დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ რუსულ ბაზარზე უარი თქვას და ამით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნას

    რატომ არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან სავაჭრო ურთერთობის უფრო გაღრმავებას, რათა ქვეყანამ, ფერმერებმა და მწარმოებლებმა მეტი შემოსავალი მიიღონ?!

    დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველომ რუსულ ბაზარზე უარი თქვას და ამით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას პრობლემები შეექმნას

    საქართველოში შავი მოცვის მოშენება როცა დაიწყო და საქმეში რამდენიმე ათეული მილიონი ჩაიდო, ბევრი ვარაუდობდა, რომ ამ პროდუქტის გასაღების პრობლემა შეგვექმნებოდა, რადგან ევროკავშირი „გადაგვაგდებდა“ (როგორც არაერთხელ გაუკეთებია). არადა, სწორედ ევროკავშირის რეკომენდაციით გადაწყდა შავი მოცვის მოყვანაზე აქცენტის გაკეთება. პირველ წელს მიღებული მოცვის მცირე მოსავალი ევროკავშირმა ზარ-ზეიმით შეისყიდა და გვირჩია, წარმოება გაზარდეთო, მაგრამ, როცა მიხვდა, ქართული მოცვი გემოვნური თვისებებითა და სარგებლიანობით ევროპულს სჯობდა, შესყიდვაზე უარი განაცხადა. რა თქმა უნდა, ქართველმა ფერმერებმა ახალი ბაზრის ძებნა დაიწყეს და, როგორც ასეთ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რუსეთსკენ გაიხედეს. მერე გაირკვა, რომ რუსეთი არა მხოლოდ მთელ მოსავალს შეიძენდა, არამედ იმაზე მეტს გადაიხდიდა, ვიდრე ევროკავშირი. ამის მიუხედავად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები გვეწუწუნებოდნენ (დღემდე წუწუნებენ), არ შეიძლება ყველაფერი რუსეთში გაგქონდეთო, თვითონ კი ქართული პროდუქციის ყიდვით თავს არ იწუხებენ. ანუ, პროდუქტი არც რუსეთში უნდა გავიტანოთ, არც ევროპელები იყიდიან და რა გამოდის, უნდა დალპეს საქართველოში და ფერმერებმა იზარალონ?! მოდი, სტატისტიკას გავეცნოთ.

    2026 წლის 1 მაისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით (ან, სამ თვეეზე ოდნავ მეტ პერიოდში) საქართველოდან ექსპორტირებულია 9,9 ათასი ტონა მოცვი, რომლის ჯამური ღირებულება 63,3 მლნ დოლარია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6,4 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც, დაგვეთანხმებით, მისაღები ღირებულებაა. ჰო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმასაც წერს, რომ ბაზარი გაფართოვდა და ახლა მოცვი 17 ქვეყანაში შეგვაქვს. რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როცა ალტერნატიული ბაზარი არსებობს, მით უმეტეს დღეს, მაგრამ, მოდი, ციფრებს გადავხედოთ. შეგახსენებთ, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან 9,9 ათასი ტონა მოცვი გავიდა. მაშ ასე, როგორია მოწინავე ხუთი ქვეყნის მონაცემები, ანუ ამ 9,9 ათასი ტონიდან ვინ რამდენი იყიდა: რუსეთი – 9010 ტონა, ევროკავშირი – 498 ტონა, სომხეთი – 192 ტონა, თურქეთი – 102 ტონა, გაერთიანებული არაბული საამიროები -70 ტონა. რა გამოდის? ევვროკავშრის ყველა ქვეყანამ იმის 5,52% იყიდა, რაც მთლიანად რუსეთმა, და… თქვენ ოღონდ მოცვი მოიყვანეთ, გასაღების პრობლემა არ გექნებათო, რომ გვეუბნებოდნენ, რუსეთს გულისხმობდნენ? ევროკავშირი რუსული ბაზრის იმედად იყო? რა თქმა უნდა, არა, უბრალოდ, მათ მოგვცეს, თავიანთი ჭკუით, სასარგებლო რჩევა და გათვალეს, რომ, თუ ბაზარს ვერ ვიპოვიდით, მოცვი ან გაგვიფუჭდებოდა და ფერმერები იზარალებდნენ, ან იძულებული იქნებოდნენ, ევროკავშირი იაფი და სასარგებლო პროდუქტით მოემარაგებინათ. რა თქმა უნდა, მათი გათვლა არ იყო რუსეთის ბაზარზე და არც ახლა არის. პირიქით, ყველაფერს აკეთებენ, რუსულ ბაზარს როგორმე რომ ჩავეხსნათ და ამის გამო საქართველოს ეკონომიკას პრობლემები შეექმნას, სხვა გზა რომ არ გვექნეს, გარდა დამატებითი სესხების აღებისა და ევროკავშირში თავქუდმოგლეჯილი სირბილისა. ამიტომ კეთდება განცხადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება თურმე არასწორად იქცევა, როცა რუსეთთან ვაჭრობას განაგრძობს და, თუ ჩვენთან მილიონებზეა საუბარი, ევროკავშირის ქვეყნებს რუსეთთან ათეულობით მილიარდიანი სავაჭრო ბრუნვა აქვთ, თუმცა ეს მათთვის შეიძლება, რადგან საქმეს ასე სჭირდება. ეს ყველაფერი დაახლოებით იმას ჰგავს, კრიმინალურ სამყაროში ცოტა უცნაურ გადაწყვეტილებას რომ იღებენ და მერე, ეს გადაწყვეტილება რომ გაამართლონ და კითხვები არ გაჩნდეს, ამბობენ: „ქურდულს სჭირდებაო“.

