Home ახალი ამბები საქართველო დასავლეთმა საქართველოს პრეზიდენტს ათქმევინა, –  რა მილიონი ქართველის ინტერესი, მთავარია,  ამერიკა და...

დასავლეთმა საქართველოს პრეზიდენტს ათქმევინა, –  რა მილიონი ქართველის ინტერესი, მთავარია,  ამერიკა და ევროპა იყვნენ კმაყოფილი, მილიონამდე ქართველი რას მიქვიაო…

ქალბატონო კელი, იმაშიც ხომ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება; არ უნდა ომი, არ უნდა დასავლეთი საქართველოს მშვიდობის ხარჯზე... ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ, ფურცელზე ჩამოწერილი რეკომენდაციების შესრულებას კი არა, სულ სხვა რაღაცას ითხოვდნენ ჩვენგან და ეს „სხვა“ უკვე გამოჩნდა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს განცხადებაში

325

წლებია,  საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა  გაყინულია. ამის მიუხედავად, რიგითი ადამიანები მაინც ახერხებენ მიმოსვლას, ავითარებენ სავაჭრო ურთიერთობებს, მიდიან რუსეთში სამუშაოდ, იქიდან საქართველოში ჩამოდიან ტურისტები, როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეებს აქვთ ბიზნესინტერესები და ამ ყველაფერს პოლიტიკოსები, სურთ  თუ არა,  ძალიან კარგად ხედავენ.  პრობლემა არ არის ქართველი ჟურნალისტების დასწრება რუსეთის ფედერაციის უმაღლესი პირების მიერ გამართულ ბრიფინგებზე, არ აქვთ შეზღუდვა კითხვების დასმაზე და გასულ კვირას სწორედ ერთ-ერთი ასეთი შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პირდაპირ მიანიშნა, რომ შესაძლებელია,  საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა აღდგეს.

რუსეთის მხრიდან წამოსული ინიციატივა საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ,ერთი შეხედვით,  ძალიან კარგია, რადგან რიგითი ადამიანები, სწორედ ისინი, ვის ხარჯზეც შენარჩუნებული გვაქვს  რუსეთთან ურთიერთობა, შვებას იგრძნობენ და საქართველოს მილიონამდე მოქალაქე, რომლებიც  რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობენ, აზერბაიჯანის, თურქეთის ან სომხეთის გავლით კი არ ჩამოვა სამშობლოში თვითმფრინავით, არამედ პირდაპირი რეისით. ეს კი,  დანაზოგის გარდა, სამომავლო ურთიერთობებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია…  როგორც კი ეს ინიციატივა გახმაურდა, ე.წ. ოპოზიციურმა ძალებმა ბრიფინგი ბრიფინგზე გამართეს და რუსეთის ინიციატივა დაგმეს.  მეტიც, ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლება ღალატში დაადანაშაულა. ის, რომ რუსეთის ხელისუფლება მზად არის, ურთიერთობა უფრო მეტად დაათბოს, თურმე დანაშაული ყოფილა და ჩვენ დასავლეთში თავი არ გამოგვეყოფა. საერთოდ, გვჭირდება თუ არა დასავლეთში თავის გამოყოფა, საკითხავია; საკითხავია ისიც, ვჭირდებით თუ არა დასავლეთს თავით თუ უთავოდ. მანამდე კი…

„ვფიქრობ, ქართველების უმრავლესობას  ურჩევნია, მოისმინოს, რომ რუსეთს გაჰყავს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და საბოლოოდ ასრულებს საკუთარ ვალდებულებას 2008 წელს მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, ვიდრე მოისმინოს პირდაპირი ფრენების შესახებ რუსეთთან. არ ვიცი, რუსეთში მცხოვრებ ქართველებს თუ ექმნებათ პრობლემები საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ ძალიან ბევრი რუსი მოდის საქართველოში. საქართველოს მთავრობასთან ბევრი მიმართულებით ვმუშაობთ, რათა უზრუნველვყოთ ის, რომ საქართველოს ჰქონდეს უნარი,  შეასრულოს საერთაშორისო სანქციები. საქართველოსთვის უზარმაზარი შესაძლებლობაა, რომ იყოს შუა დერეფანი საქონლისთვის ცენტრალური აზიიდან ევროპის მიმართულებით – აშშ ამას მხარს უჭერს. მხარს ვუჭერთ ასევე საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ ამ დერეფნის მშენებლობაში საქართველომ თავისი წვლილი შეიტანოს. ველით საქართველოსთან პარტნიორობას იმის უზრუნველსაყოფად, რომ  ჰქონდეს საერთაშორისო სანქციების დაცვის საშუალება“, _ განაცხადება საქართველოში ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა. სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, კიდევ ერთ განცხადებას გაგაცნობთ:

