Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთს  სურს, იგივე დაგვმართოს , რაც დამართა საბერძნეთს  და  რა დღეშიც არის...

დასავლეთს  სურს, იგივე დაგვმართოს , რაც დამართა საბერძნეთს  და  რა დღეშიც არის ახლა უკრაინა

გვინდა თუ არა, ვაღიარებთ თუ არა, საქართველოს ეკონომიკა 80%-ზე მეტით რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული და ეს ყველაზე კარგად დასავლელმა „პარტნიორებმა“ იციან. სწორედ ამიტომ ცდილობენ, რუსულ ბაზარს ჩავეხსნათ

384

ახალი წლის დადგომასთან ერთად იწყება  შარშანდელი წლის შეჯამება  და იმის გააზრება-გაანალიზება, როგორი იყო ქვეყნისთვის გასული წელიწადი, რა შეცდომები დავუშვით და რომელი მიმართულებით უნდა იფიქროს საქართველომ გაძლიერებაზე, სად არის აქცენტები დასასმელი და ა.შ.

ტურიზმის სფეროში დასაქმებულები ამბობენ, რომ გასული წელი რუსი ტურისტების სიმრავლით გამოირჩეოდა.რუსმა ტურისტებმა საქართველოში რეკორდულად ბევრი თანხა დახარჯეს და საქართველო იმ ქვეყნების ათეულშიც კი მოხვდა, რომლებშიც  მოგზაურობა რუსებისთვის პრიორიტეტულია. ჰოდა, ამის მიუხედავად, გვეუბნებიან, საქართველომ რუსულ ბაზარს თავი უნდა  დაანებოს  და აქცენტი ამერიკულ, ჩინურ, თურქულ და ევროპულ ბაზარზე გააკეთოსო. ნამდვილად ვერ გეტყვით, მერამდენე წელიწადია,  ამის გაკეთებას რომ აპირებენ ცალკე ხელისუფლება და ცალკე მსხვილი ტურისტული კომპანიები, მაგრამ ყოველი ახალი წლის დასაწყისში გამოქვეყნებული სტატისტიკა იმაზე მიუთითებს, რომ ტურისტებს შორის რუსებს ვერავინ ჯობია ( საუბარია მათ მიერ დახარჯულ თანხებზე). რაც შეეხება ამერიკელ და ევროპელ ტურისტებს, მათი რაოდენობა  ყოველწლიურად იკლებს, თურქეთი  კი თვითონ ავითარებს ტურისტულ სექტორს, თანაც საქართველოსთან შედარებით დიდძალ  ფულს  დებს ამ სფეროში. ასე რომ, ამ ქვეყნიდან  ხალხის მოზიდვა ურთულესი იქნება. ამასთანავე,  ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოდან 2022 წელს გატანილი  ხილ-ბოსტნეულის 88% რუსეთზე მოდის, დანარჩენი 12% კი 50-ზე მეტ ქვეყანაზე ნაწილდება. სასაცილოდ თუ არ მოგეჩვენებათ, გეტყვით, რომ მთავრობის წარმომადგენლებიც და მსხვილი კომპანიებიც ჯიუტად იმეორებენ:  ვცდილობთ,  ეროპულ და ამერიკულ ბაზარზე შევიდეთ და ამით რუსული ბაზრის წილი შევამციროთო. თანაც, საქართველომ ბოლო წლებში გაზარდა მებაღეობის საექსპორტო პოტენციალი. აღსანიშნავია, რომ  ეს მოხდა მხოლოდ რუსული ბაზრის მიმართულებით.  არავინ მალავს, რომ ქართველ ფერმერებს რუსული ბაზარი რამდენიმე ფაქტორის გამო ხიბლავთ. მათგან მთავარი  სიახლოვე და იმ რეგულაციების უქუნლობაა, რომელსაც ევროპის ქვეყნები და ამერიკა მოითხოვენ. ელემენტარულად, ვაშლი რომ ავიღოთ, ევროკავშირის არაერთი ქვეყანა თითოეული ვაშლის შეფუთვას მოითხოვს, რაც ქართველი ფერმერებისთვის წარმოუდგენელ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აი, რუსი მომხმარებელი კი ქართულ პროდუქციას ენდობა, მაღაზიისა თუ ბაზრის დახლებზე ეძებს, ყიდულობს, ფულის გადახდას არ ერიდება, დასავლეთი კი… ახალი წლის აღნიშვნა ზამთრის კურორტებზე, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო, რადგან სასტუმროებში ნომრების თითქმის 100% დიდი ხნით ადრე იყო დაჯავშნილი და, როგორც ამ სფეროს წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, ჯავშნის 80%-ზე მეტი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა. ისინი ახალი წლის წინა დღეებში ჩამოვიდნენ, აქ შეხვდნენ 2023 წელს და სამშობლოში დაბრუნდნენ. ჰო, დაბრუნდნენ, რადგან  ჩამოსულთა და გასულთა რაოდენობა ლამის ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს.  