ევროპელებმა  ნახეს პატარა ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე არავინ იცავს, და მასზე ამბობენ ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებათ

    მთავარია, რას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა და არა ეშტრელა, ჩუდიჩი თუ იუკნევიჩიენე ან ციხეში გამომწყვდეული და საკუთარ პარტიაზე „წიხლით“ შემდგარი პოლიტიკოსი

    24 ივნისს  ევროსაბჭოს საპარლამენტო ანსამბლეის  პლენარულ  სხდომაზე მიიღეს კრიტიკული რეზოლუცია (83 მომხრე, 5 წინააღმდეგი) „საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციობის“ შესახებ. კენჭისყრის წინ გაიმართა  დებატები, რომელშიც ოცამდე პოლიტიკოსი მონაწილეობდა. მათმა უმრავლესობამ საქართველოში მიმდინარე პროცესები გააკრიტიკა და დემოკრატიის ხარისხი ეჭვქვეშ დააყენა. მეტიც, ისინი ამტკიცებდნენ, რომ „ქართული ოცნება“ მოსახლეობის უმრავლესობის სურვილის წინააღმდეგ ქვეყანას რუსულ ორბიტაზე „მიათრევს“. საინტერესოა, თუ უმრავლესობა მართლა ამ აზრზეა, რატომ იმარჯვებს არჩევნებში „ქართული ოცნება“ და არა დასავლეთის ფავორიტი ე.წ. ოპოზიციური პარტიები?  ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით მოგითხრობთ, მანამდე კი იმაზე ვისაუბროთ, რაც ანსამბლეაზე საქართველოს მიმართ ითქვა.

    „ანსამბლეის არც ერთი რეკომენდაცია არ შესრულებულა. საქართველოში დემოკრატიის უწყვეტი განადგურება და ამ საკითხებზე ანსამბლეის რეკომენდაციების უგულებელყოფა სერიოზულ ეჭვებს აჩენს, აქვს  თუ არა ხელისუფლებას ნება, შეასრულოს ევროსაბჭოს წევრობით ნაკისრი ვალდებულებები და ევროსაბჭოში გაწევრებისას გაცემული დაპირებები. საქართველოს შს სამინისტროში შეიქმნა „სიძულვილის  ენის  წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო “, რომელიც აქტიურად მუშაობს და  ემსახურება ერთპარტიული სისტემის დამყარებას საქართველოში, რაც მიუღებელი და შეუსაბამოა ევროსაბჭოს წევრობასთან. ეს ქმედებები უნდა შეწყდეს და რეპრესიული კანონები გაიწვიონ“, – განაცხადა  ედიტე ეშტრელამ.

    ვინ არის ედიტე ეშტრელა? ის 76  წლის პორტუგალიელი პოლიტიკოსია,  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატი. ნებისმიერს დავენაძლევები, რომ რუკაზე საქართველოს ვერ გვაჩვენებს. ის, უბრალოდ, დაწერილ ტექსტს კითხულობდა და დიდი შანსია, აღარც ახსოვდეს, რა ილაპარაკა, ვის დაუჭირა მხარი და რატომ გააკეთა ეს. არავისთვისაა დამალული, რომ ოპოზიციის მიერ დაქირავებული პიარკომპანიები კარგად მუშაობენ; არც არავინ მალავს, რომ კონკრეტულ პოლიტიკოსებს ლობისტობისთვის დიდძალ ფულს უხდიან… ასეთ  მიდგომაზე  „ქართულმა ოცნებამ“  2015-16 წლებიდან თქვა უარი –  აქაოდა, წყალში გადაყრილი ფულია; რას წარმოვადგენთ, საქმით ვაჩვენებთო.  მაგრამ დღეს ჩანს,  რომ მხოლოდ საქმის კეთება საკმარისი არ არის და ფული ჯოჯოხეთს ევროპასა და ამერიკაშიც რომ  ანათებს. ევროპის საბჭოსპლენარულ სხდომაზე გამომსვლელებმა თქვეს, რომ 2024 წელს საქართველოში  ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები არ იყო ლეგიტიმური, შესაბამისად, არც დღევანდელი პარლამენტია ლეგიტიმური.  ამ კანონმდებლობითა და მოცემულობით არც 2028 წლის არჩევნები იქნება ლეგიტიმური და, შესაბამისად, არც იმ პარლამენტს აღიარებენ. აი, ყველაზე საინტერესო, ჩვენი აზრით, სწორედ ეს იყო. დავიწყოთ იმით, რომ  ამ პარლამენტში, რომელიც თურმე არალეგიტიმურია, გიორგი გახარიას პარტია შევიდა და ფრაქციაც შექმნა, ანუ გამოდის, რომ ისინიც არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმური წევრები არიან. ჰოდა,  კითხვა გვაქვს – ეს ედიტე ეშტრელა და მისი კოლეგები რატომ ხვდებიან კვირაში თუ ორ კვირაში ერთხელ  ევროპაში მყოფ გიორგი გახარიას? თუ მისი პარტია არალეგიტიმურ პარლამენტშია, გამოდის, რომ ისიც და მისი პარტიის ყველა წევრიც არალეგიტიმურები არიან. მაშინ რა აზრი აქვს ასეთ შეხვედრებსა და არალეგიტიმური პარტიის ლიდერისგან რამე  ინფორმაციის მიღებას?ძაღლის თავიც სწორედ აქ არის დამახრული. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ დასავლეთში  გააცნობიერეს, რომ 2028 წლამდე საქართველოში ვითარების შეცვლასა და ოპოზიციის იმ დონეზე გაცოცხლებას, არჩევნებში წარმატების იმედი ჰქონდეს, ვერ მოახერხებენ, ამიტომ დაიწყეს მზადება რევოლუციური სცენარისთვის. ანუ, ისინი დღესვე  ამბობენ, რომ 2028 წლის არჩევნები არ იქნება ლეგიტიმური და შესაბამისად, მოსახლეობამ ხმა უნდა ამოიღოს. 2 წლის შემდეგ,  როცა მათთვის არასასურველი  შედეგები „დაჯდება“, წამოწევენ მიმდინარე წლის 24 ივნისის ასამბლეის განცხადებებს და იტყვიან, ჯერ კიდევ ორი წლის წინათ ვამბობდით, რომ ეს არჩევნები არალეგიტიმური იქნებოდაო. ჰო, როცა ამას იტყვიან, გვერდით იმავე გახარიას დაიყენებენ, რომლის პარტიის წევრებიც  არალეგიტიმურად აღიარებულ პარლამენტში ხელებსა და ფეხებს იქნევენ. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როცა ორმაგ სტანდარტზე ვსაუბრობთ. საინტერესო, იცით, რა არის? ევროპელებს  პრობლემა არ ექმნებათ, როცა ამის შესახებ კითხვებს უსვამენ. მათ იციან, რომ  ცრუობენ; იციან, რომ არასწორად იქცევიან, მაგრამ ამ ყველაფრის სანაცვლოდ გარკვეულ შემოსავალს იღებენ (თანაც ოფიციალურად) და სულ არ ადარდებთ, საქართველოში არალეგიტიმური პარლამენტი იქნება, ლეგიტიმური, გახარიას პარტიის წევრებით თუ, საერთოდ, ყველას გარეშე. ევროპელებმა  ნახეს ფულის საჭრელი დაზგა, ნახეს პატარა ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე არავინ იცავს და მასზე ამბობენ ყველაფერს, რაც ენაზე მოადგებათ. საქართველო  დიდი  და ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა  რომ იყოს, ნატოსთვის, ევროკავშირის რომელიმე ქვეყნისთვის ან ამერიკისთვის რაიმე ინტერესს რომ წარმოადგენდეს, მაშინ სხვანაირად ისაუბრებდნენ, მაგრამ  ჩვენ არავის ვჭირდებით და აღარც ფული გააკეთონ?!

    რაც შეეხება „სიძულვილის  ენის  წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს “, ქალბატონ ეშტრელას, ალბათ, არ აქვს ინფორმაცია, რომ ყველაზე მეტი ჯარიმა სწორედ ოპოზიციის ლიდერების გინებისთვის დაიწერა. ესეც ერთგვარი საზომია – თუ მოქალაქეების უმრავლესობა ხელისუფლებით არის უკმაყოფილო, სოციალურ ქსელში ოპოზიციას რატომ აგინებენ? ახლა იტყვიან, ბოტები არიანო, მაგრამ არა, ბატონებო, ესენი  რიგითი ადამიანები არიან და, როცა აჯარიმებენ, უკმაყოფილებას არ მალავენ,  ოპოზიცია არასწორად იქცევა, ქვეყანას ღალატობს,  მე კი გინების უფლებაც არ მაქვსო?!  ბოტი და ტროლი არის ის, ვისაც ვერ პოულობ, ვისაც საკუთარი პროფილი არ აქვს სოციალურ ქსელში, ხოლო, როცა ადამიანი ვინაობას არ მალავს, ის არც ტროლია და არც ბოტი…

    ასამბლეაზე საინტერესო მოხსენებით გამოვიდა საბინა ჩუდიჩი. ბოსნიელი პოლიტიკოსის (44 წლის) მტკიცებით, გამორიცხულია, „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონების გაუმჯობესება, ამიტომ,ისინი აუცილებლად უნდა გაიწვიონ. მერე რა, რომ ამ კანონებში ქალბატონი საბინა იმ კანონსაც გულისხმობდა, რომელიც ამერიკული „ფარას“ ანალოგია და რომელიც ისეა გადმოქართულებული, წერტილ-მძიმეც კი ემთხვევა. ამ კანონის მიმართ კრიტიკას ამერიკელი კონგრესმენებიც არ იშურებდნენ, მერე ყურადღებით წაიკითხეს, თავიანთ კანონს შეადარეს და გაჩუმდნენ. აი, ევროპელები კი არ და ვერ ჩუმდებიან, ეს კანონი ამერიკის დასაცავად არის კარგი და არა საქართველოსთვისო. ახალგამოჩეკილ პოლიტიკოსსაც სჯერა, რომ, საქართველოზე რაც უნდა ცუდი  თქვას, პასუხს არავინ მოსთხოვს და, რაკი ერთხელ მოაღო პირი, აღარ ჩერდება; ცდილობს,  ახლა მოასწროს, სანამ საქმეშია, და  შეავსოს თავისი ბიუჯეტი. ვერ გეტყვით, რა იქნება ხვალ და ზეგ, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ რამე არ მოიფიქრა და ამ ორმაგ სტანდარტს მძლავრი იარაღი არ დაუპირისპირა, არაფერი გამოვა. მხოლოდ მთავრობის წევრთა განცხადებები, ეს ყველაფერი ტყუილიაო, არაფერს მოგვცემს. იცოდეთ, ბატონებო, რომ თქვენი განცხადებები იქ, ზემოთ, არავის ესმის და, თუ გვსურს, გავაგონოთ, სწორედ ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ; თუ ჩვენ ვერ ვიყენებთ, სხვას უნდა გამოვაყენებინოთ და ხმამაღლა ვათქმევინოთ, რომ ეს სიცრუეა, რომ ორმაგი სტანდარტი პოლიტიკურ დიპლომატიაში ცუდი ტონია, რომ მთავარი ის არის, რას გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობა და არა ეშტრელა, ჩუდიჩი თუ იუკნევიჩიენე  ან ციხეში გამომწყვდეული და საკუთარ პარტიაზე „წიხლით“ შემდგარი პოლიტიკოსი. კი ვამბობთ, რომ ახლა დამოუკიდებლები ვართ და ვართ ისე, როგორც არასდროს, მაგრამ მხოლოდ  ამის თქმა არ კმარა, მხოლოდ აქ იმის მტკიცება, რომ მართლები ვართ, არაფერს გვარგებს. ჩვენ მიერ მოპოვებული  ინფორმაციით, ამერიკული ლობის (უილსონი და სხვები) მომსახურება ოპოზიციას წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი დოლარი უჯდება და ეს თანხა არ არის ბევრი იმისთვის, რომ ვიღაცამ კონგრესსა თუ სენატში,სიმართლე თქვას, თორემ  დასავლეთი 2028 წელს ოპოზიციისთვის მისაცემ ფულს რევოლუციურ სცენარში ჩადებს  და…  კოკა წყაროზე გატყდებაო, ხომ გაგიგონიათ?!

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here