ქართული აგური და პოლიტიკური ტრაექტორია

    „ტრაექტორია – უწყვეტი წირი, რომელსაც აღწერს ნივთიერი წერტილი მოძრაობის დროს”. ასეთია ტრაექტორიის ზოგადი განმარტება. ბუნებრივია, რომ გეომეტრიაზე არ მექნება საუბარი, მაგრამ ტრაექტორიის განმარტება მაინც დაგვჭირდება. აი, ტრაექტორიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი მომენტი, რომელიც ასევე დაგვჭირდება: „ტრაექტორიის სახე დამოკიდებულია მასზე მოქმედ ძალებზე და მოძრაობის საწყის პირობებზე”.

    აზროვნებასაც აქვს ტრაექტორია.

    არისტოტელეს აზროვნების ტრაექტორია ისეთი ძალის მქონე აღმოჩნდა, რომ ოცდახუთ საუკუნეს გადმოსწვდა. სხვა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის გენიალური მოაზროვნეც ბევრი ჰყავს მსოფლიოს. ჩვენი პოლიტიკოსების მიერ საღამოს ნათქვამი კი მეორე დილით არავის ახსოვს. არისტოტელეს ნააზრევმა ათასწლეულებს თუ გაუძლო, ამ ჩვენი პოლიტიკოსების „ნააზრევი” რატომ კვდება დაბადებისთანავე? ძალაშია განსხვავება – აზროვნების ძალაში!

    პოლიტიკურ მიზანდასახულბასაც აქვს (უნდა ჰქონდეს) ტრაექტორია, ანუ რაღაც დისტანციაზე (ვადაზე) უნდა იყოს გათვლილი. აქ კი სხვა სურათი გვაქვს. ქართველი პოლიტიკოსების უმრავლესობისთვის „მომავალი” და „ხვალ” სინონიმებია. მათ არ აინტერესებთ,  რა იქნება ზეგ, მაზეგ…  უფრო შორეულ მომავალში. მათი სააზროვნო და სამოქმედო არეალი მომავლის თვალსაზრისით არის „ხვალ”, წარსულის თვალსაზრისით კი – „გუშინ”. დროის მეტი დიაპაზონი არ აქვთ – „გუშინ” და ხვალ”, მათ შორის „დღეს” არის მოქცული ანუ ეს არის ადამიანთა უწარსულო და უმომავლო კატეგორია, რომლებიც მხოლოდ აწმყო დროში ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ იდეალი, შორეული პერსპექტივა, რომელსაც შეიძლება მთელი ცხოვრება მიუძღვნა. მათ არ გააჩნიათ წარსული, რომელზეც მომავალი უნდა დააფუძნო. არა, ისინი ინსტინქტებით იმართებიან – „აქვე”, „ახლავე” მისაღები ხეირის ინსტინქტებით;  ამიტომ მათ მოღვაწეობას არ გააჩნია ძალა, რომელიც ტრაექტორიას წინ გახედვით და შორეული პერსპექტივით მოხაზავს ანუ დიდ დისტანციაზე იქნება გათვლილი, გააზრებული და დაგეგმილი. ასეთი რამ არ ხდება ქართულ პოლიტიკაში.

    საბჭოთა კავშირის დასაშლელად მომუშავე პოლიტიკოსებს (ე.წ. საბჭოთა დისიდენტებს), რომლებიც დასავლეთის სპეცსამსახურების პროექტს წარმოადგენდნენ, არც უფიქრიათ, რომ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ამ ჩანაფიქრის რეალიზების შემთხვევაში საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრედ რუსეთი დარჩებოდა, საქართველო კი მასთან ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობისა და სირთულის წინაშე აღმოჩნდებოდა, რადგან ახალი რეალობა ახალ ვალდებულებებს წარმოშობდა არამხოლოდ საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის, არამედ სხვა მეზობელი (თუ არამეზობელი) სახელმწიფოების წინაშე. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველო, როგორც მათ ეჩვენებოდათ, „ჩიტივით თავისუფალი” ვერ იქნებოდა.  „ჩიტივით თავისუფლების” ცნება მეტისმეტად პირობითია და მას სახელმწიფოს  ვერ მივუსადაგებთ. „ჩიტივით თავისუფლების” ქარაფშუტულ წამოდგენაზე იყო დაფუძნებული ყბადაღებული ნატოს წევრობის იდეაც, რომლითაც ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში გვკვებეს და გვატყუეს უპასუხისმგებლო ქართველმა პოლიტიკოსებმა. ქართველი პოლიტიკოსები თავისუფლებას მისი დიალექტიკური საპირისპიროსგან მოწყვეტით განიხილავდნენ და აინუნშიაც არ მოსდიოდათ ის ამბავი, რომ თავისუფლება, პირველ რიგში, მოვალეობის განხორციელების წინაპირობა და საშუალებაა და არა თვითმიზნური ტკბობა შეუზღუდაობის განცდით. არც ის ადარდებდა ვინმეს, რომ „ჩიტის თავისუფლების” პარალელურად „გიჟის თავისუფლების” გაგებაც არსებობს, რომელიც სულაც არ არის სახარბიელო. „ჩიტის თავისუფლება”, არსებითად, „გიჟის თავისუფლებაა”, რადგან ორივე შემთხვევაში შეუზღუდავ (აბსოლუტურ) თავისუფლებაზეა საუბარი, ოღონდ პირველი თუ რომანტიკული ელფერის მქონეა, მეორე მკაცრი რეალობითაა დეტერმინირებული და დაჟინებით გვიდასტურებს, რომ დიალექტიკური საპირისპიროსგან ამ ცნების მოწყვეტით, მისთვის საზღვრების მოშლით (მისი გააბსოლუტებით) ანუ იმის უარყოფით, რომ ერთი ადამიანის თავისუფლების პარალელურად მეორე ადამიანის თავისუფლებაც არსებობს, იგი სიგიჟეში გადადის. იგივე ითქმის სახელმწიფოებზეც. სამწუხაროდ, ოცდათხუთმეტი წელიწადი პოლიტიკური გიჟის ხალათით შემოსილებმა ვირბინეთ, ამის პირდაპირი შედეგია საქართველოს ტერიტორიული დაშლა. ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა გააზრება იმ რეალობისა, რომ ნატოს წევრობა, ჩვენი თავისუფლების გარანტი (როგორც გვისახავდნენ) კი არ იქნებოდა, მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის (ბალანსის) რღვევის წინაპირობად იქცეოდა. ნატოს უკიდეგანო გაფართოების პროექტში ჩვენ არ უნდა ჩავრთულიყავით, რადგან ეს დასავლეთის ის ავანტიურა იყო, რომელიც აშშ-ის ჰეგემონიზმის მთავარ საყრდენს წარმოადგენდა. 2000 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის სათავეში პუტინი მოვიდა, საზოგადოების გონიერი ნაწილისთვის გასაგები შეიქნა, რომ ამერიკული ჰეგემონიზმის იდეა დასამარდა.

    პოლიტიკური აზროვნების ტრაექტორიაზე როდესაც ვლაპარაკობ, ის მაქვს მხედველობაში, რომ, რამდენიმე ათეული წლით თუ არა, რამდენიმე წლით ადრე მაინც უნდა განჭვრიტო ტენდენციები, მოვლენები, შესაძლებლობები და მიზეზ-შედეგობრივი კავშირები, რათა ახალ რეალობას,  გაოგნებული და პირდაფჩენილი კი არა, მომზადებული შეხვდე. საქართველოში თუ გინახავთ, თუ გვყოლია პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც მოვლენების კუდში არ მიჩანჩალებდეს და წინსწრებით ახერხებდეს გააზრებას იმისა, თუ რას რა უნდა მოჰყვეს?! არ მინდა, მაგალითებით გადაგტვირთოთ, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომი პერიოდის საკვანძო მომენტებს შეგახსენებთ:

    ზვიად გამსახურდია.

    ეს იყო პერიოდი აფხაზებთან და ოსებთან მძიმე დაპირისპირებისა. ეს იყო პერიოდი რუსეთთან უკანასკნელი დამაკავშირებელი ძაფების ჩაჭრისა. ეს იყო პერიოდი საქართველოში ჩეჩნური აღტყინებისა. ის ფაქტი, რომ საქართველოს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ჩეჩნეთში დაიკრძალა, იყო გამოძახილი და გაგრძელება ჩეჩნეთში მძვინვარე საერთაშორისო ტერორიზმისა, რომელიც დასავლეთის სპეცსამსახურებიდან იმართებოდა. ახლა მაინც ხომ ნათელია, რომ ჩეჩნეთში,  ჩეჩნურ ეროვნულ მოძრაობასთან კი არა, ამ მოძრაობის ზურგს უკან მოხერხებულად ამოფარებულ (დასავლურ) საერთაშორისო ტერორიზმთან გვქონდა საქმე. ვის მოუბრუნდება ენა იმის სათქმელად, რომ ამ ვითარებაში გამსახურდიას მიერ ჩეჩნური მოძრაობისთვის მხარდაჭერა და ჯოხარ დუდაევთან მისი ძმადნაფიცობის ამბავი შორ დისტანციაზე გათვლილი პოლიტიკური ტრაექტორია იყო?! ეს ის პოლიტიკური სიბეცე და ახლომხედველობა იყო, რომელსაც, არათუ შორეული პერსპექტივა არ ჰქონია, ხვალინდელი დღის განჭვრეტითაც ვერ დაიტრაბახებდა.

    ედუარდ შევარდნაძე.

    ამ პიროვნებას ეშმაკობისა და ავანტიურისტული აზროვნების ნაკლებობას ვერ დასწამებდი, მაგრამ დასავლურ ხაფანგზე ძალიან მარტივად წამოეგო. მართალია, მან დიდი ხნით ადრე იგუმანა საბჭოთა კავშირის კრახი, მაგრამ  ვერ გათვალა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მის ნანგრევებზე ხელახლა აღმოცენებული რუსული იმპერიის დაშლა იმავე პლატფორმაზე, იმავე მეთოდებითა და იმავე ლოზუნგებით შეუძლებელი იქნებოდა. მან, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთთან ისტორიული ურთიერთობის საფუძველზე სტრატეგიული პარტნიორობის გზები ეძებნა, პირი ნატოსა და ევროკავშირისკენ ქნა, რითაც საბოლოოდ ასცდა გეზს. არ ვიცი, საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში აპატიებდნენ თუ არა რუსები საბჭოთა კავშირის პოლიტბიუროს წევრობისა და საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს ჩადენილ სახელმწიფო ღალატს, მაგრამ ფაქტია, რომ მის მოქმედებებშიც ვერანაირ შორსმჭვრეტელობასა და გრძელ დისტანციაზე გათვლილ პოლიტიკურ ტრაექტორიას ვერ ვხედავთ.

    მიხეილ სააკაშვილი.

    ამ კაცის შორსმჭვრეტელობაზე საუბარი უხერხულიც კი არის, მაგრამ მასაც კი არ უნდა ჩაედინა ის საშინელება, რომელიც საქართველოს კონტროლიდან გასულ ცხინვალზე, სადაც ეუთოს მანდატით აღჭურვილი სამშვიდობოები იყვნენ განლაგებულნი, 2008 წლის აგვისტოში სამხედრო შტურმის მიტანაში გამოიხატა, სამწუხაროდ, სააკაშვილის შემთხვევაში, აზროვნების ტრაექტორიაზე კი არა, საერთოდ აზროვნებაზე საუბარიც უადგილოა.

    ბიძინა ივანიშვილი.

    ივანიშვილი პოლიტიკაში ბიზნესიდან  მოსული კაცია და მისგან პოლიტიკური შორსმხედველობისა და რთული გეოპოლიტიკურ გათვლების მოლოდინი თითქოს არც უნდა გვქონოდა, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნის ცამეტ წელიწადში მას სერიოზული გამოცდილება დაუგროვდა. ყოველ შემთხვევაში, მან მოახერხა, რომ ამ ურთულეს რეგიონში, სადაც ომის პერმანენტული ხანძარი გიზგიზებს, მშვიდობა შეენარჩუნებინა. ეს მაფიქრებინებს, რომ მას აქვს ბალანსირების უნარი, რომელიც ამ ეტაპზე ესოდენ საჭიროა. ვფიქრობ,  ივანიშვილი ახლაც ანუ იმ სიტუაციაშიც კი, როდესაც მთელმა კოლექტიურმა დასავლეთმა ნიღაბი მოიხსნა და ღიად დაგვიპირისპირდა, კარგად ლავირებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ეს ის გარდამავალი პერიოდია, როდესაც დასავლეთთან მოჩვენებითი სტრატეგიული პარტნიორობა უნდა დასრულდეს და რუსეთთან ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის რთული და მტკივნეული პროცესი უნდა დაიწყოს, მაგრამ რამდენადაც რთული და მტკივნეულია, იმდენად აუცილებელი და გარდაუვალია ეს შემობრუნება. ეს ამ ოცდათხუთმეტმა წელიწადმა ნათლად დაგვანახვა: დასავლეთს მინდობილმა საქართველომ ტერიტორიების ოც პროცენტზე მეტი დაკარგა; მოსახლეობის რაოდენობა თითქმის განახევრდა; კულტურა და ზნეობა დეგრადაციის გზას დაადგა; განუკითხავმა მიგრაცია-ემიგრაციამ აშკარა საფრთხე შექმნა ერის იდენტობის მოშლისა და დემოგრაფიული გადაშენებისა. ბიძინა ივანიშვილმა  რეალობა თუ გააცნობიერა და საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა (რაც გარდაუვალია) ისე მოახერხა, რომ მშვიდობა შეინარჩუნა, ალბათ, უნდა ვთქვათ, რომ იგი სახელმწიფოს პირველი მეთაური იქნება, რომელმაც შესაშური შორსმხედველობა გამოიჩინა და პოლიტიკური აზროვნებით ის სერიოზული ტრაექტორია მოხაზა, რომელიც საქართველოს დიდხანს, ძალიან დიდხანს გაჰყვება.

    გავასწარი მოვლენებს. ხომ შეიძლება, პირიქით მიხდეს – ივანიშვილმა და მისმა გუნდმა „რუსეთი ოკუპანტია”-ს ძახილი არ დაასრულოს და, როგორც თვითონ ამბობენ-ხოლმე, დასავლეთთან ურთიერთობის გადატვირთვის მოლოდინში ვითარება ხელიდან გაუშვა? ასეთ შემთხვევაში ისიც იმ პოლიტიკურ ახლომხედველთა სიაში ჩაეწერება, რომლებმაც საქართველოს არა მხოლოდ ტერიტორიები, სუვერენიტეტი, ღირსება და საბჭოთა პერიოდში შექმნილი სამრეწველო პოტენციალი, არამედ უზარმაზარი დრო, მთელი ოცდათხუთმეტი წელიწადი დააკარგვინეს.

    იყო საქართველოში თითო-ოროლა ადამიანი, რომლებიც იმთავითვე სწორად აზროვნებდნენ და სწორი ტრაექტორიით მოძრაობდნენ, მაგრამ ეს ვერაფერს შეცვლიდა, სანამ ეპოქალურ ცვლილებებს დრო და ვითარება  არ მოამწიფებდა. ეს ცვლილებები კარს  მოგვადგა. იგი უკრაინის გავლით შემოდის, ვენესუელგავლით შემოდის, ირანის გავლით შემოდის, უკვე დაწყებული მსოფლიო ომის გავლით შემოდის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის იმ ფაზაში შესული, რომ გლობალური კატასტროფის სახე ჰქონდეს, ვინაიდან ბირთვული იარაღის გამოყენებისგან ჯერჯერობით თავს იკავებენ.   ღმერთმა თუ ინება, კრიზისი ბირთვული კატასტროფის გარეშე გადაივლის და, დანგრეული მსოფლიო წესრიგისა და საერთაშორისო სამართლის ადგილზე გლობალური უსაფრთხოების ახალი სისტემა ჩამოყალიბდება. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ, ამის მიუხედავად, შესაძლებელია, იმ ბოლო აგურის როლში აღმოაჩნდეს, რომელიც რთული საინჟინრო ნაგებობის წონასწორობის და სიმყარისთვის აუცილებელია. ირანის მოვლენების მიუხედავად, პოსტსაბჭოთა სივრცე უფრო დუღს, ვიდრე რომელიმე სხვა რეგიონი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას მაინც ამიერკავკასია იძენს ორი ზღვის სიახლოვისა და მნიშვნელობის გამო, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ჩაანაცვლებს. სამწუხაროდ, თანამედროვე ქართული პოლიტიკური და გეოპოლიტიკური აზროვნების ტრაექტორია  არასწორად ასახავს საქართველოს მნიშვნელობას დღევანდელ მსოფლიოში. საქართველოს ისტორიაში სულ ორი მოღვაწეა ისეთი, რომლებმაც სწორი პოლიტიკური ტრაექტორიით იაზროვნეს და იღვაწეს: პირველი იყო ერეკლე მეორე, მისი რევოლუციური აზროვნებით, გაქანებითა და შორსმჭვრეტელობით; მეორე კი – იოსებ სტალინი, მისი ზოგადსაკაცობრიო საბჭოთა სოციალისტური პროექტით, რომელიც დასავლურმა მახინჯმა და ვერაგმა პოლიტიკურმა სისტემამ დროებით შეაფერხა, მაგრამ ვერ დაამარცხა.

    დასავლეთის სისტემური კრიზისი ძალას იკრებს, მრავალპოლუსიანი მსოფლიოც ძალას იკრებს. ამ ვითარებაში მომგებიან პოზიციაში მრავალპოლუსიანი მსოფლიოა. როგორი გასაკვირიც უნდა გეჩვენოთ ჩემი ეს განცხადება, აქ გადამწყვეტი სიტყვა  საქართველომ ანუ მსოფლიო ბალანსის ქართულმა აგურმა  შეიძლება თქვას, ოღონდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, ამ სათქმელამდე ჩვენ თვითონ, ჩვენი რწმენით, ჩვენი შეგნებით, ჩვენი აზროვნების ტრაექტორიით მივალთ თუ შექმნილი რეალობის წნეხითა და იძულებით.

    ვალერი კვარაცხელია

                                                                                  

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here