ასე რომ, სულ ტყუილი გამოდგა ოპოზიციისა და დასავლელი პარტნიორების ყიჟინა: რამდენი რუსიც ჩამოვა, იმდენი დარჩება, რუსეთი ასე გიპყრობთ და ვერ ხვდებითო.   საოჯახო სასტუმროს მფლობელები არ მალავენ, რომ წლებია, ასეთი შემოსავალი არ ჰქონიათ და რომ რუსმა ტურისტებმა საახალწლოდ ერთ კვირაში იმაზე მეტი დახარჯეს, ვიდრე ევროპელი ტურისტები ხარჯავენ… დავუბრუნდეთ რუსეთში გატანილ პროდუქტებს.შარშან რუსულ ბაზარზე  2014 წლის შემდეგ  ყველაზე მეტი პროდუქცია გავყიდეთ. ამასთანავე, ისევ გასულ  წელს ყველაზე მეტი ნავთობპროდუქტი სწორედ რუსული ბაზრიდან შევიძინეთ. ეს იმიტომ, რომ რუსული ბუნებრივი აირი თუ ბენზინი არნახულად იაფი იყო. საერთაშორისო სანქციების ფონზე რუსეთმა პროდუქცია გააიაფა და, საბედნიეროდ, ხელისუფლება არ აჰყვა  მოწოდებას, რუსეთისგან არაფერი იყიდოთო და სწორედ რუსეთიდან შემოტანილი ბენზინის ხარჯზე გაიაფდა საწვავი საქართველოში. ისე ჩანს, ეს კურსი ახლაც გაგრძელდა, რადგან,  ზამთრის მიუხედავად, საწვავი კიდევ 5 თეთრით გაიაფდა და, როგორც გვეუბნებიან, გაიაფება კიდევ იგეგმება. რუსულ საწვავს ევროპის ქვეყნებიც ყიდულობენ, პირველ რიგში, უნგრეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მაგრამ  ევროპა მათ არაფერს ეუბნება, არც ამერიკა იღებს ხმას,  საქართველოს ხელისუფლებას კი ანამუსებს: აქაოდა, თქვენ არ იყიდოთ, რუსულ ეკონომიკას  დაარტყითო. იმას კი არავინ ამბობს, რომ, რასაც საქართველო ნავთობპროდუქტების სახით რუსეთისგან ყიდულობს, ეს რუსული პროდუქციის 0,02%-იც არ არის, ანუ, საქართველომ უარი რომ თქვას იაფ რუსულ საწვავზე, დარტყმას ქართული ეკონომიკა მიიღებს და არა რუსული. ხილ-ბოსტნეულის გარდა, რუსული ბაზარი ლიდერია ქართული  ალკოჰოლური და მტკნარი თუ მინერალური წყლების რეალიზაციის მიმართულებითაც. ამ შ ემთხვევაშიც ქართული პროდუქციის 80%-ზე მეტს  რუსეთი ყიდულობს, დანარჩენი 20% ისევ 50-ზე მეტ ქვეყანაზე ნაწილდება,  მაგრამ, სავარაუდოდ, ვიღაცის დავალებით, დიდი კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ცდილობენ, რუსულ ბაზარს ჩაეხსნან და აქცენტი ევროპულზე გააკეთონ;  ევროპულზე, საიდანაც ქართული  ღვინო  არაერთხელ გამოაძევეს, ქართული წყლებისთვის კი დახლზე 20 კვადრატული სანტიმეტრიც არ გამოინახა. რეალურად, მწარმოებლებმა გადასარევად იციან, რომ რუსული ბაზარი გაცილებით სჯობს დასავლურს –  ტრანსპორტირებაც იაფია და რეალიზაციაც დიდი, მაგრამ იძულებულნი არიან, ილაპარაკონ ის, რასაც ეუბნებიან, და უკვე მერამდენე წელია გვესმის, რომ ევროპულ ბაზარს დაიპყრობენ და რუსული ბაზრის წილს შეამცირებენ, წლის ბოლოს კი ციფრები სულ სხვა რამეზე მეტყველებს – ყველაფერი პირიქით ხდება.