“საქართველოს ოკუპაცია კი არა, უარესია გაკეთებული _ სამაჩაბლოსა და აფხაზეთისგან სახელმწიფოები შეიქმნა. ოკუპაცია დროებითი პრობლემაა, სანამ სახელმწიფოები პრობლემას არ მოაგვარებენ და არ მოილაპარაკებენ, მანამდე გრძელდება, მაგრამ აქ სახელმწიფოები შექმნეს…”
აგვისტო ცუდად აქვს დაცდილი საქართველოს. 1992 წლის 14 აგვისტოს ომი დაიწყო აფხაზეთში, 2008 წლის 7 აგვისტოს კი _ ცხინვალის რეგიონში… ეს ომები სამართლებრივად შეფასებული ჯერ კიდევ არ არის…
2008 წლის აგვისტოს ომის მიმდინარეობისას სააკაშვილის ხელისუფლებამ ისეთი სტრატეგიული შეცდომები დაუშვა, რომ მომდევნო ხელისუფლებას, თუ ის ეროვნული სულისკვეთების იქნებოდა, უყურადღებოდ არ უნდა დაეტოვებინა. აგვისტოს ომის შედეგები და ის ავანტიურა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ”და მისმა თავკაცმა, იმხანად საქართველოს პრეზიდენტმა და მთავარსარდალმა მიხეილ სააკაშვილმა ჩაიდინეს, მიუტევებელია…
18 წელიწადი გადის აგვისტოს ომიდან, რომელსაც სამართლებრივი შეფასება არ მოჰყოლია. რუსეთსა და საქართველოს შორის აგვისტოს ომის შემსწავლელმა საერთაშორისო კომისიამ კი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჰაიდი ტალიავინი, გამოაქვეყნა დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია: “საქართველომ დაიწყო ომი, როცა ის თავს დაესხა ცხინვალს და ქალაქს ძლიერი საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა 2008 წლის 7-8 აგვისტოს”.
ტალიავინის კომისიამ უარყო სამხედრო მოქმედებების დაწყების მთავარი მიზეზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა, და დასკვნაში აღინიშნა, რომ “არანაირი მასობრივი რუსული სამხედრო შემოჭრა არ მიმდინარეობდა, რომლის შესაჩერებლად თითქოსდა საჭირო იყო ქართული სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვა”…
დღეს კი დაუსჯელობით გათამამებული დესტრუქციული ძალები, მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით, მოგვიწოდებენ, რომ უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთთან ომში ჩავერთოთ.
დღემდე რატომ არ არის სამართლებრივად შეფასებული 2008 წლის აგვისტოს ომი? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გენერალ-ლეიტენანტი გურამ ნიკოლაიშვილი გვესაუბრება:
_ აგვისტოს ომზე საჯაროდ არავინ ლაპარაკობს… სამშვიდობო ძალები იდგნენ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ეუთოს წარმომადგენლების სახით, რუსეთის ძალებს ჰქონდათ მანდატი და მშვიდობას უზრუნველყოფდნენ.
მე სამშვიდობო საბჭოს თითქმის ყველა შეხვედრას ვესწრებოდი, რომლებიც დსთ-ის ქვეყნებში იმართებოდა. ეს იყო ძალიან კარგი და სწორად შემუშავებული სისტემა.
