2026 წლის 25 აგვისტოს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს / CIA) დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში სამხედრო–საჰაერო ძალების Boeing C-17-ის ტიპის სამხედრო–სატრანსპორტო თვითმფრინავით ჩაფრინდა, მანამდე კი რიგაში გაჩერდა. იმავე საღამოს მისი თვითმფრინავი მოსკოვიდან გაფრინდა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა სტუმრობის ფაქტი და განაცხადა, რომ ვიზიტი უკავშირდებოდა „სპეციალურ სამსახურებს შორის კონტაქტებს“, იქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა არ გამართულა და არც დაგეგმილი ყოფილა”.
ოფიციალურად ვიზიტის დეტალური მიზნები არ გასაჯაროებულა.
უცხოური მედია აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორ ჯონ რეტკლიფის მოულოდნელ და წინასწარ გამოუცხადებელ ვიზიტს მოსკოვში „იდუმალებით მოცულ“ და „უაღრესად მნიშვნელოვან მოვლენად” აფასებს. ისინი ამ ვიზიტს უკრაინაში ომის დასასრულებლად დიპლომატიური გზების ძიებასა და რეგიონული უსაფრთხოების განხილვას უკავშირებენ.
ისეთი წამყვანი უცხოური გამოცემები, როგორებიცაა CBS News-ი, CNN-ი, The Washington Post-ი და BBC-ი, აქტიურად გამოთქვამენ ვარაუდებს ვიზიტის მიზნებსა და ამოცანებზე.
უცხოური საინფორმაციო საშუალებების მთავარი თემები და ვერსიები ასეთია:
* Axios-ისა და The Financial Times-ის წყაროების თანახმად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ წინასწარ გააფრთხილა კიევი რუსეთში მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის შესახებ. აშშ-მა უკრაინას სთხოვა, დროებით შეეჩერებინა სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების დარტყმები მოსკოვსა და რუსეთის ფედერაციის ჩრდილოეთ რეგიონებზე, სანამ რეტკლიფი რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა;
* ამერიკული მედიის უმრავლესობა ხაზს უსვამს, რომ ვიზიტი უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების პროცესის სტაგნაციის ფონზე მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ამ ვიზიტს „ნახევრად რუტინულს“ უწოდებს, პრესა მიიჩნევს, რომ ეს მისი სტრატეგიის ნაწილია, რათა კომპრომისების მოსაძებნად სპეცსამსახურების პირდაპირი არხები გაააქტიუროს;
* The Wall Street Journal-ის ჟურნალისტები და The Economist-ის ექსპერტები აღნიშნავენ იმ დაძაბულობის ზრდას, რომელიც გამოწვეულია რუსეთის მიერ თეირანისა და ფხენიანისგან მიღებული სამხედრო დახმარებით. ვიზიტს უკავშირებენ ვაშინგტონის მცდელობას, გააფრთხილოს მოსკოვი ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შემთხვევაში მოსალოდნელ მძიმე შედეგებზე;
* CBS News-ი გვახსენებს, რომ ეს ვიზიტი რუსეთში ამერიკელი ვეტერანის, რობერტ გილმანის, გათავისუფლებიდან მალევე შედგა. რუსეთში პატიმრობაში კვლავ რჩება აშშ-ის, სულ მცირე, ექვსი მოქალაქე და შესაძლოა, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელს მათი გაცვლის პირობები განეხილა;
* გამოცემა The Wall Street Journal-ი (WSJ) ვარაუდობს, რომ ვიზიტის მიზანი იყო რუსეთის მხრიდან ევროპულ სახელმწიფოებზე მოსალოდნელი აგრესიის თავიდან აცილება;
* გამოცემები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ საიდუმლოების მაღალ დონეს. რეტკლიფის ფრენას მერილენდიდან რიგაში ხანმოკლე გაჩერებით მხოლოდ Flightradar 24-ის ღია მონაცემებით მიადევნეს თვალი. მოსკოვში მისმა „ბოინგ C-17„-მა ოთხიდან რვა საათამდე დაჰყო;
* უცხოურ მედიას ასევე მოჰყავს ციტატები კრემლის ოფიციალური განცხადებებიდან, რომლებიც ადასტურებს რეტკლიფის შეხვედრებს რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელობასთან (მაგრამ არა პირადად ვლადიმერ პუტინთან). ბრიტანელი სამხედრო ექსპერტები BBC-თან ინტერვიუში ასკვნიან: „ამერიკელები ასეთი რანგის მაღალჩინოსნებს მოსკოვში გაფრთხილების გარეშე და უმოკლეს ვადებში არასდროს გზავნიან, თუ იქ მართლაც რაღაც ექსტრაორდინალური არ ხდება“.
ერთი სიტყვით, ჯერჯერობით ყველაფერი საიდუმლოდ რჩება.
ვარაუდები კი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ მათაც აქვს არსებობის უფლება.
ზოგადად თუ ვიმსჯელებთ, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ამ მოულოდნელი და უცნაური ვიზიტის მიზანი, თეორიულად სამი ვარიანტი არსებობდა:
ბატონი რეტკლიფი მოსკოვში ან თხოვნით ჩავიდა, ან მუქარით, ან შეთავაზებით.
რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი სათხოვარი?
ამ შეკითხვას რომ ვუპასუხოთ, ჯერ ის უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთი და აშშ სამხედრო თვალსაზრისით ჯერჯერობით მხოლოდ უკრაინაში იკვეთებიან, მაგრამ ადვილი შესაძლებელია, ირანშიც გადაიკვეთონ. ტრამპი პუტინს რომ არ ენდობა, ფაქტია. სწორადაც არ ენდობა, რადგან თვითონ არ იმსახურებს იმას, რომ პუტინი საიმედო პარტნიორად ეგულებოდეს: „აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ჰკითხავს მოსკოვის მხრიდან ირანის შესაძლო მხარდაჭერის შესახებ, თუმცა თავად მსგავს მტკიცებებს სიმართლედ არ მიიჩნევს” (27 ივლისი, 2026 წ. – რია ნოვოსტი). ტრამპს ეჭვები რომ აწუხებს, ფაქტია. იქნებ, სწორედ ეს თემა იყო განსახილველი. სათხოვარიც იგივე შეიძლებოდა ყოფილიყო: რუსეთმა აშშ-ს ირანში ხელი არ შეუშალოს. ეს სათხოვარი, ცხადია, ასე მშრალად არ იქნებოდა მოწოდებული. სავარაუდოდ, შესაძლებელია, ყოფილიყო რამე სახის შემოთავაზება უკრაინაში. გამარტივებულად რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ასეთი შინაარსის: თქვენ ხელი არ შეგვიშალოთ ირანში და ჩვენ ხელს არ შეგიშლით უკრაინაში. შესაძლებელია, ლაპარაკი ორ სახელმწიფოზე (ირანი და უკრაინა) კი არა, ორ რეგიონზე (ახლო აღმოსავლეთი და პოსტსაბჭოთა სივრცე) ყოფილიყო.
რაც შეეხება მუქარას, ეს ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა პირდაპირი მუქარა თუ არა, შეიძლება მუქარის ინტონაციები სადღაც ერია, თუნდაც ასეთი სახით: ჩვენ არ შეგვიძლია უკრაინაზე ხელი ავიღოთ. რუსეთს კი მთელი დასავლეთისა და ნატოს დამარცხების რესურსი არ აქვს, ამიტომ გირჩევთ, მოლაპარაკებაზე წამოხვიდეთ. აქ კი კვლავ გარკვეული შემოთავაზება იქნებოდა უკრაინის ტერიტორიის გაყოფაზე და ა.შ. ვაჭრობა ბევრ რამეზე შეიძლება. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ჯონ რეტკლიფი თხოვნის, მუქარისა და შეთავაზების ნაზავით გაგზავნა მოსკოვში.
რა ვიფიქროთ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს შეფის მოსკოვში ვიზიტის შედეგებზე?
ჩემი აზრით, უნდა გამოვიდეთ ორი ძირითადი მომენტიდან:
1. პრეზიდენტი პუტინი საერთოდ არ შეხვდა სტუმარს. როგორც ამბობენ, პუტინმა უარი კი არ განაცხადა შეხვედრაზე, არც დაუგეგმავს მასთან შეხვედრა. ანალოგიურ სიტუაციებში ასე მაღალი დონის სტუმარს პირველი პირები შეხვედრაზე უარს არ ეუბნებიან, მაგრამ პუტინი სწორედ ასე მოიქცა;
2. ვიზიტის შედეგებზე მსჯელობისას გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რუსეთის სამხედრო უწყების საქციელი 26 აგვისტოს ანუ აშშ-ის მაღალი რანგის სტუმრის გამგზავრების მეორე დღეს. საინფორმაციო საშუალებები ასეთი სახის ინფორმაციას გვაწვდიან:
2026 წლის 26 აგვისტოს ოდესაში, ხარკოვსა და კიევში ვითარება ხასიათდებოდა საჰაერო განგაშითა და უპილოტო საფრენი აპარატების (დრონების) ღამის დარტყმებით.
ოდესა
აფეთქებები იღინიშნა ოლქის სამხრეთ რაიონებში და დუნაის პორტების (იზმაილი, რენი) მიდამოებში.
ხარკოვი
ქალაქი დრონების კომბინირებული თავდასხმის სამიზნე გახდა. ხარკოვის მიმართულებით იყო აქტიური საბრძოლო შეტაკებები, რუსეთის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ შეტევით მოქმედებებს.
კიევი
კიევის ოლქსა და უშუალოდ კიევში, საჰაერო თავდასხმის საშუალებების გამოყენების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა. ამ დროისთვის ზუსტდება მონაცემები უშუალოდ დედაქალაქის ფარგლებში ნგრევის ან დაზარალებულების შესახებ.
იმ ფაქტით, რომ რეტკლიფის ვიზიტის მეორე დღეს რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს უკრაინის არმიისა და დასავლური ტექნიკის განადგურებას და ყველა მიმართულებით წინ მიიწევს, დასტურდება ვიზიტის წარუმატებლობა.
ეს – ზოგადად. ისე, შესაძლებელია, რომ გარკვეულ დეტალებზე რაღაც გარიგება შედგა, უფრო, ალბათ, ირანის ნაწილში. რაც შეეხება უკრაინას, შეიძლება ითქვას, იგი განწირულია. მას ამერიკელები ახლა ვერც თხოვნით უშველიან, ვერც მუქარით, ვერც შეთავაზებით. სავალალო ხვედრი უკრაინას არა რუსებმა, არამედ თვითონ უკრაინელებმა გაუმზადეს.
ქვეყნისა და ხალხისთვის არაფერს მოაქვს ისეთი დამანგრეველი შედეგები, როგორც რეგვნულ პატრიოტიზმს.
ვალერი კვარაცხელია