    საქართველოდან აფხაზეთში საწვავის შეტანას უდიდესი აჟიოტაჟი მოჰყვა; თან როგორ შეფუთა ცალკე ოპოზიციამ და ცალკე დასავლეთმა: ეს საწვავი, აფხაზებს კი არა, რუსულ სამხედრო ტექნიკას მოხმარდებაო. არადა, საწვავის რაოდენობა ისე მცირე იყო, რომ რუსული საბრძოლო ტექნიკის ადგილამდე მის მისატანად უფრო მეტი საწვავი დაიხარჯებოდა. ალბათ, გიკვირთ, ბებერმა ჯო უილსონმა ამ თემაზე კომენტარი რომ არ გააკეთა. ახლა შვებულებების პერიოდია და უილსონიც რომელიღაც ლაჟვარდოვან სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს სოციალურ ქსელში, არ სცალია ჩვენთვის, საქართველოზე ფიქრი ჯერჯერობით არ აწუხებს, მაგრამ დასვენების შემდეგ ისევ ისეთივე ჩვენი „მეგობარი“ იქნება, როგორც აქამდე იყო. ანალოგიურად იქცევა ოპოზიციის უდიდესი ნაწილიც – ისვენებს, ირუჯება და მერე მოიცლის სამშობლოს სიყვარულისთვის. ჰო, აფხაზეთში საწვავის შეტანაზე კომენტარების გაკეთება მაინც მოასწრეს და ამ ამბავში ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ დასავლეთს მოუწოდეს, „ოცნება“ დაასანქცირეთ, ცხვირში ძმრად ამოადინეთ ის, რომ აფხაზეთში საწვავი შეიტანაო.

