12 აპრილს უნგრეთში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც 16-წლიანი მმართველობის შემდეგ დამარცხდა ვიქტორ ორბანის პარტია ,,ფიდესი”, გამარჯვება კი პირველივე ტურში მოიპოვა ,,ფიდესიდან” წასულმა და შემდეგ ოპოზიციური პარტია ,,ტისას” ლიდერად ქცეულმა პეტერ მადიარმა.
უცხოური თუ ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები დღემდე განიხილავენ საკითხს _ ვინ ისარგებლა და ვინ იზარალა ვიქტორ ორბანის დამარცხებით. რაც შეეხება საქართველოს, აქ მოქმედი დესტრუქციული ძალები ორბანის დამარცხების გამო აღფრთოვანებას ვერ მალავენ…
რას დაკარგავს ან მოიგებს უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრის დამარცხებით ევროკავშირი, რუსეთი ან საქართველო? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე გვესაუბრება:
_ ქართველებს რატომ უხარიათ ან რატომ სწყინთ უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის არჩევნებში დამარცხება, გაუგებარია. ორბანი იყო ულტრალიბერალი, სწორედ მან შეიფარა ქართველი მსჯავრდადებული, უამრავი დანაშაულისთვის ძებნილი, სააკაშვილის რეჟიმის იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი. ორბანი კარგად შეეწყო ტრანსფორმირებულ დონალდ ტრამპს 2016 წელს. მას შემდეგ იწყება ტრამპისა და ორბანის მეგობრობა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მანიპულაციური და არაკონსერვატორული სახე კარგად დავინახეთ. ამ ორსახა ადამიანის მეგობარი იყო და არის ორბანი. უნგრეთის აწ უკვე ყოფილმა პრემიერმინისტრმა რამდენიმეჯერ იცვალა სახე; ბევრ ფუნდამენტურ ტრადიციას მოერგო და ამას აკეთებდა ტრამპთან ერთად, მაგრამ ტრამპმა ვერ უშველა ორბანს, პირიქით _ ტრამპის მხარდაჭერა ორბანისთვის კონტრპროდუქტიული იყო, ორბანი ეშმაკის მეგობარი და ადვოკატი აღმოჩნდა.
ტრამპის მეგობრები აქაც გვყავდა, მაგრამ ნახეს, რომ ტრამპი არის ,,დიფ სთეითის” წარმომადგენელი. ის ტირანია, კაცობრიობას მსგავსი ტირანია არ უნახავს. ანტიქრისტეს გამოჩენის წინ მიმდინარე პროცესების მომსწრენი ვართ და ამას არც მალავს ამერიკის ომის მინისტრი პიტერ ჰეგსეტი.
ტრამპი და მისი ომის მინისტრი სიონისტების გაძლიერებას ცდილობენ, ქრისტეს სახელით სპეკულირებენ, ამართლებენ ღაზის სექტორში ჩადენილ არაადამიანურ საქციელს, ამართლებენ ირანში 165 უდანაშაულო გოგონას მკვლელობას. ისინი მოქმედებენ მოსალოდნელი არმაგედონის სახელით და მეორედ მოსვლას აჩქარებენ… ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურ სატანიზმს და სატანის მომხრე და მეგობარი ორბანი ვერ შეინარჩუნებდა თანამდებობას. ის, რაც მოხდა უნგრეთში, გაკვეთილი უნდა იყოს ყველასთვის, ვინც დღეს ტრამპის მეგობრობას იჩემებს.
_ რა შეიცვლება ევროკავშირისთვის, რუსეთისა და უკრაინისთვის ორბანის წასვლით? პეტერ მადიარმაც ის ილაპარაკა, რაც ორბანისგან გვესმოდა. მადიარის აზრით, უნგრეთს პრაგმატული ურთიერთობა უნდა ჰქონდეს რუსეთთან, რომ უკრაინა ვერ გახდება ევროკავშირისა და ნატოს წევრი, რომ საქართველოში აუცილებლად ჩამოვა და ა.შ.
