აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს იურისდიქციის რაღაც ფორმით აღდგენის მცირე შანსი მაინც თუ არის, რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა დავიწყოთ!

    აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს იურისდიქციის რაღაც ფორმით აღდგენის მცირე შანსი მაინც თუ არის, რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა დავიწყოთ!

    აშშ-ის პრეზიხდენტი დონალდ ტრამპი ირანისთვის სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა და განაცხადა, რომ ქვეყნებს, რომლებიც ირანს ამოსუნთქვის შესაძლებლობას მისცემენ, ასევე სანქციებს დაუწესებს. ამ განცხადების შემდეგ საქართველოდან ირანში გასაგზავნად გამზადებული 321 ავტომობილი საზღვრიდან უკან მოაბრუნეს… ამის გამო ერთი ამბავი ატყდა – ქართველი ავტოდილერები ამბობენ, მანქანები უკვე გავყიდეთო, ირანელი მყიდველები კი აცხადებენ, რომ ნაყიდი ავტოების გატანის უფლება არ აქვთ და ფულის დაბრუნებას მოითხოვენ. არადა, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველო არ აპირებს ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციებთან შეერთებას და ამას იმით ხსნის, რომ ირანთან სავაჭრო კავშირების გაწყვეტა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. ეს გადაწყვეტილება ურიგო ნამდვილად არ იქნება, რადგან, უპირველესად, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან უნდა გამოვიდეთ და არა იქიდან, რა ესიამოვნება აშშ-ს ან ევროპას.

     ეს შესავალი კი იმიტომ გავაკეთეთ, რომ…

    „გვსურს, გავაფრთხილოთ ჩვენი ზოგიერთი კოლეგა, რომლებიც საქართველოში დესტრუქციულ ხაზს უჭერენ მხარს. ევროკავშირის მცდელობები, გავლენა მოახდინოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე და თბილისი ნატოში ჩაითრიოს, კარგ შედეგს არ მოიტანს. საქართველოს ამჟამინდელ პრაგმატულ ხელმძღვანელობას ეს კარგად ესმის. რუსეთი რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნებისა და განმტკიცების ინტერესებით ხელმძღვანელობს და ამიტომ მზადაა, განაგრძოს ურთიერთობა მათთან, ვისაც სამხრეთ კავკასიის ბედი ადარდებს. ასევე მზად ვართ, ხელი შევუწყოთ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოგვარდეს მათ რეგიონში დაგროვილი პრობლემები“, – განაცხადა გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვასილი ნებენზიამ.

    რას ნიშნავს ეს? ხომ არ არის პირდაპირი მინიშნება, რომ რუსეთი მზად არის, საქართველოსთან შუამავლების გარეშე პირისპირ ისაუბროს ნებისმიერ თემაზე, მათ შორის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე?! ახლა ოპოზიცია აუცილებლად გამოხტება და იტყვის, ჯერ აღიარება წაიღოს უკან, მერე ვესაუბროთო, მაგრამ დააკვირდით ფრაზას: „მზად ვართ, ხელი შევუწყოთ თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის დიალოგის განვითარებას, რათა დამყარდეს ხანგრძლივი მშვიდობა და მოგვარდეს მათ რეგიონში დაგროვილი პრობლემები…“ თუ რა იგულისხმება დიალოგის განვითარებაში, ალბათ, მას შემდეგ გამოჩნდება, როცა სასაუბროდ დავსხდებით და, თუ არ დავსხდებით, ამას ვერასდროს გავიგებთ. სამწუხაროდ, გვაქვს გამოცდილება, რომ, როგორც კი ქართული ან რუსული მხარის რომელიმე წარმომადგენელი დიალოგის შესაძლებლობაზე გააკეთებდა აქცენტს, სულ მცირე, ორ კვირაში ისეთი რამ ხდებოდა, რაც ამ დიალოგის დაწყების შესაძლებლობას ანულებდა. ვეჭვობთ, ახლაც იმავეს გააკეთებენ (ან ვინმეს გააკეთებინებენ). აღსანიშნავია, რომ ნებენზიამ საინტერესოდ ისაუბრა გიორგი ბარამიძეზე.

    „საქართველოში ცოტა ხნის წინათ პოლიტიკური სკანდალი ატყდა ყოფილ თავდაცვის მინისტრ გიორგი ბარამიძის განცხადების გამო. ამ კაცმა, რომელიც სააკაშვილის მოკავშირე იყო და ძნელად თუ ჩაითვლებოდა მშვიდობის მტრედად, ისაუბრა ქართული მხარის მიერ 1990-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში კონფლიქტისას ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე და აღნიშნა, რომ ქართველებს „ტყვეები არ აჰყავდათ“, – აღნიშნა ნებენზიამ. ამით მან დაადასტურა, რომ მომხდარის შესახებ იციან, მაგრამ საკითხი არ გაამწვავა და არ გამოიყენა პოლიტიკური ვაჭრობისთვის, არ თქვა, რომ ეს აღიარება იყო იმისა, რომ ქართველებმა გენოციდი მოაწყვეს (არადა, ბარამიძის ამ მოღალატეობრივი განცხადების შემდეგ ამის თქმის სრული უფლება ჰქონდა).

    სიმართლეს თვალებში რომ ჩავხედოთ, ბურთი ახლა ჩვენს მოედანზეა და ჩვენი გადასაწყვეტია, როგორ გაგრძელდება მოვლენები. ვიყოთ რეალისტები და ვაღიაროთ, რომ მოლაპარაკებების დაწყების ასეთი შანსი იშვიათად გვეძლევა და ეგებ დროა, მოლაპარაკებების მაგიდას მივუსხდეთ და არ დავინტერესდეთ იმით, რას ფიქრობენ ამერიკა და ევროპა! იმასაც უნდა ვიყოთ შეგუებულნი, რომ ამ ნაბიჯის გამო დასავლეთმა შეიძლება სანქციებიც დაგვიწესოს; ფაქტია, საჯაროდ რომ დაგვიწყებენ ლანძღვას და სამშობლოს გაყიდვაშიც დაგვდებენ ბრალს, მაგრამ დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო, და ეს ნაბიჯი გადასადგმელია. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ რუსეთთან პირისპირ, შუამავლების გარეშე გამართული მოლაპარაკებები ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წაადგება, ეს მოლაპარაკებები მალე უნდა დავიწყოთ. თუ არის თუნდაც მცირე შანსი იმისა, რომ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რაღაც ფორმით საქართველოს იურისდიქცია აღდგეს, მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა დავიწყოთ. მოლაპარაკებების დაწყების გარეშე რომ არაფერი გამოვა და წინ ერთი ნაბიჯითაც ვერ წავიწევთ, ყველამ იცის და, რაც მთავარია, იცის დასავლეთმა, ამიტომაც გვგონია, რომ მოლაპარაკებებს დღემდე ხელს უშლიან, რადგან, თუ ამ საკითხზე მოვრიგდებით რუსეთთან, შემდეგ უკვე არც საკამათო გვექნება რამე და არც საჩხუბარი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა თუ აღდგება, გამოდის, რომ საქართველოს რუსეთზე უკეთესი სავაჭრო პარტნიორი თუ მეზობელი, უბრალოდ, ვერ ეყოლება.

    ამას ვგულისხმობთ, როცა ვამბობთ, რომ დასავლეთი რუსეთთან პირდაპირ მოლაპარაკებებს ხელს შეუშლის. მათ გეგმაში არ შედის დამშვიდებული და დალაგებული ამიერკავკასია, საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან რომ არაფერი გაუვიდათ, სომხეთს „უჯიკეს“ და ფაშინიანის მთავრობამაც პირველი შედეგი უკვე მიიღო – ყარაბახი ოფიციალურად გადააბარა აზერბაიჯანს, თან მოსახლეობას უმტკიცებდა, ასე უნდა მომხდარიყო, პრობლემა სხვაგვარად ვერ მოგვარდებოდაო. ალბათ, ეს დასავლეთის ხელწერაა, თავის ფრთის ქვეშ რომ აჰყავხარ, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი სხვას უნდა გადააბარო და ამის მერე ხარ „დემოკრატიის შუქურა“. საინტერესოა, რომ სომხეთიც იმ გზას მიჰყვება, რომელიც ჩვენ გავიარეთ. სავარაუდოა, რომ ფაშინიანიც დაახლოებით ისე დაამთავრებს, როგორც სააკაშვილმა „მოახერხა“.

    საქართველოსა და რუსეთს ახლა მთავარი ურთიერთობა სავაჭრო მიმართულებით აქვთ. უფრო ზუსტად, რუსეთი არის ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) ბაზარი საქართველოში, სადაც უპრობლემოდ და, რაც მთავარია, მისაღებ ფასად ვყიდით ჭარბ პროდუქციას. დასავლეთმა ეს მშვენივრად იცის, მაგრამ არ ცდილობს ამ მხრივ რუსეთის ჩანაცვლებას, რადგან ის მცირედიც კი, რაც შეიძლება საქართველომ ევროპაში გაიტანოს, მათ ადგილობრივ წარმოებას შეუშლის ხელს, ისინი კი პირველ ადგილზე სწორედ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს აყენებენ. ძაღლის თავიც აქ არის დამარხული – დასავლეთი საჯაროდ აცხადებს, რომ სახელმწიფოს ინტერესი უპირველესია, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა საქმე მათ ქვეყნებს ეხება, ხოლო, როცა საუბარი საქართველოსა და მის მსგავს ქვეყნებზეა, ისინი საერთაშორისო ( ანუ დასავლეთის) ინტერესზე უნდა ფიქრობდნენ და სხვა ქვეყნებს უნდა შეეწირონ მსხვერპლად.

    გემახსოვრებათ, როცა პრემიერი გიორგი გახარია იყო, დავოსის სამიტზე გაჩნდა შანსი, პირდაპირ დალაპარაკებოდა ვლადიმერ პუტინს. ეს ისე რეალური იყო, რომ შეხვედრის არათუ თარიღი, საათიც კი სახელდებოდა, საქართველოში ყველა ამ შეხვედრის მოლოდინში იყო, მაგრამ … გამოვიდა გახარია და რუსეთის მიმართ ისეთი განცხადებები გააკეთა, არც ერთი თავმოყვარე ქვეყნის ლიდერი არ შეხვდებოდა და შეხვედრა ჩაიშალა. გახარიამდე იყო ღარიბაშვილის მცდელობა, მაგრამ… ისე, აუცილებლად სათქმელია, რომ მმართველ გუნდს, როგორც თვითონ ამბობენ, ლიდერების არჩევა რამდენიმეჯერ შეეშალა. შეეშალა ერთი პრეზიდენტი, მეორე… შეეშალა ერთი პრემიერი, მეორე, მესამე… შეეშალა მინისტრები, ძალოვანი თუ არაძალოვანი და, ალბათ, ამანაც იქონია გავლენა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე. ბოლოს ისე გამოდიოდა, რომ ქვეყნის პირველი პირები სახელმწიფოზე მეტად საკუთარი თავის გადარჩენაზე ფიქრობდნენ და რუსეთისთვის არავის ეცალა.

    არავინ იცის, კიდევ როდის მოგვეცემა ისეთი შანსი, რომ რუსეთი კვლავ გადმოდგამს პირველ ნაბიჯს და საჯაროდ იტყვის, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის, მზად არის სამაჩაბლოსა და აფხაზეთზე სასაუბროდ, მზად არის გრძელვადიანი მშვიდობისთვის და ამიტომ ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. ამას კი, კეთილი ნების გარდა, გამბედაობა და დასავლეთის გაუთვალისწინებლობა სჭირდება. არის თუ არა მზად ამისთვის ჩვენი ხელისუფლება, ძნელი სათქმელია. არადა, ადრე თუ გვიან ამის გაკეთება გარდაუვალი იქნება და ახლა, ფორსმაჟორის ნაცვლად დაფიქრებულად და გააზრებულად რომ გადავდგათ ეს ნაბიჯი, სჯობს.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here