კავკასია რთული რეგიონია. იგი ერთნაირი საფრთხის შემცველია სეისმოლოგიისა და პოლიტიკის თვალსაზრისით. ეს მუდამ მშფოთვარე რეგიონი მხოლოდ რუსეთის შესვლის შემდეგ დამშვიდდა და დაცხრა სისხლისმღვრელი ომებისგან. საბჭოთა პერიოდში მთელი კავკასია ერთ პოლიტიკურ სივრცეში იყო მოქცეული, რაც მას მშვიდობის შენარჩუნებასთან ერთად განუხრელი განვითარების საშუალებასაც აძლევდა.
დღეს კავკასია ორ ნაწილადაა დაყოფილი – სამხრეთი კავკასია და ჩრდილოეთი კავკასია. კავკასიის ჩრდილოეთი ნაწილი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შედის, სამხრეთი ნაწილი კი სამი დამოუკიდებელი სახელმწიფოსგან შედგება (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი). სხვა რომ არაფერი, ის ფაქტი, რომ მისი ნაწილი რუსეთის შემადგენლობაშია, კავკასიაში გეოპოლიტიკური დაძაბულობის შემქმნელია, ვინაიდან ამ რეგიონში, მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, შედარებით ადვილი გასაღვივებელია სეპარატისტული განწყობები. ამ ნათქვამის სისწორეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩეჩნეთში განვითარებული მოვლენებიც ადასტურებს. ერთი სიტყვით, რუსეთთან დაპირისპირებული ძალებისთვის კავკასია მიმზიდველი რეგიონია. იგი სხვამხრივაც არის საინტერესო გლობალური მოთამაშეებისთვის. გარდა იმისა, რომ ენერგომატარებლებით მდიდარი რეგიონია, უაღრესად მიმზიდველია მისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო. ერთმანეთთან ახლოს განთავსებულ ორ ზღვაზე გასასვლელი (შავი და კასპიის) მას ევროპასა და აზიას შორის უმოკლესი ხიდის თუ დერეფნის ფუნქციას ბუნებრივად ანიჭებს და ტვირთბრუნვისთვის უნიკალურ ტერიტორიად აქცევს. საბჭოთა კავშირი, რომლის შემადგენლობაშიც მთელი კავკასია შედიოდა ამ მდიდარ სატრანზიტო შესაძლებლობებს თვითონ ფლობდა. დღეს კი, როდესაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, რუსეთი არათუ ამ „სამიმოსვლო ფუფუნებას” არის მოკლებული, მისთვის ეს რეგიონი იმგვარ გეოპოლიტიკურ ხაფანგად არის ქცეული, რომელსაც უკრაინაც კი ვერ შეედრება. თავისუფლად შეიძლება თქმა, რომ ყოფილ საბჭოთა რეგიონებს შორის რუსეთისთვის ისეთი მოწყვლადი არც ერთი არ არის, როგორიც კავკასიაა. საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში გაიხსენეთ რა დიდ მნიშვნელობას იძენდა საქართველოსა და ჩეჩნეთის ალიანსი. ჩეჩნეთით გამსახურდიას წრესგადსული აღტყინება ამ ისლამური რესპუბლიკისადმი სიყვარულით კი არა, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიმართ უკიდურესი სიძულვილით იყო განპირობებული. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას იგი, პირველ რიგში, იმის გამო უჭერდა მხარს, რომ ამაში საბჭოთა კავშირთან ერთად რუსეთის რღვევასაც ხედავდა. ნებისმიერი სახელმწიფო, რომელიც ფედერაციულად არის მოწყობილი, მეტ-ნაკლებად, მაგრამ მაინც განიცდის შინაგან წინააღმდეგობებსა და რყევებს. რუსეთი, ცხადია, გამონაკლისი ვერ იქნება. მისი ყველაზე სუსტი ადგილი (აქილევსის ქუსლი) სწორედ კავკასიური ნაწილია. ამიტომ, რუსეთი განსაკუთრებულ მგრძნობელობას ავლენს მთლიანად კავკასიის მიმართ. მეტისმეტად მგრძნობიარე კავკასიურ ნაწილს გვერდით რუსეთის მიმართ კეთილგანწყობილი ამიერკავკასია თუ არ ეყოლება, იგი მუდმივად სახიფათო იქნება. პირდაპირ თუ ვიტყვით, რუსეთისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მის მიმართ კეთილგანწყობილი საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი, ვიდრე კეთილგანწყობილი ჩეჩნეთი, ინგუშეთი ან დაღესტანი. ამიტომაა, რომ კოლექტიურ დასავლეთს ამიერკავკასიაზე ნადირობა აქვს გამოცხადებული. ისინი მილიარდებს ხარჯავენ ამიერკავკასიის რესპუბლიკებში რუსოფობიის გასაღვივებლად.
ბუნებრივია, რომ ამიერკავკასიით დასავლეთის დაინტერესება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლით არ აიხსნება, აქ მრავალი სხვა ფაქტორი იყრის თავს, მაგრამ გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მთავარი (უმთავრესი) მაინც რუსეთთან დაპირისპირებაა, რაშიც ამიერკავკასიას უზარმაზარი როლის შესრულება შეუძლია. დააკვირდით, როგორ დაემთხვა დროში ერთმანეთს სომხეთის საპარლამენტო არჩევნები და აშშ-ის მიერ რეალური ნაბიჯების გადადგმა საქართველოსთან უაღრესად ცივი დამოკიდებულების გადატვირთის დასაწყებად. პარალელურად უნდა განვიხილოთ რუსულ ქალაქებზე უკრაინის შეტევების ფორსირება, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა შექმნას რუსეთის დამარცხების გარდუვალობისა და, შესაბამისად, ამიერკავკასიაში დასავლური გავლენის საბოლოო გამარჯვების სურათი. ეს აუცილებელია არა მხოლოდ სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში პროდასავლური მიმართულების გასამარჯვებლად, არამედ მთელ ამიერკავკასიაში რუსეთის, როგორც ძლიერი და პერსპექტიული ზესახელმწიფოს იმიჯის შესარყევად და ეჭვების გასაჩენად, საიდანაც ნაბიჯიღა რჩება უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებამდე.
დასავლეთმა მიზანს აქაც მიაღწია. ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო კონტრაქტმა” (თუ უკვე არ გაგახსენდათ, გაგახსენებთ შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირს”, რომელიც ოცდათხუთმეტი წლის წინათ დასავლეთის კარნახით იყო შექმნილი და სახელიც მათ შეურჩიეს), უკვე გაიმარჯვა.

ახლა ყველა ამ შეკითხვას სვამს: როგორ განვითარდება მოვლენები? არ სჭირდება წინასწარმეტყველების ზებუნებრივი ნიჭი იმის მიხვედრას, რომ ამიერკავკასიაში ვითარება დაიძაბება. ეს ის წერტილია, სადაც რუსეთს უკანდასახევი არ რჩება. იგი ალტერნატივის წინაშეა – ან შეტევა, ან კაპიტულაცია. გასარკვევია, რას ნიშნავს რუსეთისთვის კაპიტულაცია ან შეტევა? კაპიტულაცია ამ შემთხვევაში რაღაცის დაკარგვას ან დათმობას (ვთქვათ, ტერიტორიის ან გავლენების) კი არ ნიშნავს, დაშლას და სიკვდილს ნიშნავს. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ამას ვერც შეურიგდება და არც შეურიგდება. მაშასადამე, რჩება მეორე გზა – შეტევის ანუ ომის გზა, მაგრამ კონკრეტულად ვისთან და რა ომზე შეიძლება საუბარი? სომხეთთან? საქართველოსთან? ეს ისევე არ გამოვა, როგორც უკრაინასთან არ გამოვიდა. უკრაინასთან ომი მისი დაწყების წამიდანვე დასავლეთთან ომი გამოდგა. ახლა მით უფრო, რუსეთისთვის სომხეთსა და საქართველოსთან ომი, ავტომატურად, დასავლეთთან ომი იქნება – ღია ომი. ეს საკითხის ერთი მხარეა. მეორე და გაცილებით მნიშვნელოვანი მხარე ისაა თუ რა საშუალებებით იქნება ეს ომი? მეორე და, მით უფრო, მესამე ფრონტის გახსნის აუცილებლობის შემთხვევაში საქმე, ალბათ, ბირთვული შეიარაღების გამოყენებამდე მივა. ახლაც, როდესაც ომი მხოლოდ უკრაინის მიმართულებით წარმოებს, მაგრამ მასში რუსეთის წინააღმდეგ ორმოცდაათ სახელმწიფოზე მეტი მონაწილეობს, ვხედავთ, როგორ გაუჭირდა რუსეთს. გაუჭირდა, რადგან ჩვეულებრივი შეიარაღებით ამ გიგანტურ ძალასთან გამკლავება ძნელია. ამიტომაც იბომბება რუსეთის ქალაქები გამუდმებით. ფრონტს სხვა მიმართულებებიც თუ დაემატება, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ვითარება უაღრესად დამძიმდება, რაც ბირთვული იარაღის გამოყენების აუცილებლობას გაზრდის. ეს ყველაფერი თეორიული მსჯელობაა და არა მტკიცება იმისა, რომ მოვლენები აუცილებლად ამ გზით განვითარდება.