    საქართველოსთვის რუსული ბაზარი მაშველი რგოლია და ეს ყველამ იცის. იციან აქაც და იციან ევროპა-ამერიკაშიც, ისიც კარგად იციან, რომ, თუ ეს ბაზარი აღარ გვექნება, საქართველოს ეკონომიკა პრაქტიკულად გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდება და სწორედ ამიტომ ცდილობენ, როგორმე ან ხელისუფლება აიძულონ, რუსეთსკენ აღარ გაიხედოს, ან რუსეთი აიძულონ, ქართული პროდუქცია აღარ მიიღოს. რუსეთის ბაზარზე უარის თქმა რომ არ შეიძლება, ნათლად ჩანს სომხეთის მაგალითზე. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ამაყად განაცხადა, ყველაფერს ევროპაში გავყიდითო, რუსეთს კი უარი უთხრა (თავის მხრივ, რუსეთმაც აკრძალა სომხური პროდუქციის შეტანა). როცა ფაშინიანს ეგონა, რომ ევროპელები დახმარების ხელს გაუწვდიდნენ და სომხურ პროდუქციას შეიძენდნენ… საქართველოში ჩამოვიდა სავაჭრო ურთიერთობების გასაღრმავებლად, იქნებ იმაზე მეტი რამ იყიდოთ, ვიდრე აქამდე ყიდულობდითო. ნუთუ ვერ ხვდება ფაშინიანი, რომ საქართველო, გასაღების ბაზრის მხრივ, ვერასდროს ჩაანაცვლებს, რუსეთს კი არა, ამ ქვეყნის ერთ ოლქსაც კი; მაგრამ, როცა ამას მიხვდება და ისევ რუსულ ბაზარზე დააპირებს შესვლას, დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს ევროპისა და ამერიკისთვის, იმ ფასის, რომელიც საქართველომ უკვე გადაიხადა. ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს, ეს ყველაფერი გავლილი გვაქვს და, რატომ არ გაითვალისწინა საქართველოს მაგალითი ფაშინიანმა, ვერ გეტყვით.

    მოცვზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა თავის დროზე ლოკოკინების მოშენება გვირჩიეს, დიდი ფული იშოვება და ჩვენს ბაზარზე გასაღების პრობლემა არ გექნებათო. რუსეთში ლოკოკინების ჭამის კულტურა არ არის (ისევე როგორც ჩვენთან და, ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში), ამიტომ რუსულ ბაზარზე ლოკოკინების შეტანა არ გამოდის. ევროპას ჩვენი ლოკოკინა არაფერში სჭირდება და ენთუზიაზმით წამოწყებულ ბიზნესს ახლა მხოლოდ ერთი ფერმა შემორჩა, რომელიც ცდილობს, ევროპელებს როგორმე შეასაღოს აქაური ლოკოკინა. ისიც გემახსოვრებათ, ფოთში დიდი ზომის ბაყაყები რომ უნდა მოგვემრავლებინა (ბუნებრივად, ჭაობებში) და საბოლოოდ არც ეს გამოვიდა. ანუ, უკვე აქსიომაა, რომ, თუ პროდუქტი რუსულ ბაზარზე არ იყიდება, მას გასაღების უდიდესი პრობლემა აქვს. ასეა ნებისმიერი მიმართულებით და, თუ რამეს ვყიდით, მისი, სულ ცოტა, 75-80% რუსულ ბაზარზე მოდის. ეგ კი არა, ზოგიერთ პროდუქტს მხოლოდ რუსეთში ვყიდით.

    ამ ყველაფრის ფონზე ჩნდება ლეგიტიმური კითხვა: რატომ არ ცდილობს საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას, რათა როგორც ქვეყანამ, ისე ფერმერებმა და მწარმოებლებმა, მეტი შემოსავალი მიიღონ?! როგორ დავიჯეროთ, მხოლოდ დასავლეთისთვის კოჭის გაგორების გამო ვაჩერებთ ამ თემას, რომელიც ქართულ ეკონომიკას ძალიან წაადგება?! რამდენი მაგალითი გვჭირდება იმისთვის, რომ რეალობა არა მხოლოდ გავაცნობიეროთ, არამედ ვაღიაროთ და მისი საჯაროდ თქმა შევძლოთ? ევროკავშირი, აშშ და ომში მყოფი უკრაინაც კი რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობას არ წყვეტენ, ბალტიისპირეთის ქვეყნებიც, რომელთა ლიხერებიც ყველაზე მეტად გვამუნათებენ, დაუბრკოლებლად აწვდიან ჭარბ პროდუქციას რუსეთს, მაგრამ მათ მიწოდებულ პროდუქციაზე არავინ ამბობს, ეს რუსეთის დახმარებააო… მათთვის შეიძლება, მხოლოდ ჩვენთვის არის აკრძალული.

    ბესო ბარბაქაძე

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here