საქართველოში წელს (შარშან, შარშანწინ, იმის წინ და, ზოგადად, ბოლო 20 წელიწადი) დათესილი სიმინდის 80%-ზე მეტი ე.წ. „პიონერზე“, ანუ ყვითელ სიმინდზე მოდის. ცოდვა გამხელილი სჯობს, რაც უნდა ვეწვალოთ, ქართულ თეთრ სიმინდს ერთ ჰექტარზე 12-14 ტონას ვერ მოვიყვანთ, ყვითელი სიმინდი კი უპრობლემოდ მოდის. მართალია, თეთრი და ყვითელი სიმინდის გემოვნური თვისებების შედარებაც კი არ შეიძლება (ელემენტარულად, ყვითელი სიმინდისგან მჭადს ვერ გამოაცხობ და ღომს ვერ გააკეთებ), მაგრამ საქონლისთვის, ღორისა და ფრინველისთვის იდეალური საკვებია. იმის გათვალისწინებით, რომ 1 კგ თეთრი სიმინდი 3 ლარი ღირს, ხოლო ყვითელი – სამჯერ ნაკლები, ყველა სწორედ ყვითელ სიმინდს ეტანება შინაური ცხოველებისა თუ ფრინველების გამოსაკვებად.
გაზაფხულზე, როგორც წესი, სიმინდი ძვირდება, რადგან მარაგები ილევა, ახალი მოსავალი ჯერ შორსაა და ბევრი ფერმერი ცდილობს, როგორმე სწორედ ამ პერიოდამდე მიიტანოს მოსავალი, უფრო ძვირად რომ გაყიდოს და მეტი მოგება დარჩეს. სამწუხაროდ, არიან ისეთებიც, ვინც იძულებულია, ბანკის ვალის გამო თუ ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსავალი აღებამდე გაყიდოს. ჰო, საქართველოში ასეც ხდება და აგერ, ორიოდე დღის წინათ ერთმა დედოფლისწყაროელმა ფერმერმა დაწერა, ქერს ვყიდი აღებამდე 40 თეთრად, მერე ხომ იცით, სულ ცოტა, 60 თეთრი იქნებაო. რას ნიშნავს აღებამდე გაყიდვა? ფერმერი გაჩვენებს მიწას, რომელზეც დათესილი აქვს ქერი (სიმინდი, ხორბალი), თვითონაც ატყობ, დაახლოებით რამდენს აიღებს, იხდი წინასწარ და მოსავლის აღების შემდეგ იაფად მიგაქვს მარცვლეული. რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, რომ კონკრეტულ ფერმერს სამომავლო მოსავალი რამდენიმე ადამიანზე გაუყიდია და მერე ამტყდარა ვაი-უშველებელი, მაგრამ ეს სქემა ძირითადად კარგად მუშაობს.
მოკლედ, ყველაფერს თავისი დრო და ფასი აქვს და შესაბამისად, ყველამ იცის, როდის, რომელი თვის რომელ მონაკვეთში გაძვირდება სიმინდი, ხორბალი, ქერი და ბევრს გაუკვირდა, გასულ კვირას სიმინდის ფასმა მოულოდნელად 5 თეთრით რომ მოიმატა. საქმეში ჩაუხედავი კაცისთვის შეიძლება 5 თეთრი სასაცილო იყოს, მაგრამ, როცა კვირაში რამდენიმე ტონა სიმინდი გჭირდება, საქმე სერიოზულადაა. 5-თეთრიანი ნამატი ტონაზე 50 ლარია და, თუ კვირაში 10 ტონა სიმინდი გჭირდება, გამოდის, 500 ლარის ხარჯი მოგემატა, თვეში 2 ათასი ლარი და ეს ერთი მუშის ხელფასია. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს ფასი არ შენარჩუნდება და მიმდინარე თვის ბოლომდე სიმინდის ფასმა შეიძლება კიდევ 10-15 თეთრით მოიმატოს, რაც ფერმერებისთვის კატასტროფა იქნება. სიმინდის ასეთ გაძვირებას არავინ ელოდა და საინტერესოა, რა მოხდა ისეთი, რომ ფასმა ასე მოიმატა?! მით უმეტეს რუსეთს, რომელიც სიმინდის მთავარი მომწოდებელია, ეს პროდუქტი არ გაუძვირებია.
