გულბაათ რცხილაძე: მიზეზი ჩემი დაპატიმრებისა არის ჩემი კრიტიკული საავტორო გადაცემები ტვ ,,ობიექტივზე” და ჩემმიერ წარმოებული ბრძოლა მახინჯ მოვლენასთან _ რუსოფობიასთან!

    ,,რუსოფობია აზიანებს საქართველოს ინტერესებს, თორემ რუსეთს არაფერი აკლდება“

    14 აგვისტოს ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელის, გულბაათ რცხილაძის, სასამართლო პროცესი გაიმართება. გულბაათ რცხილაძე 29 მაისის ღამეს თავის ბინაში დააკავეს ჯაშუშობის ბრალდებით, საქმეს დაადეს გრიფი ,,საიდუმლო~ და სასამართლო პროცესი დახურეს.

    სასამართლო პროცესამდე ერთი დღით ადრე გულბაათ რცხილაძემ  გაავრცელა მიმართვა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    ,,რეალური მიზეზი ჩემი დაპატიმრებისა არის ჩემი კრიტიკული საავტორო გადაცემები ტვ “ობიექტივზე” და კიდევ უფრო მეტად – ჩემ მიერ წარმოებული ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლა. ვგულისხმობ ბრძოლას მახინჯ მოვლენასთან, რომელსაც რუსოფობია ჰქვია და რომლის გამოვლინებები საქართველოში აზიანებს საქართველოს ინტერესებს, თორემ რუსეთს არაფერი აკლდება. კარგია, რომ ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ჩემი დაპატიმრების შემდეგ მაინც გამოიბერტყა ყურები და აღიარა რუსოფობიის გამოვლინებები საქართველოში გარკვეული პროვოკაციული ძალების მხრიდან.

    მიღწევაა უკვე ის, რომ პრემიერის, პრეზიდენტის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ლექსიკაში გაჩნდა სიტყვა ,,რუსოფობია”. სწორედ ამ ძალებს ვებრძოდი გამალებით, ოღონდ კანონიერად, მშვიდობიანად.

    ,,ქართულ ოცნებას” 2013-14 წლებიდან ვაფრთხილებდი, აელაგმა რუს ტურისტებზე თავდასხმები, ქუჩებში რუსი ერის შეურაცხმყოფელი წარწერები, მასმედიაში გაჩაღებული რუსთმოძულეობის კამპანია…

    ახლა, ჩემი დაჭერის შემდეგ, არ ვიცი, ამ ფაქტმაც დააჩქარა თუ არა, მაგრამ რუსეთიდან წამოვიდა ვიდეორგოლების ნიაღვარი, რომლებშიც საქართველოში არსებულ რუსოფობიაზეა საუბარი. ჩვენი ხელისუფლება შეშფოთებულია ამ კამპანიით, ვინაიდან ეშინია რუსეთიდან მომდინარე ტურისტების რაოდენობის ანუ რუსეთიდან მომდინარე დიდძალი ფულადი ნაკადების შემცირების.

    მართებული შეშფოთებაა, მაგრამ ერთ რამეს დავაზუსტებ: პრობლემა უმისამართო განცხადებებითა და ხელოვნურად გაღიმებული, რუსულად ალაპარაკებული თბილისის მერის საშუალებით ვერ მოგვარდება.

    გვახსოვდეს, რომ რუსი ტურისტიც ადამიანია, თუნდაც მეტი მოთმინების მქონე, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ასევე პიროვნული და ეროვნული ღირსების მქონე ადამიანი. შესაბამისად, საჭიროა რუსოფობიასთან სისტემური ბრძოლა და არა ჩემნაირი ადამიანების შეწირვა პოლიტიკური კონიუნქტურის სასარგებლოდ.

    პირდაპირ გეტყვით: ის, რაც ახლა მოხდა, დიდწილად დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ რუსოფობმა პროვოკატორებმა 6 ივნისს ჩაშალეს პუშკინის დაბადების დღის აღნიშვნა, როდესაც თავისუფლების მოედანზე მიუვარდნენ რუსული დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელ დიმიტრი ოლისოვს და ჩვენი რუსულენოვანი თანამოქალაქეების მცირერიცხოვან ჯგუფს. მე ამ მომენტში უკვე ციხეში ვიჯექი. გარეთ რომ ვყოფილიყავი, ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ამ უმსგავსობას არ დავუშვებდი!”

    მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here