გასული კვირის მთავარი განსახილველი თემა ე.წ. იუმორისტ ონისე ოქრიაშვილის ცემა იყო. პარადოქსია, რომ ოქრიაშვილი ქართულ მწერლობაში იუმორის მეფის, ქართველების საყვარელი მწერლის, ნოდარ დუმბაძის, გინების გამო გაილახა. ნამდვილად ვერ გეტყვით, ვის ეცინება დღეს იმაზე, რასაც იუმორი დაარქვეს, რომელსაც გვტენიან და ცდილობენ, დაგვაჯერონ, რომ სწორედ ასეთი უნდა იყოს იუმორი. რაც მთავარია, იუმორად წოდებულ ტექსტებში შესული ბილწსიტყვაობა უნდა ავიტანოთ და მივიღოთ.
როგორც მოგვიანებით გაირკვა, ოქრიაშვილი გალახა ნიკა ხურცილავამ, რომელიც პოლიციაში თვითონ გამოცხადდა და პროკურატურამ მისთვის გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით მოითხოვა, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ, სანამ ხურცილავა გირაოს თანხას არ გადაიხდის, პატიმრად რჩება. მართლა სასაცილოა, რომ რუსი ტურისტი ქალისთვის ცხვირ-პირის გამაერთიანებელი კაცი გირაოთი ისე გაუშვეს, პატიმრობის უზრუნველყოფა არ მოუთხოვიათ, ხოლო კაცს, რომელმაც, ნოდარ დუმბაძის გარდა, დედაეკლესიის შემგინებელს ხელი დაარტყა, უფრო მკაცრად მოექცნენ. ჰო, ოქრიაშვილმა ეკლესიასაც აგინა და, როცა ერთ-ერთმა ტელევიზიამ ეს სიუჟეტი ეთერში გაუშვა, ოქრიაშვილის მეგობრები (გაგიკვირდებათ და ჰყოლია) ტელევიზიასთან მივიდნენ, რატომ აჩვენეთ ეს კადრები, ამით პროვოცირებას უწევთ, რომ ოქრიაშვილს ვინმემ კიდევ სცემოსო. რა გამოდის? მათ ზუსტად იციან, რომ ოქრიაშვილი არასწორად იქცევა და ისეთ რაღაცებს ამბობს, რომელთა გამოც შეიძლება გაილახოს, მაგრამ იმას კი არ ფიქრობენ, უშუალოდ ოქრიაშვილს ურჩიონ, აზრზე მოდი, ნორმალურად ისაუბრეო. არა, ტელევიზიებს საყვედურობენ, რატომ აჩვენებთ ეთერში იმას, რასაც ეს ბიჭი ლაპარაკობსო.
ახლა ვნახოთ ხურცილავას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი, რომელიც ცოტა ვრცელია, მაგრამ ძალიან საინტერესო:
„ჩემო მეგობრებო, უკვე, ალბათ, ყველამ იცის გუშინ საღამოს მომხდარი ამბის შესახებ იმ ვითომ იუმორისტის ცემაზე. პოლიციაშიც მე თვითონ მივედი და ვაღიარე, რაც ჩავიდინე. ვინც მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ არასდროს ვყოფილვარ ძალადობის მომხრე. სულ გამშველებლის პოზიციაში ვიყავი, თუ რამე ჩხუბს შევსწრებივარ. თუმცა არის მომენტები, როდესაც სხვა გზა უბრალოდ არ რჩება, რათა უფრო დიდი ბოროტება არ დაგვატყდეს თავს. კი ხედავთ ყველა, რომ ამის ნიშნები, უკვე დიდი ხანია, აშკარად ჩანს. ზოგადად, ამ კონკრეტულ ე.წ. იუმორისტზე ბევრს არაფერს ვიტყვი, რადგან მისი ტიპაჟი, პიროვნული თვისებები, მანერები და ქცევები თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, მაგრამ არ შემიძლია, იმაზე არ ვილაპარაკო, რამაც გუშინდელი ფაქტი გამოიწვია. ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ ე.წ. იუმორისტი და მისი მსგავსი ადამიანები სწორედ ის ხალხია, რომლებიც, წლებია, ყველაზე საზიზღარი მეთოდებით ცდილობენ, ხალხს დაუკარგონ თავისი ისტორიის, კულტურისა და ყველაფერი ქართულის პატივისცემა; იმ ყველაფრის პატივისცემა, რასაც ჩვენ ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ, რასაც მე დედაჩემი მასწავლიდა, რომელიც, ათწლეულებია, სკოლაში მუშაობს და მომავალი თაობა მისთვის პირველი საზრუნავია. ეს გადაგვარებული მენტალობის ხალხი კი გუშინ ქართულ ეკლესიას ლანძღავდა და დასცინოდა, დღეს ნოდარ დუმბაძეს აგინებს, ხვალ იგივე შეიძლება გააკეთოს შოთა რუსთაველზე, დავით აღმაშენებელზე ან ნებისმიერზე, ვისითაც ვამაყობთ. ესაა მათი მიზანი, რადგან, როდესაც ასეთი რაღაცები ჩვეულებრივი ამბავი ხდება, ეს უკვე მარტო ერთი ადამიანის ან მისი ოჯახის შეურაცხყოფა კი არ გამოდის, მთელი ქვეყნის მტრობა და შეურაცხყოფაა. დარწმუნებული ვარ, ამაში ფულს უხდიან და ესენიც ყველაფერს კადრულობენ. დიდი მიხვედრა არ სჭირდება, რომ ეს ადამიანებიც იმ ხალხის ნაწილია, რომელიც ყველაფერს „აპრავებს“, რაც ანტიქართული და ჩვენი ქვეყნის დამაქცეველია, გეიპროპაგანდა იქნება ეს, ეკლესიის გინება, ტრადიციების დაცინვა თუ ასეთი სხვა უამრავი მავნებლობა. კი ბატონო, ბევრი მეტყვის, მასეთები იმდენია, ასე ცემა-ტყეპით ებრძვიო? მაგრამ, როგორც ერთ ქართველს, რომელსაც მართლა ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა, ვალდებულება მაქვს, ერთი ქართველი კაცის სათქმელი მაინც ვთქვა, რამეს განსაკუთრებულად თუ ვერ შევცვლი. არ შეიძლება, ჩვენი შვილები მათი იდეოლოგიით გაიზარდონ, ნახევარ საუკუნეში გააქრობენ ამ ქვეყანას. ვერ გადარჩება ქვეყანა, რომელშიც ეკლესიის, ნოდარ დუმბაძის, დავით აღმაშენებლისა თუ რუსთაველის გინება „მოსულა“, რადგან ხუმრობაა…
არ ვამბობ, რომ კანონი არ უნდა კანონობდეს. პირიქით, ვიცი, რომ ჩემი საქციელის გამო დავისჯები, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ არსებობს მომენტი, როდესაც უმოქმედობა უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე მოქმედება.
მე დავისაჯო, კი ბატონო, მაგრამ რამენაირად მოვახერხოთ, ამ მართლა აგენტების ასეთი ანტიქართული მოქმედებები არ გავატაროთ და მომავალი თაობები არ მოვაწამლინოთ სიცილ-კისკისში და სხვადასხვა გზით შემოპარებული ანტიქართული საწამლავით.
ყველა ჩემიანს ბოდიშს გიხდით, რომ განერვიულებთ. ძალიან მიყვარხართ და ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო“.
რადგან „მოძალადის“ სტატუსი გაგაცანით, ახლა ოქრიაშვილის მხარდამჭერ სტატუსზეც გავამახვილოთ ყურადღება, რომელიც მას მიხეილ სააკაშვილმა მიუძღვნა.
„რა კარგი ბიჭია ონისე ოქრიაშვილი, კომიკოსი, რომელსაც თავს დაესხნენ ქოცების ზონდერები, ნათელი, განათლებული, გონებაგახსნილი, პოზიტიური! თუ დავაკვირდებით დიქტატორს და დიქტატურის მსახურებს, მათ საერთოდ არ გააჩნიათ იუმორის გრძნობა და სხვათა შორის სწორედ ესაა ჩვენი უბედურების ერთ-ერთი სათავე. ონისე, ძვირფასო, ყველაფერს მაგრად აკეთებ და ნურაფრის ნუ შეგეშინდება. მომავალი შენი და შენისთანებისაა! როგორ შეიძლება, ამ მაჯლაჯუნებმა დიდხანს გასტანონ თქვენნაირების ქვეყანაში….“
ალალად გეტყვით, მეტს არც ველოდით სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერებისგან; უფრო მეტიც – საკვირველი ის იქნებოდა, მიშას დიდი მწერლების გინება რომ სწყენოდა. სააკაშვილი ხომ ყველაფერს აკეთებდა ინტელიგენციის ჩასარეცხად და მხოლოდ ცოცხლებს კი არა, გარდაცვლილებსაც მიადგა. აბა, რა გასაკვირია, ახლა ონისესთვის დაეჭირა მხარი?! გეგმა, რომელიც მან ჩააგდო, დასავლეთს თაროზე არ შემოუდვია, ისევ მოქმედებაშია, მაგრამ ახლა სხვა საშუალებებითა და სხვა მიმართულებით ამ გეგმას ასრულებენ არასამთავრობოები, ნაწილებად დაშლილი ყოფილი ნაცები, რომლებმაც სახელი გადაირქვეს, თორემ სინამდვილეში ისევ ის ხალხია, რომელსაც საქართველოს გადაგვარება სურდა.
საბედნიეროდ, სოციალურ ქსელში გამოჩნდა არაერთი ადამიანი, რომელმაც ნიკა ხურცილავას გირაოს გადახდის მზადყოფნა გამოთქვა და კარგია, რომ ასეთი ადამიანები არათუ არსებობენ, არამედ დაუფარავად გამოხატავენ პოზიციას. სასაცილო კიდევ, იცით, რა არის? ოპოზიციის ახალგაზრდა მიმდევრებმა, ორი წიგნი რომ არ აქვთ წაკითხული (მართლა არ აქვთ) განაცხადეს, დუმბაძეს ცოდვად ისიც ეყოფა, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ რომ გამოდიოდა და პუტჩისტებს უჭერდა მხარსო. 1984 წელს გარდაიცვალა ბატონი ნოდარი და ეგებ ვინმემ აგვიხსნას, რომელი პუტჩის მხარდაჭერაზეა საუბარი?! ვიღაცას შეიძლება, სიგუას გვერდით მდგარი კიტოვანი ჰგონია დუმბაძე (არ გამორიცხოთ, რომ სახეზე ვერ ცნობენ) ან შეიძლება რომელიმემ მიამსგავსა დუმბაძეს ვინმე და „ფაქტი დადეს“.
ჰო, ოქრიაშვილი ლაშა ბუღაძის მეუღლე სოფიო შამანიდიმაც დაიცვა, აქაოდა, რა უნიჭოა დუმბაძე, ვინც მაგას მწერლობა დააბრალაო… ლოგიკურიც არის – ნოდარ დუმბაძე გალანძღა ცოლმა იმ კაცისა, რომელმაც თამარ მეფე გვიგინა, წმინდანი მეფე, და ამისთვის პასუხი არავინ მოსთხოვა, ანუ ისინი აგინებენ ეკლესიას, საამაყო ქართველებს, რომლებიც მსოფლიოში არიან აღიარებულნი, და მიაჩნიათ, რომ ეს გინება უნდა შერჩეთ! თუ ფიქრობენ, რომ გინებისთვის შეიძლება ცხვირში მოხვდეთ, რატომ იქცევიან ასე? იმიტომ, რომ დავალებას ასრულებენ; იმიტომ, რომ ფული აქვთ აღებული და კიდევ იმიტომ, რომ ცხოვრებაში არაფრისთვის მიუღწევიათ, არარაობები არიან და ყურადღების ცენტრში მოხვედრას სხვაგვარად ვერ ახერხებენ. ვის და რატომ უნდა გაახსენდეს ან ონისე ოქრიაშვვილი, ან ბუღაძე და მისი ცოლი, მაგრამ, როცა ასეთ რამეს იტყვიან, აგრესიას გამოიწვევენ, ტელევიზია გააშუქებს და უხარიათ; ჰო, ტელეეკრანზე გამოჩენა უხარიათ. თანაც ამას აკეთებენ სამშობლოს ღალატის ფასად და, თუ ადრე ეს 30 ვერცხლი ღირდა, ახლა ევროებში ანგარიშობენ.
ბესო ბარბაქაძე







