ამათი იმედი გაქვთ?!

    პარლამენტში ჩხუბი იშვათი მოვლენა არ არის, პირიქით – მასში ერთგვარი ბანალურობის ელემენტებიც ჩანს. საპარლამენტო ცხოვრებაში ყოფილა შეიარაღებული დაპირისპირებისა და ტერორისტული თავდასხმების შემზარავი, სისხლიანი შემთხვევებიც:

    * სომხეთი (1999 წლის 27 ოქტომბერი): ყველაზე მძიმე საპარლამენტო მკვლელობა თანამედროვე ისტორიაში. შეიარაღებული პირების ჯგუფი ნაირი ჰუნანიანის ხელმძღვანელობით შეიჭრა სომხეთის ეროვნულ ასამბლეაში და ცეცხლი გახსნა. თავდასხმას შეეწირა 8 ადამიანი, მათ შორის პრემიერმინისტრი ვაზგენ სარქისიანი და პარლამენტის სპიკერი კარენ დემირჭიანი;

    * შვეიცარია (2001 წლის 27 სექტემბერი): ქალაქ ცუგის კანტონურ პარლამენტში ადგილობრივი მცხოვრები ფრიდრიხ ლაიბახერი პოლიციელის ფორმითა და რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღით შევიდა და  სროლა ატეხა, შედეგად  14 დეპუტატი და მთავრობის წევრი მოკლა, 15-ზე მეტი კი დაჭრა,  შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა;

    * ინდოეთი (2001 წლის 13 დეკემბერი): ისლამისტი ექსტრემისტების შეიარაღებული  ჯგუფი თავს დაესხა ნიუ-დელში ინდოეთის პარლამენტის კომპლექსს. ორმხრივი სროლის შედეგად დაიღუპა 14 ადამიანი (მათ შორის 5 თავდამსხმელი და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები). ამ ინციდენტმა ინდოეთი და პაკისტანი ომის ზღვარზე მიიყვანა;

    * სამხრეთ სლავეთის (იუგოსლავიის) სამეფო (1928 წლის 20 ივნისი): სერბმა ნაციონალისტმა დეპუტატმა პუნიშა რაჩიჩმა პირდაპირ საპარლამენტო დებატების დროს რევოლვერიდან ესროლა ხორვატ დეპუტატებს. ადგილზე დაიღუპა  ორი დეპუტატი, ხოლო  გლეხთა პარტიის მძიმედ დაჭრილი ლიდერი სტეპან რადიჩი რამდენიმე კვირის შემდგ  გარდაიცვალა. ამ მკვლელობამ ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია;

    * აშშ (1954 წლის 1 მარტი): პუერტო-რიკოელი ნაციონალისტების ჯგუფმა (ოთხმა ადამიანმა) აშშ-ის კაპიტოლიუმის წარმომადგენელთა პალატის გალერეიდან ცეცხლი გაუხსნა დარბაზში მყოფ კონგრესმენებს. ხუთი კონგრესმენი მძიმედ დაიჭრა, მაგრამ ყველა გადარჩა;

    * რუსეთი (1993 წლის ოქტომბერი): ეს იყო არა ინდივიდუალური თავდასხმა, არამედ სრულმასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება პრეზიდენტ ბორის ელცინსა და უზენაეს საბჭოს (პარლამენტს) შორის. კონსტიტუციური კრიზისი მოსკოვის ქუჩებში შეიარაღებულ შეტაკებებში და ბოლო, ტანკებიდან პარლამენტის შენობის („თეთრი სახლის“) დაცხრილვაში გადაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, ამ მოვლენებს 150-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

    ჩხუბს, დაპირისპირებას, კონფლიქტს, ომს ყოველთვის ორი მხარე ჰყავს, რომელთაგან ერთ-ერთი უფრო (ან მთლიანად) დამნაშავეა, პროვოკატორია, წამომწყებია, მაგრამ ამის გარკვევა ძიებისა და სასამართლოს პრეროგატივაა. კონკრეტულ დამნაშავეთა ძებნას თუ გავსცდებით და საკითხს გლობალურ კონტექსტში განვიხილავთ, აუცილებლად მივალთ სისტემის ანალიზამდე. რაზე მეტყველებს შემზარავი ფაქტების ის სიმრავლე, რომელსაც ხაზი დასაწყისშივე გავუსვით? პირველ რიგში, ალბათ, სწორედ პოლიტიკური სისტემის არასრულყოფილებაზე ან სრულ უვარგისობაზე. კარლ მარქსი კაპიტალიზმის ვითარებაში პარლამენტს ბურჟუაზიის პოლიტიკური დიქტატურის ინსტრუმენტად განიხილავდა: „პარლამენტის ფუნქციაა რეალური ეკონომიკური უთანასწორობის შენიღბვა, ხელისუფლების სახალხოობის ილუზიის შექმნა და მშრომელებისთვის იმ უფლების მიცემა, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ თავადვე აირჩიონ გაბატონებული კლასის ის კონკრეტული წარმომადგენლები, რომელთა ხელებითაც ხალხის ნებას ჩაახშობენ”.

    რა დროს მარქსი და მისი მოძველებული მოსაზრებების ციტირებაა?! – ჩამესმის „დემოკრატებისა” და „ლიბერალების” ქირქილი. მარქსის გენიალურობა იმაშია, რომ იგი, მოსაზრებათა ენით კი არა, კანონთა ენით საუბრობს. მარქსი ფაქტებისა და მოვლენების შესწავლისას ყოველთვის მიდიოდა იმ საზოგადოებრივ კანონებამდე, რომლებსაც განსახილველი ფაქტები და მოვლენები ემორჩილება. ამ კონკრეტულ შემთხვევაში იგი ბურჟუაზიული პარლამენტის რომელიმე ცალკეულ შემთხვევას (ეპიზოდს) კი არ აანალიზებს, არამედ აბსტრაჰირებას ახდენს და არსს სწვდება, თუ შეიძლება ასე ითქვას, მის რენტგენოგრამას, მის მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას გვიჩვენებს. მარქსის სიძულვილი შეიძლება, მაგრამ მასთან კამათი შეუძლებელია, რადგან მასთან პოლემიკის გამართვა მეხთატეხასთან, მიწისძვრასთან ან გრავიტაციასთან დავას ემსგავსება.

    მარქსის მიერ აღმოჩენილი კანონების გადაფარვა მარქსის სიძულვილით შეუძლებელია, მაგრამ ამგვარ მცდელობებს მაინც ვაწყდებით. არქიმედეს, ნიუტონის ან მენდელეევის მიერ აღმოჩენილ კანონებს არავინ ებრძვის, მარქსის მიერ აღმოჩენილი კანონები კი მუდმივად  ექვემდებარება რევიზიას. ეს იმით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებული არამზადების ერთი პროცენტიც კი არ ცდილობს, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს მიეკედლოს, სამაგიეროდ, მათი აბსოლუტური უმრავლესობა პოლიტიკას ეტმასნება.

    კაპიტალისტები ყველაფერს ყიდიან და ყიდულობენ, მათ შორის – ხმებს, ამომრჩევლებს, დეპუტატებს, მინისტრებს, მთავრობებს, პრეზიდენტებს, საბოლოო ჯამში, სისტემის დემოკრატიულ ფასადსაც, რომლის უკან მთელი მისი შემზარაობა იმალება. ამგვარ ვითარებაში ბურჟუაზიული პარლამენტი სახალხო ინტერესების გამომხატველი  ვერ იქნება. აქედან გამომდინარე, ის დაპირისპირებები (ზოგჯერ ხელჩართული ჩხუბი და სისხლიანი გარჩევები), პარლამენტის სხდომათა დარბაზში რომ ვაწყდებით, არც ხალხის ინტერესების დასაცავად ხდება და არც პატრიოტული მოტივებით. ბურჟუაზიულ პარლამენტებში ხალხს საერთოდ არ ჰყავს წარმომადგენლობა. ხაზს ვუსვამ, კაპიტალისტურ სახელმწიფოთა პარლამენტებში ხალხის ინტერესების დამცველი ერთი დეპუტატიც არ ზის, მიუხედავად იმისა, რომ ყოველი მათგანი სწორედ ხალხის სახელით ლაპარაკს იჩემებს. საქმე ის არის, რომ ბურჟუაზიულ პარლამენტში ხალხის წარმომადგენელი ვერანაირად ვერ მოხვდება. პარლამენტებს ავსებენ პარტიათა საარჩევნო სიით არჩეული ან ერთმანდატიან ოლქებში გამარჯვებული დეპუტატები. როგორ შეიძლება ისინი ხალხის წარმომადგენლები იყვნენ იმ ვითარებაში, როდესაც ბურჟუაზიული არჩევნების ბედს, თავიდან ბოლომდე, სარეკლამო სისტემა, კერძო პირების მიერ დაფინანსებული საინფორმაციო საშუალებები და კაპიტალი წყვეტს?! პოლიტიკურ პარტიათა ბედიც კაპიტალის ხელშია. ამგვარ ვითარებაში ხალხი (მშრომელი მასა) პარტიას, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოაყალიბებს, ვინაიდან პოლიტიკური ცხოვრების სრული ციკლი მთლიანად კაპიტალზეა მორგებული. კაპიტალისტურ ქვეყნებში თითოეული მანდატი იყიდება და მისი ფასის ფორმირებას, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი გასაყიდი ნივთისა, ბაზარი ახდენს. პარლამენტში ყოველთვის მოიძებნება ადგილი გაბატონებული კლასების, გავლენიანი ძალების, კლანების, ბიზნესმენების, თვით კრიმინალური სამყაროს ინტერესების გამომხატველი დეპუტატებისთვის, მაგრამ ხალხი მხოლოდ იმით უნდა დაკმაყოფილდეს, რომ ყველა ის ძალა, რომლებსაც პარლამენტში წარმომადგენლობა ჰყავს, ხალხის სახელით ლაპარაკობს. სიყალბე და სიცრუე ბურჟუაზიული სამყაროს ის ფერუმარილია, რომელიც სახეს, შესაძლებელია, შედარებით მიმზიდველს ხდის, მაგრამ სრულიად არასახარბიელო შინაარსს ვერ ცვლის. ბურჟუაზიულ პარლამენტებში ფიზიკურ დაპირისპირებამდე თუ სისხლიან ანგარიშსწორებამდე დეპუტატების მისვლა, ხალხის ინტერესების დაცვითა და პატრიოტული სულისკვეთებით კი არა, გაბატონებული კლასების, კრიმინალური კლანების ან უცხო ქვეყნების სამსახურში დგომითაა განპირობებული. ამ თვალსაზრისით ის ცემა-ტყეპა, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩვენს პარლამენტში ვიხილეთ, შეიძლება  სასიამოვნო მოვლენაც კი იყოს, მაგრამ კულტურის, ეთიკის, ესთეტიკის თვალსაზრისით ეს იმდენად მიუღებელი მოვლენა და სანახაობაა, რომ გთრგუნავს და გაფიქრებინებს: მტერი იყოს მათ იმედად!

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                   

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here