დიდი დასასრული

    არ ვიცი, ვის ვწერ ამას...

    გავრცელდა უაღრესად საინტერესო ინფორმაცია: „რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქის – ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ინფორმაციით, არსებობს სია იმ ქართული კომპანიებისა, რომლებსაც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში რუსეთში ექსპორტი აეკრძალოთ. როგორც მან ერთ-ერთ  საინფორმაციო საშუალებას განუცხადა,  სია მზარდია და, სავარაუდოა, რომ აკრძალვა წელს ამოქმედდება. ბიზნესმენის განცხადების თანახმად, ეს კომპანიები, აფინანსებენ ანტირუსულ საქმიანობას საქართველოში. მამუკა ფიფიამ, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული პრორუსული პარტიის “სოლიდარობა მშვიდობისთვის” საერთაშორისო მდივანია, საკითხზე თავდაპირველად სოციალურ ქსელში დაწერა და „სოლოვიოვ ლაივის“ ეთერში ისაუბრა. ამასთანავე, ბიზნესმენმა “რადიო თავისუფლებასთან” განმარტა, რომ “ასაკრძალ” კომპანიებს, რომელთა რაოდენობა ორმოცზე მეტია, ბრალი ედებათ რუსოფობიასა და ანტირუსული საქმიანობის სპონსორობაში. ამ სიაში  არიან ალკოჰოლური პროდუქციის (ღვინისა და კონიაკის მწარმოებლები და მომწოდებლები), მათ შორის მინერალური წყლების, გაზიანი სასმელებისა და ლუდის, ასევე თხილეულისა და მშრალი ნარევების მიმწოდებლები. ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ სიას ასევე დაემატა ლოგისტიკური კომპანიები.  ეს ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის საყურადღებოა, რადგან  იგი ბიზნესმენების საქმიანობას სცდება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის სფეროში გადადის.

    სარწმუნოდ თუ მივიღებთ მამუკა ფიფიასნათქვამს (ამას ხაზს იმიტომ ვუსვამ, რომ რუსეთში მოღვაწე ქართველმა ვლადიმერ ხომერიკმა ეჭვქვეშ დააყენა მამუკა ფიფიას ეს განცხადება და მას „პიარკამპანიის შემადგენელი ნაწილი” და „ბლეფი” უწოდა), ასეთ შემთხვევაში რამდენიმე შეკითხვა წამოტივტივდება: რატომ მიიღეს რუსეთში ეს გადაწყვეტილება ახლა და რატომ არ მიიღეს იგი ერთი, ორი, სამი, ოთხი წლის წინათ? აქამდე არ იცოდნენ, რა იდეოლოგიას ემსახურებიან ის ქართული კომპანიები, რომლებიც რუსულ ბაზარზე არიან ორიენტირებულნი და იქ დიდ კაპიტალს შოულობენ? თავიდან რატომ დაუშვეს ისინი თავიანთ ბაზარში? ახლა რაც იწყება (მართლა რამე თუ იწყება), რუსეთის უსაფრთხოების განმტკიცებისკენ მიმართული სისტემური ბრძოლის შემადგენელი ნაწილია თუ კამპანიური ხასიათის წამოწყებაა, რომელიც ერთბაშად ამოვარდნილი ქარიშხალივით ჩადგება ხოლმე და მხოლოდ  უარყოფით კვალს ტოვებს?

    საქართველოს მიმართ რუსეთში ჩატარებული ისეთი უაზრო კამპანიებიც გვახსოვს (სატვირთო თვითმფრინავით გამოშვებული დეპორტირებული ქართველები, სავიზო მიმოსვლის დაწესება, ავიარეისების აკრძალვა, ონიშჩენკოს ემბარგოები და სხვ.), რომლებსაც რუსეთისთვის არანაირი დადებითი შედეგი არ მოჰყოლია. ახლაც ამგვარ კამპანიურობასთან ხომ არ გვაქვს საქმე, რომელიც ორივე ქვეყანას ურთიერთობების დაძაბვით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს მოუტანს, მაგრამ დადებითი ეფექტი არ ექნება?! დადებითი ეფექტი არ ექნება იმის გამო, რომ რუსეთისგან, სამწუხაროდ, არ (აღარ) მოველი სისტემურ მიდგომას. სისტემური მიდგომა ბოლოდან ვერ დაიწყება, თავიდან უნდა დაიწყოს. რუსეთი კი ამ შემთხვევაშიც ბოლოდან იწყებს. თავიდან დაწყება ის იქნებოდა, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების დღიდან მაინც თუ აიკრძალებოდა რუსოფობიით მოწამლული ქართული კომპანიების გამდიდრების პოლიტიკა, ვინაიდან ისინი რუსეთიდან წამოღებული კოპიტალის სერიოზული ნაწილით რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჯგუფებს აფინანსებენ. ძნელი მისახვედრია ის ამბავი, რომ ამერიკული „კოკა-კოლას“ ქართული ფილიალი რუსეთის საწინააღმდეგოდ იმუშავებს? ბოლო პერიოდში რუსეთის რამდენიმე ქალაქში მომიწია ყოფნამ და ყველგან გადავამოწმე, იყიდება თუ არა იქ ქართული წარმოების „კოკა-კოლა“ და სხვა ე.წ. გამაგრილებელი სასმელები. დიახ, მე სადაც მომიწია ყოფნამ, ყველგან ვნახე პროდუქცია იმ ქართული კომპანიებისა, რომლებიც დაუფარავად ემსახურებიან და აფინანსებენ რუსოფობიური იდეოლოგიის გამავრცელებელ ჯგუფებს. რა დავარქვათ ასეთ შემთხვევაში რუსეთის საქციელს? რა გამართლება ან რა ახსნა შეიძლება  მოეძებმოს იმ ქართული კომპანიებისთვის რუსული ბაზრის კარის გახსნას, რომლებიც რუსეთში ნაშოვნ კაპიტალს რუსეთის წინააღმდეგ ხარჯავენ? „კოკა-კოლას“ გარეშე ცხოვრება თუ არ შეგეძლოთ, იქ არ გყავდათ? რა გააკეთეთ – ნამდვილი „კოკა-კოლა“ წინა კარიდან გააძევეთ და „ქართული „კოკა-კოლა” რუსოფობიით შეპყრობილი ჭყონიას გასამდიდრებლად უკანა კარიდან შეუშვით? რა ჰქვია ამ საქციელს? რუსეთისთვის სამარცხვინო ამ მოვლენას გამართლება რომ ვერ ექნება, რად უნდა ლაპარაკი, მაგრამ ახსნა, ალბათ, მოეძებნება. ამის ახსნით, მე კი არა, რუსეთის სპეციალური სამსახურები უნდა იყვნენ დაკავებულნი, მაგრამ, დიდი ილიასი არ იყოს, „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?!”. არც ვიცი, ვის მივმართავ ამ წერილით: რუსეთის სპეცსამსახურებს მე რა უნდა ვასწავლო? რუსეთის მთავრობამ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჩემზე კარგად იცის, მით უფრო – პრეზიდენტმა. აქედან გამომდინარე, არც ვიცი ვის მივმართავ, მაგრამ, რაკი ეს საქმე, თუნდაც ირიბად, საქართველოსაც შეეხო, ვალდებულნი ვართ, რომ ჩვენი ხედვის შესახებ ღიად გამოვთქვა. მე პირადად ამ ფაქტს ასე ავხსნი:

    * ქართული კომპანიები კორუფციულად გაურიგდნენ იმ რუს მაღალჩინოსნებს, რომლებმაც ოღონდ  საკუთარი წილი მიიღონ და საერთოდ არ აინტერესებთ, რისთვის  დაიხარჯება იმ კაპიტალის მეორე  წილი; თუ უნდათ, მთელი რუსეთი გადაწვან იმ ფულით, რომელსაც სწორედ ამ ქვეყანაში შოულობენ;

    * რუსეთში ისე ღრმად  შევიდნენ დასავლური სპეცსამსახურები, რომ ამ პროცესებს თავიანთ აგენტურაზე დაყრდნობით სწორედ ისინი მართავენ;

    * დასავლეთის სპეცსამსახურებს განეიტრალებული ჰყავთ რუსეთის ის ძალებიც კი, რომელთა პირდაპირი მოვალეობა ამ მდგომარეობასთან ბრძოლაა.

    ეს რუსეთისთვის საგანგაშო ვითარებაა. ამ უმძიმესი რეალობის შედეგია რუსეთის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე გამუდმებული თავდასხმები ე.წ. დრონებითა და სხვა ასაფეთქებელი საშუალებებით, რომელიც უკრაინას მიეწერება, მაგრამსინამდვილეში ნატოს ღია აგრესიაა რუსეთის ევროპულ ნაწილზე. რუსეთს დასავლეთი უკვე დაუფარავად ებრძვის, მაგრამ ეს დაპირისპირება არა მხოლოდ გარედან, არამედ შიგნიდანაც ხორციელდება. რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დასავლეთს სამი ძირითადი საყრდენი აქვს:

    1. უკრაინა;

    2. პოსტსაბჭოთა სივრცე (გარდა ბელარუსისა);

    3. თვითონ რუსეთი.

    ნებისმიერი ომი და, მით უფრო, ისეთ ძალასთან, როგორიც არის ნატო, წარმოუდგენელია უცხო სახელმწიფოთა აგენტურისგან ქვეყნის გაწმენდის გარეშე. ასეთი რამ რუსეთში არ ჩატარებულა, რაც, შესაძლებელია, ქვეყანას ძალიან ცუდად შემოუბრუნდეს. პუტინი იმის შიშით, რომ სტალინივით რეპრესიების გატარება არ დაბრალდეს, თეთრი ხელთათმნებით ცდილობს შავი სამუშაოს შესრულებას და დასავლური ვერაგობის შეჩერებას, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ეს მეთოდი ვერ ამართლებს.

    ის კომპანიები, რომლებიც რუსეთში დიდ ფულს გამოიმუშავებენ, რუსეთსა და საქართველოს ერთნაირად  ებრძვიან. ისინი არამხოლოდ რუსოფობიურ განწყობებს აღვივებენ, არამედ საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ან თუნდაც არჩევნების გზით „ნაციონალურ” რევანშს გეგმავენ. მათ უმთავრეს მიზანს საქართველოსა და რუსეთს შორის დაპირისპირების გაღრმავება და გახანგრძლივება წარმოადგენს. ეს გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელიც ხან 9 აპრილის ტრაგედიაში, ხან აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში, ხან კი სახელმწიფო გადატრიალებებში გამოიხატებოდა და რომელთა სცენარებიც დასავლეთის სპეცსამსახურებში იწერებოდა. ხაზგასმით უნდა ვთქვა: საქართველო დღემდე ფიზიკურად თუ არსებობს, ეს რუსეთის ფაქტორის არსებობით არის განპირობებული. ამიერკავკასიაზე რუსეთის გავლენის მოხსნის (ღმერთმა დაგვიფაროს!) შემთხვევაში საქართველო საბოლოოდ დაიშლება!

    იმ ქართულ კომპანიებს, რომლებიც რუსულ ბაზარში ნაშოვნი ფულის გარკვეულ ნაწილს რუსოფობიის გაღვივებაში ხარჯავენ, რუსეთიდან თუ გამოაძევებენ, ეს შეიძლება ქართული ეკონომიკისთვის ძლიერი დარტყმა აღმოჩნდეს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს მაინც სწორი (ჩვენთვის მისაღები) გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან ერთია ეკონომიკური ზარალი, მეორე კი  – პოლიტიკური მიმართულება, რომლის გატარება და განვითრება დიდი უბედურების საწინდარი იქნება საზოგადოდ, განსაკუთრებით კი – საქართველოსთვის.

    ქართული რუსოფობია საქართველოს სრულიად დაუცველს დატოვებს ყველა მეზობელი თუ არამეზობელი სახელმწიფოს წინაშე, რომლებსაც ჩვენთან, სხვა სახის ინტერესების პარალელურად, ტერიტორიული პრეტენზიებიც აქვთ.

    საქართველოში არიან ძალები, რომლებიც წინასწარ ხარობენ და ზეიმობენ, მათი აზრით, რუსეთის გარდაუვალი მარცხის გამო, რომელიც სრულიად უსაფუძვლოა. იმ ქმედებებით, რომლებსაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახორციელებს, რუსეთის დაზიანება შესაძლებელია, მაგრამ მისი დამარცხება – შეუძლებელი. რუსეთი იმდენს ითმენს (ეს მისი ისტორიული თვისებაა), რომ მტრებს ეს მისი მარცხის მომასწავებელი ჰგონიათ, მაგრამ მწარედ ცდებიან (ამასაც ისტორიული ხასიათი განაპირობებს). ერთი რამ კი ფაქტია:ბირთვულ ეპოქაში ეს „თამაშები”,  შესაძლებელია, ტრაგიკული აღმოჩნდეს მთელი მსოფლიოსთვის და პლანეტა მართლა მიიყვანოს იმ უმძიმეს სურათამდე, იოანე ღმრთისმეტყველი რომ აღწერს „გამოცხადებაში”: „და გრაგნილივით შეგრაგნილი შეიკრა ზეცა და ყოველი მთა და კუნძული თავ-თავიანთი ადგილებიდან იძრნენ”.

    საფრანგეთში, კურორტ ევიან-ლე-ბენში 15-17 ივნისს გამართული ე.წ დიდი შვიდეულის სამიტზე ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს: „ახალი იმპულსის მხარდასაჭერად და დასაჩქარებლად ვეთანხმებით უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების, დამატებითი სისტემებისა და ჩამჭრელი რაკეტების, ასევე შორ მანძილზე დარტყმის საშუალებების მიწოდების გაზრდას. ასევე, მზად ვართ, განვიხილოთ უკრაინისთვის ლიცენზიების გაცემა, რათა გაიზარდოს სამხედრო წარმოება “.

    ამას დაუმატეთ ის ინფორმაციაც, რომელსაც Bloomberg-ი ავრცელებს, და უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ იმის შესახებ, თუ რა საით მიდის: „პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თხოვნით მიმართავს თავდაცვის სფეროში მომუშავე კომპანიებს, რომ ორგანიზება გაუწიონ შეიარაღების ლიცენზიურ წარმოებას ევროპასა და უკრაინაში. სააგენტოს ინფორმაციით, უპირველეს ყოვლისა, ლაპარაკია ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით სისტემებზე, რომლებიც ამჟამად მხოლოდ აშშ-ში იწარმოება“.

    ეს არის ის უგუნური მიდგომა, რომელიც შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს, ვინაიდან ამას პლანეტა და კაცობრიობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, დიდი დასასრულისკენ  მიჰყავს.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                            

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here