როგორც გავარკვიეთ, ყველაფერი „მარტივად“ დაიწყო. ერთ-ერთმა ფერმერმა, რომელიც რუსეთიდან სიმინდს მცირე ოდენობით ეზიდებოდა, გადაწყვიტა, მარცვლეული არა მხოლოდ თავისი ფერმისთვის, არამედ სხვებისთვისაც ჩამოეტანა, ანუ გაეყიდა კიდეც და, ვთქვათ, 50 ტონის ნაცვლად 200 ტონა შემოიტანა (ამ შემთხვევაში, მართლაც 200 ტონაზეა საუბარი). მისი „თავხედობა“ შეუმჩნეველი არ დარჩენილა, შემოტანილი სიმინდი შეუმოწმეს და „აღმოაჩინეს“, რომ მასში საკმარისზე მეტი პესტიციდები იყო, ანუ დასაშვებზე მეტი შხამ-ქიმიკატით იყო კონკრეტულად სიმიდის ეს პარტია მოყვანილი. ფერმერები ჩურჩულით ამბობენ, სხვებს გადაურბინა წინ და მონოპოლისტებმა არ აპატიესო; სხვები გაიძახიან, ადგილობრივი წარმოების სიმინდი გაჩერდა და მისი ე.წ. ამოყიდვის გამო მოხდა ეს ყველაფერიო, მაგრამ ფაქტია – ამ კონკრეტული შემთხვევის გამო რუსეთიდან სიმინდის შემოტანა… აიკრძალა. ქართულმა ბაზარმა ადგილობრივი წარმოების სიმინდის მარაგი 1 კვირაში ამოწურა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ადგილობრივი წარმოების სიმინდის გასაყიდად არ მოხდა ეს ყველაფერი. ეს უფრო იმ კონკრეტული ფერმერის დასჯის სპეცოპერაციას ჰგავს, რადგან იმის გარდა, რომ მას ამ 200 ტონა სიმინდის გაყიდვის უფლება არ მისცეს, აიძულეს, გაენადგურებინა ის და განადგურება, იცით, როგორ ხდება? სახელმწიფოს მიერ მითითებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე უნდა ჩაყარო პროდუქცია, არ აქვს მნიშვნელობა, სიმინდია თუ ქათმის ბარკალი (20 ტონა ქათმის ბარკლების განადგურების ამბავიც გვახსოვს), შეწამლო სპეციალური ხსნარით, შემდეგ მომდევნო ორი თვის განმავლობაში სპეციალურად დატოვებულ სარქველს ყურადღება მიაქციო, რომ განადგურების პროცესი ისე მიმდინარეობს, გარემოს ზიანს არ აყენებს, მერე წარადგინო დასკვნები და, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო დაგეთანხმოს, რომ განადგურება კეთილსინდისიერად მოხდა. 200 ტონის შემთხვევაში, ეს ყველაფერი დაახლოებით 100 ათასი ლარი დაჯდებოდა. ამას დაუმატეთ იმ 200 ტონის ღირებულება, ტრანსპორტირება, განბაჟება და კაცი დაახლოებით ნახევარმილიონიან ზარალში ისე „გადავარდა“, როგორც არაფერი. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტული ფერმერი კვლავ ფეხზე რომ დადგეს, 3-4 წელი მაინც დასჭირდება, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ხელს არ ჩაიქნევს და ამ საქმეზე თავს არ დაანებებს. სიმინდის ფასის ცვლილება ისეთი ამბავია, მოსახლეობის უდიდეს ნაწილს რომ არ ადარდებს, რადგან დიდი რაოდენობით არ მოიხმარს და აქამდე ქათმებისთვის ერთ 50-კილოგრამიან ტომარაში 40 ლარს რომ იხდიდით და ახლა 2,50 ლარით მეტის გადახდა მოგიწევთ, შესაძლოა, ვერც შეამჩნიოთ, ამიტომ მონოპოლისტები მშვიდად არიან, მოსახლეობა არ აყვირდება, მაგრამ სიმინდის გაძვირება ხორცს, კვერცხს, რძის პროდუქტებს ხომ გააძვირებს? გამოსავალი აქაც მარტივია – თურმე ხორცისა და კვერცხის გაძვირება ისედაც დაანონსებული იყო და არავის გაუკვირდება, ხოლო ნატურალური რძის პროდუქტები არც აქამდე ადარდებდა ვინმეს და ახლა ხომ მით უმეტეს, როცა ბალახი წამოვიდა და ყველა დიდი კომპანია ცდილობს, ფერმერებს რძის ისედაც დაბალი ფასი მინიმუმამდე დააყვანინოს.
