„პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა! – თქვა მეორედ გაპრეზიდენტებულმა ტრამპმა უკრაინის ომზე. ახლა ანეკდოტად დადის, „პრეზიდენტი მე რომ ვყოფილიყავი, ომი არ იქნებოდა! “- უთქვამს, თითქოს, ბაიდენს ირანის დაბომბვისას. ბაიდენი ასე გონებამახვილი ახლა კი არა, თავის დროზეც არ იყო, მაგრამ ვიღაცამ ხომ თქვა მის მაგივრად…
ომების დამთავრება ტრამპის ჰობია. ეს მისი განცხადებაა: „ყველგან დავამკვიდრებ მშვიდობას, სადაც ეს შესაძლებელია”. შესანიშნავი ნათქვამია, იმედის მომცემი, მაგრამ ეს წინადადება აქ არ მთავრდება. ტრამპმა ამ წინადადებას ერთი დათქმა მოაყოლა, რომელიც ასე იყო ფორმულირებული: „თუმცა არასოდეს შევყოვნდები ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში, სადაც ამისი აუცილებლობა იქნება”. საერთოდ, აზრის გადმოცემაც რთულია და გაგებაც, ამიტომაა ნათქვამი: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო. ფიოდორ ტიუტჩევს უთქვამს: „აზრი გამოთქმული არის ტყუილი“ („Мысль изреченная есть ложь”). ეს იმას ნიშნავს, რომ ენას არ ძალუძს აზრის უდანაკარგოდ გამოთქმა. აზრი გამოთქმამდე უფრო ღრმაა, გამოთქმის შემდეგ კი იმდენად აღარ შეესაბამება თავდაპირველს ანუ გონებაში მყოფს, რომ უკვე ტყუილია. ღრმა ნათქვამია. სხვათა შორის, სახარებაშიც იძებნება მშვიდობის მიმართ ტრამპის ნათქვამის ერთგვარი ანალოგია: „ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ მე მიფენად მშვიდობისა ქვეყანასა ზედა; არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“ (მათ. 10,34). წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი) ამ სიტყვებს ასე განმარტავს: „ასე ბრძანა უფალმა. წაიკითხე ეს ამგვარად: იმისთვის კი არ მოვსულვარ, რომ ჭეშმარიტება და სიცრუე, სიბრძნე და უგუნურება, სიკეთე და ბოროტება, სიმართლე და ძალადობა, ზნეობა და უხამსობა, კეთილგონიერება და გარყვნილება, ღმერთი და ბომონი შევარიგო; არა, მე მოვიტანე მახვილი, რათა განვკვეთო და გავაცალკევო ერთი მეორისაგან, რათა არ მოხდეს აღრევა “. ეს დიდებული მომენტია. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ბოროტებასთან, სიცრუესთან, უგუნურებასთან, სიძულვილთან და უწმინდურებასთან იქნება წილნაყარი.
ეს – რაც შეეხება ქრისტეს ნათქვამს, მაგრამ რა ვუყოთ ტრამპის ნათქვამს, როგორ ჩავწვდეთ მისი ურთიერთგამომრიცხავი ორი დებულების შინაარსს? გავიხსენოთ მისი ნათქვამი: „ყველგან დავამკვიდრებ მშვიდობას, სადაც ეს შესაძლებელია, თუმცა არასოდეს შევყოვნდები ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან დაპირისპირებაში, სადაც ამის აუცილებლობა იქნება”. ტრამპი ქრისტე არ არის, მისი ნათქვამები ბიბლიის კომენტატორებმა განმარტონ, მაგრამ რაკი იგი იმ მასშტაბის ძალაუფლებითაა აღჭურვილი, რომ, სადაც უნდა, ომებს ამთავრებს და, სადაც მოისურვებს, ომებს იწყებს, ჩვენ, ჩვეულებრივი მოკვდავნი, ვალდებულნი ვართ, მის ლოგიკასზუსტად ჩავწვდეთ. ამ ნათქვამში მხოლოდ ეს აზრი იკითხება:იმ ომებს, რომლებიც სხვებს სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ გვაზიანებს, დავამთავრებ; იმ ომებს კი, რომლებიც სხვებს აზიანებთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება, დავიწყებ. რა არის ეს, ორმაგი სტანდარტი? რა თქმა უნდა, ესეც არის, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის. ამ ნათქვამში ორმაგ სტანდარტზე მეტად ორმაგი თავგასულობა იკითხება: ძლიერი ვარ, გამდის და, როგორც მომესურვება, ისე მოვიქცევი. მაგალითად, უკრაინაში, სადაც რუსეთი იმარჯვებს, ომს დავასრულებ, ვინაიდან შედეგი, რომელიც გარდაუვალია, მე არ მაძლევს ხელს. იქ კი, სადაც ომის დაწყება ჩემ ინტერესებშია, დავიწყებ.
ტრამპი ადვილად აღწევს მიზანს, იმიტომ, რომ მოწინააღმდეგე და ხელის შემშლელი პრაქტიკულად არ ჰყავს. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს. რუსეთს უკრაინაში მთელი ნატო აღუდგა წინ. ირანში კი ტრამპის წინააღმდეგ, არათუ ომში არავინ ჩართულა, კრინტი არავის დაუძრავს. ათასნაირი საერთაშორისო გაერთიანება და კავშირია – „ბრიჩსი”, „თშო” და სხვა, მაგრამ დღეს, როდესაც მოშლილია მსოფლიო წესრიგი და ფეხქვეშ არის გათელილი საერთაშორისო სამართალი, ორგანიზაციები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო შემადგენელი, პრაქტიკულად, მკვდრადშობილნი არიან. ვარშავის პაქტი (მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ სამხედრო კავშირი, რომელშიც გაერთიანებულნი იყვნენ ალბანეთი, ბულგარეთი, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა, პოლონეთი, რუმინეთი, სსრ კავშირი, უნგრეთი და ჩეხოსლოვაკია, გაფორმდა ვარშავაში 1955 წლის 14 მაისს) იყო სამხედრო ბლოკი, რომელიც ნატოს საპირწონედ შეიქმნა. ნატო და ვარშავის პაქტი ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში (სსრკ-ის დაშლამდე) აბალანსებდნენ ერთმანეთს. სამწუხაროდ, დღეს მსგავსი არაფერი არსებობს, რაც აშშ-ს სრულ კარტბლანშს აძლევს და თავისუფლად პარპაშისთვის უზარმაზარ სივრცეს უტოვებს. ეს, პირველ რიგში, რუსეთის, ჩინეთისა და ინდოეთის შეცდომაა. რუსეთში უმაღლეს დონეზე იმეორებენ გორბაჩოვის ერთ დებულებას, რომ ბლოკური აზროვნება წარსულის გადმონაშთია. მცდარი დებულებაა. სანამ არსებობენ ერთ სამხედრო ბლოკში (ნატო) გაერთიანებული სახელმწიფოები, აუცილებელია მეორე ბლოკის არსებობაც, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში არსებულ ბლოკს ყოვლის ნებადართულობის საფუძვლიანი განცდა უჩნდება. რაც მთავარია, იგი იწყებს დანაშაულებრივ მოქმედებას, ამის კონკრეტული მაგალითები შედარებით შორეულ წარსულში იყო ვიეტნამის, დომენიკის, კორეის, ჰონდურასის და სხვა მრავალი ომი, ახლო წარსულში იყო იუგოსლავიის, ავღანეთის, ერაყის, ლიბიის, სირიის, ეგვიპტის, ტუნისის ტრაგიკული მოვლენები, ახლა ვენესუელისა და ირანის მოვლენებია, რიგში კი რამდენიმე სახელმწიფო დგას. განა ეს მაგალითები არ მეტყველებს, რომ საპირწონე სამხედრო ძალის არარსებობა, არამხოლოდ კონტპროდუქტულია, დანაშაულებრივი უპასუხისმგებლობაა იმ სახელმწიფოთა მხრიდან, რომლებსაც ამის ორგანიზება ევალებათ (პირველ რიგში, რუსეთსა და ჩინეთს ვგულისხმობ).
ეს ნათქვამი არ ნიშნავს იმას, რომ ეს სახელმწიფოები საერთოდ განზე გადგნენ და ამერიკელებს წინააღმდეგობას არ უწევენ ან მომავალში არ გაუწევენ. არც ჩინეთს, რა თქმა უნდა, მაგრამ, განსაკუთრებით, რუსეთს საკუთარი თავისთვის ამგვარი „ფუფუნების” მიცემის უფლება არ აქვს.
რუსეთი განზე რომ ვერ დარჩება, ამაზე თუნდაც პუტინის სამძიმრის წერილის შინაარსი მეტყველებს, რომელიც აიათოლა ხამენეის მკვლელობის გამო მან ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანს გაუგზავნა. „ხამენეის მკვლელობა ადამიანური მორალისა და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის ცინიკური დარღვევაა”, – აღნიშნულია წერილში. იქვე უაღრესად თბილი სიტყვებით არის მოხსენიებული აიათოლა ხამენეი, როგორც სახელმწიფო მოღვაწე: „ჩვენს ქვეყანაში აიათოლა ხამენეი დაამახსოვრდებათ, როგორც გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელმაც უდიდესი პირადი წვლილი შეიტანა რუსეთ-ირანის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაში, ამ ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონემდე აყვანით “.
რა თქმა უნდა, განცხადება სამხედრო დახმარება არ არის, მაგრამ ასეთ შემთხვევებში რა ფორმებს იღებს და რაში ვლინდება სამხედრო დახმარება, ყოველთვის არ არის საჯარო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ ირანს საჰაერო დაბომბვით დაამარცხებენ ან თუნდაც ლიდერის მკვლელობით ომის ბედი გადაწყვეტილია, გულუბრყვილობაა. საინტერესოა, მელანია ტრამპი დონალდ ტრამპს ისევე გაუგზავნის წერილს ირანში ბავშვების დახოცვის გამო, როგორც პუტინს გაუგზავნა უკრაინაში ვითომ დახოცილი ბავშვების გამო თუ საძინებელ ოთახში პირისპირ დაელაპარაკება და იქ მოსთხოვს პასუხს?!ისევე, როგორც მილოშევიჩის მკვლელობის გამო ან ტყუილუბრალოდ ჩამოხრჩობილი სადამ ჰუსეინის გამო, ან ლინჩის წესით გასამართლებული მუამარ კადაფის გამო აშშ-ის პრეზიდენტები არავის დაუსჯია, აიათოლა ხამენეის ტერორისტული მკვლელობის გამო ტრამპიც მისი ავიამზიდებით, ალბათ, დაუსჯელად იპარპაშებს მსოფლიო ოკეანეში და ხან ერთ სახელმწიფოს, ხან მეორეს მიადგება აგრესიულად აღტყინებული, მკვლელობისთვის შემართული და ტერორისტულ ჟინს აყოლილი. სადამ ჰუსეინს მასობრივი განადგურების იარაღი აქვსო, ამტკიცებდნენ, მერე აღიარეს, რომ თურმე არ ჰქონია, მაგრამ ახლა ვერც ჰუსეინს გააცოცხლებენ და ვერც იმ სამხედრო აგრესიას შეწირულ ათეულ ათასებს. ირანს მასობრივი განადგურების იარაღი ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ მომავალში ექნებაო, თქვეს და აიათოლა ხამენეის ოჯახი მთლიანად ამოწყვიტეს. ვენესუელის პრეზიდენტიმადურო ჩვენს ჭკუაზე არ დადისო, თქვეს, ტერორისტულ მეთოდებით, მეუღლესთან ერთად მოიტაცეს და ამერიკული ციხის ჯურღმულებში გამოკეტეს. არაფერს ვამბობ გრენლანდიის მიტაცების, უზარმაზარი სახელმწიფო კანადის მიერთების გეგმებზე. ირანის შემდეგ ვინ დგას რიგში? ხმამაღლა მაქვს გაცხადებული: აშშ, სადაც უნდა მოქმედებდეს, ყველგან რუსეთს ებრძვის. ეს ბრძოლა მრავალწახნაგიანია: უკრაინა, კავკასია, ცენტრალური აზია, ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოები, საერთოდ, პოსტსაბჭოთა სივრცე, კუბა, ვენესუელა, კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა თუ სხვა. თვით ჩინეთთან და ინდოეთთან დაპირისპირება და, ასე განსაჯეთ, ევროპასთან წინააღმდეგობაც კი რუსეთთან დაპირისპირების ექო და გამოძახილია. პრაქტიკულად, ეს მესამე მსოფლიო ომია, უკვე ცხელ ფაზაში გადასული. რუსეთი და ჩინეთი რომ არ ჩქარობენ, პირადად ჩემთვის გასაგებია. დასავლურ გონებასუსტობას ჩინური სიბრძნე და რუსული (მართლმადიდებლური) შორსმჭვრეტელობა უპირისპირდება. ყბადაღებულ ამერიკულ თავხედობას საკადრისი პასუხი გაეცემა, რომელიც არა მხოლოდ სამხედრო, არამედ კომპლექსური ხასიათის იქნება.
უცნაურ მოვლენებთან გვაქვს საქმე: ტრამპის რეიტინგი ქვესკნელისკენ მიექანება. აშშ ღრმა კრიზისში იძირება. ისრაელი კი თანდათანობით კარგავს სახელმწიფოს სტატუსს და ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზად ყალიბდება. მესამე მსოფლიო ომი ძალაში შედის. ტრამპს შეუძლია ქრისტესავით განაცხადოს:„ არა მოვედ მიფენად მშვიდობისა, არამედ მახვილისა“, ოღონდ ეგ არის, მაცხოვრის მახვილს ჭეშმარიტება, სიკეთე, სიყვარული და მშვიდობა მოჰქონდა, ტრამპის მახვილს კი სიცრუე, ბოროტება, სიძულვილი და ომი მოაქვს. გეშინოდეთ ტრამპის მიერ „დამთავრებული” ომების, ვინაიდან წერია:
„აინთო უფლის რისხვა ამ ქვეყანაზე და მოეწია მას მთელი წყევლა, რომელიც ამ წიგნშია ჩაწერილი” (მეორე რჯული 29/27).
ვალერი კვარაცხელია







