რამდენიმე დღეა, საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდება საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, წერილები, რომლებშიც ის სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ ხელმძღვანელს, მამუკა მდინარაძეს, შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. ირაკლი ღარიბაშვილი, ორგზის პრემიერმინისტრი, რომელიც პირველად საეჭვო ვითარებაში გადადგა, დაპატიმრებულია. მისი ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იპოვეს 6,5 მლნ აშშ დოლარი ნაღდი ფული, აგრეთვე, ძვირფასეულობა და ძვირად ღირებული საათები…
ღარიბაშვილი მისმა მომხრეებმა პოლიტპატიმრად შერაცხეს და განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი მას მოუწყვეს. ირაკლი ღარიბაშვილის წერილებიდან ირკვევა, მის სახლში ფულისა და ძვირფასეულობის პოვნის შემდეგ ის პროკურატურას გაურიგდა და ჩაჯდა საპყრობილეში. დღეს კი ღარიბაშვილი მამისა და სიმამრის დაპატიმრების საფრთხის გამო უსტარს უსტარზე წერს…
ხელისუფლებაში მიმდინარე პროცესებზე ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე გვესაუბრება:
_ ღარიბაშვილის გააქტიურებას ორი მიზეზი აქვს: პირველი ის, რომ მის ოჯახს დაცვა მოუხსნეს; მეორე მიზეზი კი ის წერილია, რომელიც მამუკა მდინარაძის სახელს უკავშირდება და რომელშიც წერია, რომ ის, რაც დამართეს ღარიბაშვილს, საკმარისი არ იქნება _ მან უნდა აღიაროს კორუფციაში ჩართულობა, რომელსაც მოწმეები დაადასტურებენ. ეს ნიშნავს, რომ ღარიბაშვილი განწირულია, ამიტომ წერილების გამოქვეყნებით ცდილობს თავის გადარჩენას. ამასთანავე, ღარიბაშვილს უთხრეს, რომ პოლიტიკაში ვეღარ დაბრუნდება. ყოფილი პრემიერი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
_ ღარიბაშვილი წერს, რომ გარიგების შემდეგ ჩაჯდა საპყრობილეში. საინტერესოა, ვის გაურიგდა და რა საქმეში? ან რატომ გაურიგდნენ კორუფციონერს?..
_ ჩვენ მართლაც არ ვიცით, ვის გაურიგდა და რაში. გარიგება არსებობს საპროცესო შეთანხმების სახით. პროკურატურა, როგორც წესი, დანაშაულში ეჭვმიტანილს გაურიგდება ხოლმე, რათა მან აღიაროს დანაშაული და მაქსიმალური სასჯელის ნაცვლად მინიმალური მიიღოს. ასეთი გარიგება კანონიერია და გასაგებია, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გარიგებაზეა საუბარი ღარიბაშვილის მიმართ.
_ ღარიბაშვილმა ძალიან ცუდად მოიხსენია მამუკა მდინარაძე, რომელიც ჩამოაშორეს ძალოვან სტრუქტურებს, და ახლა ნელ–ნელა ამოტივტივტივდა მისი არც ისე სახარბიელო საქმეები… თუმცა მას გულბაათ რცხილაძის დაპატიმრების საქმეც ეყოფა… როგორ ფიქრობთ, გაწირავენ მდინარაძეს?
_ ასე გადაჭრით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ის, რომ ღარიბაშვილის ბრალდებას მდინარაძემ არასაკმარისი პასუხი გასცა და თავი კარგად დაიჭირა, ფაქტია. ნებისმიერი პასუხი მდინარაძეს თავის მართლების რეჟიმში ჩააყენებდა, ამიტომ ის პასუხი, რომელიც გასცა მისმა პრესსამსახურმა, ჩავთვალოთ, რომ მდინარაძის პასუხი იყო და თანაც თავდაჭერილი, მაგრამ მდინარაძის მიმართ ბევრი კითხის ნიშანი გაჩნდა.
რაც შეეხება გულბაათ რცხილაძის დაპატიმრებას, სამარცხვინო და გულდასაწყვეტია, რომ ის ჯაშუშობის მუხლით დააპატიმრეს.
_ ყველა ელოდება ბიძინა ივანიშვილის პასუხს ირაკლი ღარიბაშვილისადმი…
_ ბიძინა ივანიშვილი იაზროვნებს სახელმწიფოებრივად და თავს შეიკავებს პასუხის გაცემისგან, რადგან მისმა პასუხმა შეიძლება სახელმწიფო დააზიანოს. რაც შეეხება მდინარაძეს, ვერ ვიტყვი, რომ მას გაწირავენ, რადგან რეგიონებში გაუშვეს, შეიძლება მას არჩევნებისთვის მომზადება დაავალეს.
_ ღარიბაშვილი ორგზის პრემიერია. ის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც 2012 წლიდან მოჰყვება “ქართულ ოცნებას”. რა ბედი ელის მას?
_ ღარიბაშვილის პირველი წერილი რომ გამოქვეყნდა, ვიფიქრე, სულ ეს იყო მისი წუხილი, მაგრამ მან მეორე წერილიც გამოაქვეყნა, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს. ვერ მივესალმები ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, მაგრამ მე ფაქტებს ვერ შევცვლი.
_ ღარიბაშვილი იქნება კობახიძის კონკურენტი?
_ კი, ღარიბაშვილი სერიოზული კონკურენტი იქნება, მას ჰყავდა მომხრეები და ჰყავს დღესაც.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