_ საუბარი იმაზე, რომ რუსეთს ბურჯი გამოეცალა, არის ინფანტილიზმი, რადგან მსოფლიო იმართება ინტერესებით და არა სენტიმენტებით. ცვლილებები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს, შეიძლება გადატვირთვისთვის მნიშვნელოვანი იყოს.
ორბანი რუსეთთან პოზიტიურ ურთიერთობას განიხილავდა, როგორც უნგრელი მოსახლეობისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების საშუალებას. ეს მომავალშიც უმთავრესი მოთხოვნა იქნება, რომელსაც უნგრელი მოსახლეობა მადიარს წაუყენებს. სწორედ ამიტომ მადიარმა პირველივე გამოსვლისას თქვა, რომ ჩავა რუსეთში და ენერგომატარებლებზე მოლაპარაკებებს გამართავს. უნგრეთისთვის სასარგებლო მოლაპარაკება გადის რუსეთის ინტერესებზეც. ამაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმაც ისაუბრა. მან თქვა, რომ მადიარისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი ქვეყნის ინტერესები და რუსეთიც მზად არის მასთან დასალაპარაკებლად.
უნგრეთში განვითარებული მოვლენები რუსეთისთვის ახალ ფანჯარას ხსნის. რაც შეეხება ევროკავშირს, მადიარისთვის ლიბერალური ღირებულებები პოლიტიკის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება, ის ევროპის სახალხო პარტიასთან აღადგენს ურთიერთობას და, ამასთანავე, იქნება სუბიექტი, რომელიც უკრაინასთან არსებულ ბარიერს მოხსნის. როგორც კი ეს ყველაფერი მოხდება, დაიწყება უკრაინის გაყოფა. უნგრეთის ახალ ლიდერ მადიარს უფრო კატალიზატორის როლს მოვარგებდი, ვიდრე მძიმე პროგნოზების სუბიექტის.
_ უნგრეთი ჩვენი მეზობელი ქვეყანა არ არის, არც ამერიკა და სხვა ბევრი ქვეყანაა ჩვენი მეზობელი, მაგრამ ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსები გამუდმებით ნერვიულობენ ამა თუ იმ ქვეყნის მმართველის არჩევისას. რით არის ეს გამოწვეული, მათი დეგრადაციით?
_ ეს კოლონიური აზროვნების შედეგია და ამ აზროვნების ქვეშ არის მოქცეული ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი. მას შემდეგ, რაც ფორმალური დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, მეტროპოლიაში ანგარიშვალდებულ კოლონიად ვიქეცით. კოლონია კი იმართება იმ ადიქტების მეშვეობით, რომლებიც ორგანული შემადგენელი ნაწილია გლობალური დასავლეთისა. ეროვნული ინტერესები საფუძველშივეა აღვეკითილი, ყველაფერი კეთდება დასავლეთის სურვილის მიხედვით.
სრულიად უუნარო, ატროფირებულ, ბაგაზე მიბმულ საქონელს დაემსგავსა პოლიტიკური სპექტრი, რომელიც ელოდება, რომ ძველი პატრონი ბაგაში დაუყრის საკვებს და ასე აღიდგენს ძალაუფლებას.
საქართველოში არიან კოლონიური ძალები, რომლებიც ამერიკაში წავიდნენ პატრონისგან საკვების მისაღებად, რადგან ,,ქართული ოცნებისგან” მიიღეს ინფორმაცია, რომ არ აპირებენ მათ დენაციფიკაციას საკონსტიტუციო სასამართლოში. მინდა, იმედი დავიტოვო, რომ ეს ასე არ მოხდება და ,,ნაცმოძრაობა” აღიკვეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვიხილავთ მმართველი პარტიის სრულ მარცხს. გარანტირებულად შემიძლია გითხართ, რომ ნაცების აკრძალვაზე უარის თქმა და მათი გაერთიანება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს გამოიწვევს.
ასე რომ, საზოგადოება, დეგრადირებული კი არა, ატროფირებულია, არ ცდილობს საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარებას. ეს ფუნქცია მორგებული აქვთ სხვებს.
ქვეყანაში უნდა შეიცვალოს ელიტები, სხვა არაფერი გადაგვარჩენს… როდემდე უნდა ვუყუროთ სატანისტების მომხრეებს?…
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი







