9 მაისი ფაშისტური გერმანიის დამარცხებისა და კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდ და სისხლისმღვრელ ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვების დღეა!
დიდ სამამულო ომში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავის გამო ,,საქართველოს უკვდავმა ჯარმა” ამჯერადაც შთამბეჭდავი მსვლელობა მოაწყო, რომელსაც წელს პირველად უხელმძღვანელა ახალგაზრდა კაცმა, გულმხურვალე პატრიოტმა გიორგი ხარიბეგაშვილმა.
თბილისში, ვასილ კიკვიძის სახელობის ბაღში, ათობით ადამიანი შეიკრიბა ,,საქართველოს უკვდავი ჯარის” ეგიდით და საბჭოთა კავშირის გმირს, რაიხსტაგზე გამარჯვების დროშის აღმმართველ მელიტონ ქანთარიას ხსოვნას პატივი მიაგო.
,,საქართველოს უკვდავი ჯარის” მიერ მოწყობილ ღონისძიებას ბევრი უცხოელი სტუმარი დაესწრო. გარდა დიდი სამამულო ომის ამსახველი ფოტოებისა, რომლებიც გამოფენილი იყო, დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია დიდი სამამულო ომისდროინდელმა კოლექციამ _ კოლექციონერ პაატა გაფრინდაშვილს წარმოდგენილი ჰქონდა უნიკალური ნივთები, რომლებიც ასახავდა 1941-1945 წლებში საბჭოთა ჯარისკაცების ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ არავინ იყო ომის მონაწილე თუ მისი თანამედროვე, ფილმებში ნანახი კადრებით ყველა ნივთი ნაცნობი აღმოჩნდა.
,,საბჭოთა ადამიანი ვარ, დიდი სამამულო ომის ფილმებზე გაზრდილი. საბჭოეთის ეპოქა მხიბლავდა, მონუსხული ვიყავი საბჭოთა ადამიანების ბრძოლითა და იმ დიადი გამარჯვებით, რომელიც საბჭოთა კავშირმა მოიპოვა, ბედნიერი ვიყავი ფაშიზმის დამარცხებით. მოზარდ მაყურებელთა თეატრში ვმუშაობდი. იქ ბევრი უნიკალური ნივთი იყო, რომლებიც ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. შემდეგ ერთ-ერთმა ტელევიზიამ ჩემზე მოამზადა სიუჟეტი, რომელშიც განვაცხადე, თუკი ვინმეს სამამულო ომის რამე ღირებული ნივთი გაქვთ, მომიტანეთ-მეთქი. უამრავმა ადამიანმა დამირეკა, გადმომცა ნივთები და მეც შევინახე, მოვუარე. ახლა დიდი კოლექცია მაქვს და სახლში პატარა მუზეუმი მოვაწყვე, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ახალგაზრდები, ძირითადად, ტურისტები. მაბედნიერებს ეს საქმე!” _ გვითხრა ბატონმა პაატა გაფრინდაშვილმა.
მელიტონ ქანთარიას ბიუსტის ყვავილებითა და გვირგვინებით შემკობის შემდეგ ,,საქართველოს უკვდავი ჯარის” წარმომადგენლებმა ფოტოებითა და ყვავილებით ხელში საბჭოთა კავშირის გმირის, პორფილე ჩანჩიბაძის, ბიუსტისკენ გადაინაცვლეს და საბჭოთა გენერალ-პოლკოვნიკის ხსოვნას მიაგეს პატივი.
დასასრულ, ,,საქართველოს უკვდავი ჯარის” ხელმძღვანელმა გიორგი ხარიბეგაშვილმა დამსწრე საზოგადოებას წაუკითხა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გამოგზავნილი მისალოცი წერილი:
ძვირფასო ვეტერანებო! საქართველოს ძვირფასო მოქალაქეებო!
გულითადად გილოცავთ დიადი გამარჯვების 81-ე წლისთავს!
9 მაისი რუსეთისა და საქართველოს ხალხებისთვის წმინდა დღესასწაულია. ამ დღეს უსაზღვრო მადლიერებისა და გულწრფელი სიამაყის გრძნობით ვიხსენებთ ჩვენი მამებისა და პაპების გმირობებსა და უთვალავ მსხვერპლს, რომლებიც მხარდამხარ იბრძოდნენ ნაცისტი დამპყრობლების წინააღმდეგ ფრონტზე და თავდადებით შრომობდნენ ზურგში.
ჩვენს ხალხებს შორის უძველესი დროიდან არსებული მეგობრობისა და ურთიერთდახმარების კეთილმა ტრადიციებმა ღირსეულად გაუძლო იმ მძიმე საომარი წლების გამოცდებს. ამ მემკვიდრეობის მომავალი თაობებისთვის შენარჩუნება ჩვენი საერთო ზნეობრივი ვალია.
გულწრფელად ვუსურვებ პატივცემულ ვეტერანებს ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს, ხოლო საქართველოს ყველა მოქალაქეს – მშვიდობასა და კეთილდღეობას”.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა











