კაცობრიობას სასაკლაოსკენ მიერეკებიან!

    ბრიუსელში დამთვრალმა რუტემ ანკარაში სცადა „პახმელიაზე“ გამოსვლა

    ნატოს ყოველი სამიტი საინტერესოა, მაგრამ საერთაშორისო დაძაბულობის იმ მასშტაბის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს მსოფლიო იმყოფება, 2026 წლის შეკრება ანკარაში  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.

    დავიწყოთ იმით, რომ საქართველო ამ ღონისძიებაზე არ მიუწვევიათ, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ნატოსგან გაცილებით შორს დაგვაყენეს, ვიდრე, ვთქვათ, 2008 წელს ბუქარესტის სამიტის დროს ვიმყოფებოდით, სადაც საქართველოს (ბოდიში  სააკაშვილს) „მაპზე მეტი” მისცეს.

    საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქალბატონმა ბოჭორიშვილმა ბრძანა:

    „რეგიონისა და საქართველოს მიმართ იცვლება დამოკიდებულება რუსეთ-უკრაინის ომისა და ახლო აღმოსავლეთის მოვლენების გათვალისწინებით.” მას არ გაუშიფრავს, ეს ნათქვამი კონკრეტულად რას ნიშნავს, თუმცა, ნატოს წევრობის პერსპექტივის თვალსაზრისით, კარგს არაფერს რომ არ მოასწავებს, ფაქტია. ბოჭორიშვილი მონაწილეობდა სამიტის პარალელურად მიმდინარე დისკუსიაში, რომელიც წარიმართა სათაურით „მოკავშირეები ანკარაში“. მინისტრის მოხსენების სათაური – „სტრატეგიული გაურკვევლობის ეპოქაში ორიენტირება“, დროის სულისკვეთებას პასუხობდა, მაგრამ თვითონ ქალბატონი მინისტრი, ტრადიციულად, რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა: „რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის განგრძობითი ოკუპაცია არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.“  ქალბატონი მინისტრი მშვიდობის საკითხსაც შეეხო, მაგრამ, ჩემი აზრით, ნათქვამი ბუნდოვანი გამოუვიდა ან  რატომღაც მოინდომა, რომ აზრისთვის დიპლომატიური ვუალი ჩამოეფარებინა: „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სტაბილურობა. მისი შენარჩუნება დღეს სულ უფრო რთულ ამოცანად იქცა, რადგან ვცხოვრობთ ჰიბრიდული საფრთხეების, დეზინფორმაციისა და ინფორმაციული მანიპულაციების ეპოქაში.ამ თვალსაზრისით  საქართველოს გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რა მნიშვნელოვანია გადაჭარბებული საგარეო გავლენის შეზღუდვა ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად“.

    საიდან მოდის ჰიბრიდული საფრთხეები ან დეზინფორმაცია და ინფორმაციული მანიპულაციები? ქალბატონ ბოჭორიშვილს ეს კენჭები რუსული ბოსტნის მიმართულებით რომ ესროლა, ვინმეს გაუკვირდებოდა? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ არც ის გაუკვირდებოდა ვინმეს, ბოჭორიშვილი ამ კენჭებს ევროპულ ბოსტანში თუ ისროდა. ბოლოს და ბოლოს, ისიც ვიცით, რომ ამერიკულ ბოსტანსაც არანაკლები სიამოვნებით დაუშენდა იგი დიპლომატიურ (და არა მხოლოდ) კენჭებს, ამიტომაც არ დააზუსტა მისამართი და, ალბათ, სწორადაც მოიქცა. დიპლომატიურმა ბუნდოვნებამ  მის ნათქვამს ინტრიგა შესძინა. აბა, დასავლურ ბოსტნებსაც რუსული ბოსტნებივით ხელაღებით თუ დაუშენდა კენჭებს, დახვეწილი დიპლომატიის ნაცვლად ორღობის პოლიტიკა გამოუვიდოდა. ახლა კი…                                                                                                                 

    ეს, რაც შეეხება საქართველოს, მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ნატოს სამიტზე საქართველოს როლი ისევე უმნიშვნელოა, როგორც ქალბატონ ბოჭორიშვილის ნათქვამი თუ გამონათქვამები. ეს ისე, დასამშვიდებლად…

    NATO Secretary General Mark Rutte and NATO Heads of State and Government

    სხვა საქმეა, ვთქვათ, მარკ რუტეს ნათქვამი, ვინაიდან იგი ნატოს გენერალური მდივანია. ბატონმა დონალდ ტრამპმა, თავის დროზე,  ქაღალდის ვეფხვი უწოდა ნატოს. ამ ლოგიკას თუ გავყვებით, პატივცემული რუტე ქაღალდის ვეფხვის ვეფხვი გამოდის, მაგრამ, ქაღალდის არის თუ რაღაც სხვა, ვეფხვი მაინც ვეფხვია და, აქედან გამომდინარე, მისი გენერალური მდივანიც არ არის  ხელწამოსაკრავი კაცი. ჰოდა, ამ არახელწამოსაკრავმა კაცმა  თქვა: „ჩემი გზავნილი რუსეთისა და ვლადიმერ პუტინისთვის ასეთია. ეს არის ალიანსი, რომელიც ევროპაში, კანადასა და შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ერთ მილიარდ ადამიანს აერთიანებს. ჩვენ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს დავიცავთ. ნატოს ვერ დაამარცხებთ. ჩვენ თავდაცვითი ალიანსი ვართ. არასოდეს არავის დავესხმებით თავს – მხოლოდ ჩვენი ცხოვრების წესს, ჩვენს დემოკრატიებსა და ტერიტორიას დავიცავთ, ამიტომ ნუ გვეთამაშებით!“ ქაღალდის ვეფხვის ვეფხვი გაბედავდა ასე ლაპარაკს? წესით, ვერ უნდა გაებედა, მით უფრო, რომ ძალიან თავხედური ტყუილი თქვა. შუაგულ ევროპაში იუგოსლავიას მეოცე საუკუნის მიწურულს ვინ დაესხა თავს, თუ არა ის ქაღალდის ვეფხვი, რომლის გენერალურ მდივანსაც ეს „წესიერი“ კაცი წარმოადგენს?! ამგვარი მოღაღადე ტყუილის თქმას ძალიან ძლიერი კაცი სჭირდება და არ ვიცი, ახლა რომელს დავუჯერო – ამ ტყუილების ვეფხვის ვეფხვს თუ შვიდპარასკევა ტრამპს, რომელიც ნატოს  შეურაცხმყოფელი თიკუნით იხსენიებს.  რუტე აცხადებს: „ალიანსი შეიძენს 10 Saab Globaleye-ის ტიპის სათვალთვალო თვითმფრინავს, რათა ჩაანაცვლოს ამჟამინდელი მოძველებული საჰაერო გაფრთხილებისა და კონტროლის სისტემის (AWACS) ფლოტი. შვედური მწარმოებელი Saab-ი ამერიკული ფირმის, Boeing-ის მიერ აგებული პოპულარული და ხშირად გამოყენებული თვითმფრინავის ალტერნატივას წარმოადგენს. ნატოს ფლოტს პირველად დაემატება ხუთი Triton-ის მაღალი  სათვალთვალო დრონი, რომლებიც Northrop Grumman-მა შექმნა.”  რუტეს თქმით, „წევრი სახელმწიფოები – ნორვეგია, ფინეთი, გერმანია და დანია ხელს მოაწერენ შესყიდვის განზრახვის წერილს. გარდა ამისა, ალიანსი Airbus A400M ტიპის თვითმფრინავების სტრატეგიული საჰაერო გადაზიდვების ფლოტს შექმნის”.  დონალდ ტრამპმა ანკარაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ნატოთი იმედგაცრუებულია: „მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი ნატოთი. გულახდილად ვამბობ, ეს სამიტი თურქეთში რომ არ ტარდებოდეს, სადაც ჩემი მეგობარი ძალიან ძლიერი ლიდერია, შესაძლოა, მას საერთოდ არც დავესწრებოდი“. აშშ-ის პრეზიდენტმა ისიც თქვა, რომ ნატოს სამიტის თურქეთში გამართვა დიდი მოვლენაა, თუმცა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ აშშ-ს დახმარება არ სჭირდება: „ჩვენ კარგად არ მოგვექცნენ იმის გამო, რაც ირანში გავაკეთეთ. ჩვენ არავის დახმარება არ გვჭირდება, მე მათი დახმარება არც კი მინდოდა. მე ვამბობ, რომ ეს კარგია, ვფიქრობდი, რომ ისინი დიდი სიამოვნებით გააკეთებდნენ რამეს ჩვენ დასახმარებლად, მათ კი ეს რეალურად არ გააკეთეს“.  ტრამპმა გაიხსენა კირ სტარმერის ქმედებები. დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის თანამდებობიდან იგი უკვე გადადგა. ტრამპმა მისი საქციელი ასე შეაფასა: „კირ სტარმერი უკვე აღარ არის თანამდებობაზე, ეს იყო ძალიან არაპოპულარული ნაბიჯი, რომელიც მან გადადგა.  მან თქვა, რომ ომის დასრულების შემდეგ დაგვეხმარებოდა. მე ვუთხარი, რომ ასეთი დახმარება არ მჭირდება. ჩვენ საერთოდ არ გვჭირდებოდა არანაირი დახმარება. გარკვეულწილად მე ხალხს ვცდიდი, რათა დამენახა, იქნებოდნენ თუ არა ისინი ჩვენ გვერდით”.

