გულბაათ რცხილაძე: ტრაგიკომედიაა, მაგრამ 8-დან 12 წლამდე პატიმრობა მემუქრება, მერაბ კოსტავაზე მეტი, თანაც ,,სამშობლოს მოღალატის” შეურაცხმყოფელი სტატუსით

    ,,საბჭოთა ხელისუფლებამ არ აკადრა დისიდენტებს სამშობლოს ღალატის ბრალდება (ეს სიკვდილით ისჯებოდა), ხოლო იმჟამინდელი კანონმდებლობა უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე დღევანდელი, ვითომ ,,დამოუკიდებელი” საქართველოსი, სადაც მოსამართლეები ისე არიგებენ 8, 10, 15 და 17-წლიან ,,სროკებს”, როგორც წინასაარჩევნო დაპირებებს.

    ასეთი ,,ბანანის რესპუბლიკა” ნამდვილად არ მირჩევნია ე.წ. საბჭოთა ტოტალიტარიზმს; ვიცი, რომ არც თქვენ, ძვირფასო მეგობრებო!”

    ევრაზიის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გულბაათ რცხილაძემ, რომელიც ჯაშუშობაშია ბრალდებული, გლდანის მე-8 საპყობილიდან მედიასა და საზოგადოებას მიმართა წერილით, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    ,,როდესაც მამაჩემს შინ ,,კაგებე” მოადგა დასაპატიმრებლად და ჩხრეკა ჩაატარა, 3 წლის ვიყავი. თურმე სტუმრები მეგონენ მჩხრეკავები, გამოვედი და ლექსი ვაჯახე – ,,მე პატარა ქართველი ვარ“… გაეცინათ სტუმრებს. ეს მამამისზე უარესი გამოვაო, _ უთქვამს ერთ-ერთს უბოროტო ხუმრობით.

     ახდა ეს ხუმრობა.

    ,,ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის” ვიქტორ რცხილაძის დაპატიმრებიდან 48 წლის შემდეგ იმავე ბინაში ეროვნული ,,კაგებე” მოგვადგა და… ისევ ჩხრეკა, ისევ დაპატიმრება _ ამჯერად ჩემი ,,ჯაშუშობისა” და ,,სამშობლოს ღალატის” ბრალდებით.

    მადლობა უფალს, მამაჩემს ეს ამბები არ გაუგია, ისე გარდაიცვალა ჩემი დაპატიმრებიდან ორ კვირაში.

    ,,ანტისაბჭოთა საქმიანობისთვის” ვიქტორ რცხილაძესა და ზვიად გამსახურდიას 4-4 წელი მიუსაჯეს, გადასახლების ჩათვლით. ,,ჰელსინკის ჯგუფის” კიდევ ერთი დამაარსებელი მერაბ კოსტავა ყველაზე მკაცრად დაისაჯა _ 1977 წელს დაპატიმრებული, პერმის ბანაკიდან მხოლოდ 1987 წლის იანვარ-თებერვალში დაბრუნდა შინ, ვინაიდან ,,ანტისაბჭოთა საქმიანობა” არ მოინანია სასამართლოში, თუმცა ამდენ ხანს არც მას აღუკვეთავდნენ თავისუფლებას, პერმში ბადრაგი რომ არ ეცემა. როგორც მახსოვს, ამის გამო მას კიდევ 3 წელი დაუმატეს, თორემ 7 წელს აკმარებდნენ.

    მე კი, ტრაგიკომედიაა, მაგრამ 8-იდან 12 წლამდე პატიმრობა მემუქრება, მერაბ კოსტავაზე მეტი, თანაც ,,სამშობლოს მოღალატის” შეურაცხმყოფელი სტატუსით.

    საბჭოთა ხელისუფლებამ არ აკადრა ჩვენს დისიდენტებს სამშობლოს ღალატის ბრალდება (ეს სიკვდილით ისჯებოდა), ხოლო იმჟამიმდელი კანონმდებლობა უფრო ჰუმანური აღმოჩნდა, ვიდრე დღევანდელი, ვითომ ,,დამოუკიდებელი” საქართველოსი, სადაც მოსამართლეები ისე არიგებენ 8, 10, 15 და 17-წლიან ,,სროკებს“, როგორც წინასაარჩევნო დაპირებებს.

    ასეთი ,,ბანანის რესპუბლიკა” ნამდვილად არ მირჩევნია ე.წ. საბჭოთა ტოტალიტარიზმს, ვიცი, რომ არც თქვენ, ძვირფასო მეგობრებო!”

    გულბაათ რცხილაძე

    03/07/2026 წელი

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here