საქართველოში არიან ძალები, რომლებიც ხარობენ სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებით, რის მიხედვითაც ფაშინიანის პარტიამ გაიმარჯვა. მაგალითად, „ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულ გია ხუხაშვილს სიხარულის ცრემლები ჩამოსდის და აცხადებს: „თუ ფაშინიანი იმარჯვებს და სომხეთში ომი არ დაიწყო, მიუხედავად მისი ღირსებით სავსე, უკომპრომისო დამოკიდებულებისა რუსეთის მიმართ, მაშინ ინგრევა მთელი ქოცური პროპაგანდა „მეორე ფრონტთან“ და „გარდაუვალ ომთან“ დაკავშირებით”. ბატონი ხუხაშვილი იმას კი არ დარდობს, აქამდე ძლივს შენარჩუნებული მშვიდობა ომით არ შეცვალოს და ქვეყანა თავზე არ ჩამოგვენგრესო, იმით ხარობს, რომ ამან შეიძლება „ქართული ოცნება” დააზიანოს „ყველა ლატენტურ ქოცს გაუჩნდება შეკითხვა, ეს თუ შესაძლებელი იყო, რატომ ვიქცეოდით ასე სამარცხვინოდ, რამაც ლამის ცივილიზებული სამყაროდან იზოლაციამდე მიგვიყვანა?!“ – წერს იგი. ბატონი ხუხაშვილი უფრო შორსაც მიდის: „რუსეთი აუცილებლად მოინდომებს სომხეთის დასჯას. ეს კი მხოლოდ საქართველოს გავლით და მისი დახმარებით შეუძლია. აი აქ კი ყველაფერი ცხადი გახდება, რასაც ასე გულმოდგინედ მალავს ხელისუფალი და რისი გამჟღავნებაც საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ორ სკამზე ჯდომის იმიტაციურ თამაშებს“. დააკვირდით: „საქართველოს გავლით სომხეთის დასჯა” ხუხაშვილისთვის სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ: „აი აქ კი ყველაფერი ცხადი გახდება, რასაც ასე გულმოდგინედ მალავს ხელისუფალი და რისი გამჟღავნებაც საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ორ სკამზე ჯდომის იმიტაციურ თამაშებს“. ხუხაშვილი იმ დონის ექსპერტი არ არის, ვისი აზრიც საყურადღებოდ უნდა ჩაითვალოს, მაგრამ მის პოზიციაში დასავლეთის აგენტურის სრულიად ამორალური სახე მთელი სიგრძე-სიგანით ჩანს.
ფაშინიანი ისეთი დემოკრატიის აშენებას აპირებს, რომელიც მსოფლიოს გააკვირვებს. „რობერტ კოჩარიანი ციხეში წავა. გაგიკ წარუკიანი ციხეში წავა. სამველ კარაპეტიანი ციხეში წავა,” – განაცხადა მან.
რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ფაშინიანის თქმით,
„მისი მთავრობა დაინტერესებულია ევროკავშირსა და საქართველოს, ასევე შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შერიგებით”.







