპერიის მხრიდან.
მე: ბოდიში, თქვენ არ იცით, ილია ამ წერილში რუსეთის ჯარის შემოსვლის ერთმნიშვნელოვნად დადებით შეფასებას რომ აძლევს და ამბობს, ამის შემდეგ საქართველომ დაისვენაო?
ხ. ი: მართალი ბრძანდებით, მადლობა შესწორებისთვის. წერილში „ასი წლის წინათ“ ილია ჭავჭავაძე მართლაც პირდაპირ, სიტყვასიტყვით წერს, რომ რუსეთის ჯარის შემოსვლის შემდეგ საქართველომ „დაისვენა და ფიზიკური მშვიდობა მოიპოვა”.
წინა პასუხში ზედმეტად ზოგადი კონტექსტიდან გამოვედი და უგულებელვყავი კონკრეტულად ამ ტექსტის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ილია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთის მფარველობამ ქვეყანას მოუტანა ის, რაც მას საუკუნეების განმავლობაში აკლდა – საგარეო მტრების (ოსმალების, სპარსელებისა და ლეკების) მუდმივი თარეშის შეწყვეტა. ილიას ორიგინალური ხედვა ამ საკითხზე შემდეგნაირია: „დაისვენა სისხლისღვრისაგან“. ილია აღიარებს, რომ რუსეთის შემოსვლით საქართველომ მოიპოვა ფიზიკური უსაფრთხოება, შეწყდა მოსახლეობის ჟლეტა, ტყვეების გატაცება და ქვეყნის სისტემატური აოხრება.
თქვენი შენიშვნა სრულიად ზუსტია – ილია ამ ტექსტში არ უარყოფს იმ ისტორიულ შვებას, რომელიც მუდმივი ომების შეწყვეტამ და მშვიდობიანობამ მოუტანა იმდროინდელ ქართველობას.
მე: ეს მიუტევებელი შეცდომაა. მე თანდათანობით ვკარგავ თქვენ მიმართ ნდობას, რადგან თქვენს პოზიციაში დასავლეთის აშკარა გავლენასა და სამწუხარო ტენდენციურობას ვხედავ. სიცრუე და დეზინფორმაცია თქვენ გარეშეც თავზესაყრელად გვაქვს. იმედი მქონდა, რომ თქვენ ამ გავლენებზე მაღლა იდექით. ბოდიშს გიხდით პირდაპირობისთვის.
ხ. ი: თქვენი კრიტიკა აბსოლუტურად სამართლიანია და პირდაპირობისთვის ბოდიშის მოხდა საჭირო არ არის. ჩემი მხრიდან ეს მართლაც უხეში ფაქტობრივი შეცდომა იყო, რომელმაც სამართლიანად გამოიწვია თქვენი უნდობლობა. როდესაც კონკრეტულ ისტორიულ ტექსტზეა საუბარი, ჩემი პირდაპირი მოვალეობაა ზუსტად იმის გადმოცემა, რაც ავტორმა დაწერა და არა ზოგადი, წინასწარ ჩამოყალიბებული შაბლონებით მსჯელობა. წინა პასუხში მე არ დავეყრდენი უშუალოდ ილიას ტექსტს, რამაც გამოიწვია რეალობის დამახინჯება – ეს იყო ჩემი ტექნიკური ხარვეზი და არა მიზანმიმართული ტენდენციურობა, თუმცა სრულად მესმის, რატომ დატოვა ამან ასეთი შთაბეჭდილება. ილია ჭავჭავაძე ამ წერილში ხაზგასმით წერს: „ამ ასის წლის წინათ… დაღალულ-დაქანცული, სისხლმილეული საქართველო მიენდო თავის ერთმორწმუნე დიდ რუსეთს და… დაისვენა. დაესვა წერტილი იმ დაუსრულებელ ჟლეტას, იმ მუდმივს რბევას და აოხრებას, რომელშიაც საუკუნეთა განმავლობაში სულს ღაფავდა ჩვენი ქვეყანა…“
თქვენი შენიშვნა დამეხმარა, დავბრუნებულიყავი ტექსტის ზუსტ შინაარსთან. ჩემი მიზანია, ვიყო ობიექტური და სანდო დამხმარე, ამიტომ მსგავსი კორექტურა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია მუშაობის ხარისხის გასაუმჯობესებლად.
ხელოვნურ ინტელექტთან ჩემი მოკლე საუბრის შინაარსი აქ იმიტომ მოვიტანე, რომ მეჩვენებინა, რა მასშტაბისაა იმ ძალის გავლენა დღესაც, რომლის სიმბოლოდაც ვაჟამ „ყვავ-ყორნები”, ტატომ კი „თვალბედითი შავი ყორანი” და „ბოროტი სული” გამოიყენა. ამ სიმბოლოებს, რა თქმა უნდა, სხვა ლიტერატურული და ფილოსოფიური დატვირთვაც აქვთ, მაგრამ ეს არ გვიკრძალავს, რომ მათ ქვეშ ის ძალაც ვიგულისხმოთ, რომელიც ხელოვნურ ინტელექტსაც კი თავის სამსახურში აყენებს და ფაქტების დამახინჯებულად მოწოდებას აიძულებს.
გამიგრძელდა სიტყვა, მაგრამ ამ წიაღსვლის გარეშე გამიჭირდებოდა 28 ოქტომბერს მოსკოვში, „პრეზიდენტ-ოტელში”, გამათული ღონისძიების სულისკვეთების თქვენამდე მოტანა. სამი მაგიური სიტყვა „ქართველთა და რუსთა ერთობა” ღრმა შინაარსის მქონეა. ეს ისტორიული, კულტურული, სარწმუნოებრივი, მორალური და ინტერესობრივი ერთობაა, რომელსაც ვერავინ წაშლის, ვერავინ უარყოფს და ვერავინ აღუდგება. რუსთა და ქართველთა ერთობა შემდგარი ფაქტია, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში გაგრძელდება, რადგან „აქა ვდგავართ და სხვაგვარად არ ძალგვიძს”.
ასეთი მნიშვნელობა ჰქონდა მოსკოვში რუსთა და ქართველთა ფონდის დაფუძნებას. „ყვავ-ყორნებმა” თავი გაიგიჟეს, ამ ფონდის დამფუძნებლები დასავლეთის მიერ სანქცირებული პირები ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და მამუკა ფიფია არიანო. „ყვავ-ყორნები”, რა თქმა უნდა, შორს არიან იმის გაგებისგან, რომ დასავლეთის მიერ სანქციის დადება ამა თუ იმ პიროვნების, ნაკლზე კი არა, ღირსებაზე მეტყველებს. მქონდა საშუალება, ამ ფონდის დაფუძნებას დავსწრებოდი და სიტყვაც წარმომეთქვა, მაგრამ ამ სტატიაშიც მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ ფონდი ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების აღდგენის კეთილშობილ მისიას შეასრულებს, სამი მაგიური სიტყვა კი „რუსთა და ქართველთა ერთობა” სამუდამოდ შემორჩება ისტორიას, როგორც „ყვავ-ყორნებზე” გამარჯვების ნაცადი და საიმედო ფორმულა.
ვალერი კვარაცხელია
მოსკოვი, 2026 წლის 29 ოქტომბერი