ზოგადად, ქართული ბიზნესისა თუ ბაზრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა (თუ მთავარი არა) მონოპოლიაა, ანუ ბიძები, რომლებსაც ხელისუფლებასთან „გამწვანებული“ აქვთ ყველაფერი და სხვას თავის ტერიტორიაზე არ აჭაჭანებენ. არა, მცირე ლუკმას ყველას უგდებენ, მაგრამ, როცა „ზღვარს“ გადახვალ, მაშინვე ოფიციალურად, სახელმწიფო მანქანის დახმარებით, ისე ჩაგარტყამენ თავში, სულის მოთქმას წლები დასჭირდება. ახლა სწორედ ის ბიძები გამოხტებიან და იტყვიან, როგორ გეკადრებათ, ბაზარი თავისუფალია, რაც გინდა, შემოიტანეო, მაგრამ, აბა, გაბედეთ და შემოიტანეთ, მაგალითად კვერცხი, ფქვილი, მრცვლეული, გაყინული ხორცი… დიდ რაოდენობაზეა საუბარი… მაშინვე მოვლენ დ დაიწყებენ შემოწმებას, თანაც ისე, რომ ვერ გააპროტესტებ, გეტყვიან, გეგმური შემოწმებააო და როგორ შეედავები?! თუ ეს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა არ იციან, ძალიან ცუდია და, თუ იციან – უფრო ცუდი. ანუ, მესამე ვარიანტი არ არსებობს – ან არ იციან, რაც მათ სისუსტესა და ცუდ მუშაობაზე მიუთითებს, ან იციან და ასეთ შემთხვევაში თვითონ „კრიშავენ“. ორივე შემთხვევაში, რიგითი ადამიანები ზარალდებიან – მათი ჯიბიდან გადის ის, რაც მერე კონკრეტული ბიზნესმენებისთვის მილიონებად იქცევა.
სამწუხაროდ, შარშანდელთან შედარებით წელს უფრო ნაკლები მიწა დამუშავდა. ვიღაც ამ ყველაფერს საწვავის გაძვირებას აბრალებს, ვიღაცამ უფრო მარტივი გზა იპოვა – ბალახის მოსაყვანად დატოვა მანამდე სიმინდისთვის „გახაზირებული“ მიწა, ვიღაცამ საერთოდ ხელი აიღო ამ ყველაფერზე, რადგან მოსავლის აღებამდე ბევრმა იაფად გაყიდა საკუთარი პროდუქცია და ბოლოს წვალების მეტი არაფერი შერჩა. ამ დროს ხელისუფლება გვეუბნება, ფერმერები ერთიან რეესტრში უნდა გატარდნენ, რათა ვიცოდეთ, ვის რისი შესაძლებლობა აქვსო. ამასაც შიშით უყურებენ ფერმერები, ვაითუ მერე თავზე დაგვადგნენ და რაღაცის წართმევა დაგვიპირონო. არაფერი ეშველა იმ შიშს, რომ შეიძლება ბიზნესი, უბრალოდ, წაგართვან, ან გაკოტრებამდე მიგიყვანონ და მერე გაგაყიდინონ… ამ გადმოსახედიდან ისე ჩანს, რომ ყველას ყველაფერი შერჩა. ნაცების მაგალითი ავიღოთ, სწორედ მათი ზეობის პერიოდში „გაპარსეს“ ასეულობით ბიზნესმენი და მათთვის არავის არაფერი დაუბრუნებია. აი, ეს შიში როცა გაქრება, ეგებ მაშინ მაინც გვეშველოს.
ბესო ბარბაქაძე