    ასე წარიმართა ნატოს 36-ე სამიტი ანკარაში, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი სხვა რამეა, კერძოდ –  უკრაინის საკითხი. ამ საკითხზე ასეთი შინაარსის ტექსტი გავრცელდა: „ანკარის სამიტის ბოლოს ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი გრძელვადიანი მხარდაჭერა და პირობა დადეს, რომ 2026 წელს 70 მილიარდ ევროს გამოყოფენ იარაღის მიწოდებისთვის, სამხედრო დახმარებისა და წვრთნებისთვის. ეს ვალდებულება სამიტის საბოლოო დეკლარაციაში აისახა. დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინის წვლილი ევროატლანტიკური არეალის უსაფრთხოებაში და მოკავშირეები ინარჩუნებენ ურყევ მხარდაჭერას მისი თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ნატოს ქვეყნებმა ასევე დაადასტურეს თავიანთი განზრახვა, შეინარჩუნონ უკრაინისთვის დახმარების, სულ ცოტა, იგივე დონე 2027 წელს. დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კიევისთვის სამხედრო დახმარების ძირითადი ნაწილი ამჟამად ევროპელი მოკავშირეებისა და კანადის მიერ ფინანსდება. სამხედრო ალიანსი ასევე მიესალმა ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას მრავალწლიანი დაფინანსება გამოუყოს Ukraine Support Loan-ის მექანიზმის მეშვეობით. გარდა ამისა, სამიტის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი თვალსაზრისი რუსეთზე, როგორც ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან საშიშროებაზე. ნატოს ლიდერებმა გამოაცხადეს თავდაცვითი იარაღის ახალი შესყიდვების შესახებ, რომელთა ღირებულება 50 მილიარდ დოლარს აღემატება; შეთანხმდნენ, ერთობლივი იარაღის წარმოების გაფართოებასა და თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების, მათ შორის, სარაკეტო თავდაცვის სისტემების, დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების დაჩქარებაზე”.  რა არის ეს, თუ არა ნატოს სამხედრო აგრესია რუსეთის წინააღმდეგ?! ჩვენ თავს ვიცავთო, რომ აცხადებენ ნატოს ბოსები, უკრაინაში როგორ იცავენ თავს იმ დროს, როდესაც უკრაინა ნატოს წევრი არ არის?! ის მაინც თქვან, რომ კარგ საქმეს ვაკეთებთ, სუსტს ვიცავთ ძლიერის აგრესიისგანო. დაიჯერებს ვინმე ამას თუ არა, სხვა საკითხია, მაგრამ  ყასიდად ხელმოსაკიდი მაინც ექნებათ. ნატო კი სულ სხვა გზით წავიდა. თქმა იმისა, რომ თავს იცავენ იქ, სადაც მათი „თავი“ არ არის, უხერხული კი არა, წრესგადასული