„იმ დროს, როცა ჩვენი პარტნიორი ყველა ქვეყანა, სიტყვით თუ საქმით, მაქსიმალურ სოლიდარობას უცხადებს უკრაინის თავდადებულ ბრძოლას, ჩემთვის და, დარწმუნებული ვარ, საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის, მთავრობისა და მმართველი პარტიის პოზიცია, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია. ვერ გავიზიარებ არგუმენტს, რომელსაც იშველიებენ ამ პოზიციის გასამყარებლად, ანუ ვითომც ეს რუსეთში მცხოვრები ქართველების პრობლემების შემსუბუქებას ემსახურებოდეს. ამ დროს, თუ რაიმე გვახსოვს, რუსეთის უკვე მოძველებული ხრიკებია. უნდა გვესმოდეს, რომ კრემლი ასეთ თემებს მაშინ „გამოაგდებს“, როცა იმედი აქვს, რომ რაიმე ბზარს გააჩენს ჩვენსა და დასავლელ პარტნიორებს  შორის. ამის დაშვება დაუშვებელია. ამის მაგივრად, როგორც არაერთხელ უკვე მოვუწოდე მთავრობას, აუცილებელია, სერიოზულად იყოს შესწავლილი რუსეთის მოქალაქეების შემოდინების საკითხი ყველა თავისი სოციალური და პოლიტიკური პარამეტრით, რათა საზოგადოებას გაუჩნდეს განცდა, რომ მისი ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოება გათვალისწინებული და დაცულია. გვჭირდება რეგულაციები სამუშაო უფლებების, ბიზნესის რეგისტრაციის, საკუთრების შეძენის თუ რუსულენოვანი სკოლების გახსნის საკითხის მიმართ. ფრენების აღდგენის მაგივრად მთავრობა უნდა ზრუნავდეს ქვეყნის რეპუტაციაზე, კატეგორიულად პასუხობდეს ქვეყნის მიმართ  გამოთქმულ ბრალდებებს – საქართველოს გზით სანქციების გვერდის ავლის შესახებ!“ _ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

დავიწყოთ იმით, რომ რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მესამედი, ანუ 300 ათას კაცზე მეტი, სამშობლოში წელიწადში ერთხელ მაინც ჩამოდის და შემოვლითი გზით ჩამოსვლა, სულ ცოტა,  200 დოლარით უფრო ძვირი უჯდება და წასვლაც _ ამდენივე. პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში 300 ათასზე მეტი მოქალაქე  400 დოლარს დაზოგავს, რაც 120 მილიონი დოლარია. როგორ გგონიათ, სად წავა ეს დაზოგილი თანხა? ანალოგიური რამ  ხდება რუსი ტურისტების შემოსვლის დროსაც და ფრენებზე დაზოგილი ფული ამ შემთხვევაშიც ქართულ ეკონომიკაში ჩაეშვება.  პრეზიდენტი, რომელსაც 5 ათას ლარზე მეტი აქვს ჯამაგირი, ამას გარდა, დაგროვებით საპენსიო ბარათზე 32 ათასი ევრო ერიცხება, ანაბარზე – 30 ათასი დოლარი და ამით სიბერე აქვს უზრუნველყოფილი, სავარაუდოდ, ვერ  ხვდება, რომ რიგითი ადამიანებისთვის 400 დოლარი ბევრია. ვერც იმას ხვდება, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის, მკაცრი რეგულაციების დაწესების შემთხვევაში,  შესაძლოა,  რუსეთის ხელისუფლებამაც იგივე მოიმოქმედოს. როგორ გგონიათ, ვინ უფრო მეტად იზარალებს ამით? წელიწადია, გვესმის, რომ საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები რაღაცას  გააფუჭებენ და, მოლოდინისა და ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნის მიუხედავად, ჯერჯერობით ვერც დასავლეთმა და ვერც ოპოზიციამ ვერ მოახერხეს, ერთი ისტორიის შექმნა ან მოპოვება, რათა ხმამაღლა ეთქვათ, – ხომ გაფრთხილებდითო.

ერთ-ერთმა ქართველმა პოლიტიკოსმა ისიც თქვა, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ამერიკის ელჩის თანაშემწის პოზიციამდე ჩამოქვეითდა და ასე თავად  ისურვაო. ვაი, რომ ამ განცხადებაში სიმართლის მარცვალი ურევია. ზურაბიშვილი საუბრობს ხალხის სახელით და, სავარაუდოდ, თავიც დააჯერა, რომ ის ხალხმა აირჩია და არაა ბიძინა ივანიშვილის მიერ მიწოდებული  კანდიდატი. ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკობს ამერიკის ელჩიც:  „დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ეს უნდა, ის უნდა“…  ქალბატონო კელი, იმაშიც ხომ დარწმუნებული ხართ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას არ უნდა  ხელისუფლებაში ნაციონალების დაბრუნება, არ უნდა ომი, არ უნდა დასავლეთი საქართველოს მშვიდობის ხარჯზე…  მაგრამ ამას არ ამბობთ და არ ამბობთ იმიტომ, რომ ხელს არ გაძლევთ.

სინამდვილეში კი ხდება ის, რომ  რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის დათბობის შესაძლებლობა გაჩნდა და დასავლეთმა განგაშის ზარებს შემოჰკრა.  ყველაზე კარგად კელი დეგნანმა იცის, რომ ქართული და რუსული მხარეების პირისპირ შეხვედრის შემთხვევაში, ფრენების გარდა,  საუბარი სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზეც იქნება, აფხაზეთზეც, სამაჩაბლოზეც და აშშ-ს სწორედ ამიტომ არ სურს, ამ  მოლაპარაკებების გამართვა; ამიტომაც ამერიკამ საქართველოში მთავარ მოკავშირეებს – ოპოზიციური პარტიის ლიდერებს, არასამთავრობოებსა და უკვე პრეზიდენტსაც დააგმობინა რუსეთის ინიციატივა.  შეიძლება, დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლებაზე კარგად იცის მოსახლეობის განწყობა და ამ განწყობების ჩაცხრობას  განცხადებებით აპირებს. თითქოს გვანამუსებენ:  რა დროს ფრენების აღდგენაა, უკრაინაში ომია, რუსეთს მთელი მსოფლიო ებრძვისო, მაგრამ იმას კი არ ამბობენ, რომ საქართველოს ჩართვა ამ ბრძოლაში დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ, ფურცელზე ჩამოწერილი რეკომენდაციების  შესრულებას კი არა, სულ სხვა რაღაცას ითხოვდნენ ჩვენგან და ეს „სხვა“ გამოჩნდა მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუს   განცხადებაში.

„მიმდინარეობს სერიოზული დისკუსია ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების  შესახებ:   შეგვიძლია  დამოუკიდებლად თავის დაცვა თუ უნდა ვიყოთ უფრო დიდი ალიანსის ნაწილი. თუ ამ მომენტამდე მივალთ, მაშინ ჩვენი ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა მოგვიწევს“, – განაცხადა სანდუმ.

ვინმე აგვიხსნის, რას ნიშნავს „ქვეყნის ნეიტრალური სტატუსის შეცვლა“?!  ეს ნიშნავს ერთადერთს – მოლდოვას ამზადებენ, მხარედ იქცეს  რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში და როდის  ვის დაუჭერს მხარს  დასავლეთის მიერ მართული და ხელდასმული სანდუ, ადვილი მისახვედრია. რა რესურსი აქვს 3.5 მლნ მოსახლეობის მქონე მოდლოვას, კარგად მოგეხსენებათ და ნეიტრალური ქვეყნის სტატუსის გაუქმების შემთხვევაში რა მოხდება, ამის განჭვრეტაც  ადვილად შეიძლება, მაგრამ, როგორც საქართველოს შემთხვევაში, დასავლეთს მოლდოვის მოსახლეობა კი არა, ტერიტორია აინტერესებს, რადგან ის იდეალურია  მორიგ პოლიგონად გამოსაყენებლად.

დასავლეთმა მოახერხა ის, რომ მოლდოვის პრეზიდენტმა განხეთქილების პირველი მარცვალი უკვე ჩააგდო და მოახერხა ის, რომ საქართველოს პრეზიდენტს ათქმევინა, – რა მილიონი ქართველის ინტერესი, მთავარია, ამერიკა და ევროპა იყვნენ კმაყოფილი, მილიონამდე ქართველი რას მიქვიაო. ჰოდა, ახლა თავად განსაჯეთ, ვის რა სურს რეალურად და მერამდენედ გვიწევს  იმ ბეწვის ხიდზე გავლა, რომელსაც დასავლეთი გვიშენებს.

ლევან გაბაშვილი                                                                                                            

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here