შავნაბადიდან მომავალმა სააკაშვილმა 2008 წლის 7 აგვისტოს, ღამის თორმეტის ნახევარზე, გასცა ბრძანება, შეტევა დაეწყოთ ცხინვალზე. ღამით არაფერი ჩანდა და, ვინ საით მიდიოდა, არავინ იცოდა, ამიტომ მარჯვენა და მარცხენა ფლანგებს შორის არეულობა მოხდა…
აუცილებელია, გავითვალისწინოთ ისიც, რომ იმხანად საქართველოს სამშვიდობო ძალები ადგილზე არ იმყოფებოდნენ, რადგან გაეროს ეგიდით იბრძოდნენ ერაყში, ავღანეთში და ა.შ…
_ “ქართულმა ოცნებამ”, როცა ის ხელისუფლების სათავეში მოვიდა, დაიწყო “აგვისტოს ომის” გამოძიება, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობდა, მაგრამ სამართლებრივი შეფასება ბოლომდე მაინც არ მომხდარა. სააკაშვილისთვის ამ ომის გამო ბრალდება არ წაუყენებიათ…
_ სააკაშვილი დამნაშავეა, ქართული ჯარი საქართველოში არ იყო, ჩვენი ჯარი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობდა თითქმის მთელი შემადგენლობით, თანაც ჩვენი ქვეყნის ხარჯებით. ამ მისიებში უამრავი ახალგაზრდა დაიჭრა, 42 დაღუპული გვყავს და უამრავი დასახიჩრებული. ეს ყველაფერი, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე ხდებოდა.
სააკაშვილმა ცხინვალში ომი დაიწყო აშშ-ის დაკვეთით, ამერიკას სჭირდებოდა საფრთხის შექმნა რუსეთისთვის, რომელსაც ხელს აძლევდა ეს ომი. იქაც არსებობენ ძალები, რომლებსაც რუსეთის დასუსტება სურთ რესურსების გადასანაწილებლად. ეს ომი განსაკუთრებით საინტერესო იყო ამერიკისთვის.
საქართველოს ოკუპაცია კი არა, უარესია გაკეთებული – სამაჩაბლოსა და აფხაზეთისგან სახელმწიფოები შეიქმნა. ოკუპაცია დროებითი პრობლემაა, სანამ სახელმწიფოები არ მოილაპარაკებენ, მანამდე გრძელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში სახელმწიფოები შექმნეს… ეს სირთულეა, თანაც, ძალიან სერიოზული.
_ რა მუხლით უნდა გასამართლდეს მიხეილ სააკაშვილი, თუკი სახელმწიფოს ნება იქნება?
_ სააკაშვილი გადაწყვეტილებას თვითონ არ იღებდა, ის დაკვეთას ასრულებდა, ის პროქსი ომისთვის გამოიყენეს 2008 წელს. სააკაშვილმა სხვა ქვეყნის დაკვეთა შეასრულა და საქართველო დაღუპა, ის სამშობლოს მოღალატეა.
სააკაშვილს არ ასამართებს ჩვენი ხელისუფლება იმიტომ, რომ წნეხშია.
ბიძინა ივანიშვილი, რომელიც, ალბათ, დიდი სიამოვნებით დასჯიდა სააკაშვილს, თანაც საშინლად, ამას ვერ ახერხებს, რადგან თვითონაც იმართება; მას, როგორც კი “გაინძრევა”, მყისვე ფულს ართმევენ, ისიც სხვაზეა დამოკიდებული და ამის გამო საქართველოში არაფერი იცვლება.
სამხრეთ კავკასიაში ყველაზე სუსტი ჯარი საქართველოს ჰყავს. ეს სისუსტე შევარდნაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო იმისთვის, რომ საქართველო ბრძოლისუნარიანი აღარ ყოფილიყო… ეს განაგრძო სააკაშვილმა და დაასრულა ივანიშვილმა… საქართველოს სამხედროები აღარ ჰყავს, დასავლეთში კუსრდამთავრებულები ტვინგამორეცხილები არიან…
“ქართულმა ოცნებამ”, როდესაც ხელისუფლების სათავეში მოვიდა, პირობა დადო, რომ ოპოზიციაში დატოვებდა “ნაციონალურ მოძრაობას”, და ამ პირობას ასრულებს. ეს დასავლეთის დაკვეთაა.
საქართველო სუვერენული არ არის, ჩვენ შეიძლება ნებისმიერმა ქვეყანამ პრობლემა შეგვიქმნას და თავს ვერ დავიცავთ…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







