ედიშერ გვენეტაძე: “ნაცმოძრაობის” კონსტიტუციურად აკრძალვას დასავლეთი უშლის ხელს!

    “ჭირსაც წაუღია ყველა არჩევნები, გზა, ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური პარტია, თუკი მასში ქართველი არ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება და ყველაფერი უნდა იყოს მიმართული ამ პრობლემის მოსაგვარებლად, თუ ასე არ მოხდა, გადავგვარდებით”

    ედიშერ გვენეტაძე

    2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ “ქართული ოცნების” დაპირება, რომ ქართულ პოლიტიკურ ველზე “ნაცმოძრაობა” კანონით აიკრძალებოდა, აქამდე არ შესრულებულა. ახლახან ნაცებმა ყრილობა ჩაატარეს, ხელისუფლება კი ქვეყნის სათავეში მოსვლიდან თოთხმეტი წლის შემდეგაც საბოტაჟსა და სააკაშვილის ხელისუფლების ნარჩენების მიერ ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობაზე საუბრობს…

    ქართველ ამომრჩეველთა დიდ ნაწილს არ სურს, მომდევნო არჩევნებში კვლავ იხილოს “ნაციონალური მოძრაობა”. რა უშლის ხელს მმართველ პარტიას დაპირების შესრულებაში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ისტორიკოსი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე გვესაუბრება:

    _ “ნაციონალური მოძრაობის” აკრძალვა ობიექტური აუცილებლობაა, მისი განადგურება უფლის ნებაა, ასევე _ მისი უდიდებულესობა ქართველი ხალხის. 2012 წელს საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა განაცხადა, რომ აღარ სურს პოლიტიკაში ნაცების ხილვა.

    2002 წლიდან დღემდე ვინც “ნაცმოძრაობაში” იყო, ყველასთვის პოლიტიკური საქმიანობა უნდა აეკრძალათ _ ეს ქართველი ხალხის დაკვეთაა, ეს იყო “ქართული ოცნების” დაპირებაც და ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.

    მე თუ მკითხავთ, ქართველი ხალხის მიერ “ნაცმოძრაობა” უკვე გასამართლებულიც არის და დასამარებულიც, მაგრამ ვხედავთ, რომ ნანულა ჟორჟოლიანი და მისი მეგობარი, ვიღაც მარიზი “ანთილიყო” არიან ამ უკვე მკვდარი პარტიის ხელმძღვანელობაში და სააკაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილი უსტარების საფუძველზე მოქმედებენ. სააკაშვილის ფირმანებმა დიდი საქმე შეასრულა _ ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახა, ვის ხელში იყო ჩვენი ქვეყანა ცხრა წლის განმავლობაში, რომ საქართველოს ფსიქიკურად გაუწონასწორებელი არსება მართავდა… სააკაშვილი დავით აღმაშენებელი რომ იყო და ილია ჭავჭავაძე, მხოლოდ ნაცებს სჯერათ, თუმცა ცოტა გონებაგახსნილი ნაციც ფიქრობს, რომ სააკაშვილი ნორმალური არ არის.

    “ნაცმოძრაობის” კონსტიტუციურად აკრძალვას დასავლეთი უშლის ხელს, არიან ევროპარლამენტში ადამიანები, რომლებიც ახორციელებენ წნეხს საქართველოს ხელისუფლებაზე. ამას ცდილობენ, აგრეთვე, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი და სხვები, რომლებსაც სწორედ ამისთვის აფინანსებენ.

    საქართველოს ხელისუფლებას ხელს არ აძლევს “ნაციონალური მოძრაობის” არსებობა, დაგვპირდნენ მათ აკრძალვას, რომ 2028 წელს აღარ იქნებიან…

    _ 2012 წელს, როდესაც “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში მოვიდა, ნაცები ვირთხებივით შეშინდნენ და დაიფანტნენ. კოაბიტაციის გამოცხადებამ კი მათი რეაბილიტაცია გამოიწვია და დღეს ვხედავთ, როგორ არიან გათავხედებული. 14 წელიწადი არ არის ცოტა დრო იმისთვის, რომ წინა ხელისუფლების დამნაშავე წარმომადგენლები აღარ იყვნენ ქართულ პოლიტიკაში…

    _ ეს უნდა დასრულდეს! არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ არასდროს, არ ვარ დღესაც, მაგრამ ვიცი, რომ “ქართული ოცნება” არ არის დაინტერესებული პოლიტიკურ ველზე ნაცების არსებობით…

    _ 2008 აგისტოს ომიდან თვრამეტი წელიწადი გადის, მაგრამ ამ ომს სამართლებრივი შეფასება არ მოჰყოლია. სააკაშვილი პატიმარია, მაგრამ არა სამაჩაბლოს 150 სოფლისა და კოდორის ხეობის დაკარგვის გამო, მას სხვა რაღაცებს ედავებიან…

    _ სამშობლოს ღალატის მუხლი მისწრება იქნებოდა სააკაშვილისთვის, მაგრამ ეს მუხლი ამოღებულია კონსტიტუციიდან, ე.წ. პიჯაკების საქმე პირობითია, მას ასამართლებენ 2007 წლის შვიდი ნოემბრის საქმეზე, მერე იყო 2010 წლის 26 მაისი და ა.შ. იმედია, მივლენ იქამდეც… 2008 წლის ომში რაც მოხდა, ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით საერთაშორისო დამოუკიდებელი კომისიის დასკვნაშია ნათქვამი და ხელისუფლებამაც ამით უნდა იხელმძღვანელოს.

    საქართველოში არაფერი გამოსწოდება, თუკი სკოლებში და, ზოგადად, სასწავლებლებში გვეყოლება ის ლიბერალ-ფაშისტი პედაგოგები, რომლებიც გაყალბებულ ისტორიას ასწავლიან, ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი და, რაც მთავარია, მოღალატეს უნდა ეწოდოს მოღალატე.

    გასაახლებელია სასწავლო პროცესი და სახელმძღვანელოებში ცვლილებები უსწრაფესად არის შესატანი, სხვაგვარად არაფერი გამოვა.

    _ მთავრობამ სუს-ის ყოფილი უფროსი მამუკა მდინარაძე რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშნა. ეს 2028 წლის არჩევნების გამო ხომ არ მოხდა?

    _ ჭირსაც წაუღია ყველა არჩევნები, გზა, ინფრასტრუქტურა, პოლიტიკური პარტია, თუკი მასში ქართველი არ მიიღებს მონაწილეობას. ჩვენ გვაქვს უმძიმესი დემოგრაფიული ვითარება, ყველა ძალა უნდა იყოს მიმართული ამ პრობლემის გამოსასწორებლად, თუ ასე არ მოხდა, გადავგვარდებით. დემოგრაფიის პრობლემა მოსაგვარებელია, ასევე მოსაგვარებელია განათლების პრობლემაც!..

    ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here