Home ახალი ამბები საქართველო ჩვენ გვითვლით მოგებას, მაგრამ რატომ არ უთვლით ბანკებს მოგების მარჟას? ნორმალურია, რომ ქვეყანაში...

ჩვენ გვითვლით მოგებას, მაგრამ რატომ არ უთვლით ბანკებს მოგების მარჟას? ნორმალურია, რომ ქვეყანაში ბანკების საერთო მოგება ბევრად აჭარბებდეს მთელი რეალური ეკონომიკის მოგებას?!

„ჩვენ რომ გვითვლით მოგებას, დაუთვალეთ მოგების მარჟა ბანკებსაც“, – ამის შესახებ“ორი ნაბიჯის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ მელიქიძემ, პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეექვსე სამუშაო შეხვედრაზე, ნინო წილოსანის საპასუხოდ განაცხადა.

წილოსანმა კომპანიის წარმომადგენელს 2024 წლის ანგარიშგებიდან დაუსვა კითხვა, რომელიც „ორი ნაბიჯის“ წმინდა მოგებას შეეხებოდა. ნინო წილოსანის თქმით, კომპანიის წმინდა მოგება ამ წელს 3.9% იყო, რაც ევროპულ ქსელებთან შედარებით, მაღალია.

„როგორ აფასებთ, რომ თქვენი ტიპის ქსელები საქართველოში თითქმის ორჯერ უფრო მეტ წმინდა მოგებას იღებენ {ვიდრე ევროპაში}. არის თუ არა ეს გათვლილი მომხმარებლის მსყიდველუნარიანობაზე?!“ – განაცხადა წილოსანმა.

კომპანიის წარმომადგენელმა კითხვის საპასუხოდ, დეპუტატს შეახსენა ინიციატივა, რომლითაც რითეილს საბარათე ოპერაციების საკომისიო გადახდის ღირებულების 0.5%-მდე უნდა შემცირებოდა. მისივე თქმით, ინიციატივა არ დამტკიცდა, აღნიშნული გადასახადი კი ქსელებს დიდ ტვირთად აწევთ.

„ჩვენ რომ გვითვლით მოგებას, დაუთვალეთ მოგების მარჟა ბანკებსაც“

„მოდით შევხედოთ, მომხმარებელი რას იღებს. მომხმარებელი იღებს ფასს. მე როგორც გითხარით და მოვიყვანე კიდეც მაჩვენებლები, ჩვენი ფასები ძირითადად, ფართო მოხმარების, არაბრენდულ პროდუქტებზე უფრო იაფია, ვიდრე ევროპაში. რაც შეეხება წმინდა მოგებას, თქვენ კი თქვით 2-ჯერ მეტი, მაგრამ ის 2-ჯერ მეტი 3%-ია, რაც ძალიან დაბალია.

მე საპირისპირო კითხვით მოგმართავთ, თუ ნებას მომცემთ. ეს საკითხი არ გაჟღერებულა წინა სხდომებზე. რატომღაც, არ გაჟღერებულა, არადა ჩვენს განხილვაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. წლის დასაწყისში იყო ინიციატივა, ბანკის საბარათო გადახდებზე რითეილში შემცირებულიყო პროცენტი 0.5%-მდე. რატომღაც, ეს შემდეგ გაუქმდა. კითხვა მაქვს, რატომ?! ეს გადასახადი, რომელიც არის 1-დან 2%-მდე, ჩვენი დარგის მოგების მესამედია.

ჩვენ გვითვლით მოგებას, დაუთვალეთ ბანკებს მოგების მარჟა. ნორმალურია, რომ ქვეყანაში ბანკების საერთო მოგება ბევრად აჭარბებდეს მთელი რეალური ეკონომიკის მოგებას?! ეს ხომ არ არის ნორმალური. თქვენ თუ გინდათ, რაღაც სწრაფი შედეგების მიღწევა, იყო მშვენიერი ინიციატივა, რომელიც რატომღაც, გაუქმდა“, – განაცხადა არჩილ მელიქიძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის რიგით მეშვიდე სამუშაო სხდომა იმართება. ამჯერად შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ მსხვილი საცალო ქსელების ოპერატორების (ქსელური მარკეტების) წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობით ბაზრის სტრუქტურის, ფასწარმოქმნის ჯაჭვის და სექტორის საოპერაციო პროცესების განხილვა მიმდინარეობს.

შეგახსენეთ, რომ პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისიის ექვსი სამუშაო შეხვედრა უკვე გაიმართა, სადაც თავდაპირველად კვერცხის, რძისა, ხორცპროდუქტების, ხილ-ბოსტნეულის, წვენებისა, ჯემების, პურ-პროდუქტების, ტკბილეულის მწარმოებლებს, იმპორტიორ-დისტრიბუტორებს მოუსმინეს. 11 მარტის შეხვედრაზე კი კომისიის სხდომაზე მიწვეულები იყვნენ რითეილ-სექტორის რამდენიმე წარმომადგენელი.

რაც შეეხება შედეგებს, როგორც ცნობილია კომისია მუშაობას სავარაუდოდ, აპრილის ბოლომდე დაასრულებს.

https://www.bpn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here