კრიზისი ბერძნული სიტყვაა და გართულებულ, გამწვავებულ, გარდამტეხ მომენტს ნიშნავს. კრიზისი რთული ცნებაა. იგი ერთნაირად შეეხება ყოფიერებასაც და ცნობიერებასაც, როგორც ინდივიდუალურ, ასევე საზოგადოებრივ დონეზე. მარქსის მიერ აღმოჩენილ საზოგადოებრივ კანონთა შორის ერთ-ერთი არის ის, რომ საზოგადოებრივი ყოფიერება განსაზღვრავს საზოგადოებრივ ცნობიერებას (და არა – პირიქით.). აქედან გამომდინარე, ყველა ის კრიზისი, რომლებიც დამდგარა, დგას თუ დადგება საზოგადოებრივ ყოფიერებაში, განსაზღვრული იყო, განსაზღვრულია და განსაზღვრული იქნება საზოგადოებრივი ცნობიერების კრიზისით. კრიზისი საზოგადოებრივი ცნობიერების ნებისმიერ ფორმას შეიძლება შეეხოს – მეცნიერებას, ხელოვნებას, მორალს, რელიგიას, პოლიტიკას…
ისტორიას უამრავი საერთაშორისო კრიზისი ახსოვს. მეოცე საუკუნე ამ მხრივ განსაკუთრებულია, რადგან ეს იყო მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ანუ გლობალისტური ტენდენციების საუკუნე, რომელშიც წინა პლანზე ურთიერთგანპირობებულობამ წამოიწია. გავლენიან სახელმწიფოთა ინტერესები ერთმანეთს გადაეჯაჭვა და ცალკეული სახელმწიფოების თუ რეგიონების პრობლემათა მიმართ მსოფლიო განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა. მეოცე საუკუნის საერთაშორისო კრიზისების არასრული სია ასე გამოიყურება:
* საბჭოთა კავშირის დაშლა (1991 წ.): ზესახელმწიფოს დაშლამ უამრავი სისხლისმღვრელი კონფლიქტი, მიგრაციისა და ემიგრაციის უზარმაზარი ტალღები და არნახული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და ჰუმანიტარული პრობლემები გამოიწვია;
* იუგოსლავიის ომები (1990-2000 წ.წ.): ცივი ომის დასრულების შემდეგ ევროპაში განვითარებული უდიდესი პოლიტიკური და ჰუმანიტარული კრიზისი, რომელიც გამოწვეული იყო იუგოსლავიის დაშლითა და რეგიონში ეთნიკური წმენდებით;
* კარიბის კრიზისი(1962 წ.): ცივი ომის პერიოდში აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის დაპირისპირების პიკი. კუბაზე საბჭოთა ბირთვული რაკეტების განთავსებამ ბირთვულიომის ზღვარზე მიიყვანა მსოფლიო, თუმცა ლიდერების (ჯონ კენედი და ნიკიტა ხრუშჩოვი) მოლაპარაკებების შედეგად კრიზისი განიმუხტა;
* სუეცის კრიზისი(1956 წ.): დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ისრაელის სამხედრო ინტერვენცია ეგვიპტეში მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გამალაბდელნასერმა სუეცისარხის ნაციონალიზაცია მოახდინა. კრიზისი იქცა კოლონიური სისტემის დასასრულის სიმბოლოდ, რადგან აშშ-მა და საბჭოთა კავშირმა ერთობლივად აიძულეს მოკავშირეები, ჯარები გაეყვანათ;
* ნავთობის კრიზისი (1973 წ.): მას შემდეგ, რაც ოპეკის (OPEC) არაბულმა სახელმწიფოებმა მეოთხე არაბულ-ისრაელის ომის გამო აშშ-სა და მის მოკავშირეებს ნავთობზე ემბარგო გამოუცხადეს, გლობალური ფასები მკვეთრად გაიზარდა. მან საფუძველი ჩაუყარა ღრმა ეკონომიკურ რეცესიას;
* 1929 წლის დიდი დეპრესია: აშშ-ში საფონდო ბირჟის კრახით დაწყებული ეკონომიკური კრიზისი, რომელიც სწრაფად გადაიზარდა გლობალურ მასშტაბში, რადგან ინდუსტრიულმა ქვეყნებმა საერთაშორისო ვაჭრობა მკვეთრად შეზღუდეს.
ეს ყველაფერი, რაც ჩამოვთვალეთ, რა თქმა უნდა, თამაშად და უწყინარ ხუმრობად გამოიყურება სულ რაღაც ოცი წლის ინტერვალით გაჩაღებულ ორ მსოფლიო ომთან შედარებით. შეიძლება ითქვას, რომ მეოცე საუკუნე კრიზისების საუკუნე იყო.
კაცობრიობა ამ ტემპებით რომ წასულიყო, ახლა მესამე მსოფლიო მომთავრებული უნდა გვქონდეს და მეოთხეს უნდა ვამზადებდეთ. ჩვენ კი ძლივს წამოვიწყეთ მესამე, რომელიც ჯერ არც გახურებულა. ამას აქვს ახსნა. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, სანამ ბირთვული შეიარაღება არ არსებობდა, ომის „ღმერთები” უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ, ახლა კი შედარებით ფრთხილად არიან, ჩვენ მიერ წამოწყებულ ომს ჩვენვე არ შევეწიროთო, – ასეთია მათი სიფრთხილისა და უზნეობის ლოგიკა. მიუხედავად ამისა, მაინც მძლავრი ნაბიჯებით მივექანებით გლობალური ომის მიმართულებით. ჩნდება შეკითხვები – რატომ? ნუთუ სხვა გზა არ არსებობს? არსებობს და თანაც როგორი – წარმოუდეგენლად ეფექტური, დედამიწაზე ცხოვრებას ჯოჯოხეთიდან სამოთხედ რომ აქცევდა. დავაკვირდეთ ციფრებს: მხოლოდ აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი წელიწადში ტრილიონ დოლარს აღემატება. მომდევნო ათი სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტები დაახლოებით კიდევ ერთი ამდენი იქნება. დანარჩენ სახელმწიფოებსაც ხომ აქვთ სამხედრო ბიუჯეტი, მაგრამ ბუღალტერიამ ზედმეტად რომ არ გაგვიტაცოს, წელიწადში ამ ორი ტრილიონი დოლარით დავკმაყოფილდეთ. ეს არის ასტრონომიული თანხა, რომელსაც კაპიტალისტური ღორების გამდიდრების ნაცვლად ეკონომიკური, სოციალური, ჰუმანიტარული და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრისკენ თუ მივმართავთ, ერთ წელიწადში თუ არა, ხუთ-ათ წელიწადში ყველა პრობლემა მოგვარდება, მით უფრო, კაცობრიობა ღორულ ფსიქოლოგიაზე აღმოცენებულ კაპიტალიზმსაც თუ მოიშორებს და საყოველთაო დოვლათის განაწილების ადამიანურ (ცივილიზებულ) ფორმაზე გადავა. მარტივია, ხომ? თეორიულად უმარტივესია, მაგრამ პრაქტიკულად ურთულესია. ამაშია საქმე. რატომ არის ურთულესი იმ საქმის განხორციელება, რომელიც დედამიწაზე დამკვიდრებულ ჯოჯოხეთს სამოთხედ გადააქცევდა? იმიტომ, რომ იმ უმდიდრეს კასტას, მოსახლეობის იმ ერთ პროცენტს, რომელიც საერთო სიმდიდრის ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს განკარგავს, არავითარი სურვილი არ აქვს, რომ მოსახლეობის იმ ოთხმოცდაცხრამეტ პროცენტს, რომელიც საერთო სიმდიდრის ერთი პროცენტის ამარაა დარჩენილი, მისი უსამართლო, მაგრამ დაკანონებული წილიდან რამე (თუნდაც მცირედი) გაუზიაროს და დაუთმოს. დააკვირდით, რა ვითარება გვაქვს: ზნეობისგან აბსოლუტური განდგომა-გაუცხოვება. ეს არის დღევანდელი ადამიანი. აქ ერთი დათქმაც გასაკეთებელია. ეს, რის შესახებაც ახლა ვსაუბრობ, მხოლოდ მდიდარ კლასს კი არა, მთლიანად ადამიანს (მის არსს, მის რაობას) ეხება. ღარიბ-ღატაკთა კლასის წარმომადგენლები, თანასწორუფლებიან ცხოვრებაზე კი არა, თავიანთ გამდიდრებაზე ანუ როლების გაცვლაზე ოცნებობენ, რაც საბოლოოდ, რა თქმა უნდა, არაფერს ცვლის. ამას ჰქვია ცნობიერების კრიზისი ან პირიქით – კრიზისული ცნობიერება. ეს ნათქვამი ერთნაირად შეეხება მდიდარსა და ღარიბს, თეთრკანიანსა და ფერადკანიანს, აღმოსავლეთ თუ დასავლეთ ნახევარსფეროში მცხოვრებთ, განათლებულსა თუ გაუნათლებელს, მამაკაცსა თუ ქალს და ა.შ., ადამიანზეა საუბარი – მის ფსიქიკაზე, მის შინაგან კონსტიტუციაზე (იშვიათ გამონაკლისებზე, ცხადია, არ ვლაპარაკობ).
ეს თემა ჩემი აღმოჩენილი კი არ არის, რომ იტყვიან, გადაღეჭილი აქვთ ფილოსოფოსებს, სოციოლოგებს, ფსიქოლოგებს…
რუსი ფილოსოფოსი ბერდიაევი ამ ვითარებას ასე ახასიათებდა: „ჩვენ ვეღარ ვგრძნობთ სამყაროს ჰარმონიას, ჩვენ ამოვარდნილნი ვართ საერთო რიტმიდან… ჩვენი პლანეტა შეირყა, ადამიანი ფეხქვეშ მყარ ნიადაგს ვერ გრძნობს, რომელიც მას სამყაროს წესრიგთან დააკავშირებდა. ჩვენს დროში, სამყაროს აგონიის დროში მწვავედ იგრძნობა, რომ გადაულახავი წინააღმდეგობებით დაფლეთილ, დაცემულ სამყაროში – დანაშაულისა და ფანტაზმების სამყაროში ვცხოვრობთ. ადამიანს ყოველი მხრიდან საფრთხე ემუქრება, მან არ იცის, რა იქნება ხვალ…”
აღნიშნულმა საფრთხემ განაპირობა ცნობიერების ფილოსოფიისა და ცნობიერების სოციოლოგიის წარმოშობა, რომლის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლები (შპენგლერი, ვებერი, კაიზერლინგი და სხვ.) ცდილობენ, განჭვრიტონ კულტურისა და ცივილიზაციის ბედი. ადამიანს ხომ ისე არაფერი აღელვებს, როგორც საკუთარი ბედი.