ამ ამბავში ყველაზე საინტერესო არის ის, რომ საქართველოს  საექსპორტოდ,  ძირითადად, წყლები, ალკოჰოლური სასმელები და ხილ-ბოსტნეული გააქვს. ამ ოდენობით საქართველო ვერაფერს აწარმოებს და შესაბამისად, ვერც ვერაფერს ყიდის. ახლა ვიღაც იტყვის, – ავტომობილების ტრანსპორტირებით არანაკლები შემოსავალი გვაქვსო, მაგრამ, ვინც არ იცის, ავუხსნით:  ვიზალიბერალიზაციის გამო, საქართველოს მოქალაქეებს მარტივად ჩამოჰყავთ ავტომობილები, რომლებსაც ძირითადად სომხეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები ყიდულობენ, შემდეგ განბაჟებას უკეთებენ და… რუსეთში ყიდიან. სომხური და ყაზახური სანომრე ნიშნებით ავტომობილებს რუსეთში გადაადგილების უფლება აქვთ და განბაჟებას არ საჭიროებენ ანუ ამ შემთხვევაშიც მხსნელი რუსული ბაზარია და საკმარისია, რუსეთმა იმავე ყაზახეთსა და სომხეთს აუკრძალოს მათი სანომრე ნიშნებით რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა და განბაჟება მოსთხოვოს, საქართველოში ეს სფერო  მოკვდება. გვინდა თუ არა,  ვაღიარებთ თუ არა, საქართველოს  ეკონომიკა 80%-ზე მეტით რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული და ეს ყველაზე კარგად დასავლელმა „პარტნიორებმა“ იციან. სწორედ ამიტომ ცდილობენ, რუსულ ბაზარს ჩავეხსნათ. შემდეგ დაიწყება ის, რისი დაწყებაც სურთ:  ფასების არანორმალური მატება, ევროპისა და ამერიკის კარზე კაკუნი –  დაგვეხმარეთ, შიმშილით სული გვძვრებაო, და შემცირებისკენ წასული საგარეო ვალის ისევ გაზრდა და თანაც იმ დონეზე, რომ ამ ყველაფერმა დეფოლტი გამოიწვიოს და სახელმწიფო გაკოტრებულად გამოცხადდეს. სურთ,  დაგვმართონ იგივე, რაც დამართეს საბერძნეთს და რა დღეშიც არის ახლა უკრაინა. ელადელები ევროპა-ამერიკის ვალებიდან ნახევარი საუკუნის განმავლობაში  ვერ ამოვლენ და უკრაინა… უკრაინა, თუ საერთოდ  განაგრძობს არსებობას, ძველ რელსებზე დასაბრუნებლად ნახევარი საუკუნეც არ ეყოფა. ჰო, ასეთი მასშტაბის ქვეყნების ეკონომიკა გაასწორა დასავლეთმა მიწასთან, გაანულა,  თავისზე სრულად დამოკიდებულად აქცია  და ხომ წარმოგიდგენიათ, საქართველოს რას დამართებს?  სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება  არ აღიარებს, რომ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. არავინ ამბობს, რომ ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად, გზების ძიების ნაცვლად, რუსული ბაზრის გაფართოება და ურთიერთობების გაღრმავებაა საშველი და რეალური გამოსავალი. მეტიც, როცა ფერმერებმა თვითონ  მოინდომეს და სოფლის მეურნეობის მიმართულებით პროდუქციის წარმოება გაზარდეს, ნამატის 100%  რუსულმა ბაზარმა შთანთქა. ხომ შეიძლება, რომ ამ მიმართულებით მოსახლეობას სახელმწიფომ ხელი შეუწყოს და რუსულ მხარესთან საუბრის დაწყებით  ჭარბი პროდუქციის (და ამ შემთხვევაში რაოდენობა განუსაზღვრელია) გასაღების გარანტია მისცეს?! წელს მხოლოდ ხილი თუ შარშანდელზე 25 მილიონი ლარით მეტი აითვისა რუსულმა ბაზარმა, გაისად უფრო მეტის გაკეთება შეიძლება და ეს 25 მილიონი ხომ რიგით ადამიანებზე ნაწილდება?! მხოლოდ მშრალი ციფრების გამოქვეყნება (ესეც ვალდებულებაა, თორემ, ალბათ, არ იზამდნენ) არაფრისმომცემია. ერთი ბრიფინგი მაინც გამართულა იმაზე, რომ რუსულმა ბაზარმა ქართული ეკონომიკა უკვე მერამდენედ გადაარჩინა? პოსტკოვიდურ პერიოდში, უზარმაზარ კომპანიებსაც რომ გაუჭირდათ ძველ ბაზარზე დაბრუნება და ქართველებმა უმარტივესად რომ მოახერხეს რუსულ ბაზარზე კვლავ შესვლა, ვინმემ ეს ხმამაღლა თქვა? რატომ? ევროპისა და ამერიკის გვერიდება? აი, მათ ჩვენი რატომღაც საერთოდ არ ერიდებათ.

ბესო ბარბაქაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here