საბანკო სექტორზე არაერთხელ დაგვიწერია და ახლაც ვიტყვით, რომ ის, რასაც საქართველოში არსებული ბანკები უკეთებენ მოსახლეობას, არის კანონის ფარგლებში მოქცეული ყაჩაღობა; უფრო ზუსტად – ძარცვა, რადგან ყაჩაღობისას საქმეში ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღი უნდა ფიგურირებდეს, ძარცვისას კი ეს აუცილებელი არ არის…
მაშ ასე – მიმდინარე წლის იანვარ-მაისში კომერციულმა ბანკებმა (მიკრობანკებმა) 1,544 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. ცნობისათვის: საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ბანკმა მოიგო, თუმცა ვინ იცის, ამბობენ, წაგებაზე მომუშავე ბანკი არ არსებობსო… ეს ინფორმაცია საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოაქვეყნა. მათი მონაცემებით, 272 მლნ ლარით, ანუ დაახლოებით 21,3%-ით არის გაზრდილი ბანკების მოგება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კერძოდ, 2025 წლის იანვარ-მაისში ბანკების მოგება 1,272 მლრდ ლარი იყო.
რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 5 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ ორმა ბანაკმა მიიღო – „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისი“-მ. მათზე მთლიანი მიგების ლამის 90% მოდის, რაც ძალიან დიდი რიცხვია. დანარჩენი ბანკების მოგების მარჟასაც გეტყვით. ბანკები შემდეგი თანმიმდევრობით გამდიდრდნენ: „საქართველოს ბანკი“ – 818,678 მლნ ლარი, „თიბისი ბანკი“ – 562, 359 მლნ ლარი, „ბაზისბანკი“ – 61,785 მლნ ლარი, ლიბერთი ბანკი“ – 41,711 მლნ ლარი, „კრედო ბანკი“ – 28,835 მლნ ლარი, „პროკრედიტ ბანკი“ – 15, 242 მლნ ლარი, „ტერა ბანკი“ – 12,525 მლნ ლარი, „ქართუ ბანკი“ – 12,186 მლნ ლარი, „ხალიკ ბანკი“ – 9,875 მლნ ლარი, მიკრობანკი „კრისტალი“ – 7,071 მლნ ლარი, „იშ ბანკი“ – 6,239 მლნ ლარი, „პეივ ბანკი“ – 4, 542 მლნ ლარი, „პაშა ბანკი საქართველო“ – 2,907 მლნ ლარი, „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 2, 543 მლნ ლარი, მიკრობანკი „ემ-ბი-სი“ – 1,613 მლნ ლარი.
რაც შეეხება 2026 წლის 5 თვეში ზარალიან ბანკებს, მონაცემები ასე გამოიყურება: „ვითიბი ბანკი“ – 26,074 მლნ ლარი, „სილქ ბანკი“ – 11,320 მლნ ლარი, „ჰეშ ბანკი“ – 4, 880 მლნ ლარი, „პეისერა ბანკი საქართველო“ – 956 ათასი ლარი.
ახლა 2012 წლის არჩევნების წინა პერიოდი გავიხსენოთ. იმხანად მოქალაქეების უმრავლესობა ვალებში იხრჩობოდა (უკეთესი მდგომარეობა არც ახლა გვაქვს) და სააკაშვილის პოლიცია ყოველდღიურად ათობით ოჯახს ქუჩაში ყრიდა. ჰოდა, სწორედ მაშინ ხელისუფლებაში მოსასვლელად გამზადებულმა „ქართულმა ოცნებამ“ პირობა დადო, საბანკო სექტორს ლაგამს ამოვდებ და მოსახლეობას „უფასო ფული“ ექნებაო, რაც იმას გულისხმობდა, რომ პროცენტი უმნიშვნელო უნდა ყოფილიყო, ისეთი, რომ ადამიანებს ვერც კი ეგრძნოთ, მაგრამ მას შემდეგ ეს „უფასო ფული“ „ფასიანად“ იქცა და საპროცენტო განაკვეთმა აიწია. ამას საბანკო ტერმინებით, საპროცენტო განაკვეთის ინფლაციასთან კავშირითა და ათასი სისულელით ხსნიან. ჰო, ბატონებო, ყველაფერი სისულელეა, რაც მოსახლეობას აღარიბებს და საბანკო სექტორს ამდიდრებს. არავის აინტერესებს არც ინფლაციის დონე, არც ფურცელზე დაწერილი ეკონომიკური ზრდა და არც სხვა რამ. აგერ, ერთი კვირის წინათ კონკრეტულად „თი ბი სი“ ბანკმა 27 ათასი ლარი შემომთავაზა, დამტკიცებული კრედიტი გაქვსო, 4- წლიანიო. ისე გამოდიოდა, რომ 4 წლის შემდეგ ბანკისთვის 51 800 ლარი უნდა დამებრუნებინა, ანუ თითქმის ასი პროცენტი, ოპერატორი კი მიმტკიცებდა, ეს ეფექტური პროცენტია პირადად თქვენთვის, თორემ სხვებს ამას არ ვთვაზობთო. ხომ წარმოგიდგენიათ, სხვებს რას სთავაზობენ? იმავე „თი ბი სი“-მ 2026 წლის საწყის ხუთ თვეში ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი მოგება ნახა (ალბათ, ჩემნაირების ხარჯზე), მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც „საქართველოს ბანკის“ მოგებაა, რომელიც თვეში 160 მილიონ ლარს აჭარბებს, ანუ, უხეში დათვლით, „საქართველოს ბანკის“ ყოველდღიური მოგება დღეში 5,4 მლნ ლარია. ახლა დაასახელეთ ბიზნესი საქართველოში – ქვეყანაში, სადაც 4 მილიონი ადამიანიც კი არ ცხოვრობს, რომელიც დღეში 5,4-მილიონიან მოგებას მოიტანს. დღეში დაახლოებით 1,50 ლარი თითოეულის ჯიბიდან (პირობითად) ერთი კონკრეტული ბანკის ჯიბეში მიდის და ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ჰო, ხელისუფლება არაფერს აკეთებს და არც ოპოზიცია იხოკავს ლოყებს, თუ აგვირჩევთ, ბანკებს აზრზე მოვიყვანთო, იმიტომ, რომ მათაც კარგად იციან, როცა ამხელა ფულზეა ლაპარაკი, პირობის გაცემა და რაღაცების დაპირება არ გამოვა. ანუ, ამ საკითხზე ყველა ჩუმად არის და მოქმედმა ხელისუფლებამაც თავი მხოლოდ ერთხელ იმართლა ზოგადი ფრაზით – „რაღაცები კარგად ვერ დავთვალეთ“-ო და მორჩა. პასუხი არავის უგია იმის გამო, რომ „რაღაცები კარგად ვერ დათვალა“. როგორც ჩანს, არ ეგონა ამჟამინდელ ხელისუფლებას, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდოდა, არ ეგონა იმიტომ, რომ გარემო იყო ისეთი, „ნაცმოძრაობას“ ყველა და ყველაფერი ხელთ ეპყრა. უბრალოდ, ვერც ერთმა მხარემ ვერ გაითვალისწინა, რომ ხალხს ყველაფერი ყელში ჰქონდა ამოსული. ეს იყო უხმო, ჩუმი აჯანყება ნაციონალების წინააღმდეგ, ხალხი მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩუმად შემოხაზა ის, რაც უნდოდა. შედეგად, დარჩა „ოცნება“ თავისი დაპირებების ამარა, მაგრამ, უკვე გითხარით, თავი როგორ დაიძვრინა.
იმ 9 წლის განმავლობაში ნაციონალებმა ისეთი რაღაცები აკეთეს, ბანკების თავგასულობას კი არა, კიდევ ბევრ რამეს აიტანს მოსახლეობა, ოღონდ არ დაბუნდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ, საკმარისია, ვიღაც ნორმალური გამოჩნდეს, ისეთი, ნაციონალებთან ახლოსაც რომ არ ექნება ჩავლილი, და ამ ხელისუფლებასაც არ ასცდება „უხმო ჯანყი“.
არ შეიძლება, ბატონებო, ხალხის მოთმინების გამოცდა და არ შეიძლება ადამიანებისთვის ყელში ხელის იმაზე მეტად წაჭერა, ვიდრე შეუძლიათ. საბანკო სექტოროს მიმართ მოსახლეობის ვალმა მილიარდებს გადააჭარბა და ხომ გჯერათ, რომ წლის ბოლოს ის ორი დიდი ბანკი, სულ ცოტა, მილიარდიან მოგებაზე გავა? და ეს იქნება საქართველოს მოსახლეობის ჯიბიდან ამოღებული თანხა, რომელსაც მართლა ერთეულები ინაწილებენ. თქვენ იცით, რომ „ლიბერთი ბანკის“ 41-მილიონიანი მოგების უდიდესი ნაწილი პენსიონერებზე მოდის; იმ პენსიონერებზე, რომლებმაც ვერ შეძლეს, თვიდან თვემდე საჭირო მედიკამენტები ეყიდათ, კომუნალურები გადაეხადათ, საკვები შეეძინათ და იძულებულნი შეიქნენ, პენსია წინასწარ აეღოთ კაბალური პირობებით და ახლა სესხის აღებამდე მეტად უჭირთ? სამწუხაროდ, არც ამ მიმათულებით ჩანს გამკითხავი და პატრონი, პენსიონერებს საარსებო მინიმუმზე მცირე თანხას, 180 ლარს, უტოვებენ პენსიიდან, სანამ ვალს არ ამოიღებენ, და ზედ „ეფექტური პროცენტიც“ აქვთ, ის პროცენტი, ბოლოს აღებული თანხის ორმაგი ოდენობა რომ გამოდის. რაც შეეხება მინუსში წასულ ბანკებს, მათზე არ ინერვიულოთ, ამ ბანკების მფლობელებს საკმარისი თანხა აქვთ იმისთვის, რომ 1-2 წელს კიდევ მოიცადონ და მერე, როცა დიდი ბანკები აღარ მოგცემენ სესხს, იმიტომ, რომ წასართმევი თითქმის არაფერი გექნებათ, მათ მიადგებით და იმ „თითქმის არაფერს“ სწორედ ისინი წაგართმევენ. საბოლოო ჯამში, ისინიც ისევ ჩვენს ხარჯზე მოგებაზე გავლენ. საბანკო სექტორის წარმატებებით თუ ვიმსჯელებთ, მართლა შეიძლება იმის თქმა, რომ „ეკონომიკური ზრდა“ გვაქვს, მაგრამ დაუშვებელია, საფინანსო ორგანიზაციები მოსახლეობის ხარჯზე მდიდრდებოდნენ, უფრო ზუსტად, მოსახლეობის გაღატაკების ხარჯზე, თორემ ლეგალური და ნამუსიანი ბიზნესი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.
P.S. ჰო, ისიც ვთქვათ, წელიწადში ერთხელ, საქველმოქმედო აქციებს რომ აწყობენ ხოლმე ეს ბანკები და ბავშვებს 50-თეთრიან ბუშტებს ურიგებენ, ხედავთ, რა გულკეთილები ვართო…
ლევან გაბაშვილი