შეკითხვა მეოცე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის, კარლ იასპერსის, სიტყვებითაა ფორმულირებული- “სად ვიმყოფებით ჩვენ დღეს?” მოაზროვნეთა უმრავლესობა აღიარებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემის სიძნელესა და თვით შეკითხვის სირთულეს. რას ნიშნავს დასმული შეკითხვა? რის მიმართ და დამოკიდებულებით უნდა გაეცეს მას პასუხი – რომელიმე კონკრეტული ეპოქის, რომელიმე ისტორიულად მნიშვნელოვანი ფაქტის თუ მთლიანად და საზოგადოდ, სად ვიმყოფებით-ისტორიული გზის დასაწყისსა თუ ბოლოში? შეუძლებელია, რომელიმე მეცნიერმა თუ ფილოსოფოსმა, რა მასშტაბისაც უნდა იყოს იგი, ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა საკუთარ თავზე აიღოს. ვინმეს ძალუძს, თქვას, სად ვიმყოფებით ჩვენ ამჟამად? ხომ შეიძლება, რომ ამგვარ „თამამ” შეკითხვას რომელიმე „თამამმა” მოაზროვნემ ასე უპასუხოს: ჩვენ არ ვიცით, საით მიდის კაცობრიობა და, მაშასადამე, ვერც იმას მივხვდებით, სად ვიმყოფებით დღეს. წარსული არ ჰგავს აწმყოს. უწინ ადამიანი ნდობით უყურებდა სამყაროს. მისი ცნობიერება რწმენით იყო ნასაზრდოები. ახლა რწმენა შეირყა და ნდობა დაიკარგა. ადამიანები ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილნი. ისინი ვერ პოულობენ საერთოს, ამიტომ დაბნეული უიმედოდ შესცქერიან მომავალს. იასპერსის აზრით, „ეს იგივეა, იჯდე მოქმედ ვულკანზე და ელოდებოდე მის ამოფრქვევას”. წარსული კულტურები გაქრა, დღევანდელს კი საფრთხე ემუქრება, ამიტომ, ვინც წინ იხედება, მას უაზროდ ეჩვენება ყველაფერი, რასაც ახლა აკეთებს. ბერდიაევის აზრით, „შინაგანი და გარეგანი სამყაროს შერყევა ნიშნავს მთელი სამყაროს ტრაგიკულობას. სამყარო არა მხოლოდ შეგრძნებით არის ტრაგიკული, არამედ თავისი ყოფიერებითაც. გარდა აუტანელი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობისა, სამყარო სულიერ დეგრადაციას განიცდის. ადამიანის გონება დაიშრიტა. მას დაეუფლნენ დემონური, კოსმოსური და სოციალური ძალები. თანამედროვე დეჰუმანიზაციას კაცობრიობა სიგიჟემდე მიჰყავს”. სხვები ფიქრობენ, რომ უკვე დასრულდა ქრისტიანული ერა და დადგა ანტიქრისტეს ბატონობის პერიოდი. ეს არის ტოტალური ბატონობის, ტოტალური პროპაგანდის, ტოტალური დეზინფორმაციისა და გლობალური ომების ეპოქა. ჩვენ ფაქტობრივად განვიცდით, როგორც ცალკეული ადამიანის, ასევე მთელი კულტურის ღრმა კრიზისს, რომელიც საბოლოოდ ღირებულებათა კრიზისში გადაიზარდა. ადამიანი კრიზისმა მოიცვა. მან არა მხოლოდ დაკარგა საკუთარი თავი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა საკუთარ არსსა და რაობას. ადამიანი საკუთარი თავის მოსისხლე მტრად გადაიქცა, ამიტომ ჩნდება შეკითხვა: რაც მისგან დარჩა, შეიძლება ადამიანად იწოდებოდეს?! მეოცე საუკუნის ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი, კვლევის ინტერდისციპლინარული მიმართულების („ცნობიერების სოციოლოგია”) ფუძემდებელი, პროფესორი ვენორ ქვაჩახია წერდა: „უტყუარი ფაქტია, რომ, რაც უფრო განვითარდა ცივილიზაცია, ტექნიკა, მით მეტად საშიში გახდა იგი საზოგადოებისთვის. კაცობრიობას დღეს არა მხოლოდ ბუნებრივი გარემოს განადგურების, არამედ მასობრივი იარაღის გამოყენებით საკუთარი თავის მოსპობის საშიშროება ემუქრება. საკითხის სიმწვავე შემდეგშია: როგორ მოხდა, რომ კაცობრიობა, რომელსაც ასეთი მიზანი არასოდეს დაუსახავს, ასეთ შედეგამდე მივიდა? ადამიანი იმდენად გაუცხოვდა, რომ საკუთარ თავს დაუპირისპირდა!”
და მაინც, რატომ მოხდა ეს? ალბათ, იმიტომ, რომ ადამიანი ცალმხრივად განვითარდა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების მიმართულებით, მაგრამ ვერ განვითარდა ან საკმარისად ვერ განვითარდა ზნეობის მიმართულებით. შინაგანად იგი დღესაც სხვისი დამჩაგრავია, სხვისთვის ექსპლუატაციის გამწევია, სხვისი შრომისა და სხვისი საკუთრების მიმთვისებელია და ა.შ., რის გამოც მისი ცნობიერება კრიზისს განიცდის. არამხოლოდ უსამართლო ყოფიერებამ, არამედ დაკანონებული უსამართლობის ყოფიერებამ შექმნა და ჩამოაყალიბა კრიზისული ცნობიერება, რომელიც მზად არის საკუთარი თავის გასანადგურებლად. რომელიმე ზესახელმწიფოს რომელიმე ლიდერი კი არ იწყებს ომს, ადამიანის (საზოგადოების) კრიზისული ცნობიერებაა ომამდე მიმსვლელი და ომის გამჩაღებელი. ადამიანს იმდენი მატერიალური დოვლათის მიღება კი არ სურს, რამდენიც სჭირდება, არამედ – სხვაზე მეტის. აქედან იწყება ომი სხვასთან, რომელიც რომელიღაც მუდმივმოქმედი საზოგადოებრივი კანონის ზემოქმედებით საბოლოოდ საკუთარ თავთან ომში გადადის. ომის „ღმერთები” დღესაც მზად არიან ომის გასაჩაღებლად, მაგრამ მთავარი უბედურება ეს არ არის. საკითხის მთელი სიმწვავე ისაა, რომ თვითონ ის ადამიანებიც კი, რომლებიც უნდა დაიფერფლონ ამ ომებში, თავიანთი კრიზისული ცნობიერებით აქეთ მიისწრაფვიან. კრიზისულმა ყოფიერებამ (დაკანონებულმა უსამართლობამ) ანუ სისტემაში განივთებულმა ბოროტებამ ჩამოაყალიბა კრიზისული ცნობიერება, რომელიც, თავის მხრივ, უფრო ართულებს პირობებს (კრიზისულ ყოფიერებას), რომელმაც იგი შვა. ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე ის პიროვნებები, რომლებსაც ამ სტატიაში (პირობითად) ომის ღმერთები ვუწოდე, კრიზისულ საზოგადოებრივ ცნობიერებაზე აღმოცენდებოდნენ-ხოლმე. ასეა ახლაც. ფსიქოლოგიის მამის, დიმიტრი უზნაძის, სიდიადე იმაშია, რომ მან ქმედებას მამოძრავებელი მოუძებნა. არცერთი ქმედება არ განხორციელდება მანამ, სანამ შესაბამისი განწყობა არ შეიქმნება. განწყობა ფსიქოლოგიური ძრავია ქმედებისა. თუ გადაიდგმება ნაბიჯი თვითგანადგურებისკენ, მხოლოდ იმიტომ, რომ შესაბამისი განწყობა საზოგადოებაში უკვე არსებობდა იმ დროიდან მოყოლებული, როდესაც მან მასობრივი განადგურების იარაღის შექმნა დაიწყო. არ არის საიმედო ამ იარაღის ე.წ. შემაკავებელ ფაქტორზე დაყრდნობა. მხოლოდ გარკვეულ დონემდე შეუძლია მას შემაკავებელი ფაქტორის როლის შესრულება, მაგრამ ეს მდგომარეობა მუდმივი და აბსოლუტური ვერ იქნება. კრიზისული ცნობიერება რაღაცას თუ ქმნის და ის რაღაც თუ უკვე არსებობს, იმავე კრიზისული ცნობიერება რომელიღაც წერტილში, საზოგადოების განვითარების რომელიღაც ეტაპზე, მის გამოყენებამდეც მივა.
ვალერი კვარაცხელია