თავხედობაა. ამ ლოგიკით რუსეთს ან ჩინეთს სრული უფლება აქვთ, ირანს ბირთვული შეიარაღება მიაწოდონ და განაცხადონ, რომ ამ ქვეყანაში თავიანთ თავს იცავენ. გაერო და მისი უშიშროების საბჭო იმიტომ არსებობს, რომ ამგვარი საკითხები იქ გადაწყდეს, მაგრამ, დიდი ხანია, დასავლეთმა ეს გზა უარყო. გაეროს გვერდის ავლით მოქმედება კი არამხოლოდ ამორალური, არამედ უაღრესად სახიფათოა. ეს გლობალური ომისკენ გადადგმული ნაბიჯია, რომელსაც გამართლება არ აქვს. მსოფლიოს უნდა სცოდნოდა, რომ გაეროს იგნორირებით იუგოსლავიაში (და არა მხოლოდ იქ) ნატოს აგრესია ის საერთაშორისო დანაშაული იყო, რომელიც ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევდა და მსოფლიოს ქაოსისკენ უბიძგებდა. სამწუხაროდ, მსოფლიოში არ არსებობს ძალა, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოთა აგრესიას შეაჩერებს, თუ ისინი მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის სივრციდან გავლენ. ბირთვული სახელმწიფოები ერთმანეთთან სამხედრო დაპირისპირების გზით თუ წავლენ, ეს უკვე კატასტროფაა. ანკარის სამიტზე ნატოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები რუსეთისთვის ომის გამოცხადება ანუ მსოფლიოს დაღუპვის ინიციატივაა. ამას მხოლოდ მე არ ვამბობ. მაგალითად, ბუნდესტაგის დეპუტატი სევიმ დაგდელენი აცხადებს: „ალიანსმა საფუძველი ჩაუყარა რუსეთის წინააღმდეგ ომს. ევროპელებს უშვებენ ბირთვული სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის ცეცხლში. ევროპელი ვასალები თავის კანტურით თანხმდებიან, რომ განადგურდნენ ფინანსური, სამხედრო და ეგზისტენციალური თვალსაზრისით. გერმანია კიევის უმსხვილეს საფინანსო დონორად აქციეს“.

    რუსეთზე დრონებით შეტევისას მიღწეული „წარმატება“ თრობის ეფექტის მომტანი აღმოჩნდა. ბრიუსელში დამთვრალმა რუტემ ანკარაში სცადა „პახმელიაზე“ გამოსვლა. ამ „ოპერაციის“ შემდეგ ვერ გეტყვით, თვითონ რუტე როგორ ხასითზეა, მაგრამ პლანეტის მოსახლეობა ინსტინქტით მაინც უნდა გრძნობდეს იმის მოახლოებას, რისი დაშვების უფლება არ აქვს, მაგრამ  არც წინააღმდეგობის გაწევის ძალა შესწევს.  მსოფლიოში არსებობს ბოროტება სახელად ნატო, რომელიც კაცობრიობას სასაკლაოსკენ მიერეკება.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                                